სასტიკი სიმართლე. ფერიცვალება თუ პოლიტიკური პროსტიტუცია? - 9 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 9 » სასტიკი სიმართლე. ფერიცვალება თუ პოლიტიკური პროსტიტუცია?
2:29 PM
სასტიკი სიმართლე. ფერიცვალება თუ პოლიტიკური პროსტიტუცია?
                                                                                                   რა ხდება?
ზვიად ძიძიგური: „მიხეილ სააკაშვილი არის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ ადამიანს შეუძლია ერთგულება, ბრძოლისუნარიანია, უშიშარია, რა ვიცი, კიდევ მრავალი დადებითი თვისება გააჩნია. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და გულით სურს საქართველო მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდეს. ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს, დაუდგეს სააკაშვილს გვერდით და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. სააკაშვილი არის საქართველოს პატრიოტი და ამით ყველაფერია ნათქვამია" (2004 წ.).
ზვიად ძიძიგური: „სააკაშვილს პატრიოტიზმის ნატამალი არ გააჩნია, ის ამ ქვეყნის დამაქცევრადაა მოვლენილი. ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ მოვიშოროთ. სააკაშვილი არის მშიშარა... ამ ადამიანს არ შეუძლია ელემენტარული ერთგულება. ყველას მოვუწოდებ - დავირაზმოთ მიშას წინააღმდეგ!" (2009 წ.).

კობა დავითაშვილი: „პოლიტიკაში მოვედი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც ერთადერთი რეალური, უალტერნატივო რეფორმატორული ძალაა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ჯერ შევარდნაძის რეჟიმი და მერე თანმიმდევრულად ებრძოლოს იმ სიმახინჯეებს, რაც ამ რეჟიმისგან დარჩება და რამაც, სამწუხაროდ, ღრმად გაიდგა ფეხი ჩვენს მენტალიტეტში. მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველაფერი, ეს ბრძოლა ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს - პოლიტიკოსის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება" (2003 წ.).
კობა დავითაშვილი: „სააკაშვილს არა აქვს ნება, გაატაროს რეფორმები, მას აკლია პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა, ძალიან ახლოს მხედველი პოლიტიკოსია და ეს კატასტროფამდე მიიყვანს მასაც და ქვეყანასაც" (2006 წ.).

პაატა ზაქარეიშვილი: „ის მოდელი, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს აფხაზეთს, შეიძლება უნიკალური არ არის, მაგრამ საუკეთესოა ამ რეალობაში. აფხაზებს უნდა ეყოთ ჭკუა, რომ წამოვიდნენ პირდაპირ დიალოგზე. მათ აქვთ შანსი, გადაირჩინონ თავი და ერთიან, ქართულ სახელმწიფოში, სრულფასოვან მოქალაქეებად იქცნენ. მათ უამრავ პრივილეგიას ჰპირდება პრეზიდენტი, სხვა ამდენს არც დაუთმობდა" (2005 წ.).
პაატა ზაქარეიშვილი: „მთელი ამდენი ხნის მანძილზე, პრეზიდენტობის 4 წლის პერიოდში, სააკაშვილს ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს აფხაზებისა და ოსების შემოსარიგებლად, ერთი კონსტრუქციული წინადადება არ შეუთავაზებია" (2009 წ.
გოგა ხაინდრავა: „მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩამოყალიბებული, მწყობრი და უნაკლო გეგმა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა. მთავარია, რუსეთმა არ შეგვიშალოს ხელი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას" (2005 წ.).

სალომე ზურაბიშვილი: „ჩვენ გვყავს ნამდვილი ევროპული ტიპის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი პრეზიდენტი. მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მათ შორის, სოლიდური დიპლომატიური გამოცდილება, რაც მის ასაკში არცთუ ჩვეულებრივი ამბავია. დეტალია და იქნებ ვინმემ თქვას, ეგ რაღა სალაპარაკო იყოო: მან შესანიშნავად იცის რამდენიმე უცხო ენა. როცა ერთად ვართ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე, შეხვედრებზე ლამის ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს - ნებისმიერი რანგის შეხვედრაზე, ნებისმიერი რანგის ლიდერს, მოლაპარაკების დასაწყისში, შენს მიმართ კეთილად განაწყობ, თუ ერთ ანეკდოტს მოუყვები მის მშობლიურ ენაზე" (2005 წ.).
სალომე ზურაბიშვილი: „სამწუხაროა, ჩვენმა პრეზიდენტმა არ იცის დიპლომატიის ანი-ბანი, ამ საქმეში ის პირდაპირ ოროსანია. საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ ეს ასეა და არაერთხელ. ბევრი ენა იცისო, ენებიო, ენებიო... უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკა პოლიგლოტია არ არის, ენების ცოდნა აქ მთავარი არ არის, არც – მნიშვნელოვანი" (2006 წ.).

დავით ბერძენიშვილი: „მიშა, ერთდროულად რამდენიმე თვის ინტერვალით, ორ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მან აჭარა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, შევარდნაძის რეჟიმი მშვიდობიანი რევოლუციით რომ არ გაესტუმრებინა. ხალხი მასში გმირს ხედავს და ვერც გაამტყუნებ - ის, რაც ვერავინ შესძლო მთელი 11 წლის მანძილზე, შევარდნაძის გადაყენებას ვგულისხმობ და, რაც ვერავინ შესძლო 13 წლის მანძილზე, ანუ ასლან აბაშიძის გაძევება აჭარიდან, მიშამ მოახერხა თავის თანამებრძოლებთან ერთად. მას აქვს უნიკალური უნარი, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში შეარჩიოს თანამებრძოლები. როცა პრეზიდენტს ამის ნიჭი აქვს, ეს ბევრს ნიშნავს - საკადრო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, საკვანძო საკითხია სახელმწიფოს მშენებლობაში" (2004 წ.).
დავით ბერძენიშვილი: „რესპუბლიკელები" რომ არ დავდგომოდით სააკაშვილს გვერდით, ძვრას ვერ უზამდა ასლანის რეჟიმს. ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლით აჭარაში, შეიძლება ითქვას, ძირი უკვე გამოთხრილი ჰქონდა აბაშიძის რეჟიმს. იმას არ ვიტყვი, ერთი სულის შებერვაღა აკლდა-მეთქი, მაგრამ არ შეიძლება, ერთმა კაცმა, ერთმა ვიწრო წრემ, თუნდაც საპრეზიდენტო გუნდმა, ყველაფერი დაიბრალოს... სააკაშვილს დაღუპავენ კადრები, თანაგუნდელები, სამწუხაროა, რომ მას არ აღმოაჩნდა კადრების შერჩევის ნიჭი" (2006 წ.).

ლევან ბერძენიშვილი: „მიშა სააკაშვილი არის დემოკრატი ლიდერი, დასავლური დემოკრატიის ერთგული და აქტიური მხარდამჭერი ამ ღირებულებებისა. ის მხარს უჭერს ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას და ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფო. მას აქვს ნიჭიც, უნარიც და გამოცდილებაც, რომ ეს ყველაფერი საქმედ აქციოს" (2004 წ.).
ლევან ბერძენიშვილი: „სააკაშვილი არასდროს ყოფილა ლიბერალი, არასდროს ყოფილა დასავლური დემოკრატიის ერთგული და მისი ცხოვრებაში გატარების მოსურნე" (2007 წ.).

დავით ზურაბიშვილი: "ჩვენ მოგვეცა უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ დავაღწიოთ თავი რუსეთს და ვიქცეთ ევროპის განიყოფელ ნაწილად. ამ უპრეცედენტო შანსს კი გამოყენება სჭირდება. ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიახლოვოთ ის მომავალი, რომელზედაც თაობები ოცნებობდნენ. არ შეიძლება მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლამის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიდერია, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია და ყველაფერს ერთი კაცი გააკეთებს. დიახ, ეს რეალურად ასეა და სააკაშვილს უპრეცედენტო ნდობა და რეიტინგი აქვს უცხოეთსი, ის პატრიოტი და მებრძოლი ლიდერია, მაგრამ გვერდში დგომა სწორედ ახლა სჭირდება. ოპოზიციის საქმე კრიტიკაა, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერები თუ უსაგნო კრიტიკას მოეშვებიან კარგი იქნება. კაცს, შეცდომა არ დაუშვია, რატომ აკრიტიკებ? ადამიანია, შეეშლება, მაგის დროც მოვა და მერე გააკრიტიკე, ოღონდ ქვებს ნუ დაუშენ. გააკრიტიკე იმისთვის, შეცდომა გამოასწოროს და არა იმისთვის, ახლა რასაც აკეთებენ - ქულების დასაწერად" (2004 წ).
დავით ზურაბიშვილი: „სააკაშვილს თუ რაიმე საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, ეს რევოლუციური პროცესების დამსახურება იყო და არა პირადად მისი. ეს, უპირველესად, იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც ლიდერებს დაუდგა გვერდით, უკან არ დაიხია, ვიდრე არ წავიდა შევარდნაძე... გადამეტებულია ახლა, მითებია, თითქოს სააკაშვილის იმხელა, ამხელა რეიტინგი ჰქონდა და უცხოელი ლიდერები რიგში იდგნენ მასთან შესახვედრად" (2008 .).

თინა ხიდაშელი: „შევარდნაძესთან შედარებით სააკაშვილი მართლა დემოკრატიის ტალღა რომ არის, ამას თუ ვიტყვი, არა მგონია, დიდ ცოდვად ჩამეთვალოს. მიშამ გარისკა და იქ დადგა, სადაც ხალხის ინტერესები დგას" (2003 წ.). სტატიის ბოლოს იხილეთ თინას ფოტო ბოკერიასთან ერთად. ისე სხვათაშორის ხიდაშელი საქართველოში სოროსის ფონდის ხელმძღვანელი იყო, რესპუბლიკური პარტია ამ ფონდის მეგობარ-მოკავშირე, დ. ზურაბიშვილი კი საერთოდ თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელია და ა.შ.

   და ბოლოს. სამწუხაროდ ამ სიის გაგრძელება ძალიან დიდხანს შეიძლება. უპრინციპო, უპასუხისმგებლო, პოლიტიკური ალღოსა და პატრიოტიზმისგან დაცლილო მედროვენო წაეთრიეთ პოლიტიკიდან!!!
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 467 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: