მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი. ჯონ როკფელერის ბიოგრაფია. - 21 აპრილში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » აპრილი » 21 » მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი. ჯონ როკფელერის ბიოგრაფია.
10:16 PM
მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი. ჯონ როკფელერის ბიოგრაფია.
          ჯონ დევისონ როკფელერ უფროსს(1839–1937) ასაკში შესვლასთან ერთად  გაცვივდა თმა, წარბები, წამწამები და ულვაშები.  მოტიტვლებული, გაჩხიკული თავით, ძაფივით თხელი ტუჩებითა და პატარა, დაკვირვებული თვალებით - იგი საშინელი სანახავი იყო. ამიტომ მას ეშმაკი  შეარქვეს. მისი მუშების ცოლები  პატარა ბავშვებს  აშინებდნენ: "ნუ ტირი თორემ როკფელერი მოვა და წაგიყვანსო".
          ბაპტისტი დედის მიერ, მკაცრი წესებით აღზრდილი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, საკუთარი მკაცრი მორალით ამაყობდა და ამ წესებს მთელი ცხოვრება ზედმიწევნით იცავდა. 
         მამისგან(უილიამ როკფელერი, ნიჭიერი ვაჭარი და მაქინატორი, თუმცა ზედმეტად რისკიანი და მხიარული ცხოვრების მოყვარული) ჯონმა ბიზნესის ანაბანა და ფულის სიყვარული შეისწავლა, დედისგან(ელიზა დევისონი, მკაცრი და შრომისმოყვარე დიასახლისი) კი შრომა, მოვალეობის გრძნობა, რკინისებრი ნებისყოფა,  თავისიანების მიმართ ერთგულება და სხვების მიმართ გულგრილობა დედის რძესთან ერთად შეითვისა.
        პატარა ჯონს ძალიან უყვარდა კითხვა, მუსიკა და საეკლესიო მსახურება. ის წყნარი ბავშვი იყო, რომელიც მახვილი მეხსიერებით, ათვისების მძაფრი უნარითა და საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა. შაშის თამაშისას პარტნიორები მწყობრიდან გამოჰყავდა – თითო სვლაზე ნახევარ საათს ფიქრობდა და არასოდეს აგებდა. მისი ცივი სახის გამომეტყველება და ბავშვურ მზერას მოკლებული თვალები გარშემო მყოფებს შიშს ჰგვრიდა. ცხოვრებით ტკბობა კი   ჯონმა არასოდეს იცოდა.
        სამაგიეროდ იმდენად პრაქტიკული იყო, რომ ნათესავების სუსტ მხარეებსაც კი, მის  სასარგებლოდ იყენებდა. კეთილშობილება და ლაყბობა უიღბლო ადამიანისათვისაა დამახასიათებელი – მუდამ იმეორებდა ჯონი.
         როკფელერმა "ბიზნესის კეთება" პატარაობიდანვე დაიწყო. დიდ კანფეტებს ყიდულობდა, პატარა ნაწილებად ყოფდა, ეტიკეტს და ფასს აკრავდა და საკუთარ დებზე ასაღებდა. შემდეგ გარეულ იხვებს იჭერდა, ზრდიდა და ყიდდა. მოგებულ ფულს კი ყულაბაში აგროვებდა.
         მისი პიროვნების სხვა მხარეების შესახებ, ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ადამიანებისათვის დამახასიათებელი თვისებები ჯონმა ძალიან შორს გადამალა და ჩაკეტა. თუმცა ის უგრძნობი ადამიანი სულაც არ იყო. როდესაც მისი და გარდაიცვალა, სახლიდან გაიქცა და მთელი დღე მუხლებზე დამხობილმა ტირილში გაატარა. ასეთი გამონათებები მას უფროს ასაკშიც ჰქონდა და იგი სულაც არ იყო ისეთი ურჩხული, როგორადაც ახასიათებდნენ. ერთხელ, ერთ–ერთი თანაკლასელის ამბავი იკითხა, რომელიც ბავშვობაში მოსწონდა. როდესაც შეიტყო, რომ იგი დაქვრივებულა და გასაჭირში იყო, სტანდარტ–ოილის პრეზიდენტმა მას პენსია დაუნიშნა.
         მან პატარაობიდანვე ცხოვრებაში ორი მთავარი მიზანი დაისახა: ეშოვა 100000 დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. მან გადაწყვიტა, რომ გამდიდრებულიყო და თავისი თავი იდეალურ ბიზნეს–მანქანად აქცია, რომელიც მუდამ საქმიან იდეებს ახორციელებდა, მუშებს ექსპლუატაციას უწევდა და კონკურენტებს ამარცხებდა. მისი გენიალური ინტუიციისა და ზებუნებრივი საქმიანი თვისებების დამსახურებით, იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქცა.
             საშუალო განთლების შემდეგ ჯონმა ბუღალტრის 3 თვიანი კურსები გაიარა და ქ. კლივლენდში ფირმა "ჰიუიტ ენდ ტატლში" მუშაობა დაიწყო. ბუღალტრის საქმიანობა ჯონს ძალიან სიამოვნებდა, დილის 7–ის ნახევრიდან ღამის 10 საათამდე მუშაობდა და კომპანიისათვის დიდი მოგება მოჰქონდა. ამის გამო 20 წლის ჯონს კომპანიის ხელმძღავნელის პოსტი შესთავაზეს, ოღონდაც 3–ჯერ ნაკლები ხელფასით, ვიდრე წინა ხელმძღვანელს ჰქონდა. ჯონმა თავი შეურაცყოფილად იგრძნო და კომპანია დატოვა. ამიერიდან, მას სხვაზე აღარ უმუშავია და საკუთარ კომპანიებს აშენებდა.
           1857 წელმ მან ინგლისელ ჯონ კლარკთან ერთად დააარსა სავაჭრო სახლი "კლარკი და როჩესტერი", რომელიც ხორბლით, ხორცითა და სხვა პროდუქტებით ვაჭრობდა. მალე როკფელერი გამდიდრდა, თავს დაოჯახების უფლება მისცა და ნავთობის ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა.
           1870 წელს როკფელერმა, ქიმიკოს ენდრიუსთან ერთად, ნავთობკოპმპანია "სტანდარდ ოილი" დააარსა, რომელიც მალე მსოფლიოში უმდიდრეს კომპანიად იქცა.
          გოგონები  ჯონს პაემანს უნიშნავდნენ, მაგრამ ის მათ მხოლოდ ეკლესიაში უთქვამდა შეხვედრებს. გრძნობდა, რომ ღვთის რჩეული იყო და სხვა არავითარი გატაცებები არ იზიდავდა. მისი პარტნიორი მორის კლარკი ჯონზე ამბობდა: "მას მხოლოდ 2 რამის სწამს –ბაპტისტების და ნავთობის".
          როდესაც ჯონმა პირველი საკუთარი კომპანია დააარსა და დიდი ფული იშოვა, გადაწყვიტა, რომ დაქორწინების დრო დადგა და არჩევანი შეაჩერა სკოლის დროინდელ მეგობარზე და მდიდარი ოჯახის შვილზე – ლაურა სპელმენზე, რომელსაც ჯონი მრავალი წლის განმავლობაში უყვარდა. ჯონი ლაურას ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გამოუტყდა სიყვარულში. ქალმა კი ულტიმატუმი წაუყენა – ჯონს ჯერ ცხოვრებაში რამისთვის უნდა მიეღწია და შეძლებული გამხდარიყო. ასეც მოხდა და ისინი დაქორწინდნენ. ლაურასთვის განკუთვნილ ბეჭედში როკფელერმა 118 დოლარი გადაიხადა .
            მიუხედავად იმისა, რომ ჯონი კლივლენდის უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი იყო, მისი ქორწილი ძალიან უბრალო იყო. მან მცირე საზოგადოება შეკრიბა, უბრალო ბინა დაიქირავა და იქ უხმოდ აღნიშნა თავისი ქორწილი. ამის შესახებ არცერთ გაზეთში არ დაწერილა, რადგან ჯონს არ უყვარდა, მასზე რომ ლაპარაკობდნენ. კონკურენტებსა და მსახურებს მისი ეშინოდათ, ხოლო ცოლი უკეთილშობილეს ადამიანად მიიჩნევდა. სხვათაშორის ჯონიც ძალიან აფასებდა მეუღლეს და მასზე ამბობდა: "ის რომ არ მყოლოდა, ალბათ ახლა ისევ ღარიბი ვიქნებოდიო".
            როკფელერი არასდროს უწევდა ხმას, არასოდეს ნერვიულობდა და არ იცვლიდა სახის გამომეტყველებას. მისი წყობიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო. ერთხელ მის კაბინეტში გაშმაგებული თანამშრომელი შევარდა და ნახევარი საათის მანძილზე გაუჩერებლად ყვიროდა და ილანძღებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში როკფელერი მაგიდასთან თავჩარგული იჯდა და საქმით იყო გართული. როდესაც გაწითლებულმა და განადგურებულმა თანამშრომელმა ყვირილი დაამთავრა, ჯონმა მშვიდად ასწია თავი და უთხრა: "მაპატიეთ, ვერ გავერკვიე რაზე საუბრობდით. თუ შეიძლება, გაიმეორეთ". თანამშრომელი ოთახიდან გაფითრებული გავიდა.
             იგი მუდამ ერთსა და იმავე დროს იკვებებოდა, რის შემდეგაც თავისი სამფლობელოს დასათვარიელებლად მიდიოდა. ჩუმი ნაბიჯებით, უხმაუროდ დადიოდა. მუშების მაგიდებთან ეშმაკივით მოულოდნელად აღმოჩნდებოდა, გაუღიმებდა და სამუშაოს ამბებს ეკითხებოდა. როკფელერი კარგი მეპატრონე იყო. სხვა ფირმებთან შედარებით, ყველაზე მაღალ ხელფასებს არიგებდა, თანამშრომლებს აძლევდა ფასიან ბიულეტენებს, პენსიებს  და ა.შ. მაგრამ თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, უმოწყალოდ უსწორდებოდა. მომსახურე პერსონალს მუდამ თბილად მიმართავდა, მაგრამ მაინც სიკვდილივით ეშინოდათ მისი.  ეს შიში გარკვეულ მისტიკურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, მისი მდივანი ამტკიცებდა, რომ არასოდეს უნახავს, როგორ შედიოდა ან გამოდიოდა როკფელერი კაბინეტიდან – როგორც ჩანს, საიდუმლო კარით სარგებლობდა. ასეთივე შიშს იწვევდა მნახველთათვის მისი სპარტანულად მოწყობილი სახლიც. იქ ბავშვებიც კი არ არღვევდნენ მყუდროებას. მხოლოდ თვითონ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, როგორი მეგობრული და თბილი დამოკიდებულება იყო ამ სახლში სინამდვილეში.
            მე–19 საუკუნის 80–იან წლებში მისი ქონება 18 მილიონ დოლარად(დღევანდელი ექვივალენტით 250 მილიარდი დოლარი)იყო შეფასებული. ამიერიდან ჯონმა კონკურენტებზე შეტევები წამოიწყო. პატარა ნავთობკომპანიები ნელ–ნელა გაანადგურა და მალე ნავთობის ბაზარზე მონოპოლისტი გახდა. სტანდარდ–ოილი ტრანსნაციონალურ კომპანიად გადაიქცა და მისი ინტერესები მთელ დედამიწაზე გავრცელდა. მის მონოპოლიას "ყველაზე ბრძნულსა და უსამართლოს" უწოდებენ ისტორიაში.
              ჯონი თანდათან ბერდებოდა, თუმცა, მის გონებრივ შესაძლებლობებს ასაკმა ვერაფერი დააკლო. თავის იმპერიას რკინის ხელით უძღვებოდა: მარტო სტანდარდ–ოილისგან მას ყოველწლიურად 3 მილიონი შესდიოდა, ასევე მას ეკუთვნოდა 16 სარკინიგზო, 9 უძრავი ქონებით მოვაჭრე, 6 სანაოსნო მიმოსვლის და 6 სხვადსხვა სახის კომპანიები, 9 ბანკი და 3 ფორთოხლის  პლანტაცია.
           ასაკში შესვლასთან ერთად ჯონი თანდათან იმპერიის სადავეებს თავის შვილებს გადასცემდა და თვითონ ძირითადად ქველმოქმედებით იყო დაკავებული. 1892 წელს მან დააარსა ჩიკაგოს უნივერსიტეტი; 1901 წელს როკფელერის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, 1902 წელს საყოველთაო საგანმანათლებლო საბჭო, 1913 წელს კი -  როკფელერის საქველმოქმედო ფონდი.
              სოცოცხლის ბოლოს მისი ქონება, თანამედროვე დოლარის კურსით, 318 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. სიკვდილის წინა წლებში, როკფელერმა 460 მილიონი უფროს ვაჟს – ჯონი უმცროსს დაუტოვა; ნახევარი მილიარდი საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა; რამდენიმე მილიონი ნიუიორკის როკფელერის ცენტრს, 9 მილიონი დახარჯა ნიუირკში გაეროს შტაბბინის ასაშენებლად. ამას გარდა, 6 დანარჩენ შვილს 240 – 240 მილიონი დოლარი დაურიგა. დიდი თანხები გადაურიცხა აგრეთვე, ბაპტისტურ ეკლესიას. 
        სწორედ, როკფელერი აფინასებდა ამერიკელთა სამეცნიერო ექსპედიციას ანტარქტიდაზე 1934 წელს, რის საპასუხოდაც შესწავლილ ტერიტორიას "როკფელერის პლატო" უწოდეს.
          მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი, 1937 წლის 23 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა და უკანასკნელი ოცნება, 100 წელი ეცოცხლა, აუხდენელი დარჩა. მას ამ მიზნამდე 2 წელი და 2 თვე დააკლდა.
ნანახია: 832 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *: