მთავარი » 2012 » მაისი » 15 » "ამოგიცანი" (კახა შალამბერიძის პასუხი ლექსს "ამომიცანი")
5:44 PM
"ამოგიცანი" (კახა შალამბერიძის პასუხი ლექსს "ამომიცანი")

რამდენი გძებნე, ცხრა მთა, ცხრა ზღვა გადავიარე,

ცხრაჯერ შევაღე ცხრა კარები, ცხრავე ცისანი

და მეცხრე ცაზე დაგინახე, ამაოდ მცინარი,

ჩემს ანგელოზად, ჩემს მფარველად ამოგიცანი.


ცხრაჯერ შევლეწე ცხრაკლიტულის ცხრავე კლიტენი,

მეხმარებოდა მე წიქარა ხარი - მისანი

გველეშაპს თავნი დავაჭერი, გამოგიხსენი

და სატრფო ჩემი, სანატრელი, ამოგიცანი.


საგზლის კი არა, მოწეული ჩემით პური ხარ

ჩემი მარჯვენით, ნაოპლარი, თავთუხისანი,

ის წყარო შენ ხარ, წყარო, ოდეს მაშვრალ მწყურიხარ, 

ძალას რომ მაძლევს, რომ მაცოცხლებს, ამოგიცანი.


ნამი კი არა, ცრემლებია ვარდს დაფენილი, 

ჩემი ცრემლია, რომ გეგონა, შენ დილის ცვარი,

ჩემი ცრემლია, ჩემს თვალთაგან, შენთვის დენილი,

შენ ვერ მიცანი, მე თეთრ ვარდში ამოგიცანი


ბარი დამკარო? ღმერთო ჩემო, რომელი ბარი?

რქანიც კი ხნავსო, ბებრისაო, ხარებისანი, 

ჰოდა, ეს მე ვარ, დასაკლავი, ბებერი ხარი,

შენ მშობლიური, მიწის სუნში ამოგიცანი.


ეს მე აგრიე, აგაღელვე და აგაქაფე,

თოვლი ვიყავი, მყინვარებიდან რომ დავიძარი,

შეგერიე, არ მოვერიდე მე აღარაფერს,

ზღვაში რომ გულში ჩაგიკარი, ამოგიცანი.


ჰე, ბროლის თასო, გახსოვს მაშინ, რომ დაგეწაფე

და სისხლისფერი ღვინო წვეთ-წვეთ ამოგაცალე?

ღვინით კი არა, ვით ბახუსის ურჩი მოწაფე,

შენით დავთვერი, ღვინოში რომ ამოგიცანი.


რაო? ნეკნიო? დღესაც მტკივა, ათას წლის წინაც,

ათას წლის მერეც მეტკინება - დასაფიცარი,

ვიცი და მჯერა, ღმერთმა, წუხელ, როცა მეძინა

ამომაცალა, ახლად შეგქმნა, ამოგიცანი.


ყორღანებიდან აფრენილი გოგლას გნოლი ხარ,

აფრენილი და ცას შეხლილი ჭრელი ციცარი,

სხვისიც რომ იყო, მე მაინც ჩემი მგონიხარ,

ჩემი დარდი ხარ, ჩემი სევდა, ამოგიცანი.


უკვე გავიგე, ვინ ხარ, რა ხარ, რატომ მომიხმე,

ჩემო ცხოვრების აზრი რომ ხარ, ჩემი მიზანი,

თუ გიღალატო, მიგატოვო, მკლავი გამიხმეს,

დედაში, დაში, სატრფო, ცოლში ამოგიცანი.


და როცა ჩემთვის გაიჭრება ბოლოს საფლავი,

როდესაც აბჯრად ჩემეცმევა კუბოს ფიცარი,

უკან დამრჩება ნაჯაფარი, ნაალაფარი,

შენი ცრემლები შემინანებს - ამოგიცანი!...

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1543 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: