ფიდელ კასტრო და ქალები. ფიდელის ბიოგრაფია. - 1 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 1 » ფიდელ კასტრო და ქალები. ფიდელის ბიოგრაფია.
11:09 PM
ფიდელ კასტრო და ქალები. ფიდელის ბიოგრაფია.
                                                                                               კომუნისტური სამყაროს უკანასკნელი გიგანტი

       მას ერთდროულად ეთაყვანებიან და სძულთ კიდეც. თავის ღატაკ ქვეყანაში დღემდე პოპულარულია. ზოგიერთი მას მეოცე საუკუნის გენიოსად მიიჩნევს და რუზველტს, ჩერჩილსა და სტალინს ადარებს. საკუთარი სახელის უკვდავყოფაზე არასდროს უზრუნია. "თავისუფლების კუნძულზე"(ასე ეძახიან კუბას) მისი ერთი ქანდაკებაც არ დგას, მისი სახელი კუბაში არც ერთ ქუჩას არ ჰქვია, მისი გამოსახულება არც ამ ქვეყნის ბანკნოტებზეა.
         ფიდელის პირადი ცხოვრების დეტალები საკმაოდ გასაიდუმლოებულია (რაც ძირითადად იმის დამსახურებაა, რომ აშშ მას მთავარ მტრად მიიჩნევდა და მუდამ მის მოკვლას ცდილობდა). მასზე ბევრი რამ ცნობილი კუბადან გაქცეული მისი შვილისა და დისგან გახდა. ერთი რამ კი ყველამ იცის, ფიდელი მშვენიერი სქესის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა.
        ფიდელზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები არსებობს. ერთის მიხედვით, იგი მეტისმეტად პრაგმატული, ცივი და ჯიუტი ადამიანია, მეორის მიხედვით – იდეალისტი, ფაქიზი და გულისხმიერი პიროვნება. ასეა თუ ისე, ყველა ერთხმად აღიარებს მის სიმამაცესა და გამჭრიახ გონებას და მართლაც მაგიურ მიმზიდველობას, რაც შეუძლებელია, მასთან ურთიერთობისას ადამიანმა არ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში შევიდა, მოტყდა, შეიცვალა, თმა და წვერი გაუჭაღარავდა, თავისი ლეგენდარული ფრენჩი ისევ აცვია და მართველობის ბოლო დრომდე, უკვე 80–ს გადაცილებულიც კი ახერხებდა თავისი მგზნებარე გამოსვლით აუდიტორიის უწინდებურად მონუსხვას.
   მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში კასტრო სიგარით შემორჩა. მსოფლიოს საუკეთესო სიგარებს კუბაში ამზადებენ და ხომ წარმოგიდგენიათ თუ როგორი იქნებოდა სიგარები, რომელსაც ფიდელი ეწეოდა. ყველაზე მეტად "კოჰიბა" უყვარდა, რომელიც მხოლოდ ფიდელისთვის მზადდებოდა. 1986 წ. კასტრომ მოწევას თავი დაანება და "კოჰიბას" გაყიდვაც მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს.
          ფიდელი აღარც სვამს, თუმცა რომი უყვარს და ამ სასმელის სამშობლოში ცხოვრობს. 1986 წ. კუბაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდი კამპანია დაიწყო. ფიდელმა საჯაროდ განაცხადა, რომ აღარც სიგარას მოსწევდა და რომის სმასაც დაანებებდა თავს. ძლიერი ადამიანია და ეს მართლაც შეძლო. თუმცა ერთი სისუსტე მაინც შერჩა – ცნობილი გურმანია და კერძების საკთარი ხელით მომზადება უყვარს. ფიდელი კულინარული ხელოვნებით ახალგაზრდობი-დანვე იყო გატაცებული, თუმცა მას კუბურ სამზარეულოზე მეტად იტალიური მოსწონს. ამიტომ მისი ოპონენტები ამბობენ, რომ მან ქვეყნის კულინარიულ ტრადიციებს უღალატა და კუბა გიგანტურ პიცერიად აქციაო. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. კუბა საკმაოდ ღარიბი ქვეყანა იყო, ხოლო საკვების დეფიციტის დროს უბრალო მაკარონის კერძები დანაყრების საუკეთესო საშუალებაა.
   კულინარიამ კასტრო ციხეში გაიტაცა, როდესაც საკანში გამოკეტილს წიგნების კითხვის გარდა სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო და უსაქმურობით იტანჯებოდა. ამ ყველაფერზე კი თავის ნათესავებს სწერდა: "მე აქ მზარეული ვარ და ამ საქმიანობით კარგად ვერთობი. ხან ერთ კერძს ვამზადებ, ხან – მეორეს. ძმამ ბარკლის ნაჭერი გამომიგზავნა, საუცხოო ბიფშტექსი მოვამზადე და გაუვას ჟელესთან ერთად მივირთვი. მეგობრებმა ანანასის კონსერვიც გამომიგზავნეს და ხვალ იმ ბარკლის ნარჩენებს ანანასთან ერთად შევჭამ". სხვა წერილში ფიდელი ყვებოდა: " დროდადრო სპაგეტისაც ვამზადებ ყველით. რა გემრიელია! თუმცა ჩემი რეპერტუარი ამით არ მთავრდება, როგორც კი მომშივდა, კალმარები დავდგი მოსახარშად. ვახშმად მექნება სპაგეტი კალმარებით, დესერტად – იტალიური შოკოლადი და ყავა...  ყველას ვთხოვ, არაფერი გამომიგზავნონ, მაგრამ არ მიჯერებენ. დილას, მზის ამოსვლისას, როგორც კი ზღვის ჰაერის სურნელს მკვეთრად ვგრძნობ, მგონია, პლაჟზე ვარ და ცოტა ხანში რესტორანში შევალ. ჩემი მეგობრების წყალობით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ ვისვენებ".
        საჭმელი მისთვის განურჩეველი არასდროს ყოფილა და ამბობენ, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს. მართველობის პერიოდში კასტროა რასდროს ისვენებდა, სულ მოძრაობდა, არ ჩერდებოდა და მუდამ ფეხზე მდგომი ლაპარაკობდა. მხოლოდ მაშინ ისვენებდა, როდესაც სძინავდა ან ჭამდა. ამიტომ ძალიან უყვარდა საჭმელი, იგი მისთვის დასვენების სიმბოლო იყო. ხელს უწყობდა ნაყინისა და იოგურტის წარმოებას, ეხმარებოდა ნიანგების ფერმებსა და იმ ქარხნებს, სადაც ძვირადღირებული ფრანგული ტიპის  სხვადასხვა ყველს, ფუა გრას(ბატის ღვიძლი) და სხვა დელიკატესებს ამზადებდნენ.
       კასტრო ყოვეთვის ცდილობდა პირადი ცხოვრების გასაიდუმლოებას." მე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩემი პირადი ცხოვრების  დაცვის უფლება მაქვს" – ამბობს იგი. კასტროს 8 შვილი და ბევრი შვილიშვილი ჰყავს. ფიდელის ოფიციალური ცოლი მირტა დიას ბალარტი იყო – მშვენიერი, ქერტამიანი, მწვანეთვალება გოგონა, მინისტრის შვილი. იგი მეგობარმა და მომავალმა ცოლის ძმამ რაფაელმა გააცნო. მირტა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა და ბევრს მოსწონდა. ფიდელი მეტისმეტად მორიდებული ახალგაზრდა იყო, ამიტომ ქალები არ სწყალობდნენ. 15 წლისას ერთი გოგონა შეუყვარდა, მაგრამ გრძნობებში ვერ გამოუტყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის გოგონა ცოლად მის ამხანაგს გაჰყვა, რომელიც არც გარეგნობით გამოირჩეოდა  და არც ოჯახიშვილობით.
      მირტასთან სხვაგვარად მოხდა. გოგონას ფიდელი აინტერესებდა. ისინი ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და 1948 წ. ჯვარი დაიწერეს. მირტას არჩევანი ბევრს გაუკვირდა. ფიდელი სერიოზული იყო, არც ცეკვა უყვარდა და არც იუმორის გრძნობა ჰქონდა. კუბელები კი ძალიან ხალისიანები არიან, ცეკვა და მუსიკა ყველაფერს ურჩევნიათ. მათ ვაჟიშვილი ფიდელიტო შეეძინათ, რომელიც ფიდელის ერთადერთი საყოველთაოდ აღიარებული შვილია. შვილის შეძენიდან ცოტა ხანში ფიდელს ცოლისადმი გრძობები გაუნელდა და არენაზე ახალი ქალი, არისტიკრატი, ულამაზესი ნატი რევუელტა გამოჩნდა.
      სანამ ნატის შეხვდებოდა ფიდელს მცირე ხნიანი რომანი ჰქონდა უბრალო მექსიკელ  ქალთან სოკოროსთან, რომელმაც 1952 წ. ოქტომბერში   მექსიკაში დაბრუნებულმა გოგონა - ვერონიკა კასტრო შეეძინა. უკანასკნელი მსახიობი გახდა და სახელი გაითქვა სერიალებით: "მდიდრებიც ტირიან" და "ველური ვარდი".
      ნატი ექიმ ორლანდო ფერნანდესის ცოლი იყო, თუმცა ფიდელის საყვარელი გახდა. ნატი მუდმივად თხოვდა, რომ მირტას გაშორებოდა, რადგან ეს პროვინციელი გოგონა მას არ შეეფერებოდა. ამასობაში კასტრო დააპატიმრეს. მისი ცოლის ძმა რაფაელი ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ფიდელი ციხიდან წერილებს მირტასაც სწერდა და ნატისაც. რაფაელმა, რომელსაც წერილებზე ხელი მიუწვდებოდა, ნატისთვის განკუთვნილი წერილი მირტას გაუგზავნა და პირიქით. შედეგად შეურაცყოფილი მირტა 1955 წ. ფიდელს დაშორდა. მოგვიანებით იგი აშშ–ში გადასახლდა და გათხოვდა, თუმცა ყოველ წელს ჩადის კუბაში თავისი ვაჟის სანახავად. ციხიდან გამოსული კასტრო ერთი პერიოდი ნატისთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც 1956 წ. ქალიშვილი ალინა ფერნანდესი შეეძინა. ალინა 1993 წ. კუბიდან აშშ–ში გაიქცა და წიგნი დაწერა – "ფიდელ კატროს შვილის მოგონებები", რომლიდანაც ცნობილი გახდა კასტროს გასაიდუმლოებული ცხოვრების ბევრი დეტალი. 
    1957 წ. ფიდელმა სელია სანჩესი გაიცნო. მაშინ იგი 36 წლის იყო, ფიდელზე 5 წლით უფროსი. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, გამხდარი და საშუალო სიმაღლის იყო. ფიდელივით მხოლოდ რევოლუციაზე ლაპარაკობდა და მასავით ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო. სელია ფიდელისათვის უახლოესი ადამიანი გახდა. შემდეგ ეს გრძნობები სიყვარულში გადაიზარდა. მათ შესანისნავი ურთიერთობა ჰქონდათ და თავს ბედნიერად გრძნობდნენ, თუმცა სელიას შვილები არ შეეძინა. მათი იდილია სელიას ავადმყოფობამ დაარღვია. ქალს კიბო აღმოაჩნდა. მისი გარდაცვალება 1980 წ. კასტროსთვის ნამდვილი კატასტროფა იყო.
         ფიდელის ბოლო სიყვარული დელია სოტოა. იგი არც რევოლუციონერია და არც კასტროს თანამოაზრე. ფიდელმა იგი 80–იან წლებში გაიცნო,  მალევე შეუყვარდა და თავისთნ წაიყვანა. მათ 6 ვაჟი შეეძინათ. 
                                                                                                          *     *     *
           ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი 1926 წლის 13 აგვისტოს კუბის პროვინცია ორიენტეს სოფელ ბირანში დაიბადა. მამამისი ანხელ კასტრო (1875–1956) ესპანელი(გალისიელი) ემიგრანტი იყო, რომელიც კუბაში გაუნათლებელი ღარიბი გლეხის სტატუსით ჩავიდა. მაგრამ მძიმე შრომით შაქრის უზარმაზარი პლანტაციები შექმნა და მდიდარ პლანტატორად იქცა. დედა ლინა რუსი (1903–1963) ასევე გაუნათლებელი დიასახლისი იყო. ფიდელს 7 და–ძმა ჰყავდა. ანხელი ნანონბდა თავის უსწავლელობას და  ცდილობდა შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა. ფიდელი უნიჭიერესი და შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. იგი ყველა სასწავლებელში საუკეთესო იყო და ფენომენალური მეხსიერებით ყველასგან გამოირჩეოდა. ადრეული ასაკიდან უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. 13 წლის ასაკში იგი მონაწილეობდა მამამისის პლანტაციების მუშების ამბოხებაში, რომლებიც ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ. ამ პერიოდში მისი კლასელი წერდა: "იგი საოცრად მამაცია, ვინც მას გაჰყვება – დაიღუპება ან გაიმარჯვებსო". 
    12 წლის ფიდელმა აშშ–ს პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ულოცავდა ხელმეორედ გაპრეზიდენტებას და თხოვდა:"თუ თქვენთვის რთული არ არის, გამომიგზავნეთ თუ შეიძლება, 10 დოლარიანი ბანკნოტი. მე ის არასდროს მინახავს და მსურს რომ მქონდეს". პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ მადლობის წერილით უპასუხა. ამაყმა კასტრომ ეს წერილი სკოლის სიახლეების სტენდზე გამოაქვეყნა.
     1941 წ. ფიდელმა  პრესტიჟულ კათოლიკურ(იეზუიტთა) კოლეჯში მოეწყო. იგი ყველასგან გამირჩეოდა როგორც სწავლით, ისე ხასიათით. ხშირად აწყობდა ჩხუბებს და დადიოდა პისტოლეტით. 1945 წ. კოლეჯის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, ჰავანას უნივერსიტეტში მოეწყო სამართლის ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს იგი ძალიან უბრალოდ ცხოვრობდა. მისი ოთახი ყოველთვის არეული იყო, წესრიგში კი მხოლოდ კუბელი რევოლუციონერი ხოსე მარტის( XIX ს–ის II ნახევარი) წიგნები იყო. ბევრს კითხულობდა მუსოლინის, ლენინის, სტალინის, ტროცკის, გენ. პრიმერო დე რივერას (ესპანეთის დიქტატორი 1923–1930 წლ) ჩანაწერებს. ამ პერიოდში მას ძალიან არ მოსწონდა კომუნისტები.
           1950 წ. უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან მიიღო სამართლის ბაკალავრისა და სამოქალაქო სამართლის დოქტორის ხარისხები. ამის შემდეგ ჰავანაში ადვოკატად მუშაობდა, თუმცა ფულს თითქმის ვერ შოულობდა, რადგან ძირითადად ღარიბთა უფლებებს იცავდა სრულიად უფასოდ. 1952 წ. კი შევიდა "კუბელი ხალხის პარტიაში"(კათოლიკეთა პარტია) და პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო.
           1952 წ. 10–11 მარტს გენერალმა ფულხენსიო ბატისტამ(იგი 1940–1944 წლებში პრეზიდენტი იყო) სამხედრო გადატრიალება მოაწყო და დიქტატურა დაამყარა. 24 მარტს კასტრომ კუბის უმაღლეს სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ბატისტას დაპატიმრება მოითხოვა, რაც ბუნებრივია სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მაშინ ფიდელმა დიქტატორის წინააღმდეგ აჯანყების მზადება დაიწყო და ნახევარ წლიანი მზადების შემდეგ, 165 მებრძოლთან ერთად 1956 წ. 26 ივლისს ქ. სანტიაგო დე კუბაში მდებარე მონკადას სამხედრო ყაზარმაზე თავდასხმა მოაწყო. იგი წარუმატებელი აღმოჩნდა. 70 მებრძოლი დაიღუპა, დანარჩენები, მათ შორის ფიდელი და მისი უმცროსი ძმა რაული დააპატიმრეს და 15 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. სასამართლოზე ფიდელმა თავისი ორატორული ნიჭის დემონსტრირება მოაწყო და წარმოთქვა ბრწყინვალე სიტყვა, რომელიც ასე მთავრდებოდა:" რაც შემეხება მე, მე ვიცი რომ ციხე ჩემთვის ყველაზე მძიმე გამოცდა იქნება იმათ შორის, რომლებიც უკვე ცხოვრებაში ჩამიბარებია, მესმის რომ იგი მემუქრება თავისი მდაბალი სისატიკით, მაგრამ მე არ მეშინია, არც ციხის და არც საზიზღარი ტირანის, რომელმაც ჩემს 70 ძმას სიცოცხლე წაართვა! გამომიტანეთ განაჩენი! მას არააქვს მნიშვნელობა! ისტორია მე გამამართლებ!.
        1954 წ. თებერვალში პრესიდოიო მოდელოს ციხეში მოთავსებული პატიმრები ბატისტამ მოინახულა. ფიდელმა მის წინააღმდეგ პატიმართა საპროტესტო ხმაურიანი აქცია მოაწყო, რის გამოც კარცერში გადაიყვანეს, რომელიც საპატიმროს მორგის წინ მდებარეობდა.
         1955 წ. ბატისტამ კონსტიტუციური წესრიგი აღადგინა და პრეზიდენტად იქცა. ამასთან დაკავშირებით კი საყოველთაო ამინისტია გამოაცხადა. 22 თვიანი პატიმრობის შემდეგ ფიდელი გაათავისულეს და იგი უმალ ახალი აჯანყების მზადებას შეუდგა. ივლისში ფიდელი მექსიკაში წავიდა, სადაც თანამებრძოლთაგან (აშშ–ს დახმარებით) ჩამოაყალიბა "26 ივლისის მოძრაობა", რომელსაც ბატისტას რეჟიმი უნდა დაემხო. 1956 წ. 26 აგვისტოს კუბის მთავრ ჟურნალ "ბოჰემიაში" გამოქვეყნდა ფიდელის მიმართვა ბატისტასადმი, რომელშიც პირდებოდა, რომ წლის ბოლომდე დაამხობდა. 
           1956 წლის დეკემბერში სასაზღვრო ბრძოლების შემდეგ კასტროს მებრძოლები ფიდელის, რაულის და არგენტინელი ექიმის ერნესტო ჩე გევარას მეთაურობით კუბაში ორიენტეს პროვინციაში გადმოსხდნენ. ფიდელის რევოლუცია დაიწყო. 
         2 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ 1959 წლის 1 იანვარს რევოლუციონერები ჰავანაში შევიდნენ და ბატისტას რეჟიმი დაამხეს.  ყველა ბრძოლის დროს ფიდელი, როგორც უმამაცესი სარდალი მუდამ ცეცხლის ხაზზე იბრძოდა და მებრძოლებს პირად მაგალითს აძლევდა და ამხნევებდა. 1957 წ. "ნიუიორკ თაიმსის" ჟურნალისტისადმი მიცემულ ინტერვიუში ფიდელ კასტრო ამბობდა: "მე ხელისუფლება არ მაინტერესებს, გამარჯვების შემდეგ მე დავბრუნდები საკუთარ სოფელში და გავაგრძელებ ადვოკატის საქმიანობასო".  მალე ფიდელი პრემიერ მინისტრი გახდა(1965 წ. ქვეყნის კომპარტიის ლიდერი გახდა1976 წლიდან კი პრეზიდენტობაც შეითავსა). 
        1959 წლისთვის აშშ-ს პრესა კასტროს აღმერთებდა. აშშ-ს პრეზიდენტი ეიზენჰაუერი მას თავის კაცად მიიჩნევდა. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ფიდელი სულაც არ აპირებდა აშშ-ს წესებით თამაშს. " კუბა იქნება აშშ-ს მეგობარი მანამ, სანამ აშშ იქნება კუბის მეგობარი" - განუცხადა მან ნიუიორკ თაიმსის ჟურნალისტებს.  როცა ამაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა ჰკითხა - რას იზამთ თუ აშშ მოინდომებს კუბაში წესრიგის დამყარებასო? უპასუხა: " ეს მათ 200000 გრინგოს (ასე ეძახიან ამერიკელებს ლათინურ ამერიკაში) სიცოცხლედ დაუჯდებათო”.
     1959 წლის აპრილში აშშ-ს პრესის ასოციაციის მიწვევით მიწვევით ფიდელი აშშ-ში ჩავიდა. მან პირველად გაიპარსა წვერი და 100 ყუთი რომი ჩაიტანა საჩუქრად. კასტრო წარმატებით გამოვიდა გაეროში, "დაიპყრო" პრინსტონი და ჰარვარდი. ფეხით სეირნობდა ქუჩებში, სადაც აღტაცებით ხვდებოდნენ. ისიც გაღიმებული ყველას ესალმებოდა და ტრიუმფს იღებდა. ეიზენჰაუერი ქალაქგარეთ გაემგზავრა, კასტროსთან შეხვედრა, რომ აეცილებინა. ვიცე პრეზიდენტი ნიქსონი კი ნახევარი საათი ესაუბრა მას და უჩვენა დაზვერვის მონაცემები თუ როგორ იყვნენ "შეპარულნი” მისი გარემოცვის რიგებში კომუნისტები. თუმცა ამაზე ფიდელს ყურადღება არ მიუქცევია. ამ საუბრის შემდეგ ნიქსონმა დაასკვნა, რომ კასტრო ან ვერ აფასებს კომუნისტური სენის საშიშროებას, ან უკვე დიდი ხანია მოწამლულია ამ სენით. ამიერიდან აშშ-ს ხელისუფლებამ კასტროს დამხობაზე ან ლიკვიდაციაზე დაიწყო ფიქრი.
    ცოტა ხანში ფიდელ კასტრო აშშ "გადააგდო", შეაჩერა კონსტიტუცია, დაამყარა ერთპარტიული რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობისა და კერძო საკუთრების ნაცვლად კი კუბაში სოციალიზმის მშენებლობა გამოაცხადა და ქვეყანა ლათინურ ამერიკაში სსრკ–სა და კომუნიზმის მთავარ ბაზად აქცია. 
      ამიერიდან კასტრო ამერიკის ნომერ პირველ მტრად იქცა. მისი თითქმის 50 წლიანი მმართველობის მანძილზე აშშ–ს სპეცსამსახურებმა მისი მოკვლა 640–ჯერ სცადეს, თუმცა იღბლიანი ფიდელი ყოველ ჯერზე ადვილად გადარჩა. სსრკ–ს დაშლის შემდეგ, კასტრო მარტო ებრძოდა აშშ–ს და ცდილობდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში თავისი მომხრე რეჟიმების შექმნას, რასაც წარმატებით ართმევდა თავს. 21 – საუკუნეში კასტროს მხარდამჭერი ხელისუფლებები ჩამოყალიბდა ვენესუელაში, ეკვადორში, ჰონდურაში, ნიკარაგუაში და სხვა ქვეყნებში. 2006 წლის 31 ივლისს კუჭის ოპერაციის(კიბო ჰქონდა) გამო პრეზიდენტობა დროებით ძმას რაულს გადააბარა. 2008 წ. 19 თებერვალს კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფიზიკური მდგომარების გამო ახალ საპრეზიდენტო ვადაზე უარს ამბობდა და  ამატებდა:"მე არ გემშვიდობებით. მე მინდა ვიბრძოლო ერთი ჯარისკაცი. მე გავაგრძელებ წერას. ეს იქნება კიდევ ერთი იარაღი  რომელზეც შეიძლება გათვლა გავაკეთოთ. ჩემი ხმა მიწვდება ხალხს". 24 თებერვალს რაულ კასტრო ოფიციალურად გახდა კუბის ახალი პრეზიდენტი. 2011 წლის 19 აპრილ ფიდელმა უკანასკნელი თანამდებობა  – კომპარტიის ხელძღვანელობაც დატოვა და ისიც რაულმა შეითავსა. კომუნისტური ეპოქის უკანასკნელი დინოზავრის პოლიტიკური გზა დასრულდა.
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1713 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: