საპატრიარქოს პასუხი სტატიებს რა ხდება საქართველოს ეკლესიაში. - 9 ივლისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივლისი » 9 » საპატრიარქოს პასუხი სტატიებს რა ხდება საქართველოს ეკლესიაში.
10:43 PM
საპატრიარქოს პასუხი სტატიებს რა ხდება საქართველოს ეკლესიაში.

        1977 წელს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი გახდა ილია II, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში არსებული 15 ეპარქიიდან მღვდელმთავრები ჰყავდა შემდეგ ეპარქიებს: 1. ალავერდის (ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე), 2. ბათუმ–შემოქმედის (მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი), 3. მანგლისის (ეპისკოპოსი გიორგი ღონღაძე), 4.წილკნის (მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი), 5. თეთრიწყაროსა (მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა) და 6. ბოდბისას (ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე). ბოდბელი სწირავდა თბილისის სამების ეკლესიაში, მანგლელი - დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, წილკნელი _ სვეტიცხოველში, თეთრიწყაროელი _ თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო ნიკორწმინდის, აგარაკ–წალკის, ბოდბის, აწყურის, ცაგერის, წილკნის ეპარქიებში...

        უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ კარგად იცოდა, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინება ეპარქიებიდან უნდა დაეწყო. აუცილებელი იყო ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების მღვდელმთავრის ხარისხში აყვანა და საეპარქიო ცხოვრების გამოცოცხლება. 1978 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით, ეპისკოპოსებად აკურთხეს და ეპარქიებში გაგზავნეს: ცხუმ–აფხაზეთის კათედრაზე ნიკოლოზი (მახარაძე), ჭყონდიდელად - ეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი), მაწყვერელად - ეპისკოპოსი შიო (ავალიშვილი), ბოდბელად - ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), ბათუმ–შემოქმედელად - ეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა), ურბნელად - ეპისკოპოსი კონსტანტინე (მელიქიძე). 1978 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი თადეოზი გადაყვანილ იქნა წილკნელად, ხოლო ბოდბელად აკურთხეს ათანასე (ჩახვაშვილი). თითოეულის კურთხევა საზეიმო ვითარებაში ჩატარდა მრავალრიცხოვან მორწმუნეთა თანდასწრებით. უწმიდესმა და უნეტარესმა გადასცა მათ სამღვდელმთავრო კვერთხი და შეახსენა, რა დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თითოეულ მათგანს.

      1978 წლის დეკემბერში, წმიდა სინოდის სხდომაზე, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის წინადადებით გადაწყდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში აღდგენილიყო ისტორიული ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებდა მთავარეპისკოპოსის ხარისხის მინიჭებას.  ამავე სხდომაზე აწყურის ეპარქიას ეწოდა "ახალციხისა და მესხეთ–ჯავახეთისა", ცაგერისას - "ცაგერისა და ლეჩხუმ–სვანეთისა". უწმიდესმა და უნეტარესმა მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე) და ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე). პირველი მთავარეპისკოპოსები გახდნენ: ნიკოლოზი (მახარაძე), იოანე (ანანიაშვილი), შიო (ავალიშვილი). ოფიციალური ხელისუფლებისათვის სრულიად მიუღებელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების აღორძინება. იგი ცდილობდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მეშვეობით შეეფერხებინა ახალნაკურთხი ეპისკოპოსების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გარეშე კი მათ უფლება არ ჰქონდათ წასულიყვნენ და ეღვაწათ თავიანთ ეპარქიებში.

     რელიგიის საქმეთა რწმუნებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილში უკმაყოფილებას გამოთქვამდა ეპისკოპოსთა  რაოდენობის "გაუმართლებელი ზრდის" გამო. 1979 წლის 5 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა რწმუნებულს დაუსაბუთა მიღებული გადაწყვეტილების მართებულობა: "თანახმად კართაგენის კრების მე–12 კანონისა, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსის განსჯის შემთხვევაში, როდესაც საეკლესიო კრების მოწვევა ვერ ხერხდება, აუცილებელია 12 ეპისკოპოსის შეკრება, რომ მათ შესაბამისი მსჯავრი გამოიტანონ. საქართველოს ეკლესიაში კი, ამჟამად 3 მიტროპოლიტი, 3 მთავარეპისკოპოსი და 4 ეპისკოპოსია."[27, 1988].

      1979 წელს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) გადაიყვანეს ქუთათელ–გაენათელად, ხოლო ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანილ იქნა ქრისტეფორე (წამალაიძე), ნიკორწმინდის ეპისკოპოსად აკურთხეს ამბროსი (ქათამაძე). ახალი მღვდელმთავრების კურთხევის შემდეგ დღის წესრიგში დადგა პროვინციებში 1921–70 წლებში ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების კვლავ ამოქმედების საკითხი. საბჭოთა კავშირის კანონმდებლობის თანახმად, მორწმუნეები ქმნიდნენ და რეგისტრაციაში ატარებდნენ რელიგიურ საზოგადოებას. რელიგიური საზოგადოების 20 სრულწლოვანი წევრი ეკლესიის ამოქმედების შესახებ საგანგებო განცხადებით მიმართავდა ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც მას აგზვნიდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რწმუნებულთა აპარატში. განცხადება იქიდან  მოსკოვში იგზავნებოდა და მხოლოდ მოსკოვის თანხმობის შემთხვევაში ჰქონდა ეპარქიის მღვდელმთავარს უფლება, გაეგზავნა ეკლესიაში სასულიერო პირი. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ რელიგიური საზოგადოების წევრების დაშინებას, მაგრამ, როცა სასურველ შედეგს ვერ აღწევდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ გაეცათ ნებართვა ეკლესიის ამოქმედების შესახებ. თუ ოფიციალური ნებართვა არ იყო გაცემული, ეკლესიაში ღვთისმსახურების ჩატარება კანონდარღვევად ითვლებოდა.

        1978 წლის 1 ნოემბერს ქუთაის–გაენათის ეპარქიის წყალტუბოს რაიონის სოფ. ზედა მაღლაკში მაცხოვრის ეკლესიაში დაინიშნა მღვდელი გიორგი კუჭუხიძე. რწმუნებულმა კატეგორიულად მოითხოვა მღვდელ კუჭუხიძის უკან გამოწვევა მანამდე, სანამ მაღლაკის ეკლესია ოფიციალურად არ იქნებოდა რეგისტრირებული. 1979 წელს გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოქვეყნდა ანონიმი ავტორის წერილი "ვის უხმობს ნიკორწმინდის ზარები?", რომელშიც მკაცრად იყო დაგმობილი ნიკორწმინდის ეკლესიის ამოქმედება და კრიმინალად იყო გამოცხადებული ამ საქმის მოთავე, სოფ. ნიკორწმინდის მცხოვრები შურა გოცირიძე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნიკორწმინდაში სასწრაფოდ გახსნა სახალხო უნივერსიტეტი, რომლის დანიშნულება იყო ანტირელიგიური მუშაობის გაძლიერება.

         ეპარქიებში შექმნილი რთული ვითარება კარგად ჩანს ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის იოანეს (ანანიაშვილი) 1981 წლის 6 სექტემბრის მოხსენებით ბარათში, რომელიც მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს გამოუგზავნა. მეუფე იოანე იმხანად  ლეჩხუმ–სვანეთის ეპარქიასაც განაგებდა. იგი წერდა: "მესტიაში როდესაც ჩავედი, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვუჩვენე დოკუმენტი, სადაც მიწერია, რომ ვარ ჭყონდიდისა და ლეჩხუმ–სვანეთის მთავარეპისკოპოსი. მათ გაუკვირდათ და მითხრეს, ჩვენ არ გვინდაო.  თურმე რაიონში ჩასულ მღვდლებს აიძულებდნენ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა. მესტიის რაიონის თითქმის ყველა სოფელი დავიარე, ხალხი ყველგან ეკლესიის გახსნას მთხოვდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება თავშეკავებულ აგრესიას ამჟღავნებდა და მთხოვდა, მალე დამეტოვებინა რაიონი."[27, 5344]. ასეთივე რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ქუთათელ–გაენათელი, ახალციხელი, ბოდბელი მღვდელმთავრები. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 1979 წელს საქართველოს ეკლესიამ ბოდბის მონასტრის ეზოდან ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადაიყვანა 13 ოჯახი, შეკეთდა ტაძარი, მოწესრიგდა წმიდა ნინოს საფლავი; კეთილმოეწყო ქუთაისის პეტრე–პავლეს ეკლესიის ეზო; საგარეჯოში რესტავრაცია ჩაუტარდა ღვთისმშობლისა და წმიდა დოდოს ეკლესიებს; წალკაში გაიხსნა ღვთისმშობლის ეკლესია; მანგლისში დაიწყო საეპარქიო რეზიდენციის მშენებლობა; ბათუმში აშენდა ახალი ეკლესია; ახალციხეში გაიხსნა ეპარქიაში ერთადერთი მართლმადიდებელი წმიდა მარინეს ეკლესია და დაიწყო მისი ეზოს კეთილმოწყობა; აღდგენითი სამუშაოები დაიწყო თეკლათის, მენჯის ეკლესიებში. ოფიციალურ ხელისუფლებას აღიზიანებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის  ასეთი წარმატებები, ამიტომ  სცადა აპრობირებული საშუალებით (ჭორები, შიდა დაპირისპირების ინსპირირება) ეკლესიისათვის სახელის გატეხა. ათეისტურ საზოგადოებაში ადვილი იყო მოსახლეობის დეზინფორმაცია ბერ–მონაზვნებისადმი უარყოფითი განწყობის შესაქმნელად. ამ მიზნით ოფიციალურმა ხელისუფლებამ  პრესითა და ტელევიზიით დაწვრილებით გააშუქა მიტროპოლიტ გაიოზის  სასამართლო პროცესი. ხელისუფლების ცილისწამების მსხვერპლი გახდა რამდენიმე მაღალი იერარქი.

        უწმიდესისა და უნეტარესის ილია II–ის უცხოეთში ვიზიტის დროს რამდენიმე ავანტიურისტმა ხელისუფლების წაქეზებით პატრიარქის საწინააღმდეგო გამოსვლები მოინდომა, მაგრამ მორწმუნე მრევლის რისხვამ ისინი აიძულა ხელი აეღოთ ამ განზრახვაზე. ოფიციალურ ხელისუფლებას ეს ყველაფერი პატრიარქის დასაშინებლად სჭირდებოდა, მაგრამ ამან მხოლოდ  უკუშედეგი გამოიწვია. ქართველი ერი კიდევ უფრო მტკიცედ დადგა დედა ეკლესიისა და მისი მეთაურის გვერდით. ეს არ იყო ის ხალხი, რომელიც ტაძარში წირვა–ლოცვაზე გაუცნობიერებლად მოდიოდა, ეს იყო ჭეშმარიტად მორწმუნე მრევლი, რომელმაც გაითავისა ქრისტიანული რწმენის სიდიადე და მზად იყო მის დასაცავად.

       1977–1990 წლებში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, დიდი სოციალურ–პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. 80–იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში, ე.წ. "პერესტროიკის" პერიოდში, დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავების ლოზუნგით, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ტოტალიტარული რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიწყო. ეს მომენტი კარგად გამოიყენა საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ და ეპარქიებში დაიწყო ადმინისტრაციული წესით დახურული  20–50–იანი წლების ნგრევას გადარჩენილი ეკლესიების ამოქმედება. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1995 წელს მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მოქმედი 15 ეპარქიის 27–მდე, ხოლო 2007 _ წელს 36–მდე გაზრდის შესახებ.

        XVI–XX საუკუნეებში ქართველი ხალხის თავს დატეხილმა კატაკლიზმებმა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიები საგრძნობლად შეამცირა.  საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩა ისტორიული ტაო–კლარჯეთი, ლაზეთი, ჰერეთი (საინგილო), ლორე–ტაშირი. დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიები სრულად მოიცავს ისტორიულ საქართველოს. უწმიდესისა და უნეტარესიის ლოცვა–კურთხევით, ნეკრესის ეპარქიის სულიერი სამწყსოა ისტორიული ჰერეთი (საინგილო), ახალციხის ეპარქია განივრცო ახალციხის, ტაო–კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიად, დმანისის ეპარქიას დაემატა ისტორიული ლორე–ტაშირი. ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიებია:

       1. მცხეთა–თბილისისა, რომელსაც ხელმძღვანელობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. თუ 1977 წელს ამ ეპარქიაში მოქმედი იყო 11 ეკლესია–მონასტერი, ამჟამად მოქმედია 130; 2. რუსთავისა და მარნეულისა, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 1977 წელს ამ ტერიტორიაზე არც ეპარქია იყო და არც მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის კი 18 მოქმედი ეკლესიაა; 3. ქუთაის–გაენათისა, რომელსაც განაგებს მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 5,  ამჟამად  მოქმედია 90–მდე ეკლესია–მონასტერი 130-ზე მეტი სასულიერო პირით; 4. მანგლისისა და წალკის ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წლისათვის მოქმედია 12 ეკლესია და 3 მონასტერი; ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე); 5. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქია ახალია. იგი შეიქმნა 2007 წელს. ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე). ეპარქიის ტერიტორიაზე თავიდან მოქმედი იყო 1 ეკლესია, ამჟამად მოქმედებს 15; 6. რუისისა და ურბნისის ეპარქია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წლისათვის კი 100-მდე ეკლესია–მონასტერია, სადაც 200-მდე სასულიერო პირი მოღვაწეობს; 7. ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). 1977 წელს მოქმედი იყო 3 ეკლესია, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კი ეპარქია დევნილ მდგომარეობაშია; 8. ჭყონდიდის ეპარქია მოიცავს მარტვილისა და აბაშის რაიონებს. მას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). ეპარქიაში დიდი აღშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობს: აშენდა საეპისკოპოსო სახლი, გაიხსნა მამათა მონასტერი (მარტვილში). ეპარქიაში მოქმედია 20-მდე ეკლესია, რომლებშიც ღვთისმსახურებას ეწევა 25-მდე სასულიერო პირი; 9. ალავერდის ეპარქია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). თუ 1977 წელს ეპარქიაში 3 მოქმედი ეკლესია იყო, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა გაიზარდა 40–მდე; 10. დასავლეთ ევროპის ეპარქია აერთიანებს ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ეპარქია შეიქმნა 2002 წლის 17 ოქტომბერს. მას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). ეპარქიის სამრევლოები არის ავსტრიაში, ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში - სულ 14 სამრევლოა; 11. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი იყო 1 ეკლესია, ამჟამად მოქმედია 7 ეკლესია–მონასტერი; 12. თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის ეპარქია ისტორიული ჟალეთ-ხარჭაშნის ეპარქიის ადგილზე შეიქმნა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს განჩინებით. 1977 წელს  თიანეთსა და ფშავ–ხევსურეთში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად კი  მოქმედია 5. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი); 13.  არგვეთისა და უბისის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედებდა ორი სამლოცველო სახლი, ამჟამად მოქმედია 10 ეკლესია და 2 მონასტერი. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი); 14. შემოქმედის ეპარქია 1917 წელს აღდგა. ეპარქიას ამჟამად  ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007  წელს კი 42 ეკლესიაა და 7 მონასტერი; 15. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). 1977 წელს არც ეპარქია არსებობდა და არც მოქმედი ეკლესიები. 2007 წლისათვის მოქმედია 5 ეკლესია და 1 მონასტერი; 16. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, რომელსაც წინამძღოლობს მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). 1977 წელს აქ არც ეპარქია იყო და არც მოქმედი ეკლესია. 1995 წელს შეიქმნა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია, 2002 წლის 17 ოქტომბერს კი, წმიდა სინოდის განჩინებით, ახალქალაქი და კუმურდო ცალკე ეპარქიად გამოიყო. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოქმედია 15–მდე ეკლესია–მონასტერი;  17. ნიკორწმიდის ეპარქია აღდგა 1917 წელს, მაგრამ ეპარქიამ რეალური ფუნქციონირება დაიწყო 1979 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ნიკორწმიდის ეკლესია. ეპარქიას 1996 წლიდან განაგებს მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). 2007 წლისათვის ეპარქიაში მოქმედ ეკლესიათა რიცხვი  6-ს აღწევს; 18. ფოთისა და ხობის ეპარქია 1995 წელს გამოეყო ჭყონდიდის ეპარქიას. 1996 წლიდან ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო მხოლოდ 1 ეკლესია და 1 სამლოცველო სახლი, 2007 წლისათვის კი მოქმედია 8 ეკლესია, შენდება  5; 19. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შეიქმნა, მას ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). აქ 1977 წელს არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია. 2007 წელს მოქმედია 3 ეკლესია და 2 მონასტერი; 20. ახალციხის, ტაო–კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას ხელმძღვანელობს მიტროპლიტი თეოდორე (ჭუაძე). თუ აქ 1977 წელს არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო, 2007 წლისათვის მოქმედია 19 ეკლესია და 9 მონასტერი. შენდება 4 ახალი ეკლესია; 21. ხონისა და სამტრედიის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). 1977 წელს აქ არც ერთი მოქმედი ეკლესია არ ჰქონდათ, 2007 წელს კი 12 მოქმედი ეკლესიაა; 22. წილკნის ეპარქია აღდგა 1917 წელს. ეპარქიის წინამძღოლია მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მოქმედ ეკლესიათა რაოდენობა ათზე მეტია; 23. ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია 1917 წლიდან არსებობდა ბათუმ–შემოქმედის ეპარქიის სახით. 1995 წლიდან შემოქმედის ეპარქიის გამოყოფის გამო მას ეწოდა ბათუმისა და სხალთისა. 2007 წლიდან კი დიდაჭარისა და ხულოს ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბების გამო ეწოდა ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია, რომელსაც განაგებს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). თუ 1977 წელს ეპარქიაში 3 მოქმედი ეკლესია იყო, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა 29–მდე გაიზარდა. შენდება 8 ეკლესია; 24. ვანისა და ბაღდადის ეპარქია წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა. ეპარქიას ხელმძღვანელობს მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო  არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა 22 გახდა; 25. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია შეიქმნა ისტორიული ცაიშის ეპარქიის საფუძველზე წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით. 1998 წლიდან ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). 1977 წელს ეპარქიაში მოქმედი იყო 2 ეკლესია, 2007 წლისათვის კი აქ 6 ეკლესია–მონასტერია; 26. ბოდბის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით აღდგა 1925 წელს. 1999 წლიდან ეპარქიიის წინამძღოლია ეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). 1977 წელს აქ მოქმედი იყო 2 ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა ათზე მეტია; 27. სამთავისისა და გორის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა თხუთმეტზე მეტია; 28. სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. ეპარქია მოიცავს ყაზბეგის რაიონს, რომელსაც განაგებს ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა ათს აღემატება; 29. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია 1917 წელს იწოდა ცაგერისა და ლეჩხუმ–სვანეთისად, მას 2002 წლის  27 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). თუ 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ახლა მათი რაოდენობა 10-ზე მეტია; 30. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მოქმედია 8–ზე მეტი; 31. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2002 წლის 14 სექტემბრის განჩინებით. ეპარქიას 2003 წლის 18 აგვისტოდან განაგებს ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა გაიზარდა 10–მდე; 32. საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპარქია ნინოწმიდის ისტორიული ეპარქიის საფუძველზე აღდგა 1995 წლის 5 აპრილიდან. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). 1977 წელს ეპარქიაში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის მათი რაოდენობა 11–მდე გაიზარდა; 33. დმანისის ეპარქია 2003 წლის 18 აგვისტოს შეიქმნა, ხოლო 2006 წლიდან მას დაემატა აგარაკ–ტაშირის ტერიტორიაც, რომელიც 1921 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. ეპარქიას განაგებს ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, 2007 წლისათვის კი მოქმედია 8 ეკლესია–მონასტერი; 34. ბოლნისის ეპარქია ისტორიული ცურტავის ეპარქიის საფუძველზე შეიქმნა 1995 წელს. 2007 წლიდან ეპარქიას განაგებს ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). 1977  წელს აქ არც ერთი მოქმედი ეკლესია არ იყო, დღეისათვის მოქმედია 5 ეკლესია და 3 მონასტერი; 35. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია შეიქმნა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს განჩინების საფუძველზე. ეპარქიას განაგებს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). თუ 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი იყო 21 ეკლესია, ამჟამად მათი რაოდენობა გაიზარდა ათამდე; 36. ხულოსა და სხალთის ეპარქია შეიქმნა 2007 წელს. ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე). 1977 წელს ეპარქიის ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, ამჟამად მოქმედია 10–ზე მეტი ეკლესია–მონასტერი. 37. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია, რომელსაც დროებით ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) შეიქმნა საქართველოს მართლმადდიებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინების საფუძველზე. იგი მოიცავს ისტორიული მარგვეთის ეპარქიის ნაწილს, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს. ეპარქიას 1995-1998 წლებში განაგებდა მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), ხოლო 1998 წლის 8 ოქტომბრიდან 2002 წლის 17 ოქტომბრამდე მთავარეპისკოპოსი (ამჟამად მიტროპოლიტი) – აბრაამი (გარმელია). ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედია 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი.

          ისტორიულად საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამონასტრო ცხოვრებას. პირველი მონასტრები IV–V საუკუნეებიდან არსებობდა. მონასტრები არა მარტო რელიგიური, არამედ კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციასაც ასრულებდნენ. შუა საუკუნეებში ქართველებს სამონასტრო ცენტრები ჰქონდათ საბერძნეთში, კვიპროსზე, წმიდა მიწაზე. ქვეყანაში შემოსული მტერი მონასტრებს არბევდა. ცნობილია ქვათახევისა და დავით გარეჯის მონასტრების მტერთაგან რბევა, ბერ–მონაზვნების ხოცვა–ჟლეტა, მაგრამ მონასტრები მაინც აღორძინდებოდნენ ხოლმე. ბერ–მონაზვნები ყველაზე დაფასებულნი იყვნენ ჩვენი სულიერი ცხოვრების ისტორიაში. 1921 წლიდან, ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების წაქეზებით, დაიწყო ეკლესია–მონასტრების ძარცვა–რბევა. დახოცეს შიომღვიმის, ქვათახევის, ბეთანიის, არმაზის, კაბენის მონასტრების ბერები. საბუთები ყველგან ისე გააფორმეს, თითქოს კრიმინალური დანაშაული იქნა ჩადენილი. დაიხურა მონასტრების უმრავლესობა. უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს ძალისხმევით, სახელმწიფომ ისტორიული ძეგლის მცველის თანამდებობაზე დანიშნა ბეთანიელი ბერები: იოანე (მაისურაძე) და გიორგი (მხეიძე), ზედაზენზე - ექვთიმე (კერესელიძე).

          XX საუუნის 60–70–იან წლებში საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ძალიან შესუსტებული იყო. თითო–ოროლა მონასტერში (შიო მღვიმე, სამთავრო, თეკლათი, მოწამეთა) ნახევრად არალეგალურად მოღვაწეობდნენ ბერ–მონაზვნები. ოფიციალური ხელისუფლება განსაკუთრებით უარყოფითად იყო გამსჭვალული მათ მიმართ. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის გააზრებული, თანმიმდევრული საქმიანობით შესაძლებელი გახდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინება საქართველოში. თუ გასული საუკუნის 70–იან წლებში მონასტრებში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები იყვნენ, ამჟამად 70-ზე მეტ მოქმედ მონასტერში ძირითადად ახალგაზრდა მორჩილნი და ბერ-მონაზვნები მოღვაწეობენ. საქართველოს ყველა მოქმედ ეპარქიაში არის მამათა და დედათა მონასტრები.

       უწმიდესსა და უნეტარესს სურდა, ფარავნის ტაძართან, საიდანაც მოციქულთა სწორი წმიდა ნინო ვაზის ჯვრით გამოემართა მცხეთისაკენ, დაარსებულიყო მამათა და დედათა მონასტრები. გასული საუკუნის 70–იან წლებში მთელი სამცხე–ჯავახეთის ტერიტორია საბჭოთა კავშირ–თურქეთის საზღვრისპირა რაიონებად იყო გამოცხადებული. აწყურის იქით გადასვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლებოდა. გარდა ამისა, ფარავნის ტბისპირა სოფელ ფოკაში არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ოფიციალურად ჩაეწერა სოფელ ფოკაში, რათა დაუბრკოლებლად ემოგზაურა ამ ტერიტორიებზე. მისი დიდი ძალისხმევით მოხერხდა ფოკაში  დედათა და მამათა მონასტრების დაარსება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.  მრავალი ასეთი დაბრკოლება გადაიტანა საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, მაგრამ, უწმიდესისა და უნეტარესის ღვაწლით, სამონასტრო ცხოვრება აღორძინდა არა მარტო საქართველოში - ჩვენი მამები და დედები მოღვაწეობენ უცხოეთში არსებულ ქართული წარმომავლობის ეკლესია–მონასტრებშიც.

          საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინსვლა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში  კარგად ჩანს შემდეგი მონაცემებიდან: თუ 1977 წელს 50–მდე მოქმედ ეკლესია–მონასტერში ღვთისმსახურებას ეწეოდა 7 მღვდელმთავარი და 80–მდე სასულიერო პირი, 2007 წლისათვის 1500–ზე მეტ ეკლესიასა და 60–ზე მეტ მონასტერში მოღვაწეობს 36 მღვდელმთავარი და 2000–ზე მეტი სასულიერო პირი. წინააღმდეგობათა დაძლევის გზების ძიება, ლოცვაში გატარებული მრავალი უძილო ღამე გადაიტანა მისმა უწმიდესობამ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ამ სიმაღლეზე ასაყვანად. "მძიმეა გვირგვინი მწყემსმთავრისა,  ერმაც და ბერმაც თავიდანვე მკაფიოდ გამოხატული ნდობითა და პატივისცემით მიგიღოთ. ფრიად მიმზიდველი გარეგნობის ახალგაზრდა მღვდელმთავარი მთელი თავისი არსებით ასხივებთ სათნო ადამიანურ ბუნებას. ხალხში თქვენს გასვლას, ინტელიგენციასთან საქმიან შეხვედრა–დიალოგებს თავიდან ბოლომდე გასდევდა სულიერების თავანკარა სათავეებთან დაბრუნების აუცილებლობის აზრი და წადილი... თქვენ საქართველოს ეკლესია იზოლაციიდან, კარჩაკეტილობიდან გამოიყვანეთ."[27, 11880].  ამ სიტყვების ავტორს, ილია რურუას, როგორც რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს, სამსახურებრივად ევალებოდა ეკლესიისა და პატრიარქის კონტროლი... პატრიარქის სულიერებამ და სიდიადემ  დაჩრდილა მასში ოფიციალური  ფუნქციონერი და საქართველოს სულიერი წინამძღოლის საქმეთა პირუთვნელ შემფასებლად აქცია იგი.

      საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ადრეული შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით, საზღვარგარეთ მრავალი ეკლესია–მონასტერი ჰქონდა. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებს თანდათან უცხოელები (ბერძნები და სომხები) დაეპატრონენ და გულმოდგინედ დაიწყეს მონასტრებში არსებული ქართული კვალის წაშლა. (ამის თვალსაჩინო მაგალითია ამ ბოლო დროს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის გარშემო ატეხილი სკანდალიც).

       მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში  საქართველოს სამოციქულო ეკლესია რუსეთის სინოდის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა, ქართველი სასულიერო პირები მაინც წმიდა მიწისაკენ, ათონისაკენ, მიისწრაფოდნენ. ქართველ სამღვდელოებაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებში ნამსახურები ბერები. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მცდელობა, 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღედგინა კავშირი საზღვარგარეთულ ქართულ სამონასტრო ცენტრებთან, უშედეგო აღმოჩნდა. 1921–1970 წლებში, საბჭოთა "რკინის ფარდის" პირობებში, ეს კიდევ უფრო გართულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები _ უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II და დავით V - სარეკომენდაციო წერილებს უგზავნიდნენ იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქებს, რათა ათონის ივერთა მონასტერსა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაღების უფლება მიეცათ კინორეჟისორ ირაკლი ონოფრიშვილისა და გურამ პატარაიასათვის, დაეშვათ იქ სამუშაოდ ქართველ მეცნიერთა ჯგუფი (ირაკლი აბაშიძე, გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე).

      უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავისი მღვდელმთავრობის პერიოდში, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიზნად დაისახა საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებთან კავშირის აღდგენა. მისთვის განსაკუთრებით ახლობელი იყო ათონის ივერთა მონასტერი. ამ მონასტრის ისტორიას მიუძღვნა მან  თავისი საკვალიფიკაციო შრომა და ვრცელ დასკვნაში მკაფიოდ განსაზღვრა ათონის ივერთა მონასტრის როლი საქართველოს ისტორიაში. ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტად ყოფნის დროს იგი არაერთხელ შეხვდა ქართველ მეცნიერებს და მათთან ერთად იმსჯელა, რა უნდა გაკეთებულიყო ათონის ივერთა მონასტერთან დასაკავშირებლად. 1970 წელს მიტროპოლიტი ილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს ელენე მეტრეველს სწერდა: "ქალბატონო ელენე, გამახარა თქვენმა წერილმა და ზ. ალექსიძის "ეპისტოლეთა წიგნმა". გმადლობთ ყურადღებისათვის. მეც მინდა გაგახაროთ სასიამოვნო ამბით. არქიმანდრიტ აბელის საშუალებით ვიპოვეთ გზა, რომლითაც დავუკავშირდებით ივერიის მონასტრის ხელნაწერებს. მივიღე წერილი თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორ ტახიკოსისგან, რომელიც გვპირდება დახმარებას."[27, 3203].

         1978 წლის სექტემბერში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოში მოწვეულ ათონის მთის გუბერნატორს დიმიტრიოს ცამისს ვიზიტის ისეთი პროგრამა შესთავაზა და ქართული სტუმართმასპინძლობის ისეთი მადლი აჩვენა, რომ აღფრთოვანებულმა გუბერნატორმა თბილისიდან გამგზავრების წინ განაცხადა: "ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს წუთები, როდესაც არ შეიძლება გამოითქვას გრძნობები, რომლებიც მას ეუფლება. ყველა სიტყვა, რომელიც შეიძლება მე ვთქვა, ღარიბი და უფერული იქნება ჩემს განცდებთან შედარებით."[34, 1978, 2, 13]. ბატონ ცამისის სახით საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ძლიერი მხარდამჭერი იპოვა.

        1979 წლის 5 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ათონის ივერთა მონასტრის საბჭოს მიმართა: "აღსდგეს ის კავშირი, რომელიც არსებობდა საქართველოსა და ივერიის მონასტერს შორის. ამ მიზნით ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს, რომ წარმოვგზავნოთ თქვენთან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან სამი მეცნიერი, რომელნიც გადაიღებენ ივერიის მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ ქართული ხელნაწერების მიკროფილმებს."[27, 2335].  უწმიდესი და უნეტარესი ილია II  საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას განუმარტავდა ათონის ივერთა მონასტრის მნიშვნელობას საქართველოსათვის და სთხოვდა მხარდაჭერას, რათა მონასტერში გაგზავნილიყო ოთხი ქართველი ბერი, თან დასძენდა: "თუ ეს შევძელით, ჩვენს მეცნიერებსა და ეკლესიას ექნებათ მუდმივი კავშირი ამ სავანესთან და იქ დაცულ ძვირფას ქართულ ნივთებს ეყოლება თავისი კანონიერი პატრონი და გულშემატკივარი."[27, 1560].

         უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში 1983 წელს განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ათონის ივერთა მონასტრის დაარსებიდან 1000 წლისთავი. მონასტრის საბჭოსადმი გაგზავნილ მილოცვაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ათონის ივერთა მონასტერი მარადჟამს იყო და დარჩება საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიის სულის განუყოფელ ნაწილად. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს ძალისხმევით, ათონის მონასტრების ბერები არაერთხელ ესტუმრნენ საქართველოს, მოილოცეს ქართული ეკლესია–მონასტრები, შეხვდნენ ქართველ სასულიერო პირებს, მეცნიერებს. პატრიარქთან შეხვედრებმა ისინი განსაკუთრებული მადლიერებით აღავსო. 1987 წლის 11 თებერვლით დათარიღებულ წერილში ისინი აღნიშნავდნენ: "შვილიერი გრძნობით ვუსურვებთ თქვენს ღირსეულ უნეტარესობას ჯანმრთელობას და ღვთაებრივ ძლიერებას, რათა მაცხოვნებელი სიტყვა უქადაგოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამწყსოს. ვითხოვთ თქვენს ღვთაებრივ ლოცვებს და ყველანი, საერთო კრების წარმომადგენლები, ათონის წმიდა მთის ოცივე წმიდა მონასტრის წინამძღვრები, ვრჩებით უღრმესი პატივისცემით."[27, 10106]. უწმიდესისა და უნეტარესის სურვილით საქართველოში ჩამოაბრძანეს ათონის კარის ღვთისმშობლის ხატის ასლი. XX საუკუნის ქართველ პატრიარქთა და საერო მეცნიერთა ოცნება, ჰქონოდათ კავშირი ათონის წმიდა მთაზე არსებულ ქართულ მონასტრებთან და იქ დაცულ ქართულ ხელნაწერებთან, რეალობად იქცა. დღეს ათონზე არაერთი  ქართველი ბერი მოღვაწეობს.

        უწმიდესი და უნეტარესი ასეთივე დიდი მონდომებით შეუდგა იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კავშირის აღდგენას. იერუსალიმის პატრიარქთან, უწმიდეს ბენედიქტესთან შეხვედრისას ის პირველად შეეხო ჯვრის მონასტრის საქართველოს ეკლესიისათვის დაბრუნების საკითხს. მოლაპარაკებები გაგრძელდა პატრიარქ დიოდოროსის I-ის დროსაც. პატრიარქმა ილია II-მ კარგად იცოდა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოსათვის ძნელი  გადასაწყვეტი იყო ეს საკითხი. მისი უწმიდესობა საქართველოს საერო ხელისუფლებას მეტი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა. იგი 1987 წლის 5  ნოემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ზურაბ ჩხეიძეს სწერდა: "იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტის დროს შევხვდი პატრიარქ დიოდოროს I-ს და დავაყენე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხი. როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძნები ჩვენს თხოვნას ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, თუმცა შეგვპირდნენ საკითხის განხილვას. საჭიროა მთავრობის დახმარება. წარმატების შემთხვევაში თქვენ დაიმსახურებთ ჩვენი ხალხის სამუდამო მადლიერებას."[27, 11375, 135].
       იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხის მოგვარებაზე მუშაობს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნილი მეცნიერთა და ბიზნესმენთა ჯგუფი. ისრაელის მთავრობა, ქართველი ებრაელობა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ასეთ ვითარებაში იერუსალიმის  ჯვრის მონასტრის ბერძენმა ბერებმა შეზღუდეს მონასტერში ქართველთა შეშვება, გაურკვეველ ვითარებაში დაზიანდა რუსთაველის ფრესკა. ამ სამწუხარო ფაქტების მიუხედავად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება და  ჯვრის მონასტერი აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს...

        უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია II-მ 1979 წლის 9–15 მაისს, ბულგარეთში ვიზიტის დროს, მოინახულა პეტრიწონის ქართველთა მონასტერი, რომელიც 1083 წელს ძმებ ბაკურიანისძეთა მიერ არის დაარსებული. ბულგარეთის პატრიარქმა უწმიდესმა მაქსიმემ განაცხადა, რომ მზად იყო ნებისმიერ დროს მიეღო ქართველი ბერები ამჟამად ბაჩკოვოს მონასტრად წოდებულ პეტრიწონში.

           უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1977–2007 წლებში მოილოცა საზღვარგარეთ არსებული ყველა ეკლესია–მონასტერი, სადაც კი ქართველებს უღვაწიათ, სადაც ქართული სიწმინდეებია დაცული, პატივი მიაგო ჩვენს სახელოვან და ისტორიის მიღმა დარჩენილ უსახელო გმირებს, რომელნიც ემსახურებოდნენ დედაეკლესიას, დედასამშობლოს. უწმიდესმა და უნეტარესმა  მოახერხა დაკავშირებოდა 1927 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციიდან გასულ პარიზის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარ დეკანოზ ილია მელიას.

        უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქართველი სალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოა. საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებთან საუკუნეთა მანძილზე გაწყვეტილი კავშირის აღდგენით მან საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ძველი სიდიადე და ქრისტიანულ აღმოსავლეთში გამორჩეული მისია დაუბრუნა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ისტორიულად გამორჩეული იყო ქართველ წმინდანთა სიმრავლით. ჩვენი ეკლესია ღვაწლსა და თავდადებას არ უკარგავდა არც სასულიერო და არც საერო პირებს. თაობები იზრდებოდნენ და იზრდებიან ქართველ წმინდანთა ცხოვრების მაგალითზე. XIX საუკუნეში რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველობას დაევიწყებინა ეროვნულ წმინდანთა დღესასწაულები. XX საუკუნეში, ბოლშევიკური ათეისტური მმართველობის ხანაში, განსაკუთრებით 20–70_იან წლებში, როდესაც ეკლესიის საქმიანობის არეალი შეზღუდული იყო, ხოლო წმიდა სინოდის შემადგენლობა - არასრული (5–7 მღვდელმთავარი), ახალი წმინდანების კანონიზაციაზე ფიქრი  არასერიოზულად აღიქმებოდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შესანიშნავად იცოდა, რომ ეკლესიის სისუსტეზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ ორი საუკუნის მანძილზე მას წმინდანად არავინ შეურაცხავს. ამიტომ, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით, 1979 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა სასულიერო და საერო მეცნიერთა კომისია, რომელსაც უნდა ემსჯელა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ახლო მომავალში წმინდანებად შესარაცხ პირთა შესახებ.

        XX საუკუნის 80–იანი წლების ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა საბჭოური აზროვნებისა და ღირებულებების მსხვრევით დაიწყო. ამ მხრივ პირველი სერიოზული ნაბიჯი საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ გადადგა. 1987 წლის 20 ივლისს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ილია ჭავჭავაძე შეირაცხა წმინდანად და ეწოდა მას `წმიდა ილია მართალი". უწმიდესმა და უნეტარესმა შესანიშნავად ახსნა ამ დიდი პიროვნების ღვაწლი: "ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსათვის საბედისწერო ჟამს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როდესაც საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის უწმიდეს სინოდს, როდესაც ქართველი ინტელიგენცია და თავადაზნაურობა იყო უმოქმედო და კმაყოფილი რუსეთის იმპერატორისგან ბოძებული თანამდებობებით და ჩინ–მედლებით. ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია ჭავჭავაძე, როგორც წინასწარმეტყველი, როგორც "ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა", როგორც სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, როგორც მქადაგებელი და წინამძღვარი. მან აღასრულა თავისი თავდადებული ცხოვრებით მცნება უფლისა:  "რომელ ჰნებავს შემდგომად ჩემდა, უარჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდგებიან მე" (მათე 16,24). მან აღასრულა უფრო მეტიც, მხოლოდ თავისი ჯვარი კი არა, მთელი ერის ჯვარი იტვირთა."[27, 1669, 10639].

           ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. მწერალთა გაზეთმა "ლიტერატურულმა საქართველომ" 1987 წლის 23 ნოემბერს დაბეჭდა ინტერვიუ უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–სთან  სათაურით `მართალი ვითარცა ფინიკი აღიყუავნეს". პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა აღიარებაა არა მარტო ილიას პიროვნებისა, არამედ იმ დიდი საქმისა და იდეალებისა, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა.

        ეროვნულ–სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისთავადობის იდეალების ერთგულებისათვის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა–კურთხევითა და წმიდა სინოდის განჩინებით, 1995–2007 წლებში წმინდანებად შეირაცხნენ კათოლიკოსები: პეტრე I და სამოელი; კათოლიკოს–პატრიარქები: მელქისედეკ I, კირიონ II და ამბროსი (ხელაია); ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და სამღვდელო კრებული მისი; ეპისკოპოსები: ზოსიმე კუმურდოელი, ალექსანდრე (ოქროპირიძე), გაბრიელი (ქიქოძე); მიტროპოლიტები: დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი; იმერთა მეფე სოლომონ II, ცოტნე დადიანი,  საქართველოს ეროვნული ღირსების დასაცავად მსხვერპლად შეწირული დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე თაყაიშვილი;   მღვდელ–მონაზონნი: თეოდორე აჭარელი, ილარიონ ქართველი, იოანე (მაისურაძე), გიორგი (მხეიძე), გრიგოლი (ფერაძე), ალექსი (შუშანია), ექვთიმე (კერესელიძე), კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი, თევდორე კველთელი, წმიდა მოწამენი ქართველნი, სპარსეთში მოწყვეტილნი... უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდანთა დასში  შერაცხვით ხელახლა გააცისკროვნა მათი დიდნი საქმენი და გააძლიერა ზეციური საქართველო. თითოეული წმინდანის ხსენების დღეს პატრიარქი მორწმუნე ქართველობას შეახსენებს მათ ღვაწლსა და თავდადებას სამშობლოსა და დედაეკლესიისათვის. საქართველოში შეიქმნა ახლადშერაცხილ წმინდანთა ხატები, მათ სახელზე შენდება ეკლესიები. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, ძნელბედობის ჟამს გაფერმკრთალებული დიდი საეკლესიო დღესასწაულები კვლავ საზეიმო და ტრადიციული გახდა.

           საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა–გამგეობის, შიდასაეკლესიო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებს. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, XX საუკუნეში,  ცამეტი საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელნიც მიეძღვნა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს–პატრიარქების არჩევნებს, ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულებათა დამტკიცებას. ეს დებულებები დამტკიცდა 1917, 1927, 1945, 1995 წლებში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში  ჩატარდა მე-12 საეკლესიო კრება (1977წ.) და მე-13 გაფართოებული კრება (1995 წ.), რომელმაც დაამტკიცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა–გამგეობის ახალი დებულება.  უწმიდესისა და უნეტარესის დიდი ძალისხმევის შედეგია ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკლესიამ 2002 წლის 14 ოქტომბერს გააფორმა კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი) სახელმწიფოსთან, რომლის  თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შეთანხმების თანახმად, "ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო სამართლის ნორმებით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედსა და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებსა და საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-1990 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე".[12, 2006, 206-208]. ამ შეთანხმების ხელმოწერით აღმოიფხვრა ის უსამართლობა, რომელსაც ბოლშევიკური ხელისუფლება ახორციელებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ (დევნა-შევიწროება, იურიდიული სტატუსის ჩამორთმევა) და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ჰარმონიული ურთიერთობის წინაპირობა გახდა.

ნანახია: 1267 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: