მთავარი » 2012 » მაისი » 16 » საქართველოს ქონება 1 ლარად პრეზიდენტის დედას და ახლობლებს.
0:22 AM
საქართველოს ქონება 1 ლარად პრეზიდენტის დედას და ახლობლებს.

              საკაშვილის დედის გიული ალასანიას კომპანიას, აჭარის მთავორბამ 1 ლარად მიყიდა ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა.

     2011 წლის 5 დეკემბერს აჭარის მთავრობამ ბათუმში, ჯავახიშვილის 5-ში მდებარე 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 987კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების 1 მილიონზე მეტ ლარადაა შეფასებული) „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიჰყიდა. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია გიული ალასანია. იგი ასევე ფლობს 37.5%-იან წილს შპს "საქართველოს უნივერსიტეტში", რომელიც არის "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის" 100%-იანი წილის მფლობელი.

         ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდენტის დედის კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 1 ლარად შეძენილ ობიექტში 12 თვის ვადაში (ეს ვადა იწურება 2012 წლის 5 დეკემბერს) აამოქმედოს 60 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო სკოლა და განახორციელოს არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია. საშუალოს სკოლის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

          აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით.

          კომპანია „ჰესტოკ ბათუმი" მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ობელისკის ადგილზე საბაგირო გზის მშენებლობას ერთ თვეში დაიწყებს – ინფორმაცია „ბათუმელებთან" საუბარში კომპანიის იურისტმა, რომან ფუტკარაძემ დაადასტურა. კომპანიამ საბაგირო გზის მშენებლობის ვალდებულება 2009 წლის 29 ივლისს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით აიღო. „ჰესტოკ ბათუმმა" ფერიის მთაზე გასართობი კომპლექსი „არგო" უნდა ააშენოს, რომელიც ქალაქთან სამკილომეტრიანი საბაგირო გზით იქნება დაკავშირებული.

         მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობის ნებართვა კომპანიისთვის ჯერ არ მიუცია, ამ ეტაპისთვის არც საბაგირო გზის პროექტია დასრულებული და ოფიციალურად რეგისტრირებული: „ეს არის მეხუთე კატეგორიის ობიექტი, ამიტომ ნებართვას სამინისტრო იძლევა. პირველი ეტაპის ნებართვა მინიმუმ 15 მარტისთვის უნდა მივიღოთ. იმედი გვაქვს, რომ სხვა ეტაპის ნებართვებსაც მოვიპოვებთ"- ამბობს რომან ფუტკარაძე.
           პროექტზე მუშაობის დაწყების პირველ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დასაზუსტებელი იყო საბაგირო გზის მარშრუტი, რადგან იგი კერძო საკუთრებაზე გადიოდა. რომან ფუტკარაძის თქმით, „მოლაპარაკებები უნდა გვეწარმოებინა კერძო პირებთან, მაგრამ შემდგომში პროექტი შეიცვალა და ხიმინჯების კერძო ტერიტორიებზე განთავსება საჭირო აღარ დარჩა. ყველა ხიმინჯი სახელმწიფო საკუთრებაზეა განთავსებული, ეს მიწები პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფომ ერთი კვირის წინ გადმოგვცა." მისივე ინფორმაციით, ფერიის მთაზე „არგოს" მშენებლობა უკვე დასრულებულია: `მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მალე ტენდერიც გამოცხადდება". ხოლო იმ ადგილზე, სადაც ობელისკი იყო, საბაგირო გზის სადგური განთავსდება: „საზღვრები ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ სულ ცოტა 630 კვ/მ ფართობზე უნდა აიგოს სადგური. საბაგირო გზის მშენებლობას ავსტრიული კომპანია „დობერმაიერი"აწარმოებს".
                 2009 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. სანაცვლოდ, აჭარის მთავრობამ „ჰესტოკ ბათუმს" 16 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება 1 ლარად გადასცა. გარდა აღნიშნული პირობისა, კომპანიას ამ ხელშეკრულების ფარგლებში, `არგოდან~ 1000 მეტრით დაშორებულ პატარა მთაზე ეკლესიაც უნდა აეშენებინა. მშენებლობის ღირებულება არანაკლებ 2 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ეს ვალდებულება სახელმწიფომ ფერიის მთაზე დაწყებული ეკლესიის საძირკვლის დანგრევის სანაცვლოდ აიღო, რასაც 2007 წელს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება მოჰყვა. რომან ფუტკარაძის განცხადებით, ხელშეკრულების მიხედვით სახელმწიფოს ვალდებულება იყო, ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთი გამოეყო: „ის მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყვეს ეკლესიის ასაშენებლად, მშენებლობისთვის საკმაოდ მცირე აღმოჩნდა, ამიტომ, ირგვლივ მომიჯნავე ტერიტორიების მეპატრონეებთან სახელმწიფო მოლაპარაკებას აწარმოებს და როცა სახელმწიფო გამოყოფს სამშენებლო მოედანს, მშენებლობაც დაიწყება."

                                                                                                          *         *           *

        2011 წელს აჭარის მთავრობამ 30 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გაყიდა. მიწის ნაწილი ძველ ბათუმსა და სანაპირო ზოლშია, ნაწილი კი - აჭარის სხვადასხვა სოფელში. მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საჩუქარი შეხვდა ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსაც. რა სარგებელს ნახავს ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო?

     1 ლარად გაიყიდა ხელვაჩაურში, სოფელ მეჯინისწყალში, 1113 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და 1613 კვადრატული მეტრი მიწა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „ბაქარა ბესიჯილიქ ეთვეგიდა ურუნლერი ფაზარლამა ითჰალათ იჰრაჯათ სანაი ვე თიჯარეთ"-ს (თურქული კომპანია) ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2011 წლის 24 თებერვლიდან, 6 თვეში უნდა შეექმნა პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმოო. იმავე ხელშეკრულების პირობით, ამ კომპანიას საწარმოს შესაქმნელად I მილიონი დოლარი უნდა დაეხარჯა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვეში კი, საქართველოს არანაკლებ 60 მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

         ჟურნალისტებმა ადგილზე გადაამოწმეს სოფელ მეჯინისწყალზე რამდენად სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები. მეჯინისწყალზე კომპანია „ბაქარას" ნამდვილად აქვს გარკვეული სამუშაოები შესრულებული, თუმცა იქ, ჯერჯერობით, არავითარი საწარმოო არ ფუნქციონირებს და, შესაბამისად, არც ერთი ადამიანი არ არის დასაქმებული.

        ბათუმის სამრეწველო უბნის რწმუნებულ/გამგებელი დავით ირემაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს მომავლისთვის ამ საწარმოში და არც იმის შესახებ გაუგია რაიმე, როდისთვის იგეგმება მშენებლობის დაწყება.

*   *   *
      გასულ ზაფხულს, პირდაპირი მიყიდვის წესით და 1 ლარად შპს „ვენტოს" 301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისცეს ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ ქონება იმის გამო აჩუქა, რომ მიწის მიღებიდან 4 თვეში აეშენებინა ელექტროქვესადგური, რათა ირგვლივ დასახლებისთვის შეუზღუდავად მიეწოდებინა ელექტროენერგია.

          ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა იზრუნოს შპს „ვენტომ" იმაზე, რომ „ირგვლივ მდებარე ობიექტებისთვის არ შეიზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება", ანუ „ენერგო-პრო ჯორჯიას" ფუნქცია შეასრულოს.

      შპს „ვენტო" და „რივიერა", ერთი შეხედვით, ყაზახური ინვესტიციის ნაწილია, ანუ ეკუთვნის სილქ როუდ ჯგუფს... ამ ჯგუფის შესახებ ქართულ საზოგადოებას 2006 წელს მიხეილ სააკაშვილი მოუყვა. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ ყაზახური ჯგუფი 2008 წლისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა, ანუ აჭარის ზღვისპირა ზოლში ახალ სასტუმროებს ააშენებდა. 21 ძველი სასტუმროდან დევნილები მაშინ სპეცრაზმის ძალით იმიტომ გამოასახლეს, რომ ინვესტორს ახალი სასტუმროების აშენებაში ხელი არ შეშლოდა. მაშინ ინვესტორმა 17 მილიონი ლარი გადაუხადა სახელმწიფოს, აქედან 14 მილიონი დევნილების კომპენსაციას მოხმარდა. სასტუმროებიდან მხოლოდ „რედისონი" აშენდა, დევნილების ნაწილი კი ახლაც უსახლკაროა და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.

  აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გაყიდული 21 სასტუმრო ეკუთვნის არა სილქ როუდ ჯგუფს, როგორც ეს პრეზიდენტმა თქვა, არამედ კომპანია Adjara Hirizonts Holding B.V -ს, რომელიც ჰოლანდიაში ამ ქონების ყიდვამდე 5 დღით ადრე დააფუძნეს და რომელსაც მხოლოდ თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს სილქ როუდ ჯგუფთან გაფორმებული. არავის უთქვამს, ამ კომპანიის დამფუძნებლები ვინ არიან.
     ცხადია, არსებითად არაფერს ცვლის ის, თუ რომელი ეროვნების ინვესტორმა - ქართველმა თუ ყაზახმა, ვერ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ანუ 2008 და 2011 წლისთვის ვერც ერთი სასტუმრო ვერ ააშენა (გარდა „რედისონისა"). პირობის დარღვევისთვის სილქ როუდ ჯგუფის მიმართ, სხვა ბიზნესისგან განსხვავებით, სახელმწიფოს სანქცია არ გაუტარებია, უფრო პირიქით, როგორც ამ კომპანიის დირექტორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა „ბათუმელებს" უთხრა, სასტუმროების აშენებისთვის ვადა 2019 წლამდე გაუგრძელეს.

   ამ ნაწილში რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის „ბათუმელებს" ზურაბ ჭურკვეიძე, ფინანსთა სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტიდან. მისი ინფორმაციით, „რაც შეეხება სილქ როუდ ჯგუფს, ანუ ვენტოს დამფუძნებელს, Adjara Hirizonts Holding B.V -ს, კომპანიის მიერ შესრულებული იქნა ერთ-ერთი ვალდებულება, კერძოდ, აშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებულია ყოფილი სასტუმრო „მედეას" ტერიტორიაზე სასტუმრო „რედისონი", ხოლო სხვა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა ნასყიდობის ხელშეკრულების გადახედვის თაობაზე". 

     (ხელშეკრულების პირობების დარღვევის დროს შეიძლება დაჯარიმება ან ნაყიდი ქონების ჩამორთმევა. სწორედ ასე მოექცა სახელმწიფო, მაგალითად, ცნობილ ფეხბურთელს კახა კალაძეს. მან 2008 წლის 15 სექტემბრიდან მოყოლებული სახელმწიფოს ყოველდღიურად, ჯარიმის სახით, 19 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს).

      რეგიონმა, რომელსაც 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი, ანუ სიღატაკის ზღვარზე 18 387 ოჯახი ჰყავს (აჭარაში სულ 96 ათასი ოჯახი ცხოვრობს), რატომ უნდა აჩუქოს   301 კვადრატული მეტრი მიწა ზღვის სანაპირო ზოლში კომპანიას, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთ მდიდარ მოთამაშედ მიიჩნევა და რომელსაც აქამდეც არაერთხელ მიანიჭა პრივილეგია სახელმწიფომ? - ამ კითხვით მივმართეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ვაჟა ბოლქვაძეს, რომლის უწყებაც ლევან ვარშალომიძის გადაწყვეტილებებს კანონიერ სახეს აძლევს. კითხვაზე „ბათუმელებს"ელექტრონულ ფორმატში სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტიდან ზურაბ ჭურკვეიძე პასუხობს. მის შეტყობინებაში ვკითხულობთ: „მოგეხსენებათ, დასრულდა ანბანის კოშკის და სკვერის მშენებლობა, ამასთან იგეგმება იახტკლუბის მოდერნიზაცია, რომელსაც სჭირდება დამატებითი კვების წყარო, გამომდინარე აქედან, პრივატიზება განპირობებულიყო იმისათვის, რომ ირგვლივ მდებარე სახელმწიფო ქონებაზე შესაძლებელიყოს ელექტროენერგიით მომარაგება".

      1 ლარად თითქმის ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპიროზე აჭარის მთავრობისგან ზარიფა ჰამზაევასაც შეხვდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს ქალი აზერბაიჯანში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ზარიფა ჰამზაევას ქართულმა სახელმწიფომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვეში 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 100 მოქალაქის დასაქმება დაავალა. ჰამზაევასთან ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა სამინისტროს გასული წლის 17 ივნისს გაუფორმებია.

           ბათუმში, მარინასა და აკვაპარკს შორის ასაშენებელი სასტუმროსთვის, ზარიფა ჰამზაევასთვის მიცემულ ტერიტორიაზე, ჯერ საძირკველიც კი არ არის გათხრილი, ანუ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილის მეგობარსა და საქმიან პარტნიორს 100-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად 12 თვე აქვს დარჩენილი.

   აზერბაიჯანულენოვანი რადიო  „თავისუფლების" ცნობით, ზარიფა ჰამზაევა და პრეზიდენტ ალიევის ქალიშვილი საკმაოდ სკანდალური პიროვნებები არიან. რადიო „თავისუფლების" ცნობით, ამ ორი ქალის საქმიანობას „თან ახლდა და ახლავს მთელი რიგი სამართალდარღვევები და კორუფციული ელემენტები".

         რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით (2010 წლის 13 აგვისტო), ალიევასა და ზარიფა ჰამზაევას ჰოლდინგში, რომელიც აზერბაიჯანის ნაციონალური ავიაგადამზიდავი ავიაკომპანიის - „აზალის" პრეზიდენტის, ჯანგირ ასკეროვის ცოლია, 23 კომპანიაა გაერთიანებული და ავიაციის სფეროს მომსახურებაში დომინანტური როლი აქვს. 
    ზარიფას ბათუმში მიღებული საჩუქრის შესახებ აზერბაიჯანულ მედიაში არაფერი წერია. აზერბაიჯანელი მდიდარი ქალბატონისთვის საჩუქრის მიღების ცერემონიალს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მისი ნდობით აღჭურვილი პირი ელნურ მამედოვი ესწრებოდა.
აჭარის მთავრობას 1 ლარად გაუყიდია 32 382 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის სოფელ ხუცუბანში. ეს ქონება, აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეკუთვნის შპს „LEGI"-ს. ამ კომპანიას 2011 წლის ბოლომდე უნდა აეშენებინა ბეტონის საწარმოო, რის ასაშენებლადაც მინიმუმ 1 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა. კიდევ ერთი ვალდებულება: მომდევნო 3 წლის განმავლობაში 40 ადამიანის დასაქმება.

       სოფელ ხუცუბნის რწმუნებულის, ზურაბ ბაჯელიძის ცნობით, ამ დროისთვის სოფელში საწარმო არ გახსნილა. მისივე ინფორმაციით, „ლეგი" საწარმოს მდინარე კინტრიშთან ახლოს აშენებს. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ამ მდინარიდან მომავალში ინერტული მასალების ამოღება იგეგმება.

         გარემოსდამცველი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ კინტრიშიდან ინერტული მასალის ამოღებას თუ დაიწყებენ, შავი ზღვის ორაგული, რომელიც წითელ ნუსხაში შეყვანილი სახეობაა, საქვირითე მიგრაციას ვეღარ შეძლებს: „პროექტს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, კატასტროფა იქნება, რადგან ორაგულის საქვირითე მდინარეები, აფხაზეთის მდინარეების გამოკლებით, მაჭახელა და კინტრიშია. ვიცით, რომ მაჭახელაზე ჰესები უნდა აშენდეს, კინტრიში კი ორაგულისთვის ბოლო თავშესაფარია".

    ბათუმში, შავშეთისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, 1 ლარად ქონება შეხვდა კომპანია „მერსინ ტურიზმს". ამ კომპანიას ლევან ვარშალომიძის ბრძანებით 5196 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 4707 კვადრატული მეტრი შენობა აჩუქეს.

           25 ჰექტარი მიწა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში 1 ლარად შეხვდა  „აგრო დეკორ სერვისსაც". კომპანიამ 2014 წლის ბოლომდე ამ სოფელში სასათბურე მეურნეობა უნდა ჩამოაყალიბოს, სადაც მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს.

           გასულ წელს ქონება 1 ლარად, ძირითადად, უცხოეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს შეხვდათ, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება: არის ობიექტები, რომლებიც სამინისტრომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაასხვისა და ისეთი შემთხვევაც არ არის ძალიან ცოტა, როცა მიწა ბათუმში სიმბოლურ ფასად გაიყიდა. მაგალითად, აჭარის ხელისუფლების ერთ-ერთ რჩეულ შპს სესაიდე-ს - 50 001 ლარად ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზე მთლიანობაში 1753 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მისცეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია კი სულ 2900 კვადრატული კილომეტრია.

                                                                                              პეტრას ციხე ერთ ლარად გაიყიდა

              ინფორმაციას ამის შესახებ პეტრას მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი, ირაკლი ჩავლეიშვილი ავრცელებს. „ბათუმელებთან" საუბარში იგი ამბობს, რომ ციხის გასხვისების შესახებ ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო: „შემთხვევით, ბუღალტერისგან გავიგე ეს ინფორმაცია, რომ პეტრას ციხე ერთ ლარად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, უკრაინის მოქალაქისთვის 49 წლიანი იჯარით გადაუცია".

        ჩავლეიშვილის ინფორმაციის თანახმად ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს ციხე და მასზე მიმაგრებული 3 200 კვ/მ ფართობის მიწა გადაეცა, სადაც  500 000 ლარის ინვესტიცია უნდა დააბანდოს.

      „ინვესტორმა ციხის ტერიტორიაზე გასართობი ცენტრი და საზოგადოებრივი კვების ობიექტი უნდა მოაწყოს. საუბარია ციხის ჩრდილოეთის კედლის და დასავლეთის კოშკის რესტავრაციაზეც. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი სამნავიანი ბაზილიკის ნაშთების და აბანოს თაობაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრებია  ჩასატერებელი და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი.

               ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, აჭარაში მხოლოდ ორი ძეგლი პეტრას ციხე და გონიოა მონუმენტარული, ამიტომ ასეთი ძეგლების ჩუმად გასხვისება მიუღებელია. „სხვას რომ თავი დავანებოთ, აქ არის მორალური მხარეც, რადგან ქართველებმა ბოლო გამარჯვება სწორედ პეტრას ციხესთან იზეიმეს, როცა აჭარა დანარჩენ საქართველოს შემოუერთდა. საერთოდ ეკლესიის ინფორმირების გარეშეც არ უნდა მომხდარიყო გასხვისება, რადგან კონკორდატის მიხედვით, საკულტო ნაგებობებზე ეკლესიას გააჩნია თავისი უფლებები.”

         ისტორიული ციხე-ქალაქის, პეტრას ნანგრევები სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს. ციხე-მუზეუმი ნაკრძალად 1999 წელს ჩამოყალიბდა.  ციხის შესახებ მოპოვებული ინფორმაციები პირველი ათასწლეულით თარიღდება, თუმცა როგორც ქალაქი, პეტრას ციხე მეექვსე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
ნანახია: 1424 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: