მთავარი » 2012 » ივნისი » 5 » რა ხდება საქართველოს ეკლესიაში? ნაწილი I
1:31 PM
რა ხდება საქართველოს ეკლესიაში? ნაწილი I

      ქართლის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის მთავარეპისკოპოსო მეუფე ილარიონი ცხოვრობს (იხ.სურათი 1, 2, 3), რომელიც პატრიარქ დავით მეხუთის ნადერძის თანახმად, მისის სიკვდილის შემდეგ პატრიარქად უნდა აერჩიათ.

       იგი ამჟამად ქართლის ერთერთ სოფელში ფარღალალა ქოხში ცხოვრობს. ზის თავისი ქოხის წინ, თხელი მაისური, სპორტული შარვალი და ვალინკები აცვია.
        მუნჯი არ არისო, ამბობენ სოფლელები, მოწამვლის შემდეგ არ ლაპარაკობს, სულ დუმს, ან დაფაზე თითებით გამოჰყავს ასოები და ასე გაგებინებს სათქმელს. საოცარი თვალები აქვს, თითქოს ვარსკვლავები უზის გუგებში და რომ შემოგხედავ, სიკეთეს და სიყვარულს გასხივებს...

         1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.

        მეუფე ილარიონის ნახვა მის შემდეგ გადავწყვიტე, რაც საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიური საბჭოს წევრის წერილი გადმომცა:
     1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V (სურათი 4) გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა.
       პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.
      ასე იყო თუ ისე 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია მეორე პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ მეორის დროს. დავით მეხუთის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.
     მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს.1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები. კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია მეორის ნათესავი. _ ი.კ.)და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ~.
       ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მეუფე ილარიონ სამხარაძე სოფელში ცხოვრობდა. გზაზე მიმავალს სოფლელები მხვდებიან. როცა ვეკითხები, სად ცხოვრობს-მეთქი მეუფე ილარიონი, მიმასწავლიან და გზას განაგრძობენ. ეზო მავთულბადით არის შემოღობილი. ალაგ-ალაგ გარღვეული, რკინის ჭიშკარი მაგრად არის ჩაკეტილი და ეზოში ვერავინ შევა. კარებზე ვაკაკუნებ. ხმა არ ისმის. ღობესთან მივდივარ და იქვე, ხის უკარფანჯრო, შეშის დასაწყობი ფარდულის მსგავს ქოხმახში ფეხის წვერებზე დამდგარი ვიხედები.
_ მეუფე! _ ვეძახი. ხმას არავინ მცემს. მეც ვერავის ვხედავ.
_ აქ არის, ეგერა, _ მეუბნება მეზობლის ქალი და ეზოსკენ მანიშნებს.
მისი გამოჩენა მოჩვენებას ჰგავდა. ვერ დავინახე, საიდან გამოვიდა, სად იყო, როგორ აღმოჩნდა ხის კუნძთან, ხელში წყლიანი ბოთლით და პლასტიკატის ალაგ-ალაგ ჩამტვრეული თეთრი დაფით.
მომიახლოვდა. მე ღობის აქეთ, ის _ იქეთ. დაფა იქვე დადო. წყლიანი ბოთლი გადმოაპირქვავა, წყალი მუჭით სახეში შემომასხა და მაკურთხა. ასე გაიმეორა რამდენჯერმე.
ხელის მოძრაობით მკითხა _ რა გინდაო?!
_ დამლოცე მეუფე, _ ვუთხარი მე.
ღობის ძირას მიწაზე ჩამოჯდა. თეთრი თმით გადაპენტილი თავი ჩაღუნა…
ორივე ვდუმდით. მერე ამომხედა.
_ მეუფე, შემომიშვით ეზოში, _ ვთხოვ.
ის იღებს ხის დაფას და წერს:
_ ვ-ი-ნ  ხ-ა-რ?
?
ვეუბნები ჩემს სახელს.
_ მ-ო-გ-ზ-ა-ვ-ნ-ი-ლ-ი  ი-ქ-ნ-ე-ბ-ი.?
_ არ ვარ მოგზავნილი, თქვენი ნახვა მინდა, მაინტერესებს როგორ ხართ?
_ მ-ა-გ-რ-ა-დ  ვ-ა-რ.
_ მინდოდა გვესაუბრა ვეუბნები.
_ რაზე - წერს დაფაზე თითით.
_ ქვეყანაზე, ეკლესიაზე. ხომ ხედავთ, რა ამბები ხდება ეკლესიაში?
_ ა-რ  ა-რ-ი-ს  ჩ-ე-მ-ი  ს-ა-ქ-მ-ე.
_ უსამართლობები ხდება.
_ ა-რ  ა-რ-ი-ს  ჩ-ე-მ-ი  ს-ა-ქ-მ-ე - წერს ისევ თითით.
_ ხმას რატომ არ იღებთ?
პასუხს არ მცემს.
_ი-გ-ა-ლ-ო-ბ ე - მიწერს.
_ შემომიშვით, ეზოში და კი, ბატონო.
თავს აქნევს და იღიმება.
მივდივარ ღობესთან ახლოს და ღირს არსს~ ვღიღინებ.
ტაშს უკრავს. მერე ხელებს აღაპყრობს მაღლა. თვალები ცრემლებით ევსება. მეხვევა. შუაში ღობეა.
ის მლოცავს, თავზე მეამბორება და ცრემლჩამდგარი თვალებით ისევ ცისკენ აპყრობს მზერას.
ბილიკიდან კაცი მოდის.
მეუფე იღებს დაფას და წერს:
_ ე-ს  ჩ-ე-მ-ი  დ-ი-ა-კ-ვ-ა-ნ-ი-ა - თან იღიმის. მ-ა-გ-რ-ა-მ  ჯ-ე-რ  ა-ხ-ა-ლ-ბ-ე-დ-ა-ა…
გვეღიმება.
_ წავალ, მეუფე, მეტს აღარ შეგაწუხებთ, - ვეუბნები.
_ შ-ე-ნ-დ-ო-ბ-ა-ს  გ-თ-ხ-ო-ვ-თ.  მ-გ-ლ-ო-ვ-ი-ა-რ-ე  ვ-ა-რ  დ-ა  გ-ა-რ-დ-ა-მ-ე-ც-ვ-ა-ლ-ა.
უკან ვბრუნდები.
მეუფე ილარიონ სამხარაძე იქვე, სადაც ვლაპარაკობდით, მიწაზე ჯდება და კეთილი ღიმილით თვალს მაყოლებს…
    როგორც ამბობენ, რაც მეუფე ილარიონი მოწამლეს, კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობს 74 წლის მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ…
    თუმცა ის არ გახლავთ ეკლესიიდან დევნილი და მიტოვებული, გაურკვეველი მიზეზების გამო სააქაოში სასტიკსასჯელდადებული ერთადერთი უმაღლესი სამღვდელო პირი. სულიერებისგან და სარწმუნოებისაგან განძარცვულ ქართულ ეკლესიაში, სადაც, როგორც ამბობენ, ახლაც უშიშროების აგენტები და სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები წყვეტენ თუნდაც უბრალო მღვდლების ხელდასმის საკითხებს, დღეს და გუშინ არ დაწყებულა სულიერი კრიზისი.
      დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რითი, რა ვითარებაში, ვინ მოწამლა დავით მეხუთის ანდერძში პატრიარქად დასახელებული მთავარეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე და რატომ გააძევეს ის საერთოდ ეკლესიიდან. არაფერია ცნობილი პატრიარქობის კანდიდატი მიტროპოლიტის დავით ჭკადუას იდუმალებით მოცული გარდაცვალების თაობაზე, დღემდე ვერ დავადგინე, რას ერჩიან და ერჩოდნენ მამა ბასილ მკალავიშვილს, რომელიც პატიმრობაში ჰყავდათ 5 წელიწადი და როგორც ამბობენ, საპატიმროში ისიც ისეთი ნივთიერებით მოწამლეს, რომ ლამისაა დაბრმავდეს. იმიტომ ხომ არა, რომ მამა ბასილმა არაერთხელ ამხილა უღირსი ღვთისმსახურნი, ქრისტესმგმობელ იეღოველებს არაერთხელ ჩაჰკრა თავში ქრისტეს ჯვარი და არაერთხელ ააპეტელა თავიანთი ბატონის ენაზე?!
          მას შემდეგ, რაც პატრიარქი დავით მეხუთე დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ისიც მოწამლეს), ხოლო პატრიარქის ინტრონიზაციას სვეტიცხოველში მართლმადიდებლური კანონიზაციის საწინააღმდეგოდ, მწვალებლური ეკლესიის - სომხური გრიგორიანული ეკლესიის პატრიარქი სპეციალური მოწვევით საპატიო სტუმრად ესწრებოდა, ბევრ უმსგავსობას და სიბილწეს დაედო სათავე, ამას ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ ის უმაღლესი სამღვდელო პირები, რომლებიც დღეს მიცვალებულნი არიან. სხვათაშორის, ეს `მამხილებელი~ სამღვდელო პირებიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. ასე რომ, ჩვენ მიცვალებულთა `ლაპარაკს ~ ვუსმენთ ახლა, ცოცხალთაგან ზოგი დაამუნჯეს და ზოგმა თვითონ გადაწყვიტა მდუმარება, ერთი გასაგები მიზეზის გამო, არავის სურს მკვლელის სასტიკი ხელით მოუსწრაფონ სიცოცხლე ან შხამით მოწამლონ, დააბრმავონ და დაამუნჯონ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა…
   აი, რას წერდნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) (1929-1991. 20-იანი წლებიდან იდევნებოდა კომუნისტების მიერ და 2-ჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1975 წ. გადასახლებიდან დაბრუნებული დასახლდა სოხუმში, სადაც დაუახლოვდა ცხუმის ეპისკოპოს ილია შიოლაშვილს, რომელმაც აკურთხა იგი ბერად და აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში. ამის შემდეგ იყო ჯერ ქუთათელ-გაენათელი და ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსი და პატრაირქის არქიეპისკოპოსი (1978-1981 წლ), შემდეგ კი ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი. 1986 წ. გადააყენეს და პენსიაზე გაუშვეს) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) (მასზე ინფორმაცია მეორე ნაწილში) კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს:

საბოლოო წერილი:
          უპირველესად ის გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ წერილს ჩვენ მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ქართველს, რამდენადაც კი შევძლებთ მის გამრავლებას. თქვენს მოსაზრებას, რომ ეკლესიის საიდუმლოებანი არ უნდა გავიდეს ეკლესიის გარეთ ~, ჩვენ არ ვიზიარებთ. არ ვიზიარებთ იმიტომ, რომ გარდა ქრისტიანული დოგმატიზმით დაწესებული შვიდი საიდუმლოისა, ეკლესიაში სხვა საიდუმლო არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.
          რა 1978-79 წლებმა, ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტების ჩამოთვლას არ მოვყვებით. ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ეკლესია განსაცდელშია!
       ჩვენ თქვენთვის წარდგენილ წინა თხოვნაშიც ჩავწერეთ ეს სამსიტყვიანი საშინელება. მაგრამ თქვენ არც კი იკითხეთ, რა იყო ეს განსაცდელი. რატომ? რატომ არ მოგვთხოვეთ პასუხი ჩვენს მიერ გამოთქმულ ფორმულაზე? რატომ არაფერი არ იკითხეთ?
         იმიტომ, რომ თქვენ განუზომელ განდიდებას იყავით მიცემული და როდესაც სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდით, შეგეშინდათ, თვალებში შეგეხედათ მისთვის და მოგესმინათ ამ განსაცდელის შესახებ. განსაცდელი კი დღითიდღე მწვავდება, რადგან თქვენ, განდიდების მანიით შეპყრობილს გინდათ, ცრუმეტყველება გეხვიოთ გარს; გინდათ გესმოდეთ, რომ აყვავდა არნახულად საქართველოს ეკლესია, მაგრამ ჩვენ ვეღარ გამოვიჩინეთ ეს ცრუმეტყველება და თქვენი აშკარა მტრობა და სიძულვილი დავიმსახურეთ. რატომ? რა მოხდა? მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში და არათუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმა-მოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: თქვენო უწმინდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ~. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების `საქმიანობა~ კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი მეფობის~ ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი `შეყვარებული~ მამაკაცები და შეუდგა თავისი მოვალეობის~ შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ, `ზომების~ მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღეით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვენი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას, მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივანები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა. აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას, და ხმას არ ვიღებთ. ავწონ-დავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა. დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.
      იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა. მიხვეულ-მოხვეული, არაპირდაპირი. ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხის შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან; ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული, ვერიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს. გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულანტებთან კავშირსაც კი, ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე `მაიზერას~ დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა:
ვაი, რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?!
          თქვენ თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე შეუდექით ახალგაზრდა სამღვდელოების გამრავლებას და ეს ახალგაზრდა სამღვდელოება ხედავს, რომ თქვენ ხელს აფარებთ გარყვნილებას.
          ჩვენ არ გიზრახავთ, რომ სამეურნეო საკითხები არ გესმით; არ გქონიათ შემთხვევა ჩასწვდომოდით, თუ რა არის არისტოტელეს `ოიკოს~ და `ნომოს~ _ საამისო არც განათლება მიგიღიათ და არც პრაქტიკული ცხოვრება გაგივლიათ. უბედურება იმაშია, რომ გინდათ, ყველაფერი თქვენი ხელიდან და თქვენი თავიდან გამოდიოდეს. ამის გამო სულიერი თანაძმობიდან თქვენ ვერ იტანთ საქმის მცოდნე ადამიანებს. თქვენ გაღიზიანებთ აქტიურად მოსაქმე კაცი. თქვენ უფრო მშვიდად ეგუებით იმას, რომ უქნარა და მძინარა კაცი იჯდეს ადგილზე, ვიდრე გამჭრიახი, კარგი მცოდნე და უნარიანი მოღვაწე. ვიქტორ შიოლაშვილი, ცხადია, თქვენი ძმაა. მაგრამ ვინ არის იგი საქართველოს ეკლესიისთვის? სჭირდება თუ არა იგი საქართველოს ეკლესიას? პასუხი უდავოა: ის შვილია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მის მოღვაწეობას ეკლესია არ საჭიროებს. საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა თქვენ აგირჩიათ პატრიარქად. თქვენი ძმა კი არაფერში აურჩევიათ. დღემდე არ ვიცით, თუ რა თანამდებობაზეა იგი გაფორმებული საპატრიარქოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი უბოროტესად იყენებს თავისი ძმის მაღალ მდგომარეობას. მოურიდებლად ერევა საპატრიარქოს ყოველგვარ, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობაში, იგი იმდენად მოურიდებელია, რომ მღვდელმთავრების საქმეებშიც ერევა და ჭკუას ასწავლის მათ. როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი, საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მოსალმება და ლაპარაკი.
           როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში. ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინტერესება.
         ქართველი ხალხი _ როგორც სამღვდელონი, ისე საერონი _ აღშფოთებულია ამის გამო. აქედან დასკვნის გამოტანა ადვილია: თქვენი ოჯახის ყველა წევრი, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს. უნდა განთავისუფლებული იქნას ეკლესიაში მუშაობისაგან.
           საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ჰყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში.
      თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ. თავად უზენაესი ზედამხედველობის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსხვავებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს, ყველას ერთად, მორწმუნესა და არამორწმუნეს.
     თქვენი პატრიარქობის პირველ ორ წელიწადს იმედი გვქონდა თქვენი სიმართლის. თქვენს გარშემო მყოფი მონები ღვთისა აღტაცებულნი ნდობითა და სასოებით, თქვენს მორჩილებაში ვიყავით და ვასრულებდით თქვენს ყოველ ნებას. გამოიკვეთა ჩვენს წინაშე, ერის წინაშე თქვენი სახე, ოდნავ ღიმილს მიფარებული. თქვენი ღიმილი, თითქოს ტკბილი, სანდომიანი, ბევრ სიკეთეს რომ გვპირდებოდა, თურმე ფარავდა თქვენს იმ სახეს, რომელიც დრომ თანდათან გამოაჩინა. გამოიკვეთა ყველა თქვენი ნამდვილი ფიქრი და მისწრაფება, თქვენი რწმენა და ფილოსოფია _ რწმენის მშობელი. ერთს ქადაგებდით და თვითონ თქვენ სულ სხვა ყოფილხართ; ერთ სახეს გვიჩვენებდით და ვიხილეთ ორსახეობა. აორთქლდა ჩვენი იმედიც და აღტაცებაც და ხელში დაგვრჩა უკიდეგანო განდიდება. რომელსაც დაუპყრია თქვენი ღირსება, თქვენი საქმე, მოღვაწეობის ყველა კუნჭული, არ აკეთებდით არც ერთ ნაბიჯს, თუკი იგი არ ემსახურებოდა თქვენს პირად სახელს და განდიდებას. მიხვედით თუ არა საპატრიარქო დიდებულ ტახტთან. ზურგი უჩვენეთ ეკლესიის შინაურ საქმეებს და პირველ რიგში დააყენეთ ეკლესიებთან საგარეო ურთიერთობა. თქვენი გაგებით, შიგნით ყველაფერს დაიპყრობდით მონობის ხერხით. უამისოდაც მიღწეული გქონდათ უკვე საკუთარ ხალხში ამაღლება და განდიდება. ალბათ, ამიტომ შეაქციეთ ზურგი ყველაფერს, რაც კი შექმნიდა ეკლესიის შიდა მადლსა და კეთილდღეობას. არ კითხულობდით ეკლესიის შინაურ ამბებს გარდა იმისა, რომ მღვდლებს ამრავლებდით; არ დადიოდით ჩვენს ეპარქიებში და თუ წახვიდოდით, ისევ და ისევ მხოლოდ თქვენი განდიდებისათვის. მიგყავდათ თან მთელი დასი სამღვდელოებისა და მოსეირენი ორასი ან სამასი კაცი. მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის შინაგანი სამყარო თქვენ გჭირდებოდათ, როგორც ტრიბუნა საკუთარი განდიდებისა, საყრდენი პუნქტი ზენიტისკენ ასამაღლებლად. თქვენს მიერ დაწერილ სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლეებსაც კი იყენებდით ამავე მიზნით. ხომ ცნობილია, რომ პატრიარქობა ათჯერ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ექვსთაგან ერთის პრეზიდენტობა. ამასთანავე ყოველი პატრიარქი თავის სამწყსოს მართავს, როგორც პატრიარქი და არა როგორც პრეზიდენტი. რა კავშირშია ქართველი ხალხის სააღდგომო ეპისტოლესთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა? თქვენ პრეზიდენტი არ ყოფილხართ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის, თქვენ პატრიარქი ბრძანდებით ჩვენი, მაგრამ ხელს აწერდით ჩვენს ეპისტოლეებს, როგორც პატრიარქიც და პრეზიდენტიც, ისეთი მადა გაგეხსნათ განდიდებისა, რომ ვეღარ გაპურებდათ პატრიარქის სუფრის სიუხვე და პრეზიდენტის `ღარიბ ~ სუფრას იშველიებდით…
       ყოველივე ამას აკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ გაგეტანათ თქვენი სახელი მთებს იქით, ზღვებს იქით და უფრო შორს~. თავის მოწონება და სახელზე ფიქრი ცოტად თუ ბევრად ყველა ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, როდესაც კაცი ჯერ განდიდებაზე ფიქრობს და შემდეგ კი საქმეს ეძებს განდიდების მოსაპოვებლად, ის ვერც საქმეს გააკეთებს და ვერც დიდებას მიაღწევს.
          რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის კეთილდღეობისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა სიაში ჩვენი ეკლესიის ადგილის შეცვლას? ამით მხოლოდ თქვენი სიამაყე დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სათქმელი გექნებოდათ: `ნახეთ, მე რა გავაკეთე, როგორი დაჩაგრული იყო ჩვენი ეკლესია და ჩემმა სიბრძნემ ამოიყვანა ჯურღმულიდან~. რაში გჭირდება, ოცნებებს აყოლილნი ღობე-ყორეს მოვედოთ და ვერ დავინახოთ, როგორ სტირიან ნიკორწმიდის გასაოცარი ჩუქურთმები, როგორ იშლება იტრიის მშვენიერი ტაძრის კედლები წვიმისა და თოვლისაგან. ჩვენ არა გვაქვს საეკლესიო სამართალი, საეკლესიო დებულება. ის დებულება, რომელიც გვაქვს, სრულიად უგვანო და უვარგისი იყო იმ დღისთვისაც კი, როდესაც იგი შეადგინეს: არ არის დაკომპლექტებული და მოწესრიგებული საპატრიარქოს აპარატი; ანგარიში არა აქვს თქვენს მიერ აყვანილ რეფერენტებს, რომელთა უმრავლესობა არაფრიდან არა რას აკეთებს და ღებულობს ხალხის შემოწირულობიდან თავის `გასამრჯელოს~. საქართველოს საპატრიარქო ეპარქიებსა და მათში არსებულ ეკლესიებს კი არ ემსახურება, არამედ აწარმოებს საგარეო მიწერ-მოწერას და ემსახურება ისევ საპატრიარქოს, ე.ი.საკუთარ თავს. საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო~ _ უთქვამს გაჭირვებულ კაცს. ასეა ჩვენი საქმეც: საითკენაც არ უნდა მივბრუნდეთ, ყველგან მოთქვამს ობლობა და უპატრონობა, უმოქმედობა და უთავბოლობა, სიცრუე და მლიქვნელობა… ასეთი მდგომარეობის ფონზე კიდევ პრეტენზიით აცხადებთ: `არიქა, არ გაბედოთ და ხმა არ ამოიღოთ, თორემ ამ ამბების გამხელით შერცხვება საქართველოს ეკლესია. რომელ სირცხვილზეა ლაპარაკი, როდესაც განსაცდელშია საქართველოს ეკლესია. მამათმავლები შესევიან მის სიწმიდეს, მტვერსა და ჭუჭყში სრულდება ბევრგან უწმიდესი წირვა და ლოცვა, მანკიერების სატანა სუნთქავს აზრსა და მოქმედებაში, რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს იმაზეც მეტი სირცხვილი და შეუკავებელი სიამაყე, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მისი სინოდის თორმეტი წევრი (რა თქმა უნდა, მამათმავლებიც მათ რიცხვში) გამოხატეს დიდუბის ტაძრის კედელზე? არ დაჯერდა დიდი მადა ამ არაგაგონილ ამბავს, აიღეთ და თქვენი თავი დაახატინეთ ტაძრის მეორე კედელზე, თამარ დედოფლის გვერდით, რა ჰქენით? ხალხს რა შეჰკადრეთ, სად მოიკრიბეთ ასეთი გამბედაობა თუ კადნიერება, რომ წმინდანთა შორის დაიმკვიდრეთ თქვენი სავანე? როგორ ინებეთ, რომ ტაძარში სალოცავად შესულ ქართველებს თამარ დედოფლის გვერდით თქვენი სახისთვის ეყურებინა? ღმერთო ძლიერო! რა ვუწოდოთ ამ მოქმედებას? ესაა საოცრება და საშინელება ერთად შერწყმული. ეს სიმდაბლეც არის და კადნიერებაც. მშიერი კაცის თავგანწირვაც და გაუმაძღრობაც არნახული, არ გაგონილი. რამ მიგიყვანათ და ვინ მიგიყვანათ ასეთ უძირო ზღვა ცდუნებამდე, რომ ეს გააკეთეთ პატრიარქმა ჩვენი ქვეყნისა? მაგრამ ვაი, რომ არც ეს იკმარეთ, ადამის ძეო! სიონის ახალ მონაშენზეც გამოიკვეთა თქვენი სახე და მინაწერი `ვახტანგ გორგასალი~. რას არ იფიქრებს სულ ბევრის და ბევრის მსურველი კაცი?! სახე ნაცნობი _ ღმერთმა აცოცხლოს _ ჩვენი ცოცხალი პატრიარქისა, სახელი კი დიდად განთქმული ვახტანგ მეფისა! აი, ეს არის დაბადება ჯერ არნახული _ იყო მეფეც და პატრიარქიც ერთი ქვეყნისა; იყო მამა ზეციერიც და მიწიერიც მთელი ერისა. აი, ეს გახლავთ ორსახეობა რაინდისა~. რაღაც სამაგალითო და საჩვენებელი ახალგაზდა სამღვდელოთათვის. ესაა სასწაული ამაოების ცდუნების.
   მეტ წერილს, ჩვენ თქვენ აღარ მოგწერთ, რაც მოგწერეთ და ვითხოვეთ დღევანდელ დღემდე, სამართლიანია ცათამდე და ამისათვის უნდა აღსრულდეს ღვთის მოწყალებით გულისთქმა ერის.
 შიო (ავალიშვილი) ბათუმ შემოქმედის მიტროპოლიტი. ამბროსი (ქათამაძე)-ნიკორწმონდის მიტროპოლიტი. 30 ივნისი 1983 წ. ქ. თბილისი.

         … ჩვენ რექტორს, ეპისკოპოს ზოსიმეს (სურათი 5) (ამჟამად წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი) თავიდანვე შევატყვე ჩემდამი თბილი დამოკიდებულება. ამის შემდეგ დაგვიბარა მე და თ.ნ. (თემურ ნიქაბაძე-ი.კ.) და გამოგვკითხა სამხედროს ამბავი, ვინაიდან არც მე და არც თ.ნ.-ს არ გვქონდა სამხედრო სავალდებულო რიგები გამოვლილი. ეპისკოპოსის ჩემდამი ასე თბილი დამოკიდებულება მახარებდა და დიდი სიყვარული ჩავინერგე მისი ჩემს გულში. გავიდა სულ რამოდენიმე დღე და მოვიდა ჩვენს აუდიტორიაში აკადემიის სტუდენტი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი (როგორც მერე გაირკვა, ეს იყო სემინარიაგამოვლილი და აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი მიხეილ ბოტკოველი, იგი იყო მუდმივი სტიქაროსანი ეპისკოპოსი ზოსიმესი) (დღეს მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც, როგორც ამბობენ, გარკვეული დროის განმავლობაში მეუფე ზოსიმეს პირადი მძღოლი იყო _ ი.კ.) და გვკითხა… შენ ხარო ჯარში წასასვლელი? ვუპასუხე, დიახ-მეთქი და გამიკვირდა, ამან საიდანღა იცის-მეთქი. შემდეგ მეკითხება: მე არ მიცნობ? არა-მეთქი და მეუბნება: მე ვარ მეუფე ზოსიმეს რეფერანტი (მიხეილ ბოტკოველი _ ი.კ.) 4 წელია. რა იმედები გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? მე ვუთხარი, არავითარი-მეთქი, მორჩილება თუ შეგიძლია? ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ-თქო. და როცა ვკითხე, გავერკვიე, რაში იყო საქმე, ასე მითხრა: ნუ ჩქარობ, ყველაფერს მერე მიხვდებიო. შემდეგ ნახა თეიმურაზი და იგივე კითხვა დაუსვა. რა იმედი გაქვსო ჯარიდან დარჩენისო?~ და როცა თ.ნ.მ უპასუხა: მე მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვსო, დაიბნა და ესღა უპასუხა: ღმერთის კი, მაგრამ, მარტო ღმერთის იმედი ხომ არ გექნებაო. 
რის შემდეგაც თეიმურაზმა თავი აარიდა. 
     რექტორში თბილ დამოკიდებულებას ვპოულობდი, მაგრამ შინაგანად მაინც მრისხანე მეჩვენებოდა, რაც სტუდენტების მეტანიების გაკეთებით დაადასტურა. მან 40 მეტანია გააკეთებინა სტუდენტებს კაბინეტში, რამაც ძალიან აღმაშფოთა. უფრო ადრე, ლექციების შემდეგ დაგვიბარა რექტორმა მე და თ.ნ.-ს და გვითხრა: ხვალ კვირაა და სვეტიცხოველში მოდით წირვაზეო სტიქაროსნებადო. თქვენს მეტი არ მინდა არავინო. მეორე დილით 8 საათზე ვიყავი სვეტიცხოველში. სანამ ეპისკოპოსი ზოსიმე ჩამოვიდოდა, ჩვენ, მე და თ.ნ.-ს დაგვირიგეს სტიქრები და ველოდებოდით ზოსიმეს. მისი მძღოლი კი, რომელიც დიაკვანი იყო, ეცვა დიაკვნის სამოსელი და საკურთხეველში მასხრად იგდებდა მღვდლებს. ზოგიერთს, ვითომცდა ხუმრობით, ხელითაც ეხებოდა. ჩამოვიდა ეპისკოპოსი ზოსიმე და მღვდლები შეხვდნენ მას, როგორც წესია. წირვის დროს, როცა ზოსიმე იდგა წმინდა ტრაპეზთან დიაკვანი იგივე ხულიგნობას ჩადიოდა მღვდლების მიმართ და ეპისკოპოსის წინ.
მე მიკვირდა ეპისკოპოსის, რომელიც სტუდენტებთან ასე მრისხანე იყო და აქ კი, საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზთან, ასეთი მიმტევებელი, რომ შენიშვნაც კი არ მიუცია. დიაკვანი კი განაგრძნობდა მაიმუნურ მანჭვას, თვით ეპისკოპოსსაც კი ეჯღანებოდა~, რითაც დანარჩენ სტიქაროსნებს აიძულებდა, ეცინათ…
        გავიდა ცოტა ხანი ერთხელ, როცა სვეტიცხოველში წირვა დამთავრდა, დაითხოვა ეპისკოპოსმა ზოსიმემ ყველა სტიქაროსნები ჩემ გარდა. მე ვიჯექი და შინაგანაც რაღაცას ველოდი, ვიჯექი და გაოგნებული ტელევიზორს ვუყურებდი. ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა. შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: შენც მარგალიტი ხარ~. შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი, მოგეფერო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: `რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, გიშრის თმა გაქვს~ და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერისთვის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა.
ერთხელ, როცა ვთხოვე, სახლში გავეშვი (თავის დაღწევის მიზნით), გამანთავისუფლა _ ორი დღე ვთხოვე და ორიც მე დავამატე. როცა ჩამოვედი, გაბრაზებული დამხვდა. დამიბარა და მეუბნება, `ამდენი ხანი ავად იყავიო~. მეც ვუთხარი, სადაც ვიყავი და მაშინ მითხრა: `შვილო, ძველებს უთქვამთ, თუ რამეს ჯიბეში არ იგულებ, მანამდე არ იფიქრო, რომ ის შენია~. მე მივხვდი, რა ჯიბეზეც და რა რამეზეც იყო აქ საუბარი, სულ რამოდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და მეუბნება: შენ წაყევი მიხეილს (ბოტკოველი-ი.კ.) ბენზინზე, დაგტოვებს და მანქანა წამოიყვანეო. (ჩემი მართვის მოწმობის არსებობა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როცა მაისამდე დატოვება შემომთავაზა). მეც გავყევი მიხეილს, მიხეილმა რიგში ჩააყენა მანქანა და წავიდა. მე იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი მანქანასთან დაახლოებით ჩემი უფრო დაახლოება უნდოდა. ზოსიმემ შეადგინა თხოვნა პატრიარქის სახელზე, რათა აღეძრა რესპუბლიკის კომისარიატში შუამდგომლობა და მითხრა. `აი, ასე გადაწერე, შვილო, ლამაზად და სუფთად~. მეც დავწერე და მითხრა:
    ადექი და ეს თხოვნა შენ შეუტანეო, შემოგხედავს, დაგაკვირდებაო~.
         მერე გადაიფიქრა, უმჯობესია, მე შევუტანოო, დამითხოვა ისევ ალერსითა და ამბორით. როცა ეს თხოვნა შეუტანა რექტორმა პატრიარქს, მითხრა, ლექციების შემდეგ (შეტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ) შედი პატრიარქთან და პასუხი გაიგეო და მე აქ დაგელოდებიო. აუცილებლად ამოდი კაბინეტში და პასუხი გამაგებინეო. ჩემი პატრიარქთან ლოდინის დროს (საკმაოდ დიდი დრო გავიდა) ეპისკოპოსი ზოსიმე წავიდა მცხეთაში. ამასობაში ჩამოვიდა პატრიარქის რეფერანტი შორენა (გვარი არ ვიცი) და მითხრა _ რომ მიმემართა ამ საკითხზე მამა იოაკიმესათვის. არ ვიცოდი მამა იოაკიმეს მისამართი (არც საპატრიარქოში იცოდნენ ზუსტი მისამართი) და ჩავედი მცხთაში, ზოსიმესთან, მისამართის გასაგებად. მივედი თუ არა სვეტიცხოველში, მაშინვე აღგზნებული პირუტყვივით მითხრა _ აქეთ შემოდიო და კაბინეტში შევედით. შინაგანად რაღაცას ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, თუ კიდევ ისეთი რამ გაიმეორა-მეთქი, აუცილებლად რაღაცას დავუსახიჩრებდი. ამის საშუალება მქონდა, გარშემო დაწყობილ შანდლებს რომ შევხედე, მაგრამ მაშინვე ისიც ვიფიქრე, ამ ბილწს მარტო ეკლესიისადმი მორჩილება არ ექნებოდა და აუცილებლად დამიჭერდა. მე დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა. დამიწყო ხვევნა-კოცნა (ეპისკოპოსი კაბით იყო)… ეს უკვე მეტისმეტი იყო და წამოვაგდე ფეხზე, მხოლოდ მაშინ მოეგო გონზე ავადმყოფი და ცდილობდა, მღელვარებისაგან არეული სახე დამშვიდებოდა. წამოვედი გაბრაზებული და ვფიქრობდი, ამნაირი არც ჯარიდან დატოვება მინდა და არც სწავლა-მეთქი. რა ვიცოდი, თუ აქ ასეთი სიბინძურე სუფევდა. ავიცრუე გული სწავლაზე და მცხეთიდან სულ ლანძღვა- გინებით ჩამოვედი თბილისში. ეს ამბავი გამხილდა თუ არა, მაშინვე კომისარიატმა გამომიძახა…
       თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი კ. რ. მცხოვრები. ქალაქ ზ-ში ცხაკაიას ქ. #X~ (ტექსტიდან ამოღებულია სხვა საზარელი დეტალები).
        აი, რას წერს ოთარ ფერაძეს, თეიმურაზ ნიქაბაძეს, მალხაზ სხილაძეს და კილაძეს (სემინარიის ყოფილ სტუდენტებს) ამ ამბის გახმაურების შემდეგ მარგველი ეპისკოპოსი ქრისტეფორე 1988 წლის 21 დეკემბერს:
   `მე მინდა, რომ ეს წერილი არ იყოს ოფიციალური, არამედ უფრო მინდა რჩევა-დარიგებითი იყოს. თქვენ იცით, რომ საქართველოს სასულიერო აკადემია რამოდენიმე ასეული წელიწადია არ ჰქონდა და დღეს ერთი წელიც არ გასულა მისი გახსნიდან. მისმა გახსნამ ერის შეგრძნებაში ფრიად ამაღლებული ძალა და შემართება შეიტანა. ყველა ქართველს გათვითცნობიერებულს თუ გაუთვითცნობიერებელს, სასულიერო აკადემია და სემინარია იმედად ესახება ქართული სულის, ქართული ზნეობის ასაღორძინებლად და რაოდენ სამწუხარო იქნება ქართველი ერისთვის იმის გაგება, რომ სემინარიაში და აკადემიაში სწარმოებს ახალგაზრდა სტუდენტთა გახრწნა. ამიტომ, მე გთხოვთ, არ გაახმაუროთ მომხდარი ამბავი, გირჩევთ, განაგრძოთ სწავლა და საიდუმლოდ ნახოთ კათოლიკოს პატრიარქი და სემინარიის რექტორი, რათა თვითონ გადაწყვიტონ ეს საქმე. თქვენ კი ეცადეთ, შეიძინოთ ცოდნა და მეტი სიწმინდე, რათა თქვენ გახდეთ მაგალითი ცოდნისა და სიწმინდისა ყოველთა ქართველთათვის და ახალგაზრდობისთვის, რომლებიც თქვენს სიახლოვეს იქნებიან.
გთხოვთ იყოთ მოთმინებით და ეცადეთ, ყველაფერში ზრდილობიანად სიწმინდით მოიქცეთ.
თქვენი ქრისტეფორე, ეპისკოპოსი მარგვეთისა. ქ.ზესტაფონი, ქრისტეშობის სამლოცველო სახლი.

21 ნოემბერი 1988 წელი.

      1983 წლის 11 ოქტომბერს, სინოდის სხდომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენს წინაშე ყველა საკითხში ცათამდე მართალი ვიყავი, მაინც თავი მოვიხარე და პატიება გთხოვეთ იმ გულისტკივილის გამო, რომელიც ჩვენგან აღძრულმა საქმეებმა მოგაყენათ. თქვენც მაშინ კმაყოფილებით მიიღეთ ჩვენი თავმდაბლობა და იმედი მოგვეცა, რომ ტვირთი მოგვეხსნებოდა, რომ თქვენ დაიწყებდით "საბოლოო წერილით” დასმული საკითხების მოგვარებას.
       ხსენებული წერილის სრული სიმართლე ყველა მოვლენამ და ანალიზმა დაადასტურა. ყოველი აზრი, ყოველი დასკვნა და ყოველი სიტყვა მართალი იყო ღვთის და ერის წინაშე. წერილის შინაარსი ცნობილია სამღვდელოებისა და ფართო საზოგადოებისათვის. იგი იმდენად ჭეშმარიტი ამბებისაგან იყო შედგენილი, რომ უყოყმანოდ მიიღო ყველამ. ყველა მოელოდა, რომ თქვენ, როგორც გონიერი ადამიანი და სრულიად საქართველის კათალიკოს-პატრიარქი გამოასწორებდით უმთავრესს მაინც და შეცვლიდით გეზსა და მეთოდს. მაგრამ მოვტყუვდით ყველა, არ გაამართლეთ მოლოდინი, არ მოაგვარეთ "საბოლოო წერილში” დასმული საკითხები. თქვენმა შემდგომმა საქმიანობამ უფრო გააფართოვა, გააღრმავა და გაართულა საქართველოს ეკლესიაში არსებული კრიზისი. თქვენ, თქვენთვის დამახასიათებელი საქმიანობით უფრო მეტად დაუპირისპირდით ქართველ ხალხს და ეკლესიის ჭეშმარიტ კეთილდღეობას. გასაოცარია, რომ ჩვენს ეკლესიაში მომხდარი დიდი და სამწუხარო ამბებიდან თქვენ ვერ გამოიტანეთ (ან არ გამოიტანეთ) სათანადო დასკვნები. უფრო მეტად გაამაყდით, გახდით განუსჯელი, განუკითხავი, მიუკარებელი და ყოვლად უსამართლო. გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა და იქედან ჩამოსული სტუმრების მიღებისა თქვენ სხვას არაფერს კითხულობდით და არც გეხერხებათ მეტი არაფერი. ამის გამო საქართველოს ეკლესიაში გამეფებულია უპატრონობა, უპასუხისმგებლობა, უთავბოლობა, სიბილწე, გარყვნილება, სიხარბე, ეკლესიის სახსრების დანაშაულებრივი ხარჯვა და სხვა მრავალი. 54 მოქმედი ეკლესია გაგვაჩნია და მათი უმეტესობა ჩაფლულია ჭუჭყსა და მტვერში. თქვენ ისე უყურებთ ყოველივე ამას, თითქოს არ გეხებათ, ან თქვენს ღირსებაზე დაბლა მიგაჩნიათ ზრუნვა ამ საკითხების მოგვარებისათვის.

   ხშირად ხდება, რომ თქვენ თავად არღვევთ საეკლესიო თუ სახელმწიფო დებულების რომელიმე მუხლს და როდესაც ცხოვრების ულმობელობა ამ დარღვევას სააშკარაოზე გამოიტანს, ცდილობთ, სხვას მოახვიოთ თავზე იგი და ამისათვის მიმართავთ ისეთ მეთოდს, რომელიც არაფრით არ შეეფერება კათალიკოს-პატრიარქის ღირსებას. თვით საპატრიარქო აპარატში გამეფებულია ისეთი ქაოსი, რომ ერთმანეთს ვეღარავინ ცნობს და "უპორტფელო პატრიარქი”, თქვენი ძმა ვიქტორ შიოლაშვილი ისე განაგებს ყველაფერს, როგორც თქვენ გაგეხარდებათ. ალბათ სწორედ ამიტომ არ გინდათ შეელიოთ თქვენს ძმას, მიუხედავად იმისა, რომ მისით აღშფოთებულია მთელი სამღვდელოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლოს დგას საქართველოს ეკლესიასთან. ვიქტორ შიოლაშვილისა და თქვენი საგვარეულოს სხვა წარმომადგენლების ეკლესიიდან მოშორების აუცილებლობა ჩვენ სათანადო დამაჯერებლობით დავასაბუთეთ "საბოლოო წერილში”. მაგრამ თქვენ, შექმენით რა შთაბეჭდილება, რომ იწყებთ შენიშვნების გამოსწორებას, მალე დადექით თქვენს ძველ ზენიტზე და თქვენი ცნობილი ღიმილით შენიღბული მრისხანება მოაფინეთ "მონებს თქვენსას”. ერთი უბედურებაა ის, რომ სიბილწე დამკვიდრდა საქართველოს ეკლესიაში. მაგრამ უფრო დიდი უბედურებაა, რომ თქვენ არ ეწინააღმდეგებით ამ სიბილწეს. პირიქით, მფარველობთ მას, რის გამოც ჩვენი საეკლესიო ცხოვრების სინამდვილეში კანონად იქცა ერთ დღეს ბერად აღკვეცა და სქემის მიღება, ხოლო მეორე დღეს დაქორწინება ოფიციალურად თუ ინკოგნიტოდ. ძალის გამოყენება მსოფლიო პოლიტიკაში უარყვეს და დაგმეს, თქვენ კი ეკლესიაში დაამკვიდრეთ იგი და დაიმონეთ ამ გზით მთელი სამღვდელოება. ისევ და ისევ თქვენი საგვარეულოს ფეხქვეშ არის გაგებული ჩვენი სახელოვანი წარსულის მქონე ეკლესია, ხოლო ამ ეკლესიის წმიდა სინოდი, მისი წევრების სამარცხვინოდ, თქვენი უსამართლო სურვილების აღმსრულებელ ტაკიმასხარად გადააქციეთ. ბოროტად იყენებთ რა იმ კანონს, რომ სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, თქვენ არ ერიდებით არავითარ ძალადობას იმ უსამართლობის გასატარებლად, რომლითაც გინდათ შეინარჩუნოთ თქვენი შეუზღუდავი ბატონობა საქართველოს ეკლესიაში.

       არავითარი სურვილი არა მაქვს, რომ გადავტვირთო ეს წერილი, მაგრამ არც ის შემიძლია, უმთავრესი მაინც არ ვთქვა. ისე გავლიე სამოცდათხუთმეტი წელი, რომ მსგავსი რამე არც მსმენია, არც შემხვედრია. მე არ მინახავს ჯერ კაცი, რომელსაც ისე შეეძლოს შენიღბვა და ფერისცვალება, როგორც ეს თქვენ შეგიძლიათ, ბატონო ჩემო. ასეთი წმიდა, დიდი და სანუკვარი მოვალეობის შესრულების დროს ვინც გაგიცრუებს სასოების ჩანაფიქრს, მოინდომებს სიბილწისა და ანგარების ზღვაში ჩაძიროს მისწრაფებათა ელვარება, სიკეთისა და სიყვარულის სათნო სისავსე _ ასეთ ვინმესთან არ შეიძლება სხვა ენაზე ლაპარაკი, თუ არა ის ენა, რომლითაც მე გესაუბრებით. არა, შემცოდავ ადამის შვილო თუ ნაშიერო, კი არ ვსაუბრობ, გულის სისხლში ვავლებ ამ სიტყვებს და ქაღალდზე ვალაგებ მათ მთრთოლვარე ხელით, რომ ეს სიტყვები სიმართლის მტერსაც მოხვდეს გულზე და განუსჯელსაც; რომ ამ სიტყვებმა სულის უხილავი კინესკოპიდან დაგანახოთ თქვენც და სხვებსაც ჭეშმარიტება, რომლისთვისაც თქვენ მე მაწამეთ.

         ამ ხნის კაცი ბავშვური მიამიტობით ვფიქრობდი, რომ დაცხრებოდა გოროზი გული უკუღმართობისა და ყველანი საქმეს მოვკიდებდით ხელს, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს ეკლესიაში მუდამ. მაგრამ არ გამართლდა ვარაუდი, არ დაწყნარდა დიდი ზვირთების მშობელი ზღვა, არ დაოკდა შურისძიების ქარიშხალი და მოურიდებლად დადგა ყალყზე ბოროტების შავი ურჩხული. ასეა ზუსტად. ჭეშმარიტად ასეა საქმე. ისე მოაწყო თქვენმა "გენიამ”, რომ ბოროტება ებრძვის სიკეთეს. იქ, სადაც უნდა იყოს გონიერებასთან შერწყმული სისპეტაკე და სათნოება, ამხედრებულა უტიფრობა და თავხედობა. უსირცხვილოდ დგანან სულიერი დაცემის გზაზე. ბნელს დაუფარავს საქართველოს ეკლესიის ტრადიციები, მსოფლიო საეკლესიო კრებათა განსჯა და სჯულის კანონნი. ასე აშკარად დაუპირისპირდა ერთმანეთს საქართველოს ეკლესიაში სიკეთე და ბოროტება. ყველა უკუღმართობა, რომელთა შესახებაც მოთხრობილია "საბოლოო წერილში”, არა თუ შეწყდა, არამედ გაღრმავდა, გამწვავდა და გაუარესდა. ყველანი, სამღვდელონი თუ საერონი გაოგნებულნი უყურებენ ხვალინდელ დღეს და არ იციან, რას მოიტანს იგი. სამღვდელოთა ერთი ნაწილი, რომელნიც მხოლოდ ანგარებით არიან შეპყრობილნი, დაჰკანკალებენ თავიანთ თბილ ადგილებს, მლიქვნელობენ და ყოველგვარი გზით ცდილობენ შეინარჩუნონ ის საბუდრები, რომლებშიც ისინი შემთხვევამ ჩასვა. მეორე ნაწილი სამღვდელოებისა, რომელთაც გააჩნიათ პატიოსნება და პასუხისმგებლობის გრძნობა, დაძაბულნი უყურებენ ეკლესიაში გამეფებულ უთავბოლობას და წყურიათ, რომ დამყარდეს სიწმიდე, სათნოება და წესიერება. მესამე ნაწილი სამღვდელოებისა გულისტკივილით შეჰყურებს მიმდინარე მოვლენებს და ეშინია, რომ არ იზეიმოს ბოროტებამ, უკუღმართობამ არ დათრგუნოს საქმის სიკეთე, მშვიდობა და წესიერება.

        ქართველ ხალხს კი, მორწმუნეთ და არამორწმუნეთ, მათ, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც ახარებს ჩვენი სიკეთე და შეულახავი სახელი ჩვენი, სწყურია, საქართველოს ეკლესიაში მუდამ სუფევდეს სიწმიდე და პატიოსნება, რომ ისმოდეს ჩვენს დიდ ტაძრებში საგალობლები სიყვარულის, შრომის, სიმართლის, გულწრფელობის, მონანიების, პატიების, ერთგულების და მშვიდობისა.
მაგრამ ვაი, რომ ნაცვლად ამისა ეკლესია გახდა პირადი განდიდებისა და პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნვის წყარო. ამის და სხვა მრავალ მიზეზთა გამო დიდი და მცირე მოღვაწენი ეკლესიისა ხალხის თვალში დავკნინდით და გავღატაკდით. და ვინაიდან ამის მიზეზი თქვენ ბრძანდებით მხოლოდ და მხოლოდ და თუ დიდი საქმე და მომავალი მსხვერპლს მოითხოვს, სამართლიანი უნდა იყოს მსხვერპლის შეწირვა. და სად ვნახოთ სამართალი ღვთისგან ნაკურთხი იმაზე მეტი, რომ თქვენმა დიდებამ უნდა დატოვოს ტახტი იგი, რომელიც თქვენ არასოდეს გეკუთვნოდათ. არასოდეს არ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ საკუთარი თავისა და დიდების გარდა თქვენი ცხოვრების ჰორიზონტზე არსად ეწერა სხვა ფიქრი და სხვა მისწრაფება. არ გეკუთვნოდათ იმიტომ, რომ შენიღბული იდექით მუდამ თქვენი მშობელი ერისა და ჩვენი ისტორიის წინაშე; რომ ქრისტიანული სიკეთის მსახური, ბიწიერებას მფარველობდით და მფარველობთ დღესაც. ხალხს არად აგდებთ, იმ ხალხს, რომელმაც გშვათ, აღგზარდათ და აღგამაღლათ დიდებისა და პატივის მწვერვალამდე. ფაქტიურად თქვენ უატყავით მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებანი და სჯულისკანონნი; მკითხავები და მწვალებლები შემოიყვანეთ ჩვენს სანუკვარ ეკლესიაში. ისეთ სიკეთეს, როგორიც არის აღზევება და დაჯილდოება, იყენებთ მხოლოდ ქვეშევრდომთა დასამონებლად; მორწმუნეთა შემოწირულ მადლსა და დოვლათს ისე დაუნანებლად ფლანგავთ, როგორც ნილსონ როკფელერმა დახარჯა თავის ჰაიჰარად მონაგარიდან ხუთი მილიონი დოლარი, რათა დაუფლებოდა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის რბილ სავარძელს. პატრიარქის სახელს შეურასხყოფს ის, რასაც თქვენ აკეთებთ შვიდი წლის მანძილზე ჩვენს ეკლესიში.
         ჩამოსათვლელი ბევრზე ბევრია, მაგრამ მე ამჟამად აქ წერტილს დავსვამ. ვიცი, თქვენ და თქვენი "წმიდა” მამები წამოიწყებთ ჩემი დევნის მესამე რაუნდს. მაგრამ მადლობა უფალს, რომელმაც მოგვმადლა სიმხნევე და მოთმინება ყველა დევნისა და უსამართლობის გადასატანად. მე მინახავს დევნა უსამართლო და განუკითხავი ადამიანებისაგან, მაგრამ მინახავს მუდამ სიმართლის და მართლმსაჯულების დიდი ზეიმიც. და იზეიმებს ჭეშმარიტი ზეიმით საქართველოს წმიდა ეკლესია. არ დაუშვებს ქართველი ერი, რომ დიდხანს ბობოქრობდეს მის წიაღში ანგარება, უთავბოლობა, სიბილწე…და…კადნიერება.

თქვენ უნდა გადადგეთ. შიო (ავალიშვილი) ბათუმ შემოქმედის მიტროპოლიტი 16 ივლისი 1884 წელი.

გაგრძელებანი იხილეთ ამავე საიტზე.

ავტორი ირანდა კალანდაძე.


ნანახია: 3426 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Semaltera  
0
It is also important to remember that blood levels of both free and total testosterone vary widely among individuals, making it difficult to establish a general baseline on which to prescribe a standardized treatment protocol <a href=http://bcialis.mom>generic cialis</a> Hop Wechsler

სახელი *:
Email *:
კოდი *: