მეოცე საუკუნის ეროვნული მოძრაობა. - 26 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 26 » მეოცე საუკუნის ეროვნული მოძრაობა.
11:55 PM
მეოცე საუკუნის ეროვნული მოძრაობა.

        მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მეთაურობით სათავე დაედო ჯერ კიდევ 1954 წელს, როდესაც მათ შექმნეს ახალგაზრდული პატრიოტული იატაკქვეშა ორგანიზაცია "გორგასლიანი", რომელიც ავრცელებდა საბჭოთა იმპერიის საწინააღმდეგო, ეროვნული შინაარსის პროკლამაციებს. ორგანიზაცია განსაკუთრებით გააქტიურდა 1956 წელს. სწორედ მისმა აქტიურობამ ეროვნული ჟღერადობა შესძინა აღნიშნული წლის ცნობილ გამოსვლებს საქართველოში. იმავე წელს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და "გორგასლიანი"-ს რამდენიმე სხვა წარმომადგენელი დაპატიმრებულ იქნენ საბჭოთა "სუკ"-ის ("კგბ") მიერ.

 

ახალი ტალღა 


     საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა 1960-იან წლებში, ისევ და ისევ ზვიად გამსახურდიას (1939-1993) და მისი სულიერი ძმის, - მერაბ კოსტავას (1939-1989) თაოსნობით. მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა 1974 წლიდან, როდესაც მათი ინიციატივით შეიქმნა საქართველოში ადამიანის და ერის უფლებათა დამცავი პირველი სერიოზული ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფი". სწორედ ამ ჯგუფის ბაზაზე 1976 წელს მათივე ხელმძღვანელობით დაფუძნდა ყოფილ საბჭოთა იმპერიაში ადამიანის უფლებათა პირველი ლეგალური, ჰელსინკის შეთანხმების (1975) ხელშემწყობი ორგანიზაცია, - "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი" (1989 წელს ჯგუფს ეწოდა "საქართველოს ჰელსინკის კავშირი"). ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაცია იმთავითვე მკვეთრად განსხვავდებოდა ყველა სხვა ანალოგიური ჯგუფისაგან: იგი გახლდათ სწორედ ეროვნული ხასიათით გამორჩეული ორგანიზაცია და სრულიად კანონზომიერად სწორედ იგი იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმთავრეს ბირთვად (მასთან ერთად ამ მოძრაობაში დიდი წვლილი შეიტანა ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას თაოსნობით დაფუძნებულმა მეორე ორგანიზაციამ - "სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოებამ"). ჰელსინკის ჯგუფი გამოსცემდა ეროვნულ-პოლიტიკური ხასიათის თვითგამოცემით ჟურნალებს ("საქართველო", "ოქროს საწმისი", "საქართველოს მოამბე" და სხვა), ავრცელებდა პროკლამაციებს, აქტიურად გამოდიოდა საქართველოს კულტურულ-ისტორიული ძეგლების დასაცავად. ბუნებრივია, ჯგუფის და მისი ლიდერების ამგვარი მოღვაწეობა არ გამოჰპარვია საბჭოთა სპეცსამსახურებს. 1977 წელს დაპატიმრებულ იქნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და მოძრაობის რამდენიმე სხვა წარმომადგენელი. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს საბჭოთა ტირანიის მიერ შექმნილი წამების ისეთი საშინელი მექანიზმის მოქმედება, როგორიც გახლდათ მოსკოვის ე.წ.სერბსკის ინსტიტუტი. ამის შემდეგ ზ. გამსახურდია გადაასახლეს დაღესტანში (კოჩუბეიში), საიდანაც გაათავისუფლეს 1979 წელს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ 1978 წელს აშშ-ის კონგრესმა სხვა თვალსაჩინო დისიდენტებთან ერთად ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც წარადგინა მშვიდობის ნობელის პრემიაზე. გათავისუფლებისთანავე ზ. გამსახურდია სათავეში ჩაუდგა მოძრაობას მ. კოსტავას პატიმრობიდან დასახსნელად, რაც განხორციელდა 8-წლიანი ბრძოლის შემდეგ, - 1987 წელს. იმავე წელს მათი თაოსნობით საქართველოში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალი, გადამწყვეტი ეტაპი.

 

განხეთქილება საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში

 

         1980-იანი წლების დასაწყისიდან ერთის მხრივ ქართულ ეროვნულ მოძრაობასა (რომელიც მანამდე არსებითად საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრთა იყო) და მეორეს მხრივ ინტერნაციონალისტურ-გლობალისტურ საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობას შორის ჩაისახა და სულ უფრო გაღრმავდა აშკარად გამოხატული იდეოლოგიური წინააღმდეგობა . მაშინ, როდესაც საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის უმთავრესი მიზანი საბჭოთა კავშირის მარტოოდენ შელამაზება-მოპირკეთება იყო და არა იმპერიის მიერ დაპყრობილ ერთა გათავისუფლება (მაგ.: სახაროვის ე.წ. "ახალი საბჭოთა კონსტიტუცია"), ქართული ეროვნული მოძრაობა ცალსახად და კატეგორიულად იბრძოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, - როგორც უზენაესი მიზნისათვის. ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გაუცნობიერებლად შეუძლებელია ქართული ეროვნული მოძრაობისადმი გარეშე ძალების მტრული დამოკიდებულების სწორად გაგება.

 

         ამ პერიოდის წინააღმდეგობები თვალნათლივ აისახა ფართო და საჯარო ოდიოზურ დისპუტში: "ჯერ დემოკრატია, თუ ჯერ დამოუკიდებლობა". საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები საქართველოში ამტკიცებდნენ, რომ არ ივარგებს საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული მთელი საბჭოთა სისტემის დემოკრატიზება. ქართული ეროვნული მოძრაობა კი სავსებით მართებულად ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ვერავითარი დემოკრატია ვერ იარსებებს. 

ქართული ეროვნული მოძრაობის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია რუსი დისიდენტების ლიდერის სახაროვის ცინიზმით აღსავსე ლოზუნგმა "საქართველო მცირე იმპერიაა" - რაც არსებითად მოწოდება იყო პირველ რიგში აფხაზი და ოსი სეპარატისტებისათვის დაეწყოთ აქტიური მოქმედებები. სწორედ ეს ლოზუნგი გახდა საბჭოთა (რუსულ) დიდიდენტურ მოძრაობასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შორის საბოლოო განხეთქილების მიზეზი.

        მეორე მხრივ, ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო ახალი პრო-ეროვნულად განწყობილი ძალების ძებნა საბჭოთა კავშირში , რაც გამოიხატა, მაგალითად, ზ.გამსახურდიასა და მ.კოსტავას მიერ ა.სოლჟენიცინის მხარდაჭერაში. თუმცა, მოგვიანებით, ამ უკანასკნელის პოზიციაც ტყუპისცალივით დაემსგავსა სახაროვის ნააზრევს. 

       აღნიშნული განხეთქილება და მტრობა გახდა იმის მიზეზი, რომ ზ.გამსახურდიას წინააღმდეგ საბჭოთა დისიდენტურმა წრეებმა წამოიწყეს დევნის კამპანია მისი ვითომ "მონანიების" საბაბით და შემდგომ ეს კამპანია დასავლეთის მასმედიასაც მოსდეს. საქართველოში ამ დევნის მთავარი განმახორციელებელი გახდა "კრიმინალური წითელი ინტელიგენცია" და ეროვნულ მოძრაობაში საბჭოთა სპეცსამსაქხურების მიერ ჩანერგილი საეჭვო ძალები.


ეროვნული მოძრაობის აღზევება

 

        1988-1989 წლებში ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა იყვნენ თაოსანნი და აქტიური მონაწილენი საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი აქციისა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1989 წლის აპრილის მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია თბილისში. აქცია დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი ტრაგედიით, როდესაც მოსკოვის კრემლის მითითებით საგანგებოდ გამოგზავნილმა სადესანტო შენაერთმა ორლესული სასანგრე ნიჩბებით დაჩეხა აქციის მონაწილენი (როგორც ცნობილია, გამოყენებულ იქნა მომწამლავი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც). იმავე დღეს აქციის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა. 9 აპრილის მოვლენებმა არაერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა მსოფლიოში. სამწუხარო იყო ის, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის მტრულმა ძალებმა ამ მოვლენებს არაადექვატური შეფასება მისცეს, მაგ. ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით შენიშნა "დიდად სამწუხაროა ადამიანების დაღუპვა, მაგრამ ასეთმა წინააღმდეგობამ შესაძლოა შეაფერხოს "პერსტროიკის" პროცესი"-ო.

 

         მიუხედავად ამ სასტიკი, სისხლიანი დარბევისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა თაოსნობით მთელი ქართველი ერი დაირაზმა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ. 9 აპრილის ტრაგედია იმავდროულად იყო ის მიჯნა, როდესაც მთელი ერი, საქართველოს მთელი მოსახლეობა გამოვიდა იმპერიის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წლის სწორედ 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სამწუხარო ის იყო, რომ ამას ვერ მოესწრო საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელიც მეტად საეჭვო ვითარებაში დაიღუპა 1989 წლის ოქტომბერში.

 

გამარჯვება

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესი გამარჯვებით დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და არასაბჭოთა არჩევნები, რომელშიც ხმათა აშკარა უმრავლესობით გაიმარჯვა პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. ამას მოჰყვა 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი-ს მიღება, ხოლო 26 მაისს ზ. გამსახურდიას არჩევა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად.

 

ნომენკლატურული რეაქცია და ტერორი

 

         საუბედუროდ, ეროვნული მოძრაობის გამარჯვებისთანავე აქტიურად დაიწყეს ძირგამომთხრელი მუშაობა ანტიეროვნულმა ძალებმა, შეიარაღებულმა ოპოზიციამ, რუსეთის ნეოიმპერიის სპეცსამსახურების აგენტურამ და რუსულმა სამხედრო მანქანამ. მათი მოქმედების სავალალო შედეგი გახლდათ 1991 წლის სექტებერში დაწყებული „მცოცავი პუტჩი" და 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული კრიმინალური სამხედრო გადატრიალება, რომელიც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და მისი კანონიერი ხელისუფლების სამშობლოდან გაძევებით. სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა არალეგიტიმური, ფაქტობრივი ხელისუფლება დიქტატორ ე. შევარდნაძის ხელმძღვანელობით. საქართველოსთვის უაღრესად სავალალო იყო შევარდნაძის რეჟიმის 12-წლიანი ბატონობა: 1992 წელს საქართველოს იურისდიქციას ფაქტობრივად ჩამოცილდა შიდა ქართლის დიდი ნაწილი (ე.წ. "სამხრეთ ოსეთი"), 1993 წლის სექტემბერში სრული კატასტროფით დასრულდა შევარდნაძის მიერ პროვოცირებული დანაშაულებრივი ომი აფხაზეთში (რის შედეგად ეს რეგიონიც აღარ ემორჩილება საქართველოს იურისდიქციას), საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 300,000-მდე ადამიანი, 1993 წლის 31 დეკემბერს ტრაგიკულად დასრულდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ყოველდღიურ მოვლენად იქცა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები, საპატიმროები გაივსო დევნილი კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური პატიმრებით, მათხოვრულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყნის მოსახლეობის 80% (ყოველივე ეს ზედმიწევნით, დოკუმენტურად არის დადასტურებული ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ).

ნანახია: 427 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: