საქართველოს სულიერი მისია. ავტორი ზვიად გამსახურდია. ნაწილი I. - 22 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » საქართველოს სულიერი მისია. ავტორი ზვიად გამსახურდია. ნაწილი I.
1:17 AM
საქართველოს სულიერი მისია. ავტორი ზვიად გამსახურდია. ნაწილი I.

     ძვირფასო მეგობრებო! ერთი ლექციის ფარგლებში ყოვლად შეუძლებელია ესოდენ რთული თემის ჩატევა და ამიტომ ამ ლექციას ექნება უფრო მიმოხილვითი ხასიათი, უფრო ზოგადად მოგახსენებთ ყოველივე იმას, რაზეც გვიფიქრია, გვიმუშავია მე და ჩემს მეგობრებს წლების მანძილზე, აგრეთვე ცალკეული გამოკვლევების შედეგებს როგორც აქ, საქართველოში, ასევე დასავლეთში.

ლექციის გეგმა ასეთი იქნება: თავდაპირველად ვისაუბრებთ ქართველთა ეთნოგენეზისზე. მე ვიცი, რომ დასავლელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ამით და გავაშუქებთ უფრო ისეთ მომენტებს, რომლებიც შეიძლება მათთვის არ იყოს ცნობილი და რომლებიც ნაკლებად შუქდება დასავლეთის დღევანდელ მეცნიერებაში. და, გარდა ამისა, უნდა მოგახსენოთ, რომ საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატურის მრავალწლიანი ბატონობის პერიოდში მრავალი რამ ქართული კულტურის ისტორიაში იყო მიჩქმალული, დამახინჯებული და ტაბუირებული. ერთგვარი მეცნიერული ტაბუ იყო ამ საკითხზე დადებული, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება, ვინაიდან არც ისე ადვილია იმ ავადსახსენებელი ეპოქის ჰიპნოზის შედეგების მოცილება თავიდან. მრავალი საკითხი გაყალბებულია და საბჭოთა იმპერიული მეცნიერების მიერ უზურპირებული, თავისი ინტერესებისადმი დაქვემდებარებული. ყოველივე ამის გავლენის ქვეშ, სამწუხაროდ, მოქცეულნი არიან ქართველი მეცნიერებიც. მე არ მინდა მათი კონკრეტულად დასახელება, ისინი ჯერ ვერ ბედავენ კვლევა განავითარონ იმ მიმართულებით, რაც ნათელს მოჰფენდა ამ საკითხებს. ამას ყველაფერს ძალიან დიდი და შორს მიმავალი მიზეზები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით დიდი კამპანია იყო გაჩაღებული ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის წინააღმდეგ.

აგრეთვე მიჩქმალულია დასავლეთის ისეთი დიდი მეცნიერების გამოკვლევები იბერთა ეთნოგენეზისის სფეროში, როგორიც არის ვილჰელმ ჰუმბოლდტი და სხვანი. ეს იმის გამო ხდებოდა, მეგობრებო, რომ სურდათ ქართველი ერისათვის შთაენერგათ არასრულფასოვნების კომპლექსი. საბჭოთა მეცნიერებამ, კერძოდ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა, შექმნეს თეორია იმის შესახებ (არსებობს სტალინის თეორია ამასთან დაკავშირებით), რომ თურმე ქართველი ერი, როგორც ასეთი, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერად მეცხრამეტე საუკუნეში, რომ მანამდე იგი თურმე არც ერი ყოფილა და არც არსებობდა. მეცხრამეტე საუკუნეში შემოვიდა ჩვენში კაპიტალიზმი და ვითომდაც ამან განაპირობა ქართველი ერის ერად ქცევა. ეს არის მარქსისტული თეორია, რომელიც დღემდე ბატონობს და რომელიც ზოგიერთ ჩვენს მეცნიერს დღემდე ვერ მოუცილებია თავიდან და კვლავ ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ეს ყველაფერი ისახავდა შორს მიმავალ მიზნებს.

სინამდვილეში როგორია ვითარება ქართველთა ეთნოგენეზისთან დაკავშირებით? მეოცე საუკუნეში ჩვენი მეცნიერების დიდი კორიფეების აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მიერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართველი ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ორთოდოქსული საბჭოთა მეცნიერება. ამავე დროს, როგორც მოგახსენეთ, მიჩქმალული იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები. რაში მდგომარეობს ამ გამოკვლევათა არსი და რად არ ვითარდება თანამედროვე ეთნოლოგიური, ენათმეცნიერული კვლევა ამ მიმართულებით?

საქმე ის გახლავთ, რომ ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის ვფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი – ხმელთაშუა ზღვის რასა, მედიტერანული რასა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასა, ანუ უძველესი კავკასიური რასა, უძველესი მედიტერიანული რასა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში.

ეს არის გავრცელების არეალი იმ პროტოიბერიული მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ენა ამ მოდგმისა, ამ რასისა იყო ერთი ძირითადი, რომელსაც ჰქონდა მრავალი დიალექტური განშტოება და თუ ეს ენაკავები ღებულობდნენ ცალკე ენების ხასიათს, ისინი იყვნენ მონათესავენი და ვითარდებოდნენ როგორც ურთიერთმონათესავე ენები. ამიტომ დამკვიდრდა ტერმინი პროტოიბერიული, რომელთანაც არის დაკაშირებული უძველესი მოსახლეობა, როგორც მოგახსენეთ, პირინეებისა, იტალიისა, კერძოდ, ბასკური, ლუზიტანური, ტურდეტანული, ეტრუსკული, პელაზგური და სხვა, რასაც ნიკო მარის შტუდიებით დაემატა მცირე აზიაში, მესოპოტამიაში უძველესი იბერიული ტომების – შუმერების ენის გამოკვლევა და, აგრეთვე, დიდი ქართველი მეცნიერის მიხეილ წერეთლის გამოკვლეული გენეტიური ნათესაობა შუმერულსა და თანამედროვე ქართულს შორის.

ნიკო მარის და, სხვათაშორის, სომეხი მეცნიერების ობიექტური წარმომადგენლების გამოკვლევითაც (მაგალითად, ღაფანციანის გამოკვლევით) მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნებოდა ამ მოდგმას და მესხები, ანუ მოსხები, კაპადოკიელები, კოლხები, ტაოხები და სხვანი არიან ამ მოდგმის წარმომადგენლები. როგორც ხედავთ, ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში ქართველური ან პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო საკუთრივ საქართველო, საკუთრივ ქართველი ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან. იბერიულს აქვს მრავალი განშტოება და დღესდღეობით შემორჩენილია პირინეულ-იბერიული, ანუ ბასკური და კავკასიურ-იბერიული, ანუ ქართული და მისი მონათესავე ტომები ჩრდილოეთ კავკასიაში. დანარჩენი კი ამჟამად ასიმილირებულია ინდოევროპული კაცობრიობის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, არის გვიან მოსული ევროპის კონტინენტზე. კერძოდ მეორე ათასწლეულის შემდეგ, ხოლო პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ.

ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური), რომელიც უაღრესად მჭიდროდ არის მინოსურთან დაკავშირებული. ხოლო შემდგომ, უკვე მეორე ათასწლეულიდან იწყება წამოწევა ხეთური სამყაროსი, რომელიც უკვე ინდოევროპული სამყაროა, აგრეთვე ძველბერძნული სამყაროსი, რომელიც ვედური ტომიდან მომდინარეობს და მოსულია იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც შემდგომ აღმოცენდა ძველბერძნული კულტურა და ძველბერძნული სამყარო, ხოლო პირველადი მოსახლეობა ძველი საბეძნეთისა, ძველბერძენი ისტორიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, განასზღვრულია როგორც პელაზგური, პელაზგური, ანუ პროტოიბერიული. პელაზგები არიან ერთ-ერთი განშტოება პროტოიბერებისა, ისევე როგორც ეტრუსკები და სხვა ხალხები, ისევე როგორც კოლხები. კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში და ამის შესახებ უკვე ძალზე სერიოზული გამოკვლევებია თანამედროვე მეცნიერებაში, რომელსაც რატომღაც სათანადო პოპულარიზებას არ უწევენ.

დასავლეთში ამ მიმართულებით მოღვაწეობს ცნობილი მეცნიერი ფურნეე, რომელსაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა წინა ბერძნულის, ანუ პულაზგურის და ქართველურის შესახებ. საქართველოში ნაყოფიერად მოღვაწეობს ამ მიმართულებით პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, რომელსაც აქვს აგრეთვე მნიშვნელოვანი მიგნებები „ილიადაში" მოხსენებულ ტომთა ეთნოგენეზისის გამოკვლევისა, თუ როგორ იყო როლი ქართველური, პროტოქართული ტომებისა ტროას ომში, "ილიადაში", და გამოვლენილია გენეტიური ნათესაობა ქართული ენისა ეტრუსკულთან, ქართველური ტომებისა ლიკიელებთან, კარიელებთან და მცირე აზიისა და ეგეოსის მთელ სამყაროსთან და, უპირველეს ყოვლისა–ტროასთან. ტროა უფრო ძველი კულტურული სამყაროა, ვიდრე ელინური სამყარო, ვინაიდან ელინები ლაშქრობენ ტროაში საკრალური, მისტერიული სიბრძნისა, ანუ პალადიუმის მოპოვებისათვის. ტროა არის იგივე კოლხური სამყარო, ვინაიდან ტროელებთან აქაელების დავის დროს ტროელები ხსნიან ელენეს მოტაცებას, როგორც ერთგვარ შურისძიებას ადრე მათ მიერ მედეას მოტაცებისათვის.

ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე მათ მოიტაცეს ქალი, ე. ი. მედეა, ამჟამად მათ მოიტაცეს ელენე, რომელიც ამდენად კოლხების მიერ არის მოტაცებული. ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ მოდგმას. აი, ასეთი შორს მიმავალი დასკვნები აქვს თანამედროვე მეცნიერებას, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ხდება ყოველივე ამის ტაბუირება და ხდება ინდოევროპელების როლის წინ წამოწევა იმ არქაულ, პრეისტორიულ ეპოქაში, არადა ჩვენ ვიცით, რომ ინდოევროპული მოდგმა ძირითადად აღზევდა მეორე ათასწლეულიდან. და ტროას ომი, „ილიადა" ფაქტიურად არის პერიოდი, როდესაც ინდოევროპული მოდგმა უკვე მძლავრობს მცირე აზიაშიც და საბერძნეთშიც და პელაზგურ მოდგმას უკვე დეკადანსი ემუქრება, თუმც ტროას ომის უდიდესი გმირი–აქილევსი წარმოშობით პელაზგია, ე. ი. ქართველური მოდგმის წარმომადგენელია, ხოლო აგამენონი და მენელაოსი არიან წმინდა ელინური წარმოშობის ადამიანები და ელინური სამყაროს წარმომადგენლები. აქ არის აშკარა კონფლიქტი ელინურ სამყაროსა და პროტოქართულ სამყაროს შორის. ტროა ეს არის პროტოქართული სამყარო, ელინური სამყარო კი აქაველებია.

ამ კონფლიქტში იკვეთება ერთი რამ, რომ ამ ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის პალადიუსის მოტაცება, რომელიც სიმბოლურად ტროასეული ცხენის მეშვეობით ხორციელდება. მართალია, სიმბოლურად აქ არის ქალის მოტაცების მოტივი, მაგრამ ელენე, ანუ ელენე არის სიმბოლო ძველი წარმართული სოფიისა (სიბრძნის, სოფიას მოტაცება და შემდეგ მისი კვლავ გამოხსნა გავრცელებული მოტივია ანტიურ პოემებში), ხოლო ცხენი, როგორც მოგეხსენებათ, ინტელექტის სიმბოლოა ძველ ეპიურ პოეზიასა და მითოსში. აქაველთა, ელინთა მისსია–ინტელექტის განვითარება–არის უკვე ახალი ეტაპი ცნობიერებისა, ხოლო ძველკოლხური, ტროიანული, პელაზგური კულტურა ეს არის ნათელმხილველური კულტურა, რომელიც უსწრებს წინ ინტელექტისმიერ, აზროვნებით კულტურას. ძველბერძნული მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვითარებაში იგი განმარტავდა როგორც საიზმს, ე. ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას. შემდგომდროინდელი ბერძნული მითოლოგიიდან ჩვენ ვიცით, რომ პერსევსმა და სხვა გმირებმა ნათელხილველური, პელაზგური კულტურა გადაიყვანეს აზროვნებით კულტურაზე, კერძოდ, ინტელექტისმიერ ელინურ კულტურაზე.

ყოველივე ამასთან არის დაკავშირებული აგრეთვე პრომეთეს მითი. ვინ არის პრომეთე? საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ მითოსი და მითოლოგია არ არის იდენტური ცნებები. მითოსი არის მითების სამყარო, ხოლო მითოლოგია არის ამ მითების სამყაროს განმარტება, მნიშვნელობა, ანუ ლოგოსი, მითოსის ლოგოსი. ასე რომ, ძველბერძნული მითების სინამდვილე შექმნილია პელაზგების მიერ, ხოლო ელინების მიერ იგი არის სისტემატიზებული და ინტერპრეტირებული. ჰომეროსი და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძველბერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი. ისინი არიან მითოლოგოსები, ხოლო პელაზგური ეპოქის მითოსის შემოქმედთა, მითოგრაფოსთა სახელებმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მოაღწიეს ღვთაებებმა, მითოსის პერსონაჟებმა. ძირითადი ღვთაებები ძველბერძნული პანთეონისა წარმოშობით პელაზგურნი არიან.

მათ შორისაა ზევსი. არსებობს პელაზგური ქტონური ზევსი, რომლის კულტიც მუხასთან არის დაკავშირებული; ჰერა ანუ ჰაერა, რომელიც არის უძველესი პელაზგურ-იბერიული ქალღმერთი; აგრეთვე დემეტრე, რომლის ფუძის განმარტებისას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიანიშნებდა იმაზე, რომ „დე" ფუძე სავსებით უცხოა ძველბერძნული ენისათვის. „მეტერ" მართალია დედას ნიშნავს, მაგრამ „დე" არის სუფთა იბერიული წარმოშობის ფუძე, „დე", ანუ „დედა", დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სახე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სახე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთი შეერწყა ძველბერძნულ ქალღმერთს. ეს არის ძველბერძნული პანთეონი, თუ შეიძლება ითქვას, დამყნილი პროტოქართულ, პროტოიბერიულ, ანუ პელაზგურ პანთეონზე.

ახლა რაც შეეხება პრომეთეს. პრომეთეს მითი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის ევოლუციის თვალსაზრისით და, ამავე დროს, ქართველთა ეთნოგენეზისის თვალსაზრისით, ვინაიდან პრომეთეს მითი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავშირებულია კავკასიასთან და შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვა კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტია ბერძნულ მითოლოგიაში. მითოსის პერსონაჟთა მისსია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა (როგორც მოგეხსენებათ, მითები იქმნებოდა ძველ მისტერიებში ქურუმების, ხელდასხმულების, ადეპტების მიერ) ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტიანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, „პრო-მეთელ" ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას, ეპიმეთე–მისი ძმა–ნიშნავს თანადროულ, განსჯისმიერ აზროვნებას.

რა არის პრომეთე? პრომეთე არის იმ კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა განავითაროს წინასწარმეტყველური, ანუ ინტუიტიური აზროვნება, ხოლო ეპიმეთე, რომელმაც უნდა განავითაროს განსჯითი, ანუ ინტელექტუალური აზროვნება. ვისი ძეა პრომეთე? იგი არის ძე იაპეტოსისა. იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს, ე. ი. ის, რაც მიისწრაფვის ზევით, სულიერი სამყაროსაკენ. ე. ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერი სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება. როგორც პლუტარქე აღნიშნავს, ძველბერძნული და საერთოდ მითები შეიძლებოდა განემარტათ თორმეტ სხვადასხვა დონეზე. ე. ი. თითოეულ მითს შეიძლება ჰქონდეს 12 სხვადასხვა ახსნა. ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში. ხოლო განთავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის დატყვევებული ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. განთავისუფლებული პრომეთე არის განთავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის განთავისუფლება. ეს არის ერთი ასპექტი პრომეთეს მითისა, მისი სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი.

მეორე ასპექტი არის ეთნოლოგიური ასპექტი. კერძოდ, პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა. ასეთია ეს მოდგმა. ხოლო ზევსი, ამ თვალსაზრისით, განასახიერებს იმ მოდგმას, რომელიც უფრო გვიან არის მოსული საბერძნეთში და რომელიც ძალადობით ამკვიდრებს თავის კულტს და მიაჯაჭვავს პრომეთეს კავკასიის კლდეზე. რა იყო მიზეზი პრომეთეს მიჯაჭვისა კავკასიის ქედზე? მიზეზი იყო ის, რომ კორინთოში ურთიერთს შეხვდნენ ორი კულტურის, ორი რასსის წარმომადგენელნი–ერთნი პრომეთესთან, ხოლო მეორენი ზევსთან დაკავშირებულნი. ე. ი. აქ სიმბოლურად აირეკლა შეხვედრა ორ კულტურას შორის, ორ რასსას შორის; ერთი იყო მკვიდრი, პირველადი მოსახლეობა იმჟამინდელი საბერძნეთისა, ხოლო მეორე–მოსული, ანუ ინდოევროპული, ელინური. პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები ამ შეხვედრის დროს მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას.

მოატყუებენ იმ გაგებით, რომ მათი ინტელექტი, მათი აზროვნება იყო უფრო წინ წასული, ამიტომ მათ შესძლეს ზევსის ქურუმთა მოტყუება. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის კულტურა, რომელიც მოსულ ინდოევროპელებს დახვდათ – პელაზგური კულტურა – უფრო მაღლა იდგა მათზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც. შემდეგ კი ინდოევროპელებმა ელინური აზროვნებითი კულტურა უმაღლეს საფეხურამდე განავითარეს, მაგრამ ჯერ ის პერიოდია, როდესაც პირველად შეხვდა ეს ორი რასსა, ორი მოდგმა ერთმანეთს და პრომეთეს ქურუმები დაანაწილებენ ხარს იმგვარად, რომ ზევსის ქურუმებს და ზევსს შეხვდებათ ძვლები და ქონი, ხოლო მათ ხარის საუკეთესო ნაწილები. ესეც სიმბოლურია. სიმბოლურია, ვინაიდან აქ მსხვერპლის ორგვარ გაგებასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ზევსის ქურუმები ისე წარმოსახავენ საქმეს, თითქოს მათ შეგნებულად მოიტყუეს თავი. შემდეგ ზევსი მიმართავს პრომეთეს:

–იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამდაგვარად?

ზევსი გვიან ხვდება იმას, რაც პრომეთემ ქმნა. აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია პრომეთეს რაობა და შემდგომ ამისა ზევსი აღარ აძლევს ცეცხლს კაცობრიობას და პრომეთეს მიაჯაჭვავს კავკასიის ქედზე, ვინაიდან მან კაცობრიობას მისცა ის ცეცხლი. ცეცხლი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო ადამიანის „მე"-სი. თქვენ იცით, რომ ოთხ ელემენტს შორის – ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი – ადამიანის „მე"-ს, თვისებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი. ის, რომ ზევსი აღარ აძლევს მეობას კაცობრიობას, რომ კაცობრიობა მოკლებულია „მე"-ს, ხოლო პრომეთე აძლევს ცეცხლს კაცობრიობას, ე. ი. მეობას, ასახავს მისტერიალური კულტურის განვითარების გარკვეულ საფეხურს, როდესაც ადამიანებმა მიიღეს „მე" ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლით და პრომეთეს მიჯაჭვა არის სწორედ ის ეტაპი (სხვათა შორის, ამას ნიშნავს აგრეთვე ტიტანების დამარხვაც ტარტაროსში ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლის შემდეგ), როდესაც ადამიანის სული და მისი „მე" ჩამოდის სულიერი სამყაროდან ფიზიკურ სხეულში და ადამიანს ებადება „მე" ცნობიერება. აი, ეს არის პრომეთეს მიერ კაცობრიობისათვის ცეცხლის მიცემა, ვინაიდან „მე"-სგან მოდის ყოველგვარი კულტურა, ისევე როგორც ცივილიზაცია მოდის ცეცხლის გამოყენების სწავლისაგან და ამგვარი სიმბოლოებით ჩვენ ვხვდებით, რომ პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე.

პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი, ერთი მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს. კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ ფიზიკურზე მიჯაჭვული აზროვნება გაანთავისუფლა ჰერაკლემ.

რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა. საერთოდ, ძველბერძნული მისტერიები თავისი ხასიათით პროფეტური იყო. ძველი საბერძნეთის ცენტრალური მისტერიები „ელოიზისის" მისტერიები იყო. სიტყვა „ელიოზის" ძველბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მოწევნადს, მოვლინებადს, წინასწარ განჭვრეტას მომავლისას. ჰერაკლეს სახე არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა, რომელიც დაკავშირებულია ნელეოლობასთან, სულის აქტივობასთან და კერძოდ იმასთან, რასაც ქრისტიანობაში სასუფევლის ძალით აღება ჰქვია, ვინაიდან ქრისტიანული ინიციაციის არსი იესო ქრისტემ განმარტა როგორც სასუფევლის აღექა ძალისხმევით („სასუფეველი იიძულების"). ამრიგად, ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ როგორც ინიციაციის სხვადასხვა საფეხურები, სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეები, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს განთავისუფლება, ანუ აზრის განთავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა.

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 456 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: