მთავარი » 2012 » მაისი » 6 » " ფორბსის" ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან.
3:14 PM
" ფორბსის" ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან.

         - ამერიკულმა "ფორბსმა" თქვენი ქონება 6,4 მილიარდად შეაფასა. რამდენად სწორია ეს შეფასება? 
         - ვფიქრობ, რეალობასთან მიახლოებულია. ქონების შეფასებისას ყოველთვის არის ცდომილების შანსი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება საფონდო ბაზარზე და როგორ მერყეობს სურათი. თან, გააჩნია, როგორი პრინციპით შეაფასებ: თუ დღესვე გინდა ქონების თუნდაც ნაწილის რეალიზება, მისი ფასი ალბათ ნაკლებია; თუ ერთი წლის შემდეგ, როცა კრიზისის შემდგომი ზრდა იქნება შესამჩნევი, ცოტა უფრო მეტია ფასი. მოკლედ, ამერიკული "ფორბსის" შეფასება მეტ-ნაკლებად კორექტულია და არ შევედავებოდი. 
    - საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო მოხელე თუ გახდებით, ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია უნდა შეავსოთ. ასე რომ იყოს, ბევრ სიურპრიზს აღმოვაჩენდით თქვენს დეკლარაციაში? 
        - არც ერთი სიურპრიზი არ იქნება, მთელი ქონება გამჭვირვალე მქონდა და მაქვს. შემთხვევით არ ვაკეთებ აუდიტს ქველმოქმედებაზეც კი. ამ მხრივ არანაირი დაფარული პოზიცია არ მქონია, ყველა ბანკს, ვისთანაც ვთანამშრომლობ, ყოველთვის ვუგზავნი აუდიტის ანარიცხებს და ჩემ მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას. 
     - როცა უკვე მილიარდერი ხარ, გზის დასაწყისი შეიძლება არც გახსოვდეს. თუმცა, იქნებ მაინც გაიხსენოთ, თავიდან რატომ გაგიჩნდათ ბიზნესის წარმოების იდეა, რა იყო სტიმულის მომცემი? 
   - ელემენტარულად, როგორც ყველა არაფრის მქონე ადამიანი, მეც ვფიქრობდი, რამე შემეძინა, ფეხზე დავმდგარიყავი და გავძლიერებულიყავი. 
      რა სასტარტო პირობები მქონდა? არ გამაჩნდა ბინა, ერთი საერთო საცხოვრებლიდან მეორეში გადავდიოდი, სოფლიდან 50 მანეთით ჩამოვედი და, მგონი, ჩემმა მშობლებმა ეს თანხაც მეზობლებში ისესხეს. 15 მანეთს ვიხდიდი ბინის ქირად, სვანეთის უბანში ვცხოვრობდი და ტრამვაის გაჩერებიდან ნაქირავებ სახლამდე კიდევ 15 წუთი ფეხით სიარული მიწევდა. მარტო ქარხანამდე (კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში ვმუშაობდი) მისასვლელად გზაში ვხარჯავდი ბევრ დროსა და ენერგიას. ქარხანაში ვმუშაობდი და უნივერსიტეტში საღამოს ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დღის დასწრებულზე სწავლაზე ვერც ვიოცნებებდი, რადგან არაფერი გამაჩნდა და დღისით ქარხანაში ვიყავი. 
      თუმცა, 1980-ში, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, კათედრაზე დარჩენა შემეძლო, მაგრამ არ მოვინდომე. ის დრო, მოგეხსენებათ, როგორი იყო: დიპლომი აღარაფერს განსაზღვრავდა, არც წამბიძგებელი მყავდა ვინმე. ასე რომ, მე თვითონ რამე ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც ცხოვრებაში დამეხმარებოდა. 
        1982-ში მოსკოვში ასპირანტურაში ჩავაბარე, დისერტაციაც დავიცავი. თუმცა, როცა ამის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, საერთო საცხოვრებელშიც კი აღარ დამაბრუნეს, თურმე, აღარ შეიძლებოდა. ასე რომ, უკიდურესად გაჭირვებულ დღეში ვიყავი. 
       ამ დროს "პერესტროიკა" იწყებოდა. ველოდი ჩემს დროს. ვიცოდი საბჭოთა კავშირის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანა გაკოტრების პირზე იდგა და დაშლის პროცესი გარდუვალი იყო. 
       ამ დროს მსოფლიო სრულად ახლებურ სისტემაზე იწყებდა გადასვლას: სწორად გავთვალე, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარს ვერავინ იტყოდა, თან, ინფლაციაც გარდუვალი იყო, რაც დამატებით მომგებიან ეფექტს ქმნიდა და ამ პროცესში ჩავერთე. სწორედ ამით დავიწყე, მერე კი ელექტროტექნიკით გავაგრძელე. 
       ბიზნესი არ დამიწყია იმ ფიქრით, რომ უნდა გავმდიდრებულიყავი. 33 წლის ვიყავი, არ მქონდა ბინა, არ გამაჩნდა არაფერი, არ ვიყავი დაოჯახებული, ინსტიტუტში ვიყავი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ელემენტარულად ცხოვრების მოწყობა მინდოდა. პირველი მარტივი წარმოებაც ამ მიზნით დავიწყე. 
       - კერძოდ? 
  - არმირებული შლანგების გამოშვება დავაპირე. საქართველოში დავიწყე წარმოების გამართვა, თვითონვე ვჩარხავდი მოწყობილობისთვის საჭირო დეტალებს, რომ უფრო იაფი დამჯდარიყო. მაგრამ წარმოების აწყობას დიდი დრო უნდოდა. სწორედ ამ დროს დაიწყო გამალებული კომპიუტერიზაცია და კომპიუტერებზე მოთხოვნა გაჩნდა. ტრადიციულად ვმეგობრობდი ქართველ ებრაელებთან, რომელთა დახმარებითაც ავაწყვე ეს ბიზნესი. პრობლემა კომპიუტერების შოვნა იყო, თორემ სამეცნიერო ინსტიტუტები ხშირად უყოყმანოდ გირიცხავდნენ ფულს. 
     ვისარგებლე ჩემი ახლო ნაცნობობით და გავაკეთე ამ საქმის კარგი ორგანიზება. მე ჩამოვუტანე პირველი კომპიუტერები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. რაკი ვივალდებულე ეს საქმე, არ მინდოდა თავი შემერცხვინა და ლამის ჩემთვის სარგებლის გარეშე ჩამოვუტანე კომპიუტერები. ძალოვანი უწყებების "ინტერესსაც" პირველად მაშინ შევეჯახე. 
        - რას გულისხმობთ? 
         - მარტო ის ფაქტი, რომ კომპიუტერების საფასური ჩამირიცხეს და დიდი ფული გამოჩნდა ჩემს ანგარიშზე, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისთვის ყადაღა დაედოთ. საქართველოს იმდროინდელ გენერალურ პროკურორამდე მივედით რკვევა-რკვევით, რატომ დაგვიყადაღეს ანგარიში. პასუხად ის მივიღეთ, რომ უკვე წლების განმავლობაში არსებობდა კოოპერატივები, მაგრამ ამხელა თანხა არც ერთის ანგარიშზე არ ყოფილა და უნდა გაერკვიათ, რა ხდებოდა. 
        დაახლოებით ერთი თვე ველოდი ამ საკითხის გარკვევას და მივხვდი, რომ აქ საქმე არ გამოვიდოდა. ის ფული, მგონი, არც ამიღია. როცა ანგარიში განბლოკეს, უკვე საკმაოდ მდიდარიც ვიყავი და იმ ფულსაც ღირებულება დაკარგული ჰქონდა. 
თუმცა, ხომ იცით, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ამ ისტორიის მერე წავედი რუსეთში. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, ბიზნესის წარმოების ამხელა მასშტაბებზე ვერ გავიდოდი. 
      - "არ მინდა, რამე ისეთი გავაკეთო, რაც პირად თავისუფლებას შემიზღუდავს", - ეს ფრაზა თქვენი განცხადებიდან არის. ახერხებთ ამ პრინციპის დაცვას? 
    - პირადი თავისუფლების შენარჩუნებას ყოველთვის ვახერხებდი. ნიჭიერი ადამიანის ჩემეულ ფორმულაშიც ასეა: ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს, რომ თავისი ქმედებით სიცოცხლე და თავისუფლება არ დააყენოს ეჭვქვეშ, საციხოდ არ გაიხადოს საქმე, კანონი არ დაარღვიოს და ა.შ. მგონი, ვახერხებდი ამას არცთუ უნიჭოდ. თუ არ ჩავთვლი ბოლო სვლას (პოლიტიკაში მოსვლას), როცა არჩევანის გარეშე დავრჩი და იძულებული გავხდი, გადამედგა ეს ნაბიჯი. თუმცა, დღეს ბედნიერი ვარ, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი და არ დავრჩი თავისუფლების ლოკალური და ძალიან სუბიექტური აღქმის სიბრტყეზე. გლობალურად თუ გინდა, თავისუფალი იყო, შენი ქვეყანაც თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფლად სრულფასოვნად მარტო შენს ქვეყანაში გრძნობ თავს, შენნაირებთან ერთად. თუ ეს გაკლია, სადაც უნდა წახვიდე, ვერც თავისუფალი იქნები და ვერც ბედნიერი. 
         - იღბლიანი ხართ? 
          - არ ვიტყვი, რომ კი, მაგრამ არც უამისობაა. 1991 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი რომ გაკოტრდა და იქ 9-10 მილიონი დოლარი დავკარგე, პირველად მაშინ გავკოტრდი. რა ვიცი, ამას როგორ დავარქვა იღბლიანობა? მეორედ, უკვე გითხარით, 1998 წელს როგორ ვიყავი გაკოტრების პირას. 
        თუმცა, უიღბლობასაც ვერ მივაწერ ჩემს თავს. რა თქმა უნდა, ფორტუნას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძირითადად ადამიანი შრომით აღწევს შედეგს. 
         - წარმატების თქვენეული ფორმულა მითხარით. 
      - ჯერ განვსაზღვროთ წარმატებული ადამიანი. ჩემთვის წარმატებულია, ვისაც აქვს კარგი ოჯახი, უხარია შინ ყოფნა, დილას სამსახურში წასვლა და საღამოს - სახლში დაბრუნება. ეს უკვე წარმატებაა. თუ ადამიანს აქვს გათბობა, წამალი, სახურავი და წელიწადში ერთხელ შვებულებაში წასვლასაც ახერხებს, ჩემთვის ეს უკვე წარმატებული ადამიანია. 
       განსაკუთრებით წარმატებულს კი ერთი რამ ემატება - ნიჭიერება, რომელიც პირობითაც ორი ნაწილისგან შედგება: დაახლოებით ნახევარი ეკუთვნის ინტელექტს, ნახევარი - ჯანსაღ ფსიქიკას. თუ ჯანსაღი ფსიქიკა გაქვს, შენი ინტელექტის შესაბამისს გააკეთებ და შედეგს მიიღებ. თუ საყვარელ პროფესიას ირჩევ, კარგ ოჯახს აფუძნებ, კარგი მეუღლე და შვილები გყავს, წარმატებულიც სწორედ მაშინ ხარ. 
      არ მიმაჩნია, რომ ჭარბი ფული არის წარმატების სიმბოლო. ბევრი მდიდარი ვიცი, ვინც გაუბედურებულია და არ იცის, რისთვის ცხოვრობს, მთელი სიცოცხლე ფულს დასდევდა, იშოვა კიდეც, მაგრამ იმავე რისკებზე "ზის", რაც ადრე ჰქონდა და მე ვერ ვხედავ მათ წარმატებასა და ბედნიერებას. 
      მე დამლაგებლადაც ვმუშაობდი, საპირფარეშოც დამილაგებია, ფეხშიშველი დავრბოდი ბავშვობაში, მაგრამ უბედური ვიყავი-მეთქი, ნაღდად არ ვიტყვი. ჩემს შვილებსაც ასე ვუხსნი ხშირად. მათ არაფერი აკლიათ, მაგრამ ჩემზე ბედნიერი ბავშვობა აქვთ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე მათ ასაკში არაფერი მქონდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. 
          - ფულის წილი რამდენია წარმატებაში? 
        - ზუსტად იმდენი, რომ გქონდეს ჯანმრთელობა, წამალზე არ ფიქრობდე, არ იშიმშილო, სახურავი გეფაროს. ამის იქით, როგორც ზედმეტი წონა არ ვარგა, ისე ზედმეტი ფული არ ვარგა. 
თან, რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ძნელია, ერთმა ადამიანმა შეიქმნას წარმატების ისტორია ისე, თუ გარემო არ არის ჯანსაღი. ქვეყანაც უნდა გქონდეს წარმატებული, სტაბილური, არც მოხუცებულობის გეშინოდეს და მაშინ ეს იქნება 100%-იანი წარმატება: სტაბილურ ქვეყანა, საყვარელი სამსახური და საყვარელი ოჯახი თუ გაქვს, ამ შემთხვევაში ფულის წილი უმნიშვნელოა. 
       - "ფორბსის" მილიარდერების სიას რომ ვუყურებ, ძალიან ბევრს უმაღლესი განათლება არ აქვს. განათლება წარმატებას ხელს რომ უწყობს, თითქოს აღიარებული ფაქტია. შეიძლება უშლიდეს კიდეც? 
      - ისევ ჩემი პრაქტიკიდან გიპასუხებთ: როცა "პერესპტროიკა" დაიწყო, საკმაო განათლება მქონდა. სადოქტორო თითქმის მზად მქონდა, თუმცა, როგორც კი ბიზნესს მივყავი ხელი, მივხვდი, რომ იქ მანამდე მიღებულ განათლებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე რომ განათლებასა და აკადემიურ ეკონომიკურ ცოდნაზე დამყარებული ბიზნესი დამეწყო, დავიღუპებოდი. ბიზნესმენს უფრო სხვა მოცემულობა სჭირდება, თუმცა, მენეჯერის შემთხვევაში განათლებას დიდი როლი ენიჭება. ანტრეპრენიორს განათლებაზე მეტად სხვა რამ სჭირდება - უპირველესად, ხედვა, უნდა ხედავდეს პერსპექტივას. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა მე დავიწყე ბიზნესი - როცა პრეცედენტები არ არსებობდა და ანალიზს ვერ გააკეთებდი. დაიმსხვრა უზარმაზარი იმპერია, ხდებოდა ქონების გადანაწილება, სირბილში იწერებოდა კანონები, არანაირი სტაბილურობა არ არსებობდა... 
    ასეთი ვითარება დღესაც ხშირად იქმნება. ამიტომაც მეწარმისთვის ზოგჯერ ცოდნა და წესების ბრმად მიყოლა შეიძლება დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. სერიოზულ წარმატებას თუ გინდა მიაღწიო, მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებით ძალიან გაგიჭირდება. ცოდნამ შეიძლება ხელიც შეგიშალოს, რასაც მე ბევრჯერ გადავაწყდი: ადამიანები ცდილობენ მოირგონ წიგნებში ნანახი მოდელები და ფორმულები და არაფერი გამოსდით. ხშირად ტრადიციული ცოდნა სიახლის დანახვას ხელს უშლის. 
        ამიტომ არის, როცა ბრეინ შტორმინგებს ატარებენ, სხვა, ხშირად თემისგან სრულიად მოწყვეტილ ადამიანებს რთავენ პროცესში, რომ სხვა ფოკუსით, სხვა რაკურსიდან შეხედონ ვითარებას და ფასეულ იდეას მიაგნონ. 
      - სპონტანური ხართ? 
        - არა, მაგრამ ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს. სწრაფი აზროვნება მაქვს, თუმცა, ანალიზის გარეშე არაფერს ვწყვეტ. 
      - ალბათ, ძალიან ბევრ მოლაპარაკებაში მიგიღიათ მონაწილეობა. რა განწყობითა და "შეიარაღებით" უჯდებით ხოლმე მოლაპარაკების მაგიდას? 
     - სწორად ვხედავ მიზანს. მიზნის ჩამოყალიბების გარეშე საერთოდ არ უნდა წახვიდე არანაირ მოლაპარაკებაზე. თუ ეს არ იცი, არც შეცდომებისგან ხარ დაზღვეული. მთავარია, კარგად ხედავდე მიზანს და თან არა მარტო შენსას - მეორე მხარის მიზანსაც უნდა აცნობიერებდე, გრძნობდე, რა უნდა მას და ყოველთვის უნდა იყო განწყობილი ბალანსის მოსაძებნად. 
      - როცა არც სრული ინფორმაცია გაქვთ, არც საკმარისი დრო და გადაწყვეტილებაც სწრაფად არის მისაღები, ასეთ დროს რას ეყრდნობით? 
     - ალღოს, გამოცდილებას, ნიჭს... ვისაც ეს ყველაფერი კომპლექსში აქვს და შეუძლია სიტუაცია სწორად შეაფასოს დროისა და ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად, ალბათ, ამით გამოირჩევა კიდეც ნაკლებად წარმატებულებისგან. 
      - ბედნიერი თუ ხართ? 
      - ამაზე ბევრი მიფიქრია (სეირნობა და ფიქრი ჩემი ჰობია, თუმცა, სულ უფრო ნაკლები დრო მრჩება ბოლო დროს საამისოდ) და ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ცალკე აღებული ერთი ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი და წარმატებული, თუ წარმატებული არ არის მისი მეზობელი, ერი, ქვეყანა. სწორედ ამ საზოგადო ბედნიერების დეფიციტმა გადამადგმევინა ის ნაბიჯი, როცა 56 წლის კაცი წარმატებული ბიზნესიდან პოლიტიკაში წავედი. 

ნანახია: 1028 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: