ქართული დამწერლობის ფესვები. ნაწილი I - 14 ივლისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივლისი » 14 » ქართული დამწერლობის ფესვები. ნაწილი I
3:56 PM
ქართული დამწერლობის ფესვები. ნაწილი I

ფარული ნიშნების – სკრიპტოგრამების შესახებ

        საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი სკრიპტოგრაფიული (ფარული) ნიშნების საერთო ხასიათია: მონუმენტალურობა, სისტემურობა, სრული სახეები. მათი კოსმოგონიური ხასიათი წააგავს ქართული დედაბოძის ორნამენტების სიმბოლოებს და ქართულ ენაში შემონახულ მითოლოგიას. საკულტო მსახურების დროს გამოსაყენებელი საბეჭდავის „საჭვრეთი" სიმბოლოები და ფარული ნიშნები ურთიერთკავშირში ჩანან. თემა „ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული" აყენებს საკითხს ძვ. ქართული დამწერლობის შესახებ, რომ ფარული ნიშნები იყო დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ხალხურ მითოლოგიურ გადმოცემებში და გამომსახველობაში იყო „ღვთაებრივი" ასტრალურ-კოსმოგონიური სიმბოლოები, რომელთა მსგავსი იეროგლიფების შესაძლო დამოკიდებულება ასომთავრულის ასოებთან გამოსარკვევია. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მატერიალური კულტურის ძეგლებზე შემორჩენილია ქვებზე ამოკვეთილი ნიშნები. 2009 წლის მონაცემებით ფიქსირებულია 160 ასეთი ამოუცნობი ნიშნების შემცველი ქვა. აქედან ხევსურეთის 11 სოფლის ტერიტორიაზე -60 ცალი ნიშნიანი ქვა, 74-ქვა თუშეთის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში -25 ქვა, 4-ქვა ფშავში. ნიშნების საერთო რაოდენობა 500 ერთეულამდეა. ნიშნები გეომეტრიული ხაზოვანია. გეომეტრიულ ფიგურებში ჩართულია პეტროგლიფების და ასომთავრული ასოების მსგავსი ნიშნები. ფარული ნიშნები მონუმენტური, ჩამოყალიბებულია. ნიშნიანი ქვების ზომები მერყეობს 100-30 სმ. ფარგლებში. ნიშნების ზომები ძირითადად 8 სმ- დან 20 სმ-ია. ნიშნები ქვაზე ამოჭრით, ამოტვიფრითაა შესრულებული. ჩანს რომ ქვები მეორადი მოხმარებისაა. ისინი ჩაყოლებულია ჯვარ-სალოცავებისა და ციხე-კოშკების კედლებში. ნიშნების ამოჭრის დრო დაუდგენელია (ციხე-კოშკები თარიღდება მე-16-17 საუკუნეებით). ფარული ნიშნების შეკრების და დახარისხების შედეგად ჩანს სისტემის არსებობა. ნიშნები მეორდება სხვადასხვა ხელწერით და სხვადასხვა სოფელში. ძირითად ჯგუფში 40 ნიშანია. ამ ნიშნებიდან 17-18 მეორდება. თვითოეულ ქვაზე მაქსიმუმ 20 ნიშანია გაფანტულად ამოტვიფრული. ნიშნებში ჭარბობს კოსმოგონიური ხასიათის სიმბოლოები. ფარული ნიშნები მოიპოვება იმ რეგიონში, სადაც შემორჩენილია ზოგად ქართული ხასიათის გეომეტრიული ორნამენტიკა. ანალოგიური ფარული ნიშნების ერთეულები გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში და კახეთში; საქართველოს მოსაზღვრე მაღალმთიან ინგუშეთში და არღუნის ხეობის მოსაზღვრე რეგიონში (სოფლებში: ბერკინო, ფახიე, ოშნი), მათ ადგილობრივები ,,ჯვრიან ქვებს" უწოდებენ. აღნიშნულთან ზოგადი მსგავსება შეიმჩნევა შუამდინარეთულ წინალურსმულ, კრეტულ, იბერიულ და ეგვიპტის გაუშიფრავ ხაზოვან ნიშნებთან. ქ. კახუნის (ძვ.წ. 25-ე საუკ.) და ქ. გურობას (ძვ.წ. მე-12 საუკ.) ფარულ ნიშნებთან. ნიშნები ლოკალურია და სავარაუდოდ, საკრალური, საინფორმაციო ხასიათისაა. სკრიპტოგრამები, რომლებიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციათა უწყვეტობის გამო, ატარებს ქართულ გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. მათი კოსმოგონიური მახასიათებლები წააგავს ქართული დედაბოძის გეომეტრიული ორნამენტების სიმბოლოებს. (სურათი 1)

ისტორიკოსი, პალეოგრაფი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური ,,წერაქვული" ფარული ნიშნების შესახებ:

       საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი ფარული ნიშნების (სკრიპტების) მნიშვნელობის გარკვევა, მათი მიმართება ძვ. აღმოსავლეთის და კრეტა-მიკენის კულტურის მატარებელი ხალხების მსგავს ნიშნებთან და აგრეთვე ძველი ქართული დამწერლობის (ასომთავრული, ნუსხა-ხუცური) ასო ნიშნებთან. აღსანიშნავია რომ მსგავსი ნიშნები შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, მცირე რაოდენობით ხელნაწერებსა და ხატებზე, საცხოვრებელ სახლებზე, გეომეტრიული ფიგურებისა და ორნამენტების სახით. აშკარად ჩანს მსგავსება კრეტულ და იბერიულ და საქართველოს მთიანეთში დაფიქსირებულ ფარულ ნიშნებს შორის. მართალია საკამათოა თვალსაზრისი ქართულ ანბანის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც თვალსაჩინოა რომ ძვ. ქართული ზოგიერთი გრაფემა მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებს კრეტულ ,,ა" და ,,ბ" ხაზოვან და იბერიულ ნიშნებთან. როგორც ცნობილია მთა ბევრად უფრო მყარად ინახავს ტრადიციებს და ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, სწორეთ საქართველოს მთიანეთში ამ უძველესი ნიშნების შემორჩენა. ჩემი აზრით საქართველოს მთიან რეგიონში მიკვლეული ,,წერაქვული" ფარული ნიშნები კიდევ ერთი დადასტურებაა, ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული თვალსაზრისი ჩვენი წინაპრების და ძველი აღმოსავლეთის ხალხების ნათესაური კავშირის შესახებ. წარმოდგენილი მასალა, არის ქართულ ისტორიოგრაფიაში სკრიპტოგრაფიული დამწერლობის შესწავლის პირველი მცდელობა. მის შესწავლას შეუძლია ბევრ საკამათო თუ გაურკვეველ საკითხს მოჰფინოს ნათელი. 

ფარული ნიშნები (სკრიპტები) და ასომთავრული

          მსოფლიოს ხალხთა ყველაზე ძველი დამწერლობის ტექსტი შუმერეთულია - ლურსმული დამწერლობის ნიმუში, რომელიც იკითხება. ი. გელბის განმარტებით ,,დამწერლობა ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით წარმოადგენს ვიზუალურ ინტერკომუნიკაციურ სისტემას, ზოგჯერ ნიშნების გამოსახულებით საგნებზე, ზოგჯერ კი ფორმების ან საგნების ფერებით პირობითი გამოყენებით’’. არქაული დამწერლობა შეიქმნა მესოპოტამიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში. ჯ. მაიერზის აზრით კრეტული და ადრეშუმერული ნიშნები იჩენენ საოცარ მსგავსებას, მათვე ემსგავსებიან პროტოელამური ნიშნები. დიდად ემსგავსებიან ერთმანეთს ეგეოსური და ხეთურ-ლუვიური იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებიც. ი. გელბი წერდა: ‘’ყველგან ძველ მსოფლიოში დამწერლობის შექმნა თან სდევს ცივილიზაციის გაჩენას. დამწერლობის შემოღება ქრონოლოგიურად ემთხვევა სახელმწიფოს შექმნას, დიდ ძვრებს ხელოსნობაში, ვაჭრობაში, წარმოებაში, მეტალურგიაში, სატრანსპორტო გზების და საშუალებების განვითარებასთან ერთად. გეოგრაფიურლი, სოციალური, ეკონომიური, ფაქტორების ერთობა, რომელსაც მივყავართ ცივილიზაციის შექმნისკენ’’ ე.ი. ცივილიზაცია ვერ იარსებებს დამწერლობის გარეშე. შუამდინარეთში დამწერლობა შეიქმნა სატაძრო მეურნეობის და მართველობის განვითარებასთან ერთად. დამწერლობის შემქმნელი იყო კულტურული იდეის მატარებელი ქურუმობა. დამწერლობის წარმოშობის სხვადასხვა თეორიები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შეიქმნა შედარებითი ენათმეცნიერება. დამწერლობის თავდაპირველ დედნად ლურსმული დამწერლობის მიჩნევა ჯერ კიდევ XX საუკუნის დაწყისში დაიწყეს: დელიჩის, გომელის და უედელის კვლევების მიხედვით. ასირიული შტოდან ა. დეეკის მიხედვით. კვიპროსული სილაბური შტოდან ა. სეისის მიხედვით და სხვა. დამწერლობის წარმოშობის სხვა თეორია არაინდოევროპული ენების მხრიდან სხვადასხვა მკვლევარების მიერ იქნა მიჩნეული. ფინიკიური მარცვლოვანი დამწერლობის წარმომშობ დედნად მიჩნეულ იქნა კრეტული და იბერიული ნიშნები. არტურ ევანსის და მის კვალზე რამდენიმე მკვლევარის: რეინაკის, დიუსოს მიერ განვითარებულ იქნა თეორია, რომ კრეტიდან დამწერლობის ნიშნები გატანილ იქნა ფილისტიმელების და სემიტური ენების მიერ. კრეტულმა თეორიამ მოიპოვა აღიარება ასევე სხვა მკვლევარების მხრიდანაც: ა. დეიეტი, ი. სუნდვალი, შაპუტეს და ბულგარელი მეცნიერის ვ. გიორგიევის ჩათვლით. ეგვიპტურ-კრეტულ- ჩრდილოსემიტური ნიშნების სახელით თეორია დაუკავშირეს დამწერლობის წარმოშობას. თუმცა დ. დირინგერის ნაშრომში, მსოფლიოს დამწერლობის შესახებ ზემოთაღნიშნული თეორია მიჩნეულია საეჭვოდ, მას მოჰყავს საბუთი, რომ ისტორიაში მოცემული ცნობებით, ფილისტიმელებმა პალესტინის ნაპირების დაპყრობა მოახდინეს ძვ.წ. 1220 წ. როცა რამდენიმე საუკუნით ადრე, ისტორია დამწერლობის შესახებ უკვე არსებობდა. თვლიან, რომ დ. დირინგერის მოსაზრება არადამაჯერებლად გამოიყურება, რადგან ფინიკიური ნიშნების და კრეტული ნიშნების მოხაზულობა და დასახელება ემთხვევა ერთმანეთს.

            ე. ფეტერი დამწერლობის სისტემურ ნიშნებთან დაკავშირებით ბევრ თამამ და საინტერესო აზრს გამოთქვამს. აპენინის ნახევარკუნძულზე წერტილოვანი ნიშნებით მონიშნულ 3000 წლიან სკრიპტებს ეტყობათ: ‘’უფრო ძველი უცნობი ნიშნების გავლენა ანუ წინარე ეტრუსკულის’’ ე. ფეტერი, ‘’მაგის გარდა გვხვდება სიტყვა ორი გვერდითი წერტილით. გამომდინარე აქედან ფეტერი გამოთქვამს აზრს, რომ სიტყვა წერტილის გარეშე ნიშნავს ღია მარცვალს, ხოლო – წერტილი კი დახურულ მარცვალს. ასეთ შემთხვევაში წერტილი ისმებოდა ან ნიშნის შიგნით თანხმოვნისთვის, რომლითაც მთავრდებოდა მარცვალი, ან ნიშნის შიგნით ხმოვნისთვის, რომლითაც იწყებოდა მარცვალი. ასეთი წერტილები გვხვდება იშვიათად ჩრდილო ეტრუსკულში და პიცენურ წარწერებში. აქედან შეიძლება ითქვას, რომ წერტილოვანი სისტემა მომდინარეობს მარცვლოვანი დამწერლობის მოთხოვნილებისაგან, ჯერ კიდევ სანამ ფინიკიური და ძველბერძნული დამწერლობა შემოვიდოდა. ძველი ადრეეტრუსკული ხალხი სარგებლობდა მარცვლოვანი დამწერლობით, თუმცა ამის დამამტკიცებელ სხვა საბუთს არ ვფლობთ, რომელიც დაამტკიცებდა უფრო ძველი დამწერლობის სისტემის არსებობას’’.

          ჩრდილო ეტრუსკული დამწერლობის შესახებ ფეტერის თეორია და საქართველოს მთიანეთში მოპოვებული ნიშნების კვლევა ერთნაირ აზრს ანვითარებს. საქართველოს მთაში შემორჩენილი ნიშნები, რომ ადრევე მისულიყო ევროპელი კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების ყურამდე, წერის ნიშნების წარმოშობა – განვითარების შესახებ, დღეს ალბათ სხვა თეორია იქნებოდა დამკვიდრებული საზოგადოებაში. წერტილოვანი სისტემა რომელიც მთელი არქაულობით არის ფარულ ნიშნებში (წერაქვულ დამწერლობაში) ქართულ ენასთან ახლობლობას ამტკიცებს: წერტილი, წერა, ჭრა, ნაჭრელა, ამოწერვა, წერაქვი, ბედისწერა, წერამწერელი, სერნაწრიანი, ნიში და ნიშანი და სხვა. (სურათი 2).

          ძველებურ ხაზოვან ნიშნებში წერტილოვანი სისტემა ქმნის შთაბეჭდილებას რომ ფინიკიურ დამწერლობამდე ამ ნიშნების მფლობელებს ბგერითი დამწერლობის მოთხოვნილება უკვე ქონდათ. დამწერლობის განვითარება რამოდენიმე სტადიას ითვლის: პიქტოგრაფიულ-იეროგლიფურ, იდეოგრამულ-ლოგოგრამულ, სილაბურ-მარცლოვან და მარცლოვან ასო ბგერით ნიშნების. მიჩნეულია რომ პიქტორგაფიული (ხატოვანი) იეროგლიფური არქაული ნიშნები საკულტო მსახურთა და ქურუმთა იდეოლოგიას ემსახურებოდა, ჯგუფს რომელსაც ფარული ნიშნები უნდა სცოდნოდა საპატიოდ თვლიდნენ, რადგან: "საკრალური ნიშნების ამოჭრა ღვთაებრივ სამსახურად მიიჩნეოდა”. ნიშანდობლივია, რომ არქაული ნიშნები გამოირჩევიან რთული გრაფიკული მოხაზულობით, როცა საერო დამწერლობაში გადადის იგი იწყებს გამარტივებას, ხდება სადა, ადვილად დასაწერი: "ეს თეორია ერთადერთია და დღესაც ინარჩუნებს მართებულობას”.

           ქართულ იბერიული ხალხთა საცხოვრებელი ტერიტორია ბევრ საინტერესო არქეოლოგიურ მონაპოვარს მოიცავს. აქ მოპოვებულ კულტურულ ნივთიერ საგნებს ეტყობა განვითარების თავისებური ხასიათი. ჯერ კიდევ მტკვარ-არაქსული III-ათას. ძვ. წ. კერამიკა და მათზე გეომეტრიული ნიშნები აჩვენებს, რომ არსებობდა ამ რეგიონში ინფორმაციის გადაცემის მცდელობა. გეომეტრიული ორნამენტიკა, რომელიც ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე და ხატების მორთულობაში გვხდება უფლებას გვაძლევს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ მიბაძვა ხდებოდა გეომეტრიული, კუთხოვანი ხასიათის არქაული ნიშნებიდან. მრგლოვანი ასომთავრულის დამკვიდრების თანდათან იცვლება მორთულობის ხასიათიც – მკაცრი სტატიური ხაზებიდან გადადის მრგლოვან პლასტიკურ ხაზებში. დამწერლობის ნიშნების გავლენა მორთულობაზე საყოველთაოდ ცნობილი და დამტკიცებული აზრია. ტრადიციის უწყვეტობის მიხედვით ფარული ნიშნები (სკრიპტები) რომელიც ხევსურეთში და თუშეთში შემორჩა მსგავსებას იჩენს ასომთავრულ ასოებთან: მონუმენტური მოხაზულობით, კოსმოგონიური წარმოშობის ბიძგით, კუთხოვან წინამრგლოვან ნიშნებთან მსგავსებით. "ასომთავრულის არქაულ მოხაზულობად მიჩნეულია სწორედ კუთხოვანი ნიშნები”.

           დიდი მეცნიერი და ქართული პალეოგრაფის მამამთავარი ივ. ჯავახიშვილი როცა იწყებს ქართულ პალეოგრაფიაში კვლევას მართებულ მითითებებს იძლევა. მთვარის და მზის კალენდრის მონაცვლეობა ძველ ქართულ – იბერიულ – კოლხურ წარსულში დადასტურებულია. ეტიმოლოგიური, პალეოგრაფიული, ეთნოგრაფიული კვლევები ბევრ მინიშნებებს იძლევა. აკ. ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს ‘’ასომთავრულში არსებობს არქაული ნიშნები, რომლებიც გამომდინარეა მთვარის ფაზების სიმბოლოებიდან’’. თავდაპირველ საწერ მასალასაც ასე განიხილავს: ‘’მაგარ მასალაზე გამოყვანილი წარწერები ორნაირად იყვნენ ასრულებულნი ან შთაწერილნი ამოჭრილი ასოებით, როდესაც ასოთა მოხაზულობა ჩაღრმავებითა და ამოჭრით იყო გამოყვანილი. აღსანიშნავია, რომ ყველა ერის დამწერლობის უძველეს საფუძვლად კუთხოვანი დამწერლობა იყო’’. თვით ასოთა მოყვანილობას ასე ახასიათებს ‘’ქართული დამწერლობის ხუცურ – ასომთავრულ ,," და ,," მოხაზულობას უძველესი სახე აქვს დაცული. ქან-ის შემდეგ ქართულ ანბანში ისეთი ბგერათწყობა იწყება, რომელთა მსგავსი ღან-ის გარდა, არც სემიანთ (სემიტურს) და არც ბერძნებს ჰქონდათ და მარტო ქართული ენის დამახასიათებელია’’. საინტერესო შედარებაა ასევე: ‘’ქართული სან-ის და დორიელთა ამავე ასოს თავდაპირველი სახელის იგივეობა ცხადი ხდება’’. ‘’ქართველებმა ამ ასოს სახელი სან დორიელებისგან შეითვისეს, ცხადია ამგვარი შეთვისება ისეთ დროს უნდა ვიგულისხმოთ, როდესაც თვით დორიელნი ხმარობდნენ: წიგნებში ხომ არ დაუწყებდნენ ძებნას ქართველები იმ ასოსთვის სახელის მონახვას? ეს გარემოებაც ქართული ანბანის სიძველის მაჩვენებელი უნდა იყოს’’. დასკვნის აზრიც ასეთია: ‘’ქართული უძველესი ანბანის ბერძნულიდან წარმოშობის აზრი უსაფუძვლოდ და შეუძლებლად გვეჩვენება’’. ‘’ქართულ დამწერლობას მახლობლობა აღმოსავლეთის სხვა დამწერლობათა შორის სრული მსგავსებით ნათესაობის ან დედნობის გამომამჟღავნებელი არ მოეპოვება’’.

          დღევანდელი გადასახედიდან ანბანის მწკრივთა რიგს ფინიკიურსა და არამეულს როცა ამსგავსებენ სწორი შენიშვნაა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ფინიკიურმა თვითონ მოიგონა ასეთი მწკრივი თუ მათაც აღებული აქვთ წინარე დამწერლობიდან. ‘’წერის ნიშნების წლოვანებას ქიმიკოსი ან ფიზიკოსი კი არ ადგენს სინამდვილეში, არამედ პალეოგრაფი, რომელსაც ცოდნა და თვალი აქვს გამახვილებული მოხაზულობის ხელოვნებაზე’’ მ. ვენტრისი გამარტივება მოქნილობის მისაღწევად, ხოლო ფინიკიურ – ბერძნულმა ხაზმა სხვა გზა. (სურათი 3 და სურათი 4).

       "წერაქვული” ფარული ნიშნების მოხაზულობა აშკარად ფინიკიურსა და კრეტულზეც ძველებულ იერს ამჟღავნებს. ნიშნები რელიგიური იდეის გამომხატველად სჩანან და ინახავენ თავდაპირველი ინფორმაციის ნაკვალევს, ამ თვალსაზრისით ისინი მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენენ უძველესი შეხედულებების შესწავლისათვის. მათი იდეური სამყარო მსგავს კულტურულ – ისტორიულ გარემოში ნაკლებად იცვლებოდა, რაც ერთგვარად ხელშემწყობ პირობებს იქმნიდა: ორნამენტებით მკვიდრი გარემო და ჯვართმსახურების კონსერვატიულობა. (სურათი 5).

         გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, "ქართული პალეოგრაფია”  როცა იწერებოდა მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კრეტულ და იბერიულ ნიშნებზე სამეცნიერული ნაშრომები. ძირითადი კვლევები XX საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარდა. არამეულის და ფინიკიურის ძირი დამწერლობების მოძიება შუამდინარეთულ, კრეტულ და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში გვიან დაიწყეს. ამ დამწერლობიდან სამეცნიერო დონეზე დამუშავებული და წაკითხულია მხოლოდ კრეტული ,,В” ხაზოვანი დამწერლობა. (ძვ. წ. XIV ს.). დანარჩენის წაკითხვა ვერსიების დონეზე რჩება. კრეტის ძველ მოსახლეობაზე „კლასიკურ პერიოდშიც კი ისტორიკოსები არც თუ იშვიათად იხსენებენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხებს, მაგალითად პელაზგებს და ამასთანავე ძვ.წ. IV საუკუნეშიც კი კრეტის აღმოსავლეთ ნაწილში წარწერები კეთდებოდა არაბერძნულ ენაზე.” რაც შეეხება იბერიულ დამწერლობას იგი აღმოაჩინეს XX საუკუნის 30-იან წლების ბოლოს. თავდაპირველად მიიჩნიეს, რომ ფინიკიურიდან გამომდინარეობდა, მაგრამ კრეტული იდეოგრამების ამოცნობის შემდეგ გააერთიანეს კრეტული და იბერიული ნიშნების (დაახლოებითი მსგავსების) ჯგუფში. იბერიული დამწერლობის წაკითხვას შეეცადნენ მ. გომეს მორენო და პ. ვილაგრესი.

        როდესაც მთაში ნაპოვნი სკრიპტები შეიკრიბა გარკვეული რაოდენობით, აღმოჩნდა, რომ გეომეტრიულ ორნამენტებთან საერთო გენეზისისას გვანან. ხევსურული გეომეტრიული ორნამენტების თავისებურებების შესახებ ბევრი ნაშრომებია, მათ შორის არიან ცნობილი ავტორები გ. ჩიტაია, ვ. ბარდაველიძე, ი. სურგულაძე. ყველა მკვლევარი აღიარებს ერთს, რომ ‘’ეს ორნამენტები საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული”. (სურათი 6 და სურათი 7).

       ჩვენ შევადარეთ გეომეტრიული ორნამენტების მოხაზულობა და დასახელება ხმელთაშუაზღვისპირეთის ცნობილ ხაზოვან ნიშნებს, კრეტა – იბერიულ – კვიპროსულ ნიშნებს. უნდა ითქვას, რომ მსგავსება არამარტო მოხაზულობაში, არამედ დასახელების მხრივაცაა. აღნიშნულის გამო, უპრიანია აზრი, რომ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. გეომეტრიულ კუთხოვან ორნამენტებს შემორჩენილი აქვს დასახელება. მსგავსებაა მათ შორის, როგორიცაა: ‘’კეხა’’ და ‘’კე’’, ‘’ბორჯღალა’’ და ‘’ბო’’, ‘’ქისტურა’’ და ‘’კი’’, ‘’მარტუღელა’’ და ‘’მ’’, ‘’უღელა’’ და ‘’უ’’. მიახლოებითი მსგავსებაა ‘’კიმხა’’ და ‘’კო’’, ‘’რქაგირგოლა’’ და ‘’გი’’, ‘’მგზავრა’’ და ‘’გე’’, ‘’უნაგირა’’ და ‘’გი’’, ‘’კუერანი’’ და ‘’კუ’’. (სურათი 8 და სურათი 9).

        ამ მსგავსებაზე რაიმეს თქმა ძნელია. ვინც კი შეუდგება ფარული ნიშნების საშუალებით სიუჟეტურ წაკითხვას ყველაფერი გასათვალისწინებელია. კრეტული და იბერიული ნიშნების დასახელებები შედარებით უფრო გასაგებად აღწერილი აქვს დ. დირინგერს მსოფლიოს ხალხთა დამწერლობების შესახებ (Алфавит) ქვესათაურებში; კრეტა – კვიპროსულ – იბერიული ნიშნები. გვ. 96. სურ. 42, 101, 118, 201. (სურათი 10 და სურათი 11).

        გეომეტრიული ორნამენტები აღწერილია ს. მაკალათიას ‘’ხევსურეთი’’ გვ.70, ი. სულგულაძის ‘’ქართული გეომეტრიული ორნამენტიკის სიმბოლიკა’’, ვ. ბარდაველიძის ,,ხევსურული ორნამენტიკა’’ და სხვა. ამ შემთხევაში ორნამენტებს და ფარულ ნიშნებს დიფერენცირებულად უნდა მიდგომა და ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ერთი აზრი ჩამოყალიბდება და გაირკვევა. წერის ნიშნების განვითარება შუამდინარეთულ, კავკასიურ, მცირეაზიულ, ეგეოსურ არეალში უკვე ახლებურად გააზრებას მოითხოვს. ასომთავრულის დალაგებული მწკრივი და მოხაზულობანი მიანიშნებს სხვა წარმომავლობის ძირს შედარებით სომხურ-ალბანურ დამწერლობით ასონიშნებთან. სამართლიანად შენიშნავს აკ. ივ. ჯავახიშვილი. ფარული ნიშნების გამოჩენის შემდეგ ასომთავრულის ისტორია მთლიანად შეიძლება შეიცვალოს. ამჯერად მთავარია გაირკვეს თუ რა კავშირია ასომთავრულს და ფარულ ნიშნებს შორის. საქმეს ართულებს მწირი ინფორმაცია. რელიგიაში განვითარების საფეხურზე გადასვლამ ძველებური დამწერლობის ნიმუშები ამოიღო ცხოვრებიდან, როგორც არა სასურველი სხვა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. ჯვრის მდგრადი გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სკრიპტები ჯვართმსახურების საკულტო იდეოლოგიას ემსახურებოდა. რამდენიმე მეცნიერის მოსაზრებით ასომთავრულზე წინა დროის ფარული ნიშნები საქართველოს ბარში გაანადგურა არაქართული წარმართული სარწმუნოებების მოძრაობამ. (ქრისტიანობის წინა პერიოდი, ზოროასტრიზმი, გაცი-გაიმი, ზადენი და სხვა).

       ისტორიის უკუღმართობამ მრავალი ძეგლი გაანადგურა, მაგრამ შემორჩა შუა საუკუნეების დროინდელი ისეთი ასომთავრული წყობა და უცხო ნიშნები, რომელთა ახსნა რთულია. ძველი ნიშნები თვით მკაცრმა შუა საუკუნეებმაც ვერ ამოშალა ხალხის მეხსიერებიდან. ძველი სკრიპტების გამოსახვა უცდიათ სხვადასხვა სტელის ბაზისებზე და ასომთავრულთანაც. დავით გარეჯი; სოფ. წებელდის ეკლესიის საამშენებლო წარწერა და სხვა. ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილ ფარულ ნიშნებთან მსგავსებას პოულობს VIII_IX-ს ქრისტიანულ ხატებში და წიგნებში დაფიქსირებული უცნობი სიმბოლოები. მაგ: IX საუკუნის ადიშის ოთხთავის ერთ-ერთ გვერდზე ორ სვეტად ჩამოწერილი ნიშნები ე.წ. "სიმბოლოები”, ასევე XI საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი "ხიდისთავის წმინდა გიორგი” ფეხზე მდგომი ფიგურა ხელში მახვილით. ტრადიციული ხატწერისთვის მოსასხამით და ორნამენტებით. ამ ორნამენტებს შორის კერძოდ მოსასხამის კალთის არშიაზე შემოვლებულ გაფორმებასა და ზედა ასეთივე ორნამენტებს შორის დატოვებულია ადგილი, სადაც სიმბოლოებია ჩაჭრეთილი. სიმბოლო ნიშნები წარმოშობით ორნამენტებს ნამდვილად არ გავს, იგი გაკეთებულია გავლენით და რადგან ოქრომქანდაკებელმა წმინდა გიორგის მოსასხამზე ამოჭედა ფაქტია, რომ ისინი საკრალურად მიიჩნია. კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით. ჯვრის მხრებს შორის წერტილებია ჩაჭრეთილი. ასევე სამკუთხედები წერტილებით. წერტილები ნიშნების გარეთაც არის გაკეთებული. მსგავსი ნიშნებია საქართველოს მთაში დაფიქსირებული. მკაცრ სისტემურ ქრისტიანულ გამომსახველობაში რახან სიმბოლოები დეკორად მაინც შემორჩენილია, ეს უთუოდ მიმანიშნებელია ასომთავრულის წინარე კუთხოვანი ნიშნების გამოძახილის.

         წერაქულ დამწერლობაში, "სკრიპტებში”, შეიმჩნევა განმეორადობა რის გამოც შეიძლება კანონზომიერებაზე (სისტემა) საუბარი. ნიშნები ადგილობრივი წარმოშობისაა თუ შემოტანილია მცირე აზიიდან ან შუამდინარეთიდან, სადაც ასევე ისტორიაში პროქართველურ ენებზე მოსაუბრე ხალხი მოიაზრებოდა. უმეტესი ფარული ნიშნები თავდაპირველი მოხაზულობით უფრო მეტად შუამდინარეთულ იეროგლიფურ სიმბოლოებს გავს, მაგრამ განსხვავდება საინტერესო კუთხით. როგორც ცნობილ შუამდინარეთულ, ეგეოსურ და ეგვიპტურ ნიშნებში გვხვდება ეკონომიურად განვითარებული რეგიონის ატრიბუტები: გუთანი, საზიდარი, ჭურჭელი, თევზი, თასი, ცული, დანა, და სხვა. როგორც ჩანს, ყოველდღიური ყოფის საგნები დამწერლობით სისტემაში სტილიზებულ სიმბოლოებად გადასულა. საქართველოს მთაში შემორჩენილ ნიშნებში მსგავსი არაფერია. სამაგიეროდ ჩანან: ბორჯღალი, მნათობები სხივებით, მზე, წრე, წერტილები, ხაზები, ჯვრიანი წრეები, კლაკნილი, კომეტის ტიპები, სპირალები, ორმაგი წრეები, სამკუთხედი და ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სიმბოლოები უჯრიანი კვადრატები და სხვა. იქმნება აზრი რომ სკრიპტები კოსმოგონიური წარმოდგენების საფუძველზე წარმოიშვა. დავუშვათ, რომ ადგილობრივი წარმოშობისაა, მაგრამ აუხსნელია საიდან გვანან ერთმანეთს საქართველოს მთიანეთის ფარული ნიშნები შუამდინარეთის წინა ლურსმული და შედარებით გამარტივებული მოხაზულობის კრეტული და იბერიული ხაზოვანი ნიშნები. დამწერლობით ნიშნებში ცნობილია რომ ისტორიის დიდ მონაკვეთზე სტილისტური მსგავსება შეიმჩნევა მაგ: ინგლისელი ორიენტალისტის ა. ვაისმენის მოსაზრებით სიმბოლიკა ,,გუთანი” რომელიც შუამდინარეთში ძვ. წ. 3500 წლით თარიღდება, წარსულიდან მოჰყვება დამწერლობის ნიშნებს და ფინიკიურ თუ ბერძნულ ანბანშიც აირეკლება. ჩვენთან სიმბოლო გუთანის (ქართულად ერქვანის) არარსებობა გაურკვეველია. სავარაუდოა, რომ ჩვენ წინაპრებს სასიცოცხლო მოხმარების საგნები მეორე ხარისხოვნად მიუჩნევიათ კოსმოგონიურ წარმოდგენებთან შედარებით, რაც ინტერესს აღძრავს და ღრმა შესწავლას მოითხოვს.

        ჩვენამდე მოღწეული საქართველოს მთიანეთის წერაქული დამწერლობა უცნაურ გამოცანას გავს. გაურკვეველია ერთი ნივთმტკიცება რომელიც ხევსურეთში სოფელ ხახმატშია. ერთ-ერთ ოჯახში (შ. ალუდაური) შემორჩენილია ძველებური მასიური ხის კიდობანი ზედ ამოჭრილია შვიდი ხაზოვანი ნიშანი. 7 ნიშნიდან სამი სიმბოლო გაფუჭებულია ხოლო 4 ნიშანი კიდევ გაირჩევა. კიდობანი საშუალო ზომისაა და ადგილობრივი ნახელავია. საინტერესოა: რა ინფორმაცია დაიტანეს ზედ და როგორ მოაღწია შუასაუკუნეებამდე ძველებური ნიშნების ცოდნამ? ნაკლებ სავარაუდოა მიბაძვით იყოს მხოლოდ გაკეთებული. როგორც ჩანს ამ რეგიონში მთელი რიგი ფაქტორების ურთიერთდამთხვევამ ფარულ ნიშნებს იდეალური გარემო შეუქმნა და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უზრუნველყო. ვფიქრობთ ნიშნიანი ხის ნაკეთობა ცალკე შესასწავლია. სამწუხაროდ ადრევე არ დაიწყო ამ ნიშნიანი ქვების მოძიება და ფიქსირება, ამიტომ ბევრი დაკარგულად ჩაითვლება. ხალხური მეხსიერება შეიძლება წარმოუდგენლად ძველ დროს იმახსოვრებდეს. რაღაც მნიშვნელოვანმა მოვლენამ რომელიც უხსოვარ დროს ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა, დაილექა მეხსიერებაში და საყოველთაო კუთნილება გახდა. ასეთი ზეგავლენის კვალს შეიძლება მიეწეროს გეომეტრიული პირამიდული ფორმაც. ამ ფორმამ ღვთაებრივი საკრალური დატვირთვა შემოინახა მსოფლიოს ხალხებში. შუამდინარეთში, ეგვიპტეში, ცენტრალურ ამერიკაში, ჩინეთში და კავკასიაში. თუშეთში და ფშავ ხევსურეთში შემორჩენილი პირამიდულ სახურავიანი ნიშები ამის დასტურია. "პრაქტიკული მოსაზრებით ახსნილი ეს ფორმა არ გამორიცხავს საკრალურ დატვირთვასაც”, მათი ფორმა აკლდამებზე და კოშკებზეც გადავიდა. იგივე ფორმა თავისი გვირგვინული წყობით ახლობელია ქართული დარბაზის არქიტექტურასთანაც.

            მეხსიერებას შემოუნახავს ძველებური სახით ფარული ნიშნებიც. ერთი ნიშანი რომელიც სავარაუდოდ სალოცავს ანუ ჯვარს მიანიშნებს მეორდება ისეთ კონტექსტში და ისეთ გარემოში, რითაც იმსახურებს განსაკუთრებულ შინაარს. ადგილობრივ ხალხში შემორჩენილი ქვების დასახელებისა და მოხაზულობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე ნიშნის ამოცნობა. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ნიშნის რაობა ემთხვევა ასომთავრულის მოხაზულობას გამარტივებამდელს, ასეთი ნიშნებია: ხარიდა , (ხქ), ბორჯღალი და ფარი ან საფარველი და ფქვეყანა და ქჯვარნი და , მაგალითად კვადრატი დიგონალზე ჩახატული ჯვრით გვხვდება გუდანის ჯვარში. ეს სიმბოლო ნიშანი ადამიანის ფიგურის წინ არის ამოტვიფრული. ადამიანის ფიგურაზე სამჯერ დიდი მოცულობით, ხაზი აქვს გასმული მის განსაკუთრებულ შინაარსს. ქვაზე ერთ ხაზზე ოთხი ნიშანია ამოჭრილი: კვადრატი ჯვრით, ადამიანის ფიგურა ხმლით ორი წერტილით, მნათობის ნიშანი და ხელის მტევნის (მარცხენა) გამოსახულება. მთლიანი იდეოგრამის გაშიფვრა ძნელია მაგრამ კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით მეორდება სხვაგანაც. სოფ. ზენ კისტანის ქვაზე კვეთილობა მრავალ მხრივ საინტერესოა. ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, ზომით ერთი მეტრი სიგრძის 40 სმ სიგანის 25 სმ სისქის. სიბრტყეზე ამოჭრილია გაფანტულად ნიშან-სიმბოლოები 19 ერთეული. იქმნება შთაბეჭდილებ,ა რომ გვიანდელი პერიოდისაა. ხატოვან-იეროგლიფური ნიშნების საშუალებით ზედ დაპირისპირების ამბავის გადმოცემა უცდიათ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯვარი ფიგურირებს. ერთი ჯვარი ქრისტიანული ჯვარია მეორე ტიპიური ადგილობრივი ფოთლოვანი ჯვარია. გუდანის ჯვართ ქვის მსგავსი ნიშანი აქაც ამოუჭრიათ, ჩანს რომ ეს ნიშანი სალოცავი ჯვართ სიმბოლოა. იგივე ნიშანი სოფ. უკანახოს ჯვართ ფასადზეა ამოჭრილი კვადრატი ჯვრით. თუ კარგად დავაკვირდებით ეს ნიშანი ასომთავრული ჯ-ს არქაულ ნიშანს მოგვაგონებს. ჩარჩოში ჩასმული ფარული ნიშნებია: სხივმოსილი ნახევარწრე, წრე და ჯვარი. ასეთი ფიგურებიდან ანუ რთულიდან გამარტივებისკენ მსვლელობა შესამჩნევია. (ასო ნიშნებთან "”, "”, "”) კვადრატი დიაგონალებზე ჩახატული ჯვრით რომ ,,ჯვართ” ნიშნავს ამას მოწმობს პირამიდულ სახურავიანი ნიშებიც. ზედხედიდან დანახული შენობის ფორმა ემთხვევა სიმბოლოს. ქართულ ჯ-სთან დაკავშირებით ამგვარ აზრს გვთავაზობს აკ. ივ. ჯავახიშვილი: „ეგების ასომთავრული „ჯან”-ის მოხაზულობა უძველესი სახის შემნახველი იყოს. მაგრამ აქაც ჯერ ჰიპოთეზის გზით არაფრის თქმა არ შეიძლება და მომავალი იმედია მკვლევარს უფრო მეტ მასალას მისცემს. შესაძლოა -ს წარმოშობისთვის მექანიკური თეორიაც კი იყოს გამოყენებული, მაგრამ საიდან გაჩნდა -ს ზედა გასწვრივი ხაზი, ამ თეორიის თვალსაზრისი გაუგებარი იქნებოდა".

         ხევსურეთის სოფ. ზემო კისტანის ლოკალური ხასიათის ნიშნებში კიდევ სხვაც საინტერესოა. კვადრატი დიაგონალზე ჩახატული ჯვრით გაერთიანებულია ერთად სიმბოლოში, რომელიც ხელსაწყო გონიოს მსგავსია. ამ სიმბოლოს ორნაირი ჯვარი ადგას, ერთი ფოთლოვანი ჯვარია მეორე ჩვეულებრივი მცირე ჯვარი. სიმბოლოების ამ ჯგუფს უპირისპირდება მარჯვნიდან სხვა სიმბოლოების ჯგუფი სადაც წამყვანია ქრისტიანული ბოლოებგაშლილი ჯვარი წრეში. "გონიოს” მსგავსი იეროგლიფი შიდა სივრცით ცნობილია ლუვიურ იეროგლიფების ჯგუფში სახელწოდებით „ნაგებობა", მსგავსი ნიშანი არ ჩანს ხმელთაშუაზღვისპირეთის ხაზოვან ნიშნებში და არც წინა აზიურ ნიშნებში. ასევე ცნობილია რომ ლუვიური იეროგლიფური დამწერლობა გამოიყენებოდა თაბალების და მუშქების ქვეყანაშიც მცირე აზიაში ძვ. წ. XVI-XIII ს. ამ დამწერლობის უძველესი ნიმუში ქიცუვანთას მეფე ისფუთახსუს საბეჭდავმა შემოგვინახა პ. მერიჯი მომავალში ვინც დაინტერესდება ფარული ნიშნების ისტორიით, ამ იეროგლიფის გრაფიკული მსგავსებაც შეიძლება დაეხმაროს.

        ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სქემატური ნიშანია მეორე ნაირი კვადრატები ჩახატული უჯრედებით, ზოგან ოთხი წერტილია, ზოგან სამი. რვა უჯრიანი, ექვს უჯრიანი, ოთხ უჯრიანი კვადრატები. კრიპტოგრაფების და პალეოგრაფების თვალთახედვის მიღმა დარჩენილი ნიშნიანი ქვები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა უძველესმა ნიშნებმა გამარტივება განიცადეს და საერო დამწერლობა ჩამოყალიბდა. როგორც ავღნიშნეთ წერაქულ დამწერლობაში კრიპტებში ფიქსირდება სხვა ნიშნებიც რომლებიც მეორდებიან და ქვეყნის აღნიშვნის შინაარსის მატარებელს გვანან. მსგავსი ნიშანი შუამდინარეთში დასახლებულ მიწას აღნიშნავს. საუბარია ოთხკუთხედში ჩახატულ უჯრედებზე. უჯრიანი კვადრატი (სვასტიკასთან) ბოლოებ შეხრილ ჯვართან გვერდზე არსად ჩანს რითაც ბადებს აზრს, რომ ეს ორი ნიშანი ერთი და იგივე შინაარსის სახეცვლილებებია, ხოლო უჯრიანი კვადრატი და წრეში ჩამჯდარი ჯვარი გვერდ-გვერდითაა. (შატილის ქვები) ე. ი. სხვადასხვა სახელწოდების ჩანან. ფარული ნიშნები საკულტო მსახურების ტექსტების ნაკვალევს მოგვაგონებენ მაგ: ,,ჯვარო ნათელო, ნათლისაო", ,,ცეცხლის ბურთვაიანო", ,,კოპალავ ცეცხლის ლახტიანო" და გეომეტრიული ,,ფიგურები" როგორიცაა: ჯვარი წრეში და წრეს ცალმხრივი ხუთი სხივი, ჯვართან წრეები სხივებით. ფარული ნიშნები, რომელიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციის მიხედვით ატარებს ქართული ენის გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. თავდაპირველი საკრალური, რთული ფიგურების გამარტივებული მოხაზულობა დაფუძნებული ჩანს მსგავსებაზე, ე. ი. აქ საუბარია გრაფიკულიდან გამომდინარე შინაარსზე, ხოლო ეს გრაფიკული მოხაზულობა მსგავსებას იჩენს ობიექტურ ფორმებთან ,,ჯვართ’’ ფორმა, ხის, ფარის გამოსახულება და სხვა. ამ საკითხს თუ კი შორიდან შევხედავთ სირთულე ერთი მხრიდან არაა მარტო. მთელი პრობლემა გახლავთ ის რომ ამ განხრით არავინ არ დაინტერესებულა. სკრიპტოგრაფიული კვლევის გამოცდილება ჩვენთან არ მოიძებნება. ჩვენ ვხემძღვანელობთ ისტორიკოსების, პალეოგრაფების, ეთნოგრაფების, ენათმეცნიერების, იბეროლოგების, უცხოელი პალეოგრაფების და სკრიპტოგრაფების შრომების მიხედვით. სკრიპტებსა და ასომთავრულს შორის შეიძლება საერთო მოტივების მონახვა. მხატვრული და გამომსახველობითი ფორმები, როგორც ერთგან ისე მეორეგან საერთო გეომეტრიული ფიგურებია: ჯვარი, წრე, ვერტიკალური ხაზი, კვადრატი. ფარული ნიშნების გამარტივება ასომთავრულისთვის რა პრინციპით მოხდა? რაიმე ისტორიულ მოვლენას ხომ არ ქონდა ადგილი? ამგვარი კითხვების აქტუალობას ქართულ მატიანეში აღწერილი ისტორიული პერიოდი ამტკიცებს. როგორც ვიცით ანბანის შექმნა მიეწერება ფარნავაზ მეფეს "და მან შექმნა მწიგნობრობა ქართული” . მატიანეში ჩაწერილი ზოგადი ფრაზა ბევრჯერ გამხდარა მსჯელობის საგანი. ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა და სხვა მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ფარნავაზ მეფემ ადრე არსებული ძველი დამწერლობის ნიშნები გამოიყენა ქართული ანბანის შესაქმნელად. "ლ. მროველის თხზულებაში გვხვდება ცნობა ქართული ანბანის გამოგონების დროისა და შემდგენლის პიროვნების შესახებ. მას ქართული მწიგნობრობა ფარნავაზ მეფის შემოღებულად მიაჩნია . საყურადღებოა, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართველ ისტორიკოსს ქართული ანბანი ქრისტეს წინადროინდელ აღმოჩენად ჰქონია წარმოდგენილი” ე.ი "ქართული ანბანის შემომღებელი და მომპოვებელი იყოო”. მიუხედავად აღნიშნულისა, მოგვიანებით, ზოგიერთებმა მიიჩნიეს, რომ ბერძნულიდან აღებული ნიშნებით და მთვარის სიმბოლური ნიშნებით შეიქმნა ანბანი. ისტორიულად ქართველ ხალხს თუ კი ჰქონდა ფარული ნიშნები (სკრიპტები), საეჭვოა სხვა ხალხის დამწერლობიდან აეღოთ ნიმუშები. მეფე ფარნავაზის ცხოვრებისეული პერიოდია კავკასიის მთებში შეფარება და მძლევამოსილი მოსვლა. "კავკასიას მუნ იზრდებოდა” [ქართლის ცხოვრება გვ. 55.] უფლისწული, რომელიც იძულებული გახდა გახიზნულიყო მისთვის საიმედო ადგილას, ჩამოდის მთიდან გაძლიერებული და პოლიტიკურად კონსოლიდირებული. პოულობს გამოქვაბულში შენახულ განძს, აერთიანებს აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართველურ თემებს, შემოაქვს საერისთაოებით მოწყობილი სახელმწიფო წყობილება, ატარებს რეფორმას და შემოაქვს დამწერლობა. გამოდის რომ საქართველოს ძველ ისტორიაში მეფე ფარნავაზია პირველი პიროვნება, რომელმაც ერთიანობის თესლი ჩააგდო მონათესავე თემების ცნობიერებაში. ფარნავაზთან და ანბანთან დაკავშირებით ერთის თქმა შეიძლება, ანბანისთვის ნიშნების აღება მოხდა ისეთი ჯგუფიდან და ისეთ დროს, რომელიც იყო ცოცხალი და ფუნქციონირებადი. მცირე აზიაში ამნაირი ცოცხალი, მონუმენტური ნიშნები ისტორიულად ფარნავაზის პერიოდში არ ფიქსირდება, მაშინ რჩება ისევ საქართველოს მთიანეთის ძველი საკულტო ყოფის არსებობა. (ღვთაებრივი ასტრალურ-კოსმოგონიური, ნიშან-სიმბოლოები).

       საქართველოს ტერიტორიაზე შეკრების და დახარისხების შემდეგ გამოჩნდა ძირითადი 40-მდე ნიშანი, აქედან კრეტულთან და იბერიულთან მსგავსებაშია 30-ზე მეტი ნიშანი. მსგავსებაა ასევე ასომთავრულ ასოებსა და იბერიულ ხაზოვან ნიშნებში. ჩვენ არ ვამბობთ ასომთავრულთან მკვეთრად გამოხატულ გრაფიკაზე, თუმცა ზოგიერთი ნიშნის ზუსტი გამეორებაც შეიმჩნევა, ძირითადად კონსტრუქციული ჩონჩხის მსგავსებებია იბერიულ ხაზოვანთან: ბი და ბ, გი და გ, კე და კ, ტე და თ, ე და ე, გე და იოტა, რი და ფ, დი და ხ, კრეტულ "A” ხაზოვანთან გარეგნულად მსგავსია შემდეგი ასოები: ს, ვ, ქ, პ, ჟ, ღ, შ, ჩ, ჯ, ძ, წ. კრეტული "A” ხაზოვანი გაუშიფრავია, ,,В" ხაზოვანი დამწერლობის გაშიფვრა მოხდა 1952-1956 წლებში, მ. ვენტრისის, ჯ. ჩედრიკის მიერ.

         დაშვება, რომ რაც კრეტულში და იბერიულში ნიშანთა სახელწოდებებია საქართველოშიც ფარული ნიშნები ანალოგიური სახელწოდების იქნებოდა, არ იქნება სწორი. მხოლოდ მიახლოვებაზე შეიძლება საუბარი იმ დონემდე რასაც პროიბერიული ერთნაირი წინაინდოევროპული ენების ფონეტიკური მსგავსება სწვდებოდა, (აქ გეომეტრიული ორნამენტის სახელწოდებებიც გასათვალისწინებელია). ზემოთ აღნიშნულიდანაც ჩანს, რომ ასომთავრულის დახვეწილი ასოები შექმნილია არა ალალბედზე ან ფანტაზიით, არამედ ძველი ნიშნების მიხედვით, უფრო საყურადღებოა ,,"-ს შემდეგი მწკრივის ასოების მონუმენტური მოხაზულობა, რადგან მსგავსი ფონემის ასოები არც ბერძნულში, არც არამეულში და არც ფინიკიურში არ არსებობდა. შემორჩენილ ფარულ ნიშნებში არის კიდევ იდეოგრამები, რომლებიც არც შუა მდინარეთში არც კრეტულ და არც იბერიულში არ გვხვდება: მრავალ უჯრიანი კვადრატები წერტილებით, ბორჯღალი წრიანი შუაგულით, ჯვრიანი წრე ცალმხრივი ხუთი სხივით, ორმაგი სპირალი, ჯვარი ორი ჯვრით და წერტილებით. ჩვენი აზრით მეფე ფარნავაზი იცნობდა ამ ნიშნებსაც, იგი შეხვდებოდა იმ საკულტო მსახურთაც, რომელთაც იცოდნენ ფარული ნიშნების წაკითხვა "არა უწიგნურნი იყვნენ ქურუმნი” – "ქართლის ცხოვრება” I .

დასკვნა:

1. ფარული ნიშნები სკრიპტები, საკულტო მსახურთა და ქურუმთა ცოდნის ნაკვალევია, მათი ცოდნა ზოგან მოღწეულია შუა საუკუნეებამდე (ხახმატში ძველებურ ხის კიდობანზე ამოჭრილი ნიშნები). საფიქრებელია, რომ მეფე ფარნავაზის ეპოქაშიც იარსებებდა ფარული ნიშნები;  2. მეფე ფარნავაზის მთაში ყოფნის პერიოდი, საკულტო ფარული ნიშნების ფუნქციონირების პერიოდი და ასომთავრულის შექმნის ისტორიული ცნობა ერთმანეთს ემთხვევა;    3. ასომთავრულის ასოების ძირითადი კონსტრუქციული (ჩონჩხის) აგებულება აღებული ჩანს პროიბერიული ხაზოვანი ფარული ნიშნებიდან, რომელსაც ფლობდა გამორჩეული ქართველი ქურუმობა, ხუცესობა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ბერძნულის და არამეული ასოების გარკვეული გავლენაც არ გამოირციხება.

სურათი 13-ზე გამოსაახულია გ. გიგაურის მიერ ხევსურეთსა და თუშეთში ნაპოვნი ფარული ნიშნების ცხრილი.

ავტორი გიორგი გიგაური.

ნანახია: 1602 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: