საქართველოს ქონება მთავრობის ახლობლებისთვის. - 16 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 16 » საქართველოს ქონება მთავრობის ახლობლებისთვის.
0:38 AM
საქართველოს ქონება მთავრობის ახლობლებისთვის.

           აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წლის დასაწყისში ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში 12 971 კვადრატული მეტრი მიწა, ასევე ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 14 443 კვადრატული მეტრი მიწა, ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში 312 კვადრატული მეტრი შენობა და 2467 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ანუ ჯამში 30 193 კვადრატული მეტრი მიწა 2 741 401 ლარად გაყიდა. ქონება, რომელიც, ძირითადად, ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს, უკვე კომპანია „სისთემ ინშაათის" საკუთრებაა.

ამ გარიგების თანახმად, აჭარის ფინანსთა სამინისტრომ ზღვისპირა ზოლში ერთ კვადრატული მეტრი სახელმწიფო ქონება 90 ლარად გაყიდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 100-ჯერ იაფია. შესაბამისად, თუ „სისთემ ინშაათი" აჭარის მთავრობისგან დაახლოებით 2,5 მილიონად ნაყიდ მიწას, ერთ კვადრატულ მეტრს, მინიმუმ 1000 ლარად გადაყიდის, ის თითქმის 27,5 მილიონ ლარს მოიგებს.

რატომ გაუწია სახელმწიფომ რამდენიმე მილიონიანი შეღავათი „სისთემ ინშაათს"? – ამ კითხვის საპასუხოდ აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში წერია: „სისთემ ინშაათმა" 2012 წლის 1 ივლისამდე უნდა დაიწყოს მშენებლობა შ. ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში. ამ ზონაში მან 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.

იმავე პერიოდში იმავე კომპანიამ კახაბრის დასახლებაში 150-ნომრიანი სასტუმროც უნდა ააშენოს.

სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი, რას გააკეთებს მწვანე კოცხზე სისთემ ინშაათი, რომელსაც ეს ქონება 1 ლარად გადასცა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, ეს მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ კომპანიას ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მისცა.

ვინ არის სისთემ ინაშაათი? – საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს არის კომპანია, რომელიც 2011 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა. მისი დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე ბურაქ ბაშლილარია.

ბურაქ ბაშლილარი აჭარის მთავრობის განსაკუთრებული პარტნიორია. მის კომპანიას დაფუძნებიდან 12 დღეში მთავრობამ სხვა ქონებაც გადასცა, მათ შორის არის ბათუმის დრამატული თეატრის უკან არსებული გმირთა სკვერი, სადაც ინვესტორმა 40-სართულიანი კომპლექსი უნდა ააშენოს. „გმირთა სკვერის" მიმდებარე ტერიტორიაში ინვესტორმა თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები – 914 130 ლარი გადაიხადა.

ქონების გაყიდვის უფლებით სარგებლობს ბათუმის მერიაც – მერია თავის ბალანსზე არსებულ ქონებას ყიდის. ერთ-ერთი ასეთი ქონება – ჯორჯიაშვილის ქუჩის 27 ნომერში, ასლან აბაშიძის მთავრობის წევრის, დავით ბაკურიძისთვის ჩამორთმეული 620 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მერიამ 23 484 ლარად კომპანია „ზუდატას" გადასცა. ანუ ბათუმის ცენტრში კომპანიამ ერთ კვადრატულ მეტრში 33 ლარი გადაიხადა.

`ზუდატას~ სამი დამფუძნებელი ჰყავს – ზურაბ წითელაძე, ამირან ჭედია და დავით დუმბაძე. რეესტრის მიხედვით, პირველი ორი საქართველოს მოქალაქეები არიან, დუმბაძე კი – რუსეთის მოქალაქეა. სამივე მესაკუთრე კომპანიაში 33-33-პროცენტიან წილს ფლობს.

კომპანია „ზუდატასთვის" სახელმწიფო ქონების იაფად გადაცემას ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე ასე ხსნის:

„ზუდატამ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის პირობა ასეთი იყო – 6 ბინა, მთლიანობაში 448 კვადრატული მეტრი, ბათუმის მერიისთვის უნდა გადმოეცა და გადმოგვცა კიდეც. ეს ბინები ადლიის ხალხს გავუნაწილეთ".

გელა მახარაძე ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა არავის მოუხდენია, მათ შორის არც ამირან ჭედიას მამას, ნუგზარ ჭედიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია.

ამირან ჭედია, ქონების ყიდვის დროს, 19 წლის იყო. საბაზრო ფასებთან შედარებით ძალიან იაფად ჭედიების ოჯახს მერიისგან სხვა ქონებაც აქვს შესყიდული.

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 355 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: