"ამომიცანი" (ავტორი ნინო ალადაშვილი) - 15 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 15 » "ამომიცანი" (ავტორი ნინო ალადაშვილი)
0:59 AM
"ამომიცანი" (ავტორი ნინო ალადაშვილი)

მოდი ძვირფასო, იქნებ მიხვდე, რატომ გეძახი?!

სევდა ვარ შენი უსასრულო, ლხენით გამლიე,

წყაროს წყალი ვარ, მორაკრაკე, შენ რომ შესვამდი,

ხილი ვარ შენთვის მოწეული, კრძალვით დამკრიფე.

 

მე შენს უბეში მუდამყოფი საგზლის პური ვარ,

ჩრდილი ვარ, სიცხით გათანგულს რომ მოგცე საფარი,

ის ჰაერი ვარ, შენს ფილტვებს რომ ასე სწყურია,

მიწა ვარ, ნუღარ გამაქვავებ, ბარი დამკარი.

 

დილის ცვარ-ნამით დაწინწკლული თეთრი ვარდი ვარ,

შენს მოლოდინში სიხარულის შიშით მთრთოლვარი,

მთას მოხვეული ფიქრების და დარდის ნისლი ვარ,

აქაფებული მდინარე ვარ, მუდამ მღელვარი.

 

მე ბალახი ვარ მობიბინე, ხავერდოვანი,

თუ არ დამნამე, ალბათ მზისგან გადავხუნდები,

სიზმარი მქვია, მოპარული ღამის მსტოვარი,

შენს სასთუმალთან ერთი წუთით ჩანამუხლები.

 

ხვაშიადი ვარ შენი, მწველი, აუსრულები,

მთელი სიცოცხლე ეცდები და ვეღარ გაბაწრავ,

მოლოდინი ვარ უსაშველო, დაუსრულები,

ის ბილიკი ვარ, უღრან ტყეში შენ რომ გაკვალავ.

 

შენი ნეკნი ვარ, მტკივნეული, გულისწამღები,

იმ ძვლით ქმნილი ვარ, შენ რომელსაც ვერ შეელევი,

სისუსტე მქვია შენი მოდგმის, ისე მტანჯველი,

მთელი კაცობის საზომითაც ძლივს შეედრები.

 

წითელი ღვინით ავსებული ბროლის თასი ვარ,

რაც უნდა ხარბად დაეწაფო, შენ ვერ გამოცლი,

თავსატეხი ვარ, ქარაგმა ვარ, გამოცანა ვარ,

მთელი ცხოვრება რომ გაგტანჯავს და ვერ ამოხსნი.

 

იქნებ გაიგო, ვინ ვარ, რა ვარ, რატომ მოგიხმობ?!

შენი ცხოვრების აზრი ვარ და შენი მიზანი.

მორჩა..ვჩუმდები..აღარაფერს აღარ მოგითხრობ,

ლექსი ვარ, შენთვის ნათქვამი და ამომიცანი.

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 510 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: