მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » ნიკოლო მაკიაველი. პოლიტიკური აზროვნების ფუძემდებელი.
6:52 PM
ნიკოლო მაკიაველი. პოლიტიკური აზროვნების ფუძემდებელი.
            ნიკოლო მაკიაველი იტალიის ერთ–ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოს–თეორეტიკოსი იყო. მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაურმა თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და სახელმწიფოს გასაძლიერებლად ნებისმიერი ხერხი და საშუალება უნდა გამოიყენოს: ცბიერება იქნება ეს, სიცრუე თუ ძალმომრეობა. ამის გამო ზოგი მას უპრინციპო ავაზაკს, ზოგიც კი რეალისტ მოაზროვნეს უწოდებს, რომელმაც გაბედა და ქვეყანა აღწერა ისეთად როგორიც ის არის სინამდვილეში. დღეისათვის მაკიაველის ნაწარმოებები ნებისმიერი პოლიტ–ანალიტიკოსისა და ფილოსოფოსის სამაგიდო წიგნებს წარმოადგენს.
                 ნიკოლო მაკიაველი (1469–1527). ფლორენციაში ღარიბი ადვოკატის ოჯახში დაიბადა. იტალიის ისტორიაში ეს იყო კულტურული აყვავებისა და პოლიტიკური ანარქიის ხანა. ხშირად ხდებოდა უცხო ქვეყნების(საფრანგეთის, ესპანეთის, საღვთო რომის იმპერიის) ინტერვენცია, რასაც დაქუცმაცებული იტალიის სახელმწიფოებში ხელისუფლებათა მუდმივი ცვლილებები მოსდევდა. ფლორენციას ამ დროს მედიჩების დინასტია მართავდა. 1492 წელს მედიჩები დაამხეს და ფლორენცია რესპუბლიკად გამოცხადდა. მაკიაველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ერთ–ერთი მთავარი მრჩეველი და დიპლომატი გახდა. 1512 წელს მედიჩები დაბრუნდნენ და მაკიაველიც თანამდებობიდან დაითხოვეს.
                მოღვაწეობის მანძილზე მაკიაველმა არაერთი წიგნი დაწერა : "ომის ხელოვნება", "ფლორენციის ისტორია", "მანდრაგორი" და სხვა, მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მაკიაველს წიგნმა – მთავარი" მოუტანა, რომელშიც იგი ნათლად წარმოაჩენს თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით ქვეყნის ხელისუფალი. მთავარში მაკიაველი სრულებით უგულებელყოფს მორალს და სახელმწიფოს მართველს მოუწოდებს იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ამ საქმისთვის ყველა საშუალება გამართლებულიაო. ასე დამკვიდრდა მაკიაველის უკვდავი ფრაზა "მიზანი ამართლებს საშუალებას". მაკიაველი თაყვანს სცემდა გმირებს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ მათი წყალობით ხდებოდა ისტორიული მოვლენები და გარდაქმნები. მისი აზრით სახელმწიფო მართველს იმაზე მეტი საფიქრალი აქვს, ვიდრე მორალუყრ პრინციპებზე ზრუნვაა. კარგი მართვისთვის საჭიროა მთავარმა შემოიკრიბოს ნიჭიერი და ლოიალური მინისტრები, რომლებიც მას პირფრობის ნაცვლად ყოველთვის პირში სიმართლეს ეტყვიან.
ახლა მოგახსენებთ მაკიაველის რამდენიმე უმთავრეს რჩევას, რომლებსაც ის ქვეყნის მეთაურებს აძლევდა:
  1. თუ ქვეყნის უშიშროება დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, არ არის საინტერესო ჰუმანურია თუ არა იგი, სასტიკია თუ კეთილშობილი, სამარცხვინოა თუ სამართლიანი. საჭიროა ფიქრი მხოლოდ ერთზე, გადაარჩენს თუ არა სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება.
    2. სახელმწიფოს მეთაურის უნდა ეშინოდეთ და უნდა უყვარდეთ კიდეც, მაგრამ თუ ამ ორში ერთ–ერთია ამოსარჩევი ჯობია ეშინოდეთ, რადგან შიში შეიქმს სიყვარულს.
    3. ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო, ანდა თავიდან მოიშორო ისინი: რადგან თუ ხალხი შურს იძიებს მცირეოდენი წყენის გამო, სამაგიეროდ მძიმე შეურაცყოფისათვის სამაგიეროს გადახდის თავი არა აქვს.
   4. სახელმწიფო ისევეა, როგორც ჭლექი: თავდაპირველად მისი განკურნება ადვილია, მაგრამ დაავადების გამოცნობაა ძნელი, ხოლო თუ საკმაო დრო გავიდა და სნეულება გამოუცნობი და განუკურნავი დარჩა – მაშინ პირიქით, მისი გამოცნობა ადვილია, მაგრამ განკურნება ძნელი.
    5. დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ და თანაბრად გვახვევს თავზე, როგორც სიკეთეს ისე ბოროტებას.
    6. ომის თავიდან აცილების მიზნით, არამც და არამც არ უნდა მისცე ამა თუ იმ ბოროტებას ზრდის ნება, ვინაიდან ამ გზით ომს კი ვერ აიცილებ თავიდან, არამედ თავის საზიანოდ მხოლოდ დროებით გადაადებ მას.
    7. ვინც სხვისი ძლიერების ზრდას უწყობს ხელს, თვითონვე ითხრის ორმოს, ვინაიდან ამ ძლიერებას ის ზრდის ან თავისი მოხერხების, ანდა კიდევ ძალის წყალობით: ხოლო ერთიცა და მეორეც ძალზე არასანდოა იმის თვალში, ვინც უკვე ძლიერი გახდა.

        სხვათაშორის "მთავარი" მრავალი დიქტატორის სამაგიდო წიგნი იყო. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ თუ ვინ იყო იგი სინამდვილეში.
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 3084 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: