როგორ შეიერთა საბოლოოდ თურქეთმა ტაო-კლარჯეთი. - 10 ივნისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივნისი » 10 » როგორ შეიერთა საბოლოოდ თურქეთმა ტაო-კლარჯეთი.
0:43 AM
როგორ შეიერთა საბოლოოდ თურქეთმა ტაო-კლარჯეთი.
          ყარსის ხელშეკრულება
       1921 წლის 26 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალჩინოსან თურქ სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს მოუყრიათ თავი. ერთ-ერთს მკაცრი და ამაყი გამოხედვა აქვს და ბრძანებებს იძლევა. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან დეპუტატი მუხტარ ბეი და აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი, რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და სხვა ოფიციალური პირები. 
       თურქები ალექსანდროპოლიდან გამოსულ სპეციალურ მატარებელს ელოდებიან. როგორც იქნა, სამვაგონიანმა ორთქლმავალმა მოაღწია ყარსის სადგურს. სალონ-ვაგონიდან გადმოდიან საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა; სომხეთის სსრ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი, სულ ბოლოს კი დამხმარე ტექნიკური პერსონალი. 
              მასპინძელმა თურქებმა სტუმრები მოლაპარაკებისთვის საგანგებოდ მომზადებული ყარსის ვალის (მმართველის) რეზიდენციისკენ წაიყვანეს.
მეორე დღეს მუშაობას იწყებდა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება: უნდა შეთანხმებულიყო და  ხელმოწერებით განმტკიცებულიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, საბოლოოდ წყვეტდა ურთულეს პრობლემას - სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხს. ეს ეხებოდა აჭარას (ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორს), აგრეთვე ართვინის ოლქს (მთლიანად) და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთში - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანში კი ნახჭევანს.
         მოლაპარაკება, რომელიც ყარსში იწყებოდა, და დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ, ქართული დიპლომატიის ისტორიაში ყარსის კონფერენციისა და ყარსის ხელშეკრულების სახელით გახდება ცნობილი, მანამდე კი დელეგაციებს წინ ორკვირიანი შეხვედრები, ხანგრძლივი მსჯელობა, მწვავე დისკუსიები და საბოლოოდ, ეროვნულ სირცხვილზე ხელმოწერა ელოდებათ. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის ვალის რეზიდენციაში...  
       ყარსის კონფერენციას წინ უსწრებდა არაერთი დრამატული მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლოებით მოცული ფაქტი საქართველო-თურქეთისა და საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევრებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა, თუმცაღა არქივები ჯერ კიდევ ბევრ უცნობ დოკუმენტებს ინახავენ.
სან-სტეფანოს ზავიდან მოსკოვის ხელშეკრულებამდე
          საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ძალზე ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს); XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება 1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული ოსმალეთისაგან ისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო. 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისაგან კონტრიბუციის სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი იურიდიულად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის სამხედრო თეატრს კორექტივები შეჰქონდა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებში: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით),  ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კი პროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე. წ. ყარსის რესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში. საქართველოს მთავრობის დიპლომატიისა და ქართული შეიარაღებული ძალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც პირველ მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) დავიბრუნეთ, ქვეყნის ხელისუფლების კონტროლირებულმა სახელმწიფო ტერიტორიის ფართობმა თითქმის აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა.
           აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტურმა თურქეთის მთავრობებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. საინტერესოა, რომ იმ პერიოდში ვლადიმერ ლენინისა და მუსტაფა ქემალის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ევროპულ ინტერვენციას ებრძოდა, ანტანტა მოსკოვსა და ანგორას (დღ.ანკარა) მტრად მიაჩნდათ. ბუნებრივია, საერთო პრობლემებმა საგარეო-პოლიტიკურ ინტერესთა დამთხვევა გამოიწვია - მოსკოვმა ქემალისტებს საბრძოლო იარაღი და ფინანსები მიაშველა. ბოლშევიკებს უფრო შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ - საბჭოთა რუსეთი ქემალისტურ მთავრობას ახლო აღმოსავლეთში ბოლშევიკური იდეების გატარების (მსოფლიო პროლეტრული რევოლუციის) საშუალებად განიხილავდა. სულ სხვაგვარი იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია - მკვეთრად გამოხატული დასავლური ვექტორით. რასაკვირველია, როგორც ქემალისტები, ასევე კომუნისტები ქართველ სოციალ-დემოკრატებს ეჭვით უყურებდნენ და თბილისის დიპლომატია აშკარად არ მოსწონდათ.
          კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც თურქ ქემალისტებსა და რუს კომუნისტებს აერთიანებდა: ორივენი ცდილობდნენ ყოფილი იმპერიების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია გაეკონტროლებინათ. უფრო მეტიც, ანგორის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს (ანუ აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა. ქემალისტებმა თავიანთი ამბიცია იურიდიულადაც დააფიქსირეს სივასის კონგრესზე და აიძულეს იმ დროისათვის უკვე ინგლისელების ხელში მარიონეტად ქცეული ოსმალეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც "დედასამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთან, პარლამენტმა „ეროვნულ აღთქმაში" მოსახლეობის ნების პლებისციტით გამო-ხატვის პრინციპიც შეიტანა. "აღთქმის" საფუძველზე პირველი პროტესტი ტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში გამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა იმ დროს ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო, - ატყობინებდა ქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში.  
         "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია დაფიქსირებული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია. 
"ბათუმი და ართვინ-არტაანი ჩვენია!"
           თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. 1920 წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების დადებაც. საინტერესოა, რომ  ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი ანგორის მთავრობის დელეგაცია იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც ქემალისტებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი.
         საბჭოთა სარკინიგზო ტრანსპორტის ცუდი მუშაობის გამო თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში ჩასვლა დააგვიანა. თურმე ბაქოში მათი ვაგონი შეცდომით რომელიღაც მეორეხარისხოვანი ეშელონისთვის ჩაუბამთ. იუსუფ ქემალი თითქმის ყოველი სადგურიდან ტელეფონით უკავშირდებოდა საგარეო საქმეთა სახკომს გიორგი ჩიჩერინს და დახმარებას სთხოვდა, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. როგორც იქნა, 1921 წლის 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის კონფერენცია 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.
              ამ დროს კი საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავეს, მთავრობა ევაკუირებულია ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში... მარტის დასაწყისში ანგორიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის...
KvirisPalitra.Ge
       როგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებით ირკვევა, გიორგი ჩიჩერინი წინააღმდეგი ყოფილა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში სომეხთა ლობისტად წოდებული ჩიჩერინი მართლაც "კბილებით იცავდა" სომეხთა ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს  დაებრუნებინათ ყარსი და ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი, ყოფილი ლენინაკანი), რომლებიც ქემალისტებმა სომხეთთან 1920 წლის აგვისტოს ბოლოს დაწყებული ომის დროს ჩაიგდეს ხელში. ცნობილი რუსი დიპლომატის ამგვარ მოქმედებას თურქეთის დელეგაცია ძალზე გაუნაწყენებია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ. საქართველოს პატრონი კი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო. ჩვენი მოსკოველი ელჩი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას ჰპირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რომ ჩვენს სამხედრო გარნიზონებს უმოკლეს ვადაში ართვინი და არტაანი დაეტოვებინათ.
      და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი, იგივე კობა.
"კობა, მიდი ერთი თურქებს დაელაპარაკე"
       ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის, მუსატაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს, როგორც უკვე ვთქვით, აღმოსავლეთში თავის მნიშვნელოვან რევოლუციურ მოკავშირედ მიაჩნევდა. როგორც თურქი მკვლევრები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი ისტორიკოსებიც.
       9 მარტს, გვიან ღამით, ლენინმა თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა, 10 მარტს იუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები ბათუმ-ართვინისა და ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.
     იბადება კითხვა: მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო? ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ კობამ პრიორიტეტი მიანიჭა ბათუმს, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურსა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას, სხვა ქართული მიწები კი, სომხურთან ერთად, თურქებს დაუთმო. თუმცაღა, ბათუმის შენარჩუნებაც საეჭვო კომპრომისად გამოიყურება: თურქებს თითქოსდა უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ კარგი, გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.
          რასაკვირველია, კობამ კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის აკვანი იყო - მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი? მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი მუსლიმანებს დარჩათ? ასე იყო თუ ისე, საქართველომ ტერიტორიის თითქმის 1/3 დაკარგა.
ძმობა და მეგობრობა... უვადოდ
              1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ დიპლომატიური მოვლენა ხდება: ხელი უნდა მოეწეროს რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას. აი, სხდომათა დარბაზში შედის თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...
ჩიჩერინი თურქ დიპლომატებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი დევს. დგება მნიშვნელოვანი  მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელი ჯელალ კორკმასოვი აწერენ, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი.
       მორჩა! ქართველთა დაუკითხავად, თბილისიდან შორს, მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებით" გადაწყდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიისა და საზღვრების ბედი. 
მოსკოვის ხელშეკრულებითაა "დაბადებული" ყარსის ხელშეკრულებაც. 
          მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. "ცნებაში  "თურქეთი" იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრა ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის "ეროვნული აღთქმით". შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: "თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად".
           მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ კრემლი მათზე ზეწოლას მოახდენდა. საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს(უკლონისტებს), ისე მათ სომეხ კოლეგებს, ტერიტორიების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. შესაბამისად, როცა ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ყარსში გაიმართებაო, მათ რევანშის აღება განიზრახეს. პარტიის ცენტრალური ხაზიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი დირექტივა მისცა ქართველ და სომეხ ამხანაგებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების ჩარჩოების მკაცრი დაცვით; კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებმა მოახდინონ თურქეთთან სოლიდარობის დემონსტრაცია; არ დაუშვან ცალკეული რესპუბლიკების სეპარატისტული გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა პრეტენზიების წამოყენება, თუმცა უკლონისტებმა ბედი მაინც სცადეს.
ქართული ოპოზიციის დემარში 
            კონფერენციის დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, სომხებმა კი ისტორიული ქალაქ ანისის ტერიტორიის (ნანგრევების) დაბრუნება. ქემალისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში "ნეიტრალური ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის)  შექმნა მოისურვეს. 
სამწუხაროდ, ყარსის ვალის რეზიდენციაში ქართველთა და სომეხთა თურქებთან გამართულმა ცხარე დისკუსიებმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ აზერბაიჯანის დელეგაცია იყო.
           1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია, მაგრამ გავიხსენოთ "ეროვნული აღთქმა", რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.
            ყარსის ხელშეკრულებით რუსეთი თურქეთს უთმობდა საქართველოს შემდეგ ოლქებს: 1. ართვინი 3339 კვ კმ და 73000 კაცი; 2. ფოცხოვი 588 კვ. კმ  და 19.000 კაცი; 3. არტაანი 5137 კვ. კმ და 65.000 კაცი; 4ოლთისი 3051 კვ. კმ  და 36.000 კაცი. სულ 12115 კვ კმ და 193000 კაცი. აქედან 1921 წლის დასაწყისისთვის საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებდა არტაანის, ართვინისა და ფოცხოვის ოლქებს და ოლთისის ოლქის 25%-ს, ანუ 9969,71 კვ კმ, 158727 კაცით.
     ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა, ლეგალურმა ოპოზიციამ  (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებმა) მისი დებულებები უარყოფითად შეაფასა. განსაკუთრებით მწვავედ გამოხატეს უკმაყოფილება ხელშეკრულების რატიფიცირების დროს. 1922 წლის 14 აპრილს საგანგებო სესიაზე შალვა ელიავამ ცაკ-ის წევრებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. ოპოზიციონერმა, სოციალისტ-ფედერალისტმა სიმონ ხუნდაძემ კი ელიავას ხელმოწერილი დოკუმენტი მკაცრად გააკრიტიკა - საქართველოს საზღვრების წამგებიანად გადაწყვეტის გამო. აჭარის წარმომადგენლებმა თოდრიამ და ხიმშიაშვილმაც უარყოფითად შეაფასეს აჭარის სამხრეთი ნაწილის თურქეთისათვის გადაცემა. დისკუსიის გამო რატიფიცირების პროცედურა გაჭიანურდა, საბოლოოდ კი ღამის 12 საათისთვის მაინც დაამტკიცეს, თავი მხოლოდ სამმა კაცმა შეიკავა. ალბათ, მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგნენ ისინი, როცა საბჭოთა საგარეო პოლიტიკასა და ბოლშევიკებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ.
          თურქულმა მხარემ კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ყარსის შემდგომ
          ყარსის ხელშეკრულების დადების შემდგომ თურქეთ-საქართველოს (თურქეთ-საბჭოთა კავშირის) ურთიერთობა წარმატებით განვითარდა, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიკვდილის შემდგომ კი გაუარესდა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის წლებში, როცა ნეიტრალიტეტგამოცხადებულმა თურქეთმა გერმანიასთან  თანამშრომლობა დაიწყო. სანამ ვერმახტი საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა,  კრემლი იძულებული იყო, მოეთმინა თურქეთის პოლიტიკური ზიგზაგები, მაგრამ როცა საბჭოთა არმია მომძლავრდა, ამბობენ, რომ თითქოს იოსებ სტალინმა ანკარას 1921 წლის ხელშეკრულებები გაუხსენა და ოფიციალურად ჯერ პოტსდამის კონფერენციაზე, შემდეგ კი გაეროს გენასამბლეის სესიაზე ქართული და პარალელურად სომხური მიწების დაბრუნება მოსთხოვა. ეს ფაქტი ძნელად დასაჯერებელია, რადგან სტალინს რმ მოენდომებინა თურქეთი წინ ვერ აღუდგებოდა. საბჭოთა საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო დიპლომატიის ეს პერიოდი დღესაც შეუსწავლელია. არადა, 45 წლის წინანდელ პრესაში შემონახულია ქართველი მეცნიერების წერილი: "თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი"; არქივებში შემონახულია ანკარაში საბჭოთა საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებები; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, ართვინის, არტაანისა და ყარსზე შეტევის საიდუმლო გეგმები; ეკონომიკური გარდაქმნის პროექტები, რომელიც დაბრუნებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო; საქართველოს კომპარტიის მიერ ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია, ქართველი პოეტების ლექსები რუბრიკით "სამხრეთის საზღვარზე" და "ფიქრები ტრაპიზონის ოლქკომზე". 
              დასასრულ, 20 წლის წინ, საქართველოსა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა... ეს ცალკე საუბრის თემაა...
             სულ რაღაც სამიოდე წლის წინ ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტ-პოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება ისტორიის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი დიპლომატიური დოკუმენტის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამ... ხშირად წარსულის შეცდომები თავს გვახსენებს: 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიამ, თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი ლიდერის მოსკოვურმა ვიზიტებმა და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრობლემა არსებობს. 
            საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, "უკვდავია": ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახჭევანის კუთვნილების გამო; ბ) სანამ არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება, რადგან  ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული.
          და ბოლოს. 1990 წ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი, რომლითაც საქართველო 1921 წლიდან ოუპირებულად გამოცხადდა, მისი კომუნისტური ხელისუფლება კი საოკუპაციო რეჟიმად(ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჟორდანიას მთავრობას არ მოუხსნია უფლებამოსილება და არ გამოუცხადებია კაპიტულაცია. კომუნისტებმა კი ისე დაამყარეს თავიანთი მმართველობა, რომ არ ჩაუტარებიათ არანაირი სახალხო გამოკითხვა(პლებისციტი, რეფერენდუმი)). შესაბამისად კომუნისტური ხელისუფლების მონაწილეობით ხელმოწერილმა ყველა დოკუმენტმა საქართველოს ტერიტორიების გაჩუქების შესახებ იურიდიული ძალა დაკარგა და საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა მეზობლებისადმი. ეროვნულ ხელისუფლებას ამ საკითხზე მუშაობის დაწყება არ დასცალდა. შევარდნაძის და სააკაშვილის მოღალატე და მშიშარა მთავრობები კი ბუნებრივია ამ საკითხზე არაფერს გააკეთებდნენ. დღეისათვის თურქეთს მეგობარს და არა ოკუპანტს ვეძახით. სხავათაშორის თურქეთმა მის ტერიტორიაზე არსებულ ბერძნულ და სომხურ ეკლესიებს უფლებები აღუდგინა, ქართულზე კი ... როცა ქართულმა მხარემ ქართული ტაძრების აღდგენის ნება ითხოვა(არადა მათი აღდგენა თურქეთის მოვალეობაა) თურქეთის მხარებ მიუგო, ჯერ თქვენს ტერიტოტრიაზე ადრე არსებული მეჩეთები აღადგინეთო. დღეისათვის თურქების ხელთ მყოფი ქართული ტაძრებიდან, ზოგი სრულადაა დანგრეული და გაპარტახებული, ზოგი მეჩეთადაა გადაკეთებული, ზოგიც კი ცხოველთა სადგომად გამოიყენება. მეგობარიც ასეთი უნდა.

სტატიის ქვემოთ იხილეთ საქართველოს 1921 წლის რუქა და ის ტერიტორიები, რომლებიც თურქებმა წაიღეს.
ნანახია: 1989 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: