ყველა დროის უდიდესი თვითმარქვია. - 24 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 24 » ყველა დროის უდიდესი თვითმარქვია.
0:46 AM
ყველა დროის უდიდესი თვითმარქვია.
            ფერდინანდ ვალდო დემარას (1921–1982) გასაოცარი ცხოვრება ჰქონდა. მან მხოლოდ 9 კლასი დაამთავრა, თუმცა თითქმის ყველა პროფესიაში მოსინჯა თავი – იყო ქირურგი, ბერი, ექიმი, მოსამართლე, ინჟინერი, მასწავლებელი, რედაქტორი...  პრესისა და ტელევიზიის წყალობით, ეს უდიდესი თაღლითი და თვითმარქვია პიროვნება რომანტიკულ გმირად იქცა. რომანები, პიესები და ფილმიც კი მიუძღვნეს, მისი კარიერა იმის მაგალითია, რომ ნამდვილი ცხოვრება გამონაგონზე გაცილებით საინტერესო და უჩვეულოა.
           თაღლითი და ალკოჰოლის მოყვარული დემარა კარგი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, თუმცა გოლიათივით ახოვანი იყო. იმდენად თავაზიანი და სასიამოვნო ადამიანი იყო, რომ ყველას უყვარდა და აფასებდნენ. უნიჭიერესი და ფენომენალური მეხსიერების მქონე – ყველაფერს ერთი წაკითხვით სწავლობდა. თავისი ნიჭის წყალობით ისე იმსახურა უამრავ ადგილას, რომ მის პროფესიონალიზმში არავის შეპარვია ეჭვი. შესანიშნავი ზედამხედველი იყო აშშ–ს გასაიდუმლოებულ ციხეში, ასევე იყო სათაყვანებელი მასწავლებელი, გასაოცარი და სასწაულმოქმედი ქირურგი, რომელიც მსოფლიო ომის დროს ურთულეს ოპერაციებს (ფილტვიდან ტყვიის ამოღება, ამპუტაცია და ა.შ.) ატარებდა. მორიგი თაღლითობის გამოაშკარავებისას სამსახურს ტოვებდა, მაგრამ, როგორც წესი, დაბრუნებას თხოვდნენ.
           დემარა ისეთ სარისკო სამქმეებზეც არ ამბობდა უარს, რომელთა წარმოდგენაზეც ყველაზე დიდი წარმოსახვის თაღლითსაც კი ცივი ოფლი დაასხამდა. სწორედ ამიტომ იქცა მისი თავგადასავლები ბესტსელერად. თავისი ცხოვრების ისტორია ჟურნალ "ლაიფს" მიჰყიდა. თავად სურდა, ავტობიოგრაფია დაეწერა, მაგრამ არ დასცალდა. 59 წლისა გულის შეტევით გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში ეს ღრმადმორწმუნე კათოლიკე ჰოსპიტალში მღვდლად მსახურობდა და გული სწყდებოდა, რომ თავისი ნიჭი უქმად გაფლანგა.
       ფერდინანდ დემარა აშშ–ს ქალაქ ლოურენსში დაიბადა. მამამისი მდიდარი ფრანგი ბიზნესმენი იყო, დედა ირლანდიელი ღრმადმორწმუნე კათოლიკე. მშობლებს სურდათ ფერდინანდი სასულირო პირი გამხდარიყო. 11 წლის იყო ფრედი, როცა მამა გაკოტრდა. ოჯახმა სახლი გაყიდა და საცხოვრებლად გარეუბანში გადავიდა. მალე ფრედს და გარდაეცვალა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. იგი ველოსიპედზე შეჯდა და სახლიდან სამუდამოდ წავიდა. ერთხანს ფრედი ტრაპისტების მონასტერში ცხოვრობდა, სადაც ბერები ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან მათ მდუმარების აღთქმა ჰქონდათ დადებული. ფრედი მალე ყველამ შეიყვარა, მაგრამ ბევრ ლაპარაკს ვერ გადააჩვიეს და უკანასკნელს წასვლა მოუხდა.
          20 წლის ასაკსი არმიაში ჩაეწერა, მაგრამ ვერ შეეგუა და გაიქცა. შემდეგ ფლოტში სცადა ბედი, მაგრამ მეზღვაურობაც მობეზრდა და სამხედრო სამედიცინო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მალე სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სწავლის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რადგან სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული. ერთხელ სასწავლებელში რაღაც პროექტს წააწყდა, რომელსაც ავტორის საბუთებიც ახლდა კოლეჯის დამთავრებისა და ხარისხის მინიჭების შესახებ. მან ეს საბუთები გააყალბა და ფსიქოლოგიის დოქტორ რობერტ ლინდონ ფრენჩად იქცა. მოგვიანებით თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა და კვლავ ტრაპისტთა მონასტერს, ოღონდ ამჯერად სხვას, მიადგა. იქ სიხარულით მიიღეს. ახალბედა ბერებს ლოცვების დასაზეპირებლად წლები სჭირდებოდათ, მან ყველაფერი 2 კვირაში ისწავლა. დემარა იქ თავს შესანიშნავად გრძნობდა, მაგრამ ყურძნის კრეფისას სულმა წასძლია, იმდენი ჭამა ცუდად გახდა და ღამე ვერ დაიძინა. ამის გამო სინდისმა შეაწუხა და მონასტერი დატოვა. ბერებმა სარეკომენდაციო წერილი მისცეს, რომლითაც მალე წმინდა ვიტორიოს ორდენში მოხვდა. იქიდან უნივერსიტეტში მიავლინეს, სადაც ღვთისმეტყველება, მეტაფიზიკა და კოსმოლოგია საფუძვლიანად შეისწავლა და გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა.
        ამის შემდეგ ბევრი ადგილი გამოიცვალა – კოლეჯის კათედრის გამგის, ფაკულტეტის დეკანის, შერიფის კამპანიასაც კი ხელმძღვანელობდა. შერიფის პოლიტიკურმა ოპონენტებმა დაადგინეს, რომ მას სკანდალური წარსული ჰქონდა – თაღლითი, დეზერტირი და ხაზინის გამფლანგველი იყო. ფრედი დააპატიმრეს და 1,5 წელი მიუსაჯეს, თუმცა სანიმუშო ყოფაქცევის განმო 6 თვეში გაანთავისუფლეს. 
           ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამედიცინო კოლეჯში დაიწყო მუშაობა. იქ კანადელ ექიმს, ჯოზეფ სერას, დაუმეგობრდა. შეჰპირდა, აშშ–ში კარიერის გაკეთებაში დაგეხმარებიო, საბუთები გამოართვა და მისი საბუთებით თვითონ გახდა კანადის სამეფო ფლოტის სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი. შემდეგში საბრძოლო ხომალდზე ქირურგად მუშაობდა. ერთ დღეს მის ხომალდს კორეელების ხომალდი შეხვდა, მასზე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ. დემარამ 24 საათში ყველას გაუკეთა ოპერაცია და ისინი სიკვდილს გადაარჩინა. მის გმირობაზე კანადის ყველა გაზეთი ლაპარაკობდა.
            სტატია ნამდვილი სერას დედამ წაიკითხა და სიმართლე გამოაშკარავდა. დემარა იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა, თუმცა  კანადის ფლოტის ისტორიაში გმირი ქირურგის სახელით შევიდა(თუმცა არც კანადელი იყო და არც ქირურგი).
            გარკვეული ხნის შემდეგ დემარა ტექსასის შტატის ციხის უფროსად, ზედამხედველ ბენ როუზად იქცა. პატიმრებზე ისე ზრუნავდა, ყველას შეაყვარა თავი. წერა–კითხვის შემსწავლელი კურსები გახსნა, დომინოსა და შაშის ჩემპიონატებს აწყობდა, პატიმრებს თვითონ უყიდა  მაგიდის ჩოგბურთის მთელი კომპლექტი და ციხის ხელმძღვანელობას პატიმრებისთვის ციხის კინოთეატრის გახსნას თხოვდა.
           როცა იქაც გაირკვა მისი ვინაობა, გაიქცა და კ. ნორტ ჰეივენის სკოლაში მასწავლებლად მოეწყო მარტინ გაჰარტის სახელით. იმდენად კეთილი იყო, რომ სანტა კლაუსი შეარქვეს. მას სურდა სამუდამოდ იქ დარჩენილიყო, მაგრამ მალე დააპატიმრეს სკოლასთან ახლოს და თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ სკოლის დელეგაციამ დაბრუნება შესთავაზა, რაზეც დიდმა თვითმარქვიამ ნაღვლიანად უპასუხა:"არ შემიძლია, იმ ბავშვებს ვასწავლო რამე, რომლებმაც იციან, რომ პროფესიონალი თაღლითი ვარ".

ნანახია: 590 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: