ყველაზე სექსუალური სუპერ-აგენტის საოცარი კარიერა. - 12 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 12 » ყველაზე სექსუალური სუპერ-აგენტის საოცარი კარიერა.
3:02 PM
ყველაზე სექსუალური სუპერ-აგენტის საოცარი კარიერა.
           ცნობილ მზვერავს, რიჰარდ ზორგეს დღემდე არაერთგვაროვნად აფასებენ. იგი არაორდინალური ადამიანი იყო და მართლაც უჩვეულო ცხოვრება ჰქონდა. ნახევრად გერმანელი და ნახევრად რუსი ზორგე ახალგაზრდობაში გერმანიის მგზნებარე პატრიოტი იყო. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის არმიაში მოხალისედ წავიდა, მოგვიანებით კი კომუნისტი გახდა და რევოლუციის იდეას ფანატიკურად იცავდა. შემდეგ საბჭოთა აგენტი გახდა და ბოლომდე ემსახურებოდა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც ერთ დროს ებრძოდა.
          ზორგეს ღვინო და ქალები უყვარდა. იმდენად განათლებული და საინტერესო ადამიანი იყო, რომ ნებისმიერს გაცნობისთანავე ხიბლავდა. საბჭოთა აგენტი ზორგე ყველა დროისა და ხალხის ყველაზე სექსუალურ აგენტად აღიარებულ 007-ზე - ჯეიმს ბონდზე უფრო სექსუალური იყო. მას ქალები მოსვენებას არ აძლევდნენ. იგი არც მაღალჩინოსნების ცოლების საზოგადოებას გაურბოდა და ტოკიოს წითელი ფარნების კვარტლის ხშირი სტუმარიც იყო.
      8 წელი იაპონიაში გერმანული გაზეთის ჟურნალისტად იმუშავა და იმ პერიოდში სულ ცოტა 52 იაპონელ ქალთან ჰქონდა კავშირი. როდესაც ციხეში ჰკითხეს იაპონური სად ისწავლეო, უპასუხა ძირითადად ლოგინშიო. დაზვერვის სპეციალისტების აზრით ზორგემ დონ ჟუანის როლი, მხოლოდ იმიტომ მოირგო, რომ იაპონელებისათვის თავგზა აებნია. ეს ქვეყანა სამუშაოდ მზვერავისათვის ევროპულ ქვეყნებზე გაცილებით რთული იყო.       
         იაპონელები ზორგეს გმირად მიიჩნევენ, თუმცა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მასზე არაერთგვაროვანი აზრი აქვთ. ზოგიერთისთვის იგი რომანტიკოსი და ავანტიურისტი იყო. ზოგიერთისთვის კი პროფესიონალიც არც იყო, რადგან ზოგჯერ დაზვერვის სამსახურის ყველა კანონს არღვევდა და დილეტანტივით იქცეოდა. ამის მაგალითად ცნობილ ავტოკატასტროფას ასახელებენ. ზორგე რესტორანში უგონოდ დათვრა, თავის მოტოცილკს, "ცუდნაპს", შემოაჯდა, დიდი სიჩქარით ტოკიოს ქუჩებში გააქროლა და აშშ-ს საელჩოს გვერდით, პოლიციელის ჯიხურთან კედელს შეასკდა. ამ დროს ჯიბეში საიდუმლო დოკუმენტები ედო.
         მას არც იმას უწონებდნენ, რომ პირველივე დაკითხვაზე აღიარა საბჭოთა აგენტობა. მიუხედავად ყველაფრისა იგი ერთადერთი იყო, ვინც სსრკ-ის უშიშროებას შეატყობინა რომ ჰიტლერი თავდასხმას აპირებდა და ზუსტი დღეც დაასახელა, მაგრამ სტალინი მის ინფორმაციას არ ენდო. რიჰარდ ზორგეს ცხოვრების დეტალებით პირველად ამერიკელები დაინტერესდნენ. აშშ-ში დღემდე ინახება მასალები ზორგეზე, რომლებიც გასაიდუმლოებულია.
          რიჰარდ ზორგე(აგენტურული ფსევდონიმი რამზაი) 1885 წ. 4 ოქტომბერს ბაქოსთან ახლოს, საბუნჩიში დაიბადა. მამამისი, გუსტავ ვილჰელმ რიჰარდი გერმანელი ინჟინერი იყო და აზერბაიჯანში, ალფრედ ნობელის ნავთობის მოპოვების საწარმოში მუშაობდა. რიჰარდის დიდი ბაბუა კი "პირველი ინტერნაციონალის" ერთერთი ლიდერი და მარქსის მდივანი იყო. გუსტავმა იქ რუსი მუშის ქალიშვილი ნინა კობალევა გაიცნო და შეუყვარდა. ისინი მალე დაქორწინდნენ 3 ვაჟი შეეძინათ. ზორგეების ოჯახი შეძლებული იყო, მაგრამ გუსტავი მარქსისტულ-რევოლუციურმა იდეებმა გაიტაცა. მან აზერბაიჯანში დიდი ქონება დააგროვა და 1898 წ. გერმანიაში დაბრუნდა. ზორგეების ოჯახი ბერლინთან ახლოს დასახლდა. 
           რიჰარდის მეტსახელად იკეს ეძახდნენ. სკოლაში ლიდერი იყო და ბევრს ჩხუბობდა. მეტსახელად პრემიერმინისტრი შეარქვეს, რადგან განსწავლულობით მასწავლებლებსაც კი აოცებდა. ისტორია, ფილოსოფია, პოლიტიკა და სოციოლოგია სხვებზე მეტად აინტერესებდა.
        როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რიჰარდი სახლიდან გაიქცა და არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მისი 2 ძმა ფრონტზე დაიღუპა. რიჰარდი ჯერ საფრანგეთის, შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. 1916 წელს მძიმე ჭრილობა მიიღო ხელსა და ორივე ფეხში, რის გამოც დაკოჭლდა. ერთი ფეხი მეორეზე 2,5 სმ-ით მოკლე ჰქონდა. ზორგეს უნტერ-ოფიცრის წოდება მიანიჭეს, ჯილდოდ რკინის ჯვარი გადასცეს და ჯარიდან გაანთავისუფლეს. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა და სწავლობდა ეკონომიკას ბერლინში, კილსა და ჰამბურგში. 1919 წ. ჰამბურგის უნივერსიტეტში ეკონომისტის დიპლომი მისცეს და მუშაობა დაიწყო ფრაკფურტის სოციალური კვლევების ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად. 1919 წელსვე გახდა გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრი.
        1924 წ. მოსკოვში მიავლინეს და იქ საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა. მალევე საბჭოთა მოქალაქე გახდა. 1925 წ. კი კომინტერნში(მესამე კომუნისტური ინტერნაციონალი) გაწევრიანდა. 1929 წ. შევიდა წითელი არმიის დაზვერვაში. 1930 წ. კი პირველი დავალება მიიღო და ჩინეთში გაემგზავრა, სადაც სსრკ-ს აგენტთა მთელი ქსელი შექმნა. შანხაიში მან გაიცნო ამერიკელი ჟურნალისტი და ჯაშუში აგნეს სმედლი (საყვარლადაც ჰყავდა) და იაპონელი ჟურნალისტი, კომუნისტი ჰოცუმი ოზაკი, რომელიც მოგვიანებით ზორგეს მთავარი ინფორმატორი იყი იაპონიაში. 
         1933 წ. ზორგე ნაცისტურ იაპონიაში გადაიყვანეს. იქ იგი ჩავიდა, როგორც გავლენიანი გერმანული გაზეთების "ბიორზენ კურიერისა" და ფრანკფურტ ცაიტუნგის" კორესპოდენტი. ზორგე ჯერ აშშ-ში ჩავიდა სადაც, როგორც გერმანელმა კორესპოდენტმა იაპონიის საელჩოდან მიიღო სარეკომენდაციო წერილი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გერმანიის სამხედრო ატაშესთან ტოკიოში, პოლკოვნიკ ოტტთან(ზორგე მისი ცოლს ჰელგას 1920 წლიდან იცნობდა. ისინი ცოტა ხანი საყვარლები იყვნენ, თუმცა მალე დაშორდნენ. შემდეგ ისინი ტოკიოში შეხვდნენ და მათი ურთიერთობა განახლდა, მიუხედავად იმისა, რომ ოტტი ზორგეს "მეგობარი გახდა". ზორგე სასიყვარულო ურთიერთობის ამსახველ ფირებს საიდუმლოდ ინახავდა ვიდრე საჭირო დრო დადგებოდა.), რომელიც ზორგეს წყალობით, შემდეგში გერმანიის ელჩი გახდა.
      იაპონიაში ზორგემ აგენტურის ისეთი ქსელი შექმნა, როგორიც ადრე ვერავინ მოახერხა. თავიდან იაპონიაში მუშაობა არ უნდოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ევროპული გარეგნობის კაცი იაპონელთა დაკვირვებულო თვალს ვერაფერს გამოაპარებდა.
     ზორგე ჭკვიანი და განათლებული ჟურნალისტი იყო. მის ანალიტიკურ სტატიებს გერმანიის ყველაზე სოლიდური გაზეთები აქვეყნებდნენ. იგი ოტტს ისეთ ცნობებს აწვდიდა, რომ უკანასკნელი თავისი ანალიტიკური მოხსენებებით, რომელთაც ზორგეს წყალობით აკეთებდა, ბერლინელ ხელმძღვანელობაზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა. ზორგე მის სახლში ყველაზე სასურველი სტუმარი გახდა. იგი კარგი მსმენელი და ძალზე კომპეტენტური მრჩეველი იყო.
        მოსკოვიდან რიჰარდმა მნიშვნელოვანი დავალება მიიღო - გაერკვია აპირებდა თუ არა იაპონია სსრკ-ზე თავდასხმას. მისი ჯგუფის შენახვა მოსკოვს ძალზედ იაფი უჯდებოდა, რადგან 25 კაციანი აგენტურა უძვირეს ქალაქ ტოკიოში თავს თვითონ ირჩენდა.
       ზორგემ მოსკოვს აცნობა, რომ იაპონია არა, მაგრამ გერმანია კი ნამდვილად აპირებდა თავდასხმას რაზეც მოსკოვიდან უპასაუხეს: "თქვენი ინფორმაციის საიმედოობაში ეჭვი გვეპარება". სამაგიეროდ იაპონიის შესახებ ცნობა დაიჯერეს და საბჭოთა ჯარები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაისროლეს. რაც შეეხება გერმანიისადმი ინფორმაციის არასანდოდ ჩათვლას ამას შემდეგი მიზეზი ჰქონდა. 1938 წ. იაპონიაში მომუშავე ერთი საბჭოთა აგენტი იაპონელებს მიემხრო და მთელი ინფორმაცია გაანდო რაც იცოდა. ამ საბაბით მოსკოვში დააპატიმრეს სსრკ-ს დაზვერვის შეფი იან ბერზინი(რომელმაც თავის დროზე გადაიბირა ზორგე და აგენტად აქცია) და დახვრიტეს. დახვრეტა მიუსაჯეს მისი თანამშრომლების უმრავლესობას, მათ შორის საზღვარგარეთ მომუშავეებსაც. ზორგესაც იგივე ბედი ელოდა, მაგრამ მოსკოვში გამოძახების მიუხედავად არ დამორჩილდა და განაგრძობდა ინფორმაციის მოპოვებას და მოსკოვში გაგზავნას.
          ამასობაში მეორე მსოფლიო ომმა თავის პიკს მიაღწია. სწორედ ამ დროს ზორგემ ჰელგას თავისი საიდუმლოდ გადაღებუ;ლი ფირები წარუდგინა და მოსთხოვა, რომ თუ არ სურდა ყველაფერი ქმარს გაეგო მისი სეიფის კოდი უნდა გაემხილა. ჰელგაც შანტაჟს წამოეგო და ზორგემ ოტტის სეიფში იპოვა მასალები, რომლითაც დაადგინა, რომ გერმანია სსრკ-ს 1941 წლია 22 ივნისს დაესხმებოდა. ამის შემდეგ ყველაფერი მოსკოვას აცნობა, თუმცა მათ არ დაიჯერეს. ზორგესა და ჰელგას ურთიერთობა ამით დასრულდა, თუმცა რიჰარდი კვლავ ხშირად სტუმრობდა ოტტის სახლს და უკანასკნელიც მშვიდად უყვებოდა თავისი საქმიანობის შესახებ "ერთგულ მეგობარს".
        1941 წ. 18 ოქტომბერს იაპონიის პოლიციამ ზორგე დააპატიმრა. ის პირველივე დაკითხვის დროს გამოტყდა, რომ საბჭოთა აგენტი იყო და ყველა ინფორმაცია ელჩ ოტტს მოტყუებით დასცინცლა. როდესაც ოტტმა ზორგეს დაპატიმრების ამბავი გაიგო ოფიციალური პროტესტი გამოაცხადა და კატეგორიულად მოითხოვა მისი განთავისუფლება, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. მალე იაპონელებმა ყველაფერი ბერლინს აცნობეს, რის შემდეგაც ოტტი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან და მოსკოვში დაიბარეს. წასვლის წინ ოტტმა ციხეში "მეგობარი" ინახულა. რიჰარდს თვალები ჩასცვენოდა, სახე გაფითრებოდა, ოტტის დანახვაზე უცებ შეკრთა. - იკა ეს რა გიქნეს ამ არამზადებმა! იკა ჩემო მეგობარო...  მაპატიეთ ბატონო ელჩო - ჩაიბუტბუტა ზორგემ. ჩემი მიზეზით ასეთ დავიდარაბაში გაეხვიეთ. მაპატიეთ, ვერ გამოვდექი კარგი მეგობარი... რას ამბობ იკა, შენი დაპატიმრება იაპონელებს არ შერჩებათ!როგორც კი ბერლინში ჩავალ ყველაფერს გამოვასწორებ. მაპატიეთ და ჰელგასაც უთხარი მაპატიოს თუ შეუძლია, ბერლინში კი არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ, ყოველ შემთხვევაში ომის დამთავრებამდეო - უთხრა ზორგემ. ოტტი ჩაეკითხა ჰელგამ რისთვის უნდა გაპატიოსო, რაზეც ზორგემ მიუგო თვოთონ იცისო. ბოლოს ისინი დაემშვიდობნენ და ოტტი წავიდა. ოტტიმ ზორგეს ბოლოჯერაც დაუჯერა და ბერლინში მხოლოდ ომის შემდეგ 1946 წ. ჩავიდა სადაც გაიგო, რომ მას ჰიტლერი დახვრეტას უპრებდა. ბერლინში ოტტს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ზორგე საბჭოთა აგენტი იყო, თუმცა იგი ისე გარდაიცვალა, რომ სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა ზორგეს მეგობრობისა და ერთგულების.
          ზორგეს 2 ცოლი ჰყავდა. პირველმა გერმანელმა კრისტინა გერლახმა ზორგე 1926 წ. მიატოვა და მოსკოვიდან გერმანიაში დაბრუნდა. მეორე ცოლი რუსი ცოლი ჰყავდა ეკატერინა მაქსიმოვა. მათ ერთმანეთი 1927 წელს გაიცნეს. კატიასთან იგი მეგობარმა მიიყვანა, რომ რუსული საფუძვლიანად შეესწავლა. კატია მკაცრი მასწავლებელი აღმოჩნდა, რიჰარდი - კი უნიჭიერესი მოსწავლე. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს. მათმა ბდნიერებამ 3 თვეს გასტანა. შემდეგ ზორგე იაპონიაში გაუშვეს და იქედან მხოლოდ ერთხელ ორი თვის შემდეგ 2 კვირით ჩამოვიდა. კატიამ არ იცოდა, რომ რიჰარდი აგენტი იყო. 1940 წ. კატიას უცხო ქვეყნის აგენტობაში დასდეს ბრალი, დააპატიმრეს და კრასნოიარსკის მხარეში გადაასახლეს სადაც 1943 წ. 3 ივლისს შიმშილისაგან გარდაიცვალა 38 წლის ასაკში.
          ზორგეს უკანასკნელი სიყვარული ისი ჰანაკო იყო. მათ ერთმანეთი ტოკიოს ცნობილ რესტორანში "რეინოლდსში" გაიცნეს, სადაც ისი მომღერლად მუშაობდა. რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ. ისი ზორგეს ჯაშუშურ ქსელში არ მონაწილეობდა, რიჰარდი თავდავიწყებით უყვარდა და შემდეგში მასზე მოგონებების წიგნი დაწერა. იგი წერს, რომ დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ზორგეს რაღაც უცნაური გრიპი შეეყარა  - ავადმყოფობა ღრმა ნერვულ დაავადებას უფრო გავდა. "პირველად ვნახე, როგორ ტიროდა იგი, ზურგზე ხელი გადავუსვი და როდესაც თვალებში ჩავხედე ცრემლები მოსდიოდა. ატირებული ზორგეს დანახვა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. გაოცებულმა მიზეზი ვკითხე. მიპასუხა, მე არც მეგობრები მყავს და არც ახლობლები, ეს საშინელებააო. მაშინ მივხვდი, რომ მუშაობამ იგი გადაღალა და გამოფიტა. ამის გამო ბევრს სვამდა, მარტოობის გრძნობის ჩახშობას კი ქალებთან ურთიერთობით ცდილობდა" - ყვებოდა ჰანაკო.
           ზორგეს დაპატიმრების შემდეგ ჰანაკოც დააპატიმრეს, თუმცა როდესაც დარწმუნდნენ, რომ მან ზორგეს საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა გაანთავიუფლეს.
           ზორგეს ჩავარდნის ყველაზე ცნობილი ვერსიით იგი იაპონიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დაასმინა. 1943 წ. სექტემბერში იაპონიის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენი (ჩამოხრჩობა)1944 წ. 7 ნოემბერს ტოკიოს "სუგამოს" ციხეში აღასრულეს. მასთან ერთად ჩამოახრჩვეს მისი მარჯვენა ხელი ჰოცუმი ოზაკიც. ჰანაკომ ზორგეს საფლავი ციხის საძმო საფლავზე მონახა, გვამს კრემაცია გაუკეთა და ტოკიოს გარეუბანში გადაასვენა.  ჰანაკო 2000 წ. 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.  
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 746 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: