1:40 PM მართლმადიდებელთა კალენდრის უტყუარობის შესახებ | |
1925 წ. 14 სექტემბერს (ტრადიციული საეკლესიო კალენდრის მიხედვით) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ჭეშმარიტად მართლმადიდებელმაქრისტიანებმა სულიერი ძალა მიიღეს ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადებით წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის თავზე. ეს ეკლესია მდებარეობს ათენის შემოგარენში ჰიმეტოსის მთაზე. ამ გამოცხადების მოწმეა 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ის პოლიციელები, რომლებიც გაგზავნეს ღამისთევის ლოცვის ჩასაშლელად და მღვდლის დასაპატიმრებლად. სასწაულებრივმა გამოცხადებამ აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა იქ მყოფზე და მორწმუნეებმა (მათ შორის ახლადმოქცეულმა პოლიციელებმაც) უჩვეულო სულიერი აღმაფრენით გააგრძელეს ღვთისმსახურება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის ცენტრშიც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედმიწა. აქ იგულისხმება გეოცენტრიზმი არა ფიზიკური სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა კალენდრები, რომელთა რიტმშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე კოსმოსი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ სფეროს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს, ეკვატორს, ციურ მერიდიანებს და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უკიდეგანობას. ბიბლიაში მოთვსებულ იობის წიგნში ღმერთი მიმართავს წმიდა იობს: „როდესაც მე შევქმენი დედამიწა … ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა" (იობი 38, 5). ყველამ კარგად ვიცით, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და მას გააჩნია გარკვეული ზომა და წონა. დედამიწის წონა იმაზე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, იგი მზის გარშემო ტრიალის დროს ძალიან დაშორდებოდა მას. მისი წონა არსებულზე მეტი რომ ყოფილიყო, ბრუნვისას მიუახლოვდებოდა მზეს. ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა შექმნა ბუნებაში არსებული სინათლეც და დროც. უსასრულობაში, მარადისობაში, სიყვარულში ანუ ღვთიურ განზომილებაში დრო არ მოქმედებს და არც არსებობს. იგი მხოლოდ წუთისოფლის, მიწიერი სამყაროს საზომადაა დადგენილი და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგებას ემსახურება. ეკლესიაში დროის განწმენდა ხდება. ღვთისმსახურების პროცესში დრო წმიდა სიმბოლოებისა და რიტუალების შესრულებაში გადის. დღეღამურ, კვირის მანძილზე ჩატარებულ, წლიურსა და სხვა სახის ღვთისმსახურებას ციკლური ხასიათი აქვს. წრე – მარადიულობის სიმბოლოა, ამიტომ საეკლესიო კალენდარს მკაცრი რიტმიკა, მკაფიო მკაფიო პერიოდები და ციკლურობა უნდა ახასიათებდეს. საეკლესიო კალენდარი დროის უბრალო აღნუსხვა როდია, არამედ ჟამთასვლისაგან განწმენდილი ხატი, რომელიც მარადიულობაში მყოფობს. რა კალენდრით სარგებლობს დღეს ჩვენი ეკლესია?იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 46 წელს შემოიღო ე.წ. იულიუსის კალანდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი დრო 5 საათი 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს. 325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში. არსებობს კალენდრის რამდენიმე სახე: მზისიერი, ვარსკვლავური, მთვარის. უფრო რთული სტრუქტურის მქონე კალენდრებიც არსებობს. რითი გამოირჩევა იულიუსის კალენდარი რითი გამოირჩევა იულიუსის კალენდარი დროის ბიბლიური ორიენტირებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. იულიუსის კალენდარი ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის ფაზებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში. მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე – დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი – წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28×19=532. ინდიქტიონი იძლევა კოსმოსური, ისტორიული და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას. ამ ჟამთა აღრიცხვით ადამიანის ცხოვრების რიტმი შეჯერებულია მზის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის რიტმთან, რაც აძლევს მას საშულებას, მოაწესრიგოს ამქვეყნიური ცხოვრება და მისცეს მას მიმართულება მარადიული, ღვთიური განზომილებისაკენ. სწორედ ამიტომ არ უნდა დათმოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი საეკლესიო კალენდარი და არ უნდა დაუმორჩილოს იგი ამქვეყნიურ ხორციელ მოთხოვნილებებს. თუმცა აქაც ჩაერია ეშმაკის ბოროტი ხელი. მას არ ძალუძს დროის შეჩერება ან შეცვლა, მაგრამ მაინც არ აძლევს ადამიანებს ცხოვრების მოწესრიგების საშუალებას. ცდილობს, აუბნიოს მას გზა-კვალი და რაც შეიძლება მეტად დააცილოს ჭეშმარიტებას. იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე.წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში. გრიგორიანული კალენდრის (ახალი სტილის) შემოღება ასე დაიწყო:რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. რეფორმამ სრულიად არია ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე. საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალენდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი – კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს. შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს მე-20 საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი. ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის: ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1); ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში; გ) კავშირი მთვარის კალენდართან – 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა; დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება; ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი, რომლის გავლის შემდგომ მეორდება განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული პერიოდულ სახეს ღებულობს. გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად იქცა. ნიშანდობლივია, რომ კალენდარულ კომისიას იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეფორმის ავტორად თვით „უცთომელი" რომის პაპი ცხადდებოდა. დამზადდა სპეციალური მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო ქურუმთა შორის". პაპის ბულა ეკლესიისგან განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი კალენდარი. ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს კალენდარული რეფორმის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს. ახალი კალენდრის ყველაზე ენერგიული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები. 1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები. კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს. გადავხედოთ ბიბლიასროგორი საზომით იზომება მასში ერთი დღე? „და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე ერთი. … და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე მეორე. … და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე მესამე"… და ა.შ. სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე? პასუხი სავალალოა – ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა რაციონალისტურ აზროვნებას. ჰქონდა თუ არა მას ასეთი მსხვერპლშეწირვის უფლება – ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მსხვერპლს დიდი ზარზეიმითა და კარნავალებით სწირავს. გრიგორიანულ სტილს ვერ მიუსადაგებ ქრისტიანული პასქის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკებმა დაიწყეს საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე იდღესასწაულეს. ასე მოხდა 1864, 1872, 1883 წლებში. 1850 წლიდან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა მოხდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაასწრეს პასექს. 1805, 1825, 1903, 1927, 1981 წლებში მათ აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექის დღეს. არადა სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ მოხდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია გრიგორიანული კალენდრის, ანუ ახალი სტილის მიღება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა. მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, – როდესაც მთელი „ცივილიზებული" სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს. ასევეა აღდგომასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების საკითხი, რაც სარწმუნოების მთავარი კრიტერიუმია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს ეკლესიის საქმიანობას, ახალი სტილის მომხრეებს სრულიად უგულებელყოფილი აქვთ. მოკლედ, სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი – ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ეკლესია ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით გააუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება – ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |