რამდენს ხარჯავენ აშშ-ში ლობირებისთვის ივანიშვილი და სააკაშვილი - 16 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 16 » რამდენს ხარჯავენ აშშ-ში ლობირებისთვის ივანიშვილი და სააკაშვილი
0:34 AM
რამდენს ხარჯავენ აშშ-ში ლობირებისთვის ივანიშვილი და სააკაშვილი

       მსოფლიოში ცნობილ ლობისტური კომპანია BGR Group-თან ბიძინა ივანიშვილმა მოლაპარაკება გასული წლის ივლისში დაიწყო, მაშინ, როცა მილიარდერის პოლიტიკური მიზნების თაობაზე ინფორმაცია არ არსებობდა.

       ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების შესახებ საჯარო განცხადება გასული წლის 4 ოქტომბერს გააკეთა, ხოლო კონტრაქტი BGR Group-თან 21 ნოემბერს გააფორმა ოფიციალურად. 
        კონტრაქტის თანახმად, BGR Group-ი იღებს ვალდებულებას, გაწიოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობის სასარგებლოდ ლობისტური საქმიანობა აშშ-ში, ასევე, განახორციელოს შეხვედრების ორგანიზება ამერიკის მაღალჩინოსან პოლიტიკოსებთან.
        ამ მომსახურების სანაცვლოდ ივანიშვილი ლობისტურ კომპანიას თვეში 25 ათას ამერიკულ დოლარს უხდის.
        კიდევ ერთი კონტრაქტი ბიძინა ივანიშვილის სახელით BGR Group-თან 2011 წლის 20 დეკემბერსაა გაფორმებული, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების” ლობირებას ითვალისწინებს.
        კონტრაქტის თანახმად, რომლის ღირებულება თვეში 20 ათას აშშ დოლარს შეადგენს, კომპანიის ვალდებულებაა, აშშ-ში გაწიოს ლობისტური საქმიანობა იმისთვის, რომ საქართველოში 2012 წელს ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.
        მთლიანობაში, ორივე კონტრაქტის ფარგლებში, აშშ-ში ლობირებისთვის ბიძინა ივანიშვილი თვეში 45 ათას აშშ დოლარს ხარჯავს.
        აშშ-ში საქართველოს მთავრობას 27 კომპანია ლობირებს . 2012 წლის 10 იანვარს ლობისტურ კომპანია Orion Strategies LLC-თან საქართველოს მთავრობამ ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა  ეროვნული უშიშროების საბჭოს ლობირებისთვის.

       კონტრაქტის თანახმად, რომლის საერთო ღირებულება 270 ათასი აშშ დოლარია (რაც თვეში 45 ათასი აშშ დოლარი გამოდის), კომპანია ლობირებას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მიზნით.
       საქართველოს ხელისუფლება, როგორც წესი, ყოველწლიურად აფორმებს ერთ ან ორ კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან. მაგალითად, 2011 წლის  1 ივლისს Podesta Group-თან გაფორმებული ექვსთვიანი კონტრაქტის ღირებულებამ შეადგინა 300 ათასი აშშ დოლარი; 2011 წლის 22 ნოემბერს HDMK LLC-თან გაფორმებული ერთვიანი კონტრაქტის ღირებულებამ კი - 27 764.70 აშშ დოლარი. ჯამში, 2011 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის 327 764.70 აშშ დოლარი დახარჯა.
       "ფორბსის” ბოლო მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბიუჯეტში 2011 წლის მანძილზე 7 მილიარდ 437 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული.

ნანახია: 375 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: