მთავარი » 2012 » ივნისი » 9 » ტევტონთა (გერმანული) ორდენის ისტორია
4:18 PM
ტევტონთა (გერმანული) ორდენის ისტორია
            ტევტონთა ორდენმა მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მის წარმოქმნას უკავშირდება გერმანული სამხედრო ელიტის შექმნა. სწორედ ტევტონთა ორდენთან ერთად იქმნება სამხედრო დოქტრინა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ექსპანსიას ითვალისწინებდა. "დრანგ ნახტ ოსტენი" - ნახტომი აღმოსავლეთით - ეს გერმანულმა მილიტარიზმმა დროშად გაიხადა, ამ სულისკვეთებით მთელი თაობები აღიზარდა. საბოლოოდ, ამას პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა. "დრანგ ნახტ ოსტენი" თავის დოქტრინად ნაცისტებმაც გაიხადეს. ისინი თავს ტევტონთა ორდენის მემკვიდრეებს უწოდებდნენ. 
           გამომდინარე ზემოთქმულიდან, სიტყვა "ტევტონთა ორდენი" კარგა ხანს გერმანული იმპერიალიზმის სიმბოლოდ რჩებოდა. ყველა, ვინც ანტიგერმანული დროშით გამოდიოდა, ტევტონთა ორდენის განქიქებას ცდილობდა. დიდმა პოლონელმა მწერალმა ჰენრიკ სენკევიჩმა ტევტონთა ორდენთან ბრძოლას თავისი შესანიშნავი რომანი "ჯვაროსნები" მიუძღვნა. 1934-39 წწ.-ში სსრკ-გერმანიას შორის ურთიერთობების დაძაბვასთან ერთად, ფართო ანტიგერმანული პროპაგანდაც გაიშალა. ამ დროს ჩნდება ფილმი "ალექსანდრე ნეველი", რომელიც რუსებისა და ტევტონთა ორდენის ბრძოლას ეძღვნება. 
ტევტონთა ორდენის წარმოშობა 

       ტევტონთა ორდენის წარმოშობის თაობაზე ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ორდენი 1190 წელს შეიქმნა. აკრის აღების დროს, გერმანული ტომების ერთ-ერთმა ბელადმა ჰერცოგმა ფრიდრიჰ შვაბელმა დააარსა სასულიერო ორდენი. მასში შედიოდნენ ბერები, რომლებიც უვლიდნენ დაჭრილებს. შემდგომში ეს სასულიერო ორდენი რაინდულ-სასულიერო ორდენად გადაკეთდა. მისი წევრები რაინდი-ბერები იყვნენ, რომლებიც კათოლიციზმის გავრცელებისათვის, ცეცხლითა და მახვილით იბრძოდნენ. 
       თანახმად მეორე ვერსიისა, ორდენის შექმნა უკვე 1191 წელს აკრის აღების შემდეგ მოხდა. მისი რეორგანიზაცია კი 1196 წელს განხორციელდა. სასულიერო ორდენი რაინდულ-სასულიერო ორდენად გადაიქცა. სწორედ აკრში ჩატარდა პირველი ცერემონია, რომელზეც დიდი მაგისტრი აირჩიეს. ცერემონიას პირადად რომის პაპი, რომის საღვთო იმპერიის წარმომადგენელი და ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრი დაესწრნენ. ასე შეიქმნა სამხედრო ძალა, რომლის ამოცანაც კათოლიკური ეკლესიის დაცვა-გაძლიერება იყო. 
        ფაქტიურად, ტევტონთა ორდენის შექმნით გერმანული სამხედრო ელიტის ფორმირება დასრულდა, - წერს უკრაინელი ისტორიკოსი მიხაილო გრუშევსკი, - ვატიკანი ამ ორდენის მეშვეობით იმედოვნებდა, თავისი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში გაევრცელებინა. გერმანელთათვის კი ეს იქცა შირმად აღმოსავლეთში თავისი ექსპანსიის განსახორციელებლად. 
ორდენის სათავეში დიდი მაგისტრი იდგა. თავდაპირველად, მისი ძალაუფლება ძალზე შეზღუდული იყო. ორდენის ძალისა და გავლენის ზრდასთან ერთად, დიდი მაგისტრის ძალაუფლებაც იზრდებოდა. 
ექსპანსია აღმოსავლეთით 

           ტევტონთა ორდენის მეშვეობით ხორციელდებოდა ბრძოლა კერპთაყვანისმცემლებთან პრუსიაში, აგრეთვე ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაში. მალე ტევტონთა კონტროლქვეშ მთელი პრუსია მოექცა. კათოლიციზმის გავრცელების დროშით განხორციელდა გერმანული ექსპანსია ბალტიისპირეთში. ტევტონელებმა დაამარცხეს ლატების (თანამედროვე ლატვიელთა წინაპრები) ტომები. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას მათ ბენგალიის მმართველები ვიესტური და ნამეისისი უწევდნენ. ტევტონელებმა მათი წინააღმდეგობის დათრგუნვა მხოლოდ გააფთრებული ბრძოლების შედეგად მოახერხეს. ამის შემდეგ, გერმანელებმა ბალტიისპირეთში ფეხი მტკიცედ მოიკიდეს. ისინი აარსებენ ლივონიის ორდენს, შემდეგ მახვილოსანთა ორდენს. გერმანელთა ხელში აღმოჩნდა მთელი მიწა, ადგილობრივი მოსახლეობა კი მათი ყმა გახდა. 
             გერმანული ექსპანსია ძალზე აშფოთებდა მართლმადიდებლურ რუსულ სათავადოებს. მონღოლთა ბატონობის შედეგად, დასუსტებულ რუსულ სათავადოებს ტევტონებთან ბრძოლა ძალზე გაუჭირდათ. ამავე დროს რუს მთავრებს ესმოდათ, რომ გერმანული ბატონობა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის, არამედ მართლმადიდებლობის დაკარგვასაც მოასწავებდა. 
          - მონღოლთა უღელქვეშ მართლმადიდებლობის შენარჩუნება მაინც შეიძლებოდა, მონღოლი მხოლოდ ხარკის აღებას სჯერდებოდა და ჩვენს რწმენას არ ეხებოდა. გერმანელი კი რწმენასაც გვეცილებოდა და ჩვენს ბატონად გახდომაც სურდა, - წერს რუსი ისტორიკოსი კარამზინი. 
      რუსი მხედართმთავარი ალექსანდრე ნეველი მონღოლებთან ალიანსზეც წავიდა, ოღონდაც გერმანელთა ექსპანსია აელაგმა. ჩუდის ტბასთან მომხდარ ბრძოლაში (1242 წელი) რუსებმა ალექსანდრე ნეველის მეთაურობით შეძლეს გერმანელთა დამარცხება, რასაც მონღოლთა ჩარევა არსებითად დაეხმარა. შემდგომში, რუსული ისტორიოგრაფია ცდილობდა, აღნიშნული ფაქტი მიეჩქმალა, რასაც თვით რუსი მოწინავე ისტორიკოსებიც აკრიტიკებდნენ. 
- ისტორია უნდა მიიღო ისეთად, როგორიც ის არის. მისი შეცვლა ან შელამაზება დაუშვებელია, - წერდა დიდი რუსი ისტორიკოსი კლიუჩევსკი. 
აღნიშნული სიტყვები ცარიზმის ეპოქაში ითქვა. კლიუჩევსკისთან შეკამათება ვერავინ გაბედა, თუმცა, ისტორია რუსეთში შემდგომშიც მახინჯდებოდა. 
ალექსანდრე ნეველის გარდა, ტევტონთა ორდენს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია გალიც-ვოლინის სათავადომაც. მისმა მმართველმა დანილო გალიცკიმ ტევტონელ რაინდთა არაერთი შეტევა მოიგერია. ორდენთან მთავარ მებრძოლ ძალად პოლონეთი გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი კათოლიკური ქვეყანა იყო, გერმანულ ექსპანსიას ის წინ მტკიცედ აღუდგა: 
               - გერმანელი რაინდები ჯვრითა და მახვილით მოდიოდნენ, მათ პოლონეთის დამორჩილება სურდათ, - წერს ჰენრიკ სენკევიჩი. 
        სისხლისმღვრელი ბრძოლები, რაც პოლონელებსა და ტევტონთა ორდენს შორის გაიმართა, თავისი სისასტიკით მუსულმანებისა და ქრისტიანების დაპირისპირებას შეიძლება შევადაროთ. პოლონელთა წინააღმდეგობით გააფთრებული ტევტონები მთელ პოლონურ ქალაქებს მიწასთან ასწორებდნენ, არ ინდობდნენ არც მოხუცს, არც ქალს, არც ბავშვს. გერმანელებმა ააოხრეს გდანსკი, მიწასთან გაასწორეს სხვა პოლონური ქალაქები, მათი მოსახლეობა კი (თოთო ბავშვების ჩათვლით) მთლიანად ამოწყვიტეს. ტევტონების მხრივ შეწუხებულმა პოლონეთმა ჯვაროსნების წინააღმდეგ მოკავშირის ძებნა დაიწყო. 
- ასე დაიბადა ალიანსი ლიტვასთან, - წერს სენკევიჩი, - ბალტიისპირეთში გერმანელთა ექსპანსიით შეწუხებულმა ლიტველებმა პოლონეთის სახით მოკავშირე იშოვეს. 
         პოლონელი დედოფლის იადვიგასა და ლიტვის მთავრის იაგაილოს (პოლონურად იაგელო) ქორწინებამ დასაბამი მისცა პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებას. ასე შეიქმნა რეჩ პოსპოლიტა, სახელმწიფო, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი პოზიცია დაიკავა და ტევტონთა ორდენის აგრესიის აღკვეთას შეუდგა. 
          - ლიტველებს პოლონეთთან გაერთიანება არ სურდათ, - წერს დიდი ლიტველი პოეტი მაირონისი, - მართალია იაგაილო და ლიტვის მთავარი ვიტოვტი ბიძაშვილები იყვნენ, მაგრამ ვიტოვტი მტკიცედ ცდილობდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას. ტევტონთა აგრესიამ აიძულა ის პოლონეთთან გაერთიანებაზე წასულიყო. მაშინ ტევტონები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ვიდრე პოლონელები. 
რეჩ პოსპოლიტას შექმნით, სასწორი უკვე პოლონელთა მხარეს გადაიხარა. პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებულმა არმიამ ტევტონები რამდენჯერმე დაამარცხა. ამან ორდენის შიგნით განხეთქილება წარმოქმნა. 
       - დიდი მაგისტრი კონრად ფომ იუნგინგენი იძულებული გახდა პოლონეთთან ზავი დაედო, - წერს სენკევიჩი. 
კონრადი კარგი პოლიტიკოსი იყო. ის ხედავდა, რომ რეჩ პოსპოლიტას წარმოშობით რეალური ძალა შეიქმნა და მასთან აშკარა კონფრონტაცია ორდენს კარგს არაფერს მოუტანდა. კონრადმა შეძლო შიდა შფოთის ალაგმვა, თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ, ტევტონთა ორდენსა და პოლონეთს შორის კონფრონტაცია კვლავ იწყება. 
გრიუნვალდის ბრძოლა 

       კონრად ფონ იუნგინგენის სიკვდილის შემდეგ, მაგისტრი მისი ძმა ულრიჰი გახდა. ისტორიკოსები ახასიათებენ მას როგორც მამაცსა და კეთილშობილ ადამიანს. ამას წერენ როგორც გერმანელი ისტორიკოსები და მკვლევარები, ასევე ისინიც, რომლებიც ანტიგერმანულ პოზიციებზე იდგნენ. 
- ულრიჰი რაინდულ ტურნირებში ხშირად მონაწილეობდა, - წერს სენკევიჩი, - ერთ-ერთი შეტაკების დროს მის მოწინააღმდეგეს მახვილი გაუტყდა. მაშინ ულრიჰმაც თავისი მახვილი გადატეხა და თქვა: ახლა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში ვართო. 
             ულრიჰი ფონ იუნგინგენი მართლაც სულით-ხორცამდე რაინდი იყო. ასეთი კაცი ძლიერი პოლიტიკოსი ვერ იქნება. ულრიჰიც, თავისი ფრთხილი ძმისაგან განსხვავებით, რეალობას ანგარიშს არ უწევდა. მას სძულდა პოლონელები და საერთოდ სლავები, ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა და რეალობას ანგარიშს არ უწევდა. 
            - ულრიჰ ფონ იუნგინგენის პოლიტიკას რეჩ პოსპოლიტასთან ომის განახლება მოჰყვა, - წერს გერმანელი მწერალი ვილჰელმ ჰაუფი. 
გადამწყვეტი ბრძოლა 1411 წელს გრიუნვალდთან მოხდა. გერმანელთა წინააღმდეგ იაგელომ ძლიერი კოალიციის შექმნა შეძლო. პოლონელებს შეუერთდნენ ჩეხები, ლეგენდარული იან ჟიჟკას ხელმძღვანელობით, უნგრელები, ბესარაბები, ვალახები. პოლონელთა მხარეს თათართა დაქირავებული ლაშქარიც იბრძოდა. იაგელომ ისიც მოახერხა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც რომის საღვთო იმპერიაში შედიოდნენ, პოლონეთსა და ტევტონთა ორდენს შორის ახალ დაპირისპირებაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს. ამრიგად, ტევტონთა ორდენი იზოლაციაში მოექცა. ზოგი მრჩეველი მაგისტრს ურჩევდა, კომპრომისზე წასულიყო. ულრიჰმა ამაზე უარი განაცხადა. ომი პოლონეთთან გაგრძელდა. გადამწყვეტი ბრძოლა გრიუნვალდთან მოხდა. 
         - მტრის რიცხობრივი უპირატესობა აშკარა იყო, - წერს გერმანელი მწერალი კარლ მეი, - მიუხედავად ამისა, გერმანელებმა, ულრიჰის მეთაურობით, მტერზე პირველი იერიში მიიტანეს. იაგელო ამას არ მოელოდა. 
          გერმანელთა იერიშით შეძრწუნებული ლიტველები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. მათ ბესარაბები და ვალახებიც მიჰყვნენ. ვითარება კრიტიკული გახდა. ამ დროს დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა სმოლენსკის სამმა ბელორუსულმა პოლკმა. მათ შეძლეს გერმანელთა იერიშის შეკავება. ასევე საოცარი გმირობა გამოიჩინეს თათრებმა, რომლებიც სმოლენსკელებს შეუერთდნენ. გერმანელებმა უკან დახევა დაიწყეს. 
- ამ დროს ლიტველებიც დაბრუნდნენ. მათი გაფანტვა ადვილი იყო, მაგრამ დამარცხება შეუძლებელი, - წერს სენკევიჩი. 
ბრძოლის სასწორიც პოლონელთა მხარეს გადაიხარა. გერმანელები უკან იხევდნენ. რამდენიმე რაინდი დიდ მაგისტრს მიეახლა. 
- თავს უშველეთ, ალყას გვარტყამენ! 
- რაო? გავიქცე? - გაიოცა ულრიჰმა, - ბრძოლის ველი მივატოვო, სადაც ამდენმა მეომარმა დადო თავი? ღმერთმა დამიფაროს! 
ულრიჰმა ცხენს დეზი ჰკრა და შუაგულ ბრძოლაში შეიჭრა. ხმლის მოქნევით მან თათართა ხანს თავი გააგდებინა. მეთაურის სიკვდილმა თათრები შეაძრწუნა. თითქოს ვითარება გერმანელთა სასარგებლოდ შებრუნდა. ამ დროს პოლონელმა რაინდმა ზავიშამ გაამხნევა თავისიანები. სასწორიც (ახლა უკვე საბოლოოდ) პოლონელთა მხარეს გადაიხარა. 
            - რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი ჰქნა. იაგელო ულრიჰზე უკეთესი პოლიტიკოსი იყო. მან ტევტონებს ყველა აუმხედრა და თავად თათრების მიმხრობაც კი შეძლო. გრიუნვალდის ბრძოლის ბედიც ამან გადაწყვიტა, - წერს კარლ მეი. 
         გერმანელ რაინდთა უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაეცა. ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. ბრძოლის ველს მხოლოდ ულრიჰ ფონ იუნგინგენი არ ტოვებდა. რაინდთა მცირერიცხოვანი, მაგრამ ერთგული ჯგუფით გარშემორტყმული ის ბრძოლას განაგრძობდა. 
          - დაგვნებდი! - დაუყვირა მაგისტრს პოლონეთის მეფემ, - შენი მამაცობით აღფრთოვანებული ვარ! არ მინდა შენნაირი ვაჟკაცის სისხლი დავღვარო! ბრძოლას აზრი აღარ აქვს! დაგვნებდი! 
            - უმალ ზეცა დედამიწას გაუსწორდება, ვიდრე ულრიჰ ფონ იუნგინგენი დაგნებდება! - ამაყად მიუგო დიდმა მაგისტრმა. 
ულრიჰი ბრძოლას განაგრძობდა. ის ისეთი გააფთრებით იბრძოდა, რომ მასთან მიახლოება შეუძლებელი გახდა. ბრძოლა ფაქტიურად დამთავრდა. გერმანელ რაინდთა უმრავლესობა გრიუნვალდის ველზე დარჩენილიყო, ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, ულრიჰ ფონ იუნგინგენი კი იარაღს მაინც არ ყრიდა. ათი ერთგული რაინდის ამარა დარჩენილი ის ბრძოლას განაგრძობდა. გამარჯვებულმა ჯარმა ულრიჰი და მისი რაინდები ალყაში მოიქცია. პოლონეთის მეფემ მაგისტრს კვლავ დანებებისაკენ მოუწოდა. ულრიჰმა მიუგო: 
- არავითარ შემთხვევაში! 
           მახვილი მან მაშინაც არ დააგდო, როცა ორჯერ სახეში დაიჭრა, არც მაშინ, როცა მისი მარჯვენა ხელი მწყობრიდან გამოვიდა. მახვილი მარცხენაში გადაიტანა და მტრის მოგერიება განაგრძო. 
          - ბოლოს და ბოლოს, თათრებმა ულრიჰს ყელში ოროლი გაუყარეს. ისიც მოჭრილი მუხასავით მიწას დაენარცხა, - წერს კარლ მეი. 
თათრები ულრიჰის გვამს ძერებივით დაეძგერნენ. მათ სურდათ, მისთვის თავი მოეკვეთათ და შუბის ტარზე წამოეგოთ. პოლონელმა რაინდმა ზავიშამ ისინი რის ვაი-ვაგლახით შეაჩერა. 
         - პოლონეთის მეფეს მიუტანეს დიდი მაგისტრის ულრიჰ ფონ იუნგინგენის ცხედარი, - წერს სენკევიჩი, - მეფემ ბრძანა: განბანეთ და ქრისტიანული წესით დაასაფლავეთ. ის ჩვენი დაუძინებელი მტერი, მაგრამ მამაცი და კეთილშობილი კაცი იყოო. 
სიმამაცემ მტერიც მოხიბლაო, ნათქვამია. იაგელომაც დაღუპულ დიდ მაგისტრს ჯეროვანი პატივი მიაგო. შემდგომშიც ულრიჰ ფონ იუნგინგენის გმირობას არა მარტო გერმანელმა, არამედ პოლონელმა პოეტებმაც უმღერეს. 
კრიზისის ხანა 

             გრიუნვალდთან მარცხმა ტევტონთა ორდენი წელში გადატეხა და დაიწყო კრიზისის ხანა. პოლონელები ტევტონთა ორდენზე შეტევებს განაგრძობდნენ. ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი იძულებული გახდა, დამამცირებელ ზავზე ხელი მოეწერა. ამ ზავის თანახმად, ტევტონთა ორდენი პოლონეთის მეფის ვასალი გახდა. რიგი მიწები, რასაც ადრე ორდენი ფლობდა, ახლა რეჩ პოსპოლიტას კუთვნილებაში გადავიდა. პოლონეთმა შეძლო ქალაქ მარიენბურგის დაპყრობაც, სადაც ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრის რეზიდენცია იყო. ამის შემდეგ, ორდენის სატახტო ქალაქი კენისგბერგი გახდა. 
           - ზავმა განუწყვეტელ ომებს ბოლო მოუღო, თუმცა, პატარ-პატარა შეტაკებები მაინც ხდებოდა, - წერს კარლ მეი. 
შექმნილ ვითარებაში ტევტონთა ორდენის გადახალისება აუცილებელი იყო. ამას რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი შეეცადა. შედეგად, პრუსიულ სახელმწიფოთა ლიგა შეიქმნა. ბუნებრივია, პოლონეთი ამას ვერ შეეგუებოდა. დაიწყო ომი, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე გასტანა. ისტორიაში ის ოცდაათწლიანი ომის სახელით შევიდა. 
          - პოლონეთი ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, - წერს სენკევიჩი. 
ომში დამარცხებამ ახალ შიდა ქიშპს მისცა დასაბამი. ტევტონთა ორდენის ზედაფენაში წარმოიშვა გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც ვატიკანზე გული აუცრუვდა. ისინი მარტინ ლუთერის მოძღვრებას აღიარებდნენ. ბოლოსდაბოლოს, ლუთერს ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრიც ალბერტ ჰოგენცოლერიც მიემხრო. 
  - ალბერტ ჰოგენცოლერმა სცადა ორდენის რაინდების მიმხრობა, მაგრამ ვერ შეძლო. მას მხოლოდ რაინდების ნაწილი მიემხრო, - წერს რუსი ისტორიკოსი ბანტიშ-კამენსკი. 
           მაშინ ალბერტმა დიდი მაგისტრის თანამდებობაზე უარი განაცხადა და თავისი მომხრე რაინდების დახმარებით, თავი პრუსიის ჰერცოგად გამოაცხადა. ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა პოლონეთმა, რომელიც ტევტონთა ორდენის საბოლოო მოსპობას ცდილობდა, აგრეთვე მარტინ ლუთერმაც. პრუსიის საჰერცოგოში ხომ მისი მოძღვრება სახელმწიფო რელიგიად ცხადდებოდა. 
          - პრუსიის საჰერცოგოს სახით, ევროპაში პირველი პროტესტანტული სახელმწიფო შეიქმნა, - წერს ბანტიშ-კამენსკი. 
კენიგსბერგი პრუსიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყო. ტევტონთა ორდენის ლეგალურად არსებობა იქ აღარ შეიძლებოდა. რაინდების ჯგუფმა, რომლებმაც ვატიკანისადმი ერთგულება შეინარჩუნეს, სატახტო ქალაქი ბად-კისებგენში გადაიტანა. ტევტონთა ორდენმა არსებობა განაგრძო, მაგრამ უწინდელი ძლევამოსილებიდან ლანდიც კი აღარ დარჩა. 
     - აუცილებელი იყო ორდენის რეორგანიზაცია, მაგრამ ამას ძლიერი პიროვნება სჭირდებოდა. ტევტონთა ზედაფენაში კი ამისთანა არ აღმოჩნდა, - წერს კარლ მეი. 
ორდენიც დაღმა მიექანებოდა. მართალია, ის არსებობას განაგრძობდა, მაგრამ მისგან მხოლოდ სახელი და წარსული დიდებაღა დარჩა. ნაპოლეონის მიერ გერმანული მიწების დალაშქვრის შემდგომ ტევტონთა ორდენი ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა. ის ვერც ბონაპარტეს დამარცხების შემდეგ აღდგა: 
- თანამედროვენი მაშინ თვლიდნენ, რომ ახალ ვითარებაში ორდენი ანაქრონიზმია, - წერს კარლ მეი.
 
ორდენის აღორძინება 

          პანგერმანიზმის გავრცელებასთან ერთად, გერმანულ სახელმწიფოებში (პრუსია, ბავარია, ავსტრია) ტევტონთა ორდენისადმი ინტერესი ღვივდება. პრუსიაში, რომელსაც ყველა გერმანული მიწის გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა, ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი ტევტონთა ორდენის აღორძინების შესახებ. 
            - ამას ხელი რელიგიურმა ფაქტორმა შეუშალა, - წერს კარლ მეი, - პრუსია ხომ პროტესტანტული სახელმწიფო გახლდათ. 
ამავე დროს პრუსიელები სათუთად ეპყრობოდნენ ტევტონთა ორდენის ისტორიას, მის საბრძოლო ტრადიციებს. ამაზე დაყრდნობით იქმნება "რკინის ჯვრის ორდენი". მას შემდეგ, რაც კანცლერის პოსტზე ოტო ბისმარკი დაინიშნა, სკოლებში ოფიციალურად შემოიღეს საგანი "ტევტონთა ორდენის ისტორია". იწყება ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულით აღზრდა, თაობისა, რომლისათვისაც ულრიჰ ფონ იუნგინგენი ტრაგიკული გმირი და მისაბაძი მაგალითი გახდა. რაც შეეხება ტევტონთა ორდენს, მისი აღორძინება ავსტრიაში მოხდა, სადაც კათოლიკობა დომინირებდა. იმპერატორმა ფრანც პირველმა ამის თაობაზე სათანადო განკარგულება გამოსცა. იდგა 1839 წელი. 
         - ტევტონთა ორდენის ცენტრი ვენაში განთავსდა, - წერს მიხაილო გრუშევსკი. 
განახლებული ტევტონთა ორდენი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ორგანიზაცია იყო. თავისი ფილიალები მან პრაღასა და კარსლბადშიც (დღეს ამ ქალაქს კარლოვი-ვარი ჰქვია), ტრიესტსა და ლიუბლიანაშიც გაიჩინა. 

ნაცისტები და ტევტონთა ორდენი 

    პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ გერმანიასა და ავსტრო-უნგრეთში შფოთი განაპირობა. 1919 წელს გამოცხადდა უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა. საბჭოთა რესპუბლიკა იქმნება ბავარიაშიც. ამან ლოგიკურად განაპირობა სამოქალაქო ომის გაჩაღება. მართალია, საბჭოთა რესპუბლიკები ჩაახშვეს, მაგრამ დამარცხებულ გერმანელებს თავს მოახვიეს დამამცირებელი ზავი (ვერსალის ზავი) და დიდძალი კონტრიბუციები. შედეგად, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაცვლად წარმოიშვა პატარა დემოკრატიული სახელმწიფო ავსტრია. ვეიმარში კი ოფიციალურად გაფორმდა გერმანული რესპუბლიკის შექმნა. 
         ტევტონთა ორდენი, რომლის ცენტრიც კვლავ ვენაში იმყოფებოდა, წითლების ექსტრემიზმს კატეგორიულად გაემიჯნა. ორდენი, ახლა, ძირითადად, საქველმოქმედო ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც უვლიდა მიუსაფარ მოხუცებს, ომის ინვალიდებსა და ა.შ. ტევტონთა ორდენი, რომლის ფილიალებიც მოქმედებდნენ როგორც ავსტრიის, ასევე ბელგიის, ჩეხოსლოვაკიის, იტალიის, იუგოსლავიის ტერიტორიებზე, ევროპის მომავალს დემოკრატიის დანერგვაში ხედავდა და მხარს ახალი, დემოკრატიული გერმანიის შექმნას უჭერდა. 
       - დასავლეთმა ვითარებას ალღო ვერ აუღო და ვეიმარის რესპუბლიკას სათანადო დახმარება არ გაეწია. მალე ეს ქვეყანა კორუფციასა და უკანონობაში ჩაიძირა. სიტყვა "ვეიმარის რესპუბლიკა" სალანძღავ სიტყვად გადაიქცა, - წერს გერმანელი ისტორიკოსი ტიპელსკირხი. 
          ასეთ ვითარებაში წარმოიშვა ორი უკიდურესობა - ნაციზმი და კომუნიზმი. ორივე მუშათა მოძრაობის წიაღში იშვა. რაკი არსებულ ვითარებაში ინტენსიურად ხდებოდა საშუალო ფენის გაპროლეტარება, ნაციზმმაც და კომუნიზმმაც მასიური ბაზა ჰპოვეს. უკვე 1930 წლისათვის გერმანია ალტერნატივის წინაშე დადგა: ნაცისტები თუ კომუნისტები? 
        - გერმანელ კომუნისტთა ბელადი ერნს ტელმანი უარყოფდა როგორც პატრიოტიზმს, ასევე ეკლესიასაც. მას გერმანიაში საბჭოთა ხელისუფლების რუსული მოდელის დანერგვა სურდა, - წერს თრევორ-როუპერი. 
       ჰიტლერი პირიქით, როგორც ნაციონალური, ისე სოციალური ფრაზეოლოგიით მანიპულირებდა. ფიურერი საჯაროდ აცხადებდა, ტევტონთა ორდენის ტრადიციებს ვაგრძელებ და გერმანიის დიდებასაც აღვადგენო. უკვე 1930 წელს ნაცისტურმა პარტიამ ტევტონთა ორდენთან კონტაქტების დამყარება სცადა. ერთ-ერთ მიტინგზე ჰიტლერი საჯაროდ აცხადებს: "ტევტონთა ორდენი გერმანული მხედრული სულის გამოხატულება გახლდათ. მე მის აღდგენას ვესწრაფვი და ორდენის სამხედრო დოქტრინასაც (დრანგ ნაჰ ოსტენი) მთლიანად ვიზიარებ". ამ განცხადებამ ტევტონთა ორდენის ხელმძღვანელობის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და ორდენის ხელმძღვანელობამ ჰიტლერის გამოსვლას მკვეთრი საპროტესტო განცხადებით უპასუხა. 
- ორდენი კვლავინდებურად საქველმოქმედო და საგანმანათლებლო სტრუქტურას წარმოადგენდა. მისი წევრები უვლიდნენ მიუსაფარ მოხუცებს, ეხმარებოდნენ პირველი მსოფლიო ომის ინვალიდებს, - წერს პროფესორი სმალ-შტოკიი, - ორდენის კუთვნილებაში არსებობდნენ საავადმყოფოები და პანსიონატები. ორდენის პოზიცია მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: წარსულს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მისი გაიდეალება არ შეიძლება. ასევე დამღუპველია შუა საუკენეების დროინდელი სამხედრო დოქტრინების ბრმად გადმოტანა და თანამედროვე სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინად გადაქცევა. 
   ამრიგად, ორდენი მილიტარისტული და შოვინისტური განწყობილებისაგან უკვე შორს იდგა. ჰიტლერიც თავისი ანტისემიტიზმით, აგრესიულობით თუ პრიმიტიული სოციალური დემაგოგიით ტევტონთა ორდენისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. 
            - ნაციზმიცა და ბოლშევიზმიც სატანის მოძღვრებას წარმოადგენენ. ეს მეოცე საუკუნის მთავარი უბედურებაა, - ასეთ იყო ორდენის პოზიცია. 
1933 წელს ჰიტლერელები გერმანიის ხელისუფლებაში მოდიან. ფიურერი კვლავ შეეცადა ვენაში მყოფ ტევტონთა ორდენის ხელმძღვანელობასთან კონტაქტების დამყარებას. მცდელობა კვლავ წარუმატებლად დასრულდა. ნაცისტებს თანამშრომლობაზე უარი განუცხადა პრაღაში მოქმედმა ტევტონური ორდენის ფილიალმაც, თუმცა, ჰიტლერმა მასთან ცალკე მოლაპარაკება სცადა და დიდძალი ფულიც შესთავაზა. ტევტონთა ორდენმა დაგმო ჰიტლერული აგენტურის მიერ ავსტრიის კანცლერ დოლფუსის მკვლელობა (1934წ.). ორდენი გაემიჯნა ბერლინის მიერ ფინანსირებულ მოძრაობას, რაც ავსტრია-გერმანიის გაერთიანებას ითვალისწინებდა. როცა ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ პროვოკაციები გააჩაღა (სუდეტელ გერმანელთა საკითხი), ტევტონურმა ორდენმა ესეც დაგმო და მხარი ჩეხოსლოვაკიის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, შენარჩუნებას დაუჭირა. ჰიტლერი ტევტონთა ორდენის ამგვარმა პოზიციამ ძალზე გაანაწყენა. 1937 წელს, ჰიტლერის ბრძანებით, ტევტონური ორდენი "მტრულ ორგანიზაციად" გამოცხადდა. მისი ხელმძღვანელობა და აქტივისტები გესტაპომ ე.წ. შავ სიაში შეიტანა. დაიწყო იმ გერმანელ მოქალაქეთა დევნა, რომლებიც ტევტონთა ორდენთან კავშირში იყვნენ შემჩნეულნი. 
            ავსტრიის ანშლუსის (1938 წლის სექტემბერი) და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის (1939 წ.) შემდეგ, ნაცისტური ტერორი ტევტონთა ორდენის ხელმძღვანელობაზეც გავრცელდა. უმრავლესობა მათგანი საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა. ორდენის მთელი ქონება ჰიტლერელთა მიერ იქნა კონფისკირებული. ორდენის კუთვნილებაში არსებული საავადმყოფოები (როგორც ავსტრიის, ასევე ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის ტერიტორიებზე) ნაციონალიზებულ იქნა. პატიმრობაში აღმოჩნდა როგორც ორდენის ხელმძღვანელობა, ასევე მისი ბევრი მღვდელიც. ამის შემდეგ, ჰიმლერის ინიციატივით იქმნება ე.წ. ტევტონთა ახალი ორდენი. მის სათავეში სდ-ს შეფი რაინჰარდ ჰეიდრიხი დგება. 
    - ნამდვილი ტევტონური ორდენის წევრები კი ან ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ისხდნენ, ან იატაკქვეშეთში გადავიდნენ და ანტიჰიტლერულ მოძრაობაში ჩაებნენ, - წერს თრევორ-როუპერი. 
ტევტონთა ორდენის თანამედროვე მდგომარეობა 

         მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტევტონთა ორდენი კვლავ აღდგა. კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე მისი ფუნქციონირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ორდენი დასავლეთ გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, ბელგიის ტერიტორიებზე მოქმედებდა. შემდგომში ორდენის ფილიალები აშშ-შიც აღმოცენდა. ცენტრი კვლავინდებურად ვენაში იმყოფებოდა. ორდენის სათავეში აბატი-ჰოჰმეისტერი იდგა, თუმცა, თავად ორდენი ძირითადად მონაზვნებისაგან შედგებოდა. 
         ვარშავის ბლოკის დამხობის შემდეგ, ტევტონთა ორდენმა თავისი საქმიანობა ჩეხეთშიც აღადგინა. მოგვიანებით, ორდენის ფილიალი სლოვენიაშიც აღმოცენდა. ტევტონთა ორდენი კვლავაც ძირითადად მონაზვნებისაგან შედგება. ისინი ემსახურებიან როგორც ორდენის კუთვნილებაში მყოფ საავადმყოფოებს, აგრეთვე კერძო პანსიონატებსაც. ტევტონთა ორდენის დღევანდელი საქმიანობა, ძირითადად, ქველმოქმედებითა და ავადმყოფების მკურნალობით იფარგლება. ცენტრი კვლავინდებურად ვენაშია. იქ არსებობს ორდენის ბიბლიოთეკა და ხაზინა. ბიბლიოთეკაში ტევტონი რაინდების ისტორიისადმი მიძღვნილი უამრავი უნიკალური მასალა ინახება. 
ნანახია: 2328 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: