მთავარი » 2012 » მაისი » 21 » მერაბ კოსტავა – “თავისუფლება".
8:57 PM
მერაბ კოსტავა – “თავისუფლება".
        საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავტყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.
       მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით  სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდაუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად აელვარებული ხატება მათი. შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი. მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.

        სარკმლის დამხანჯლავი სინათლე შთენილა მარტოოდენ ერთადერთი, ჩაუფერფლავ სურვილად. ცის ნაფლეთები მარადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხაურის ვიწრო სამზერებს. თვალბუდეები ძლივსღა ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ, უსასრულობის მირაჟივით დატყვევებულ თვალებს. შორს, კაბადონზე, იალქანივით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი. უცნაურად ენამჭევრობს იგი, როცა ფერმწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს. ნეტა თუ ფიქრობს, ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი. ამაოდ, რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული გასაოცარი სახე კალხასისა ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ ანაქრონიზმად, ბალღობისჟამინდელი „უმეცარი" კაცობირობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური.
       რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენ წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა თუ ნააზრევს, ადამიანებისამი მიმართებას, პირუთვნელობის იქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავრდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.
        მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოს იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გარდამოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი, და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა – ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმიდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნობიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ვიმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება. 

ნანახია: 1110 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: