მთავარი » 2012 » ივნისი » 25 » ძმას ქრისტესმიერს (ზვიად გამსახურდიას). ავტორი მერაბ კოსტავა.
8:36 PM
ძმას ქრისტესმიერს (ზვიად გამსახურდიას). ავტორი მერაბ კოსტავა.
რომ მიაკითხავ წმინდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმინდა მამათა ძვალშესალაგებს
მღვდელმთავართა და მეფეთა საძვალეს.

გეკითხებიან მოსულხარ სადით,
ხატება სენი ვეღარ გვიცვნია,
წარსულის სუთქვა ესდენ სიცხადით
საუკენეა არ განგვიცდია.

ხარ მწირი თამარ დედოფლისა,
საღვთო სინედლის გულში აღმძვრელი,
თუ ნახევარძმა პარსიფალისა,
დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,
სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმინდა
გრაალის მცველი რჳთისგან ცხებული,
თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან
თორნიკესავით დაბრუნებული.

ვინ განგვიახლე ნათლობის მადლი,
კურთხევის ზალა შორს გამიზნული,
რომ მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით
დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.

ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი
და მიეფარა ღრუბელს უფალი
შენ აღიმართე ვითა პირველი
დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.

თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი
და აგიტაცა როგორც ბოძალი,
დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.

გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,
შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან
და ეძიებდი ჭეშმარიტებას, 
ვითარ ტარიელ დაკარგულ ნესტანს.

და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა
ერშიც ძრახვანი აღძარ ვნებისა,
რომ განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.

ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა სენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი.

შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,
ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,
ჯიუტი თმენის ზღუდე მოსეტყვა
ზღვა საგუბარის დასცა კედელი.

შემომიტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს,
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს, ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდვნოდეს.

მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული,
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
რომ გულისწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.

რომ ამოშრება წყევლის სათავე,
ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,
მაშინ იხილონ დუშმანის თავი
უწმინდურ სისხლით გადათხიფული.

მისთვისაც გაქთქვამს ზეცა და მყარი,
და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,
კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,
რწმენის სამკლავის და საფუხარით,
გადაიჭრები გზნებით ყოფადში,
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,
მიქელანჯელოს ჯუშტ დავითივით.

დაუცხრომელო სულიერ ცდაში,
დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,
უკიდეგანო ასტრალურ ზღვაში,
დემონთა ხროვის დამამხობელო,
ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია.

ბოროტისათვის მუქაბის მგებელს,
საქმენი ქველნი არ დამიგმია,
მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,
ერთი ამბავი ვერ გამიგია:
სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე
რომ ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,
მოყვასისაგან რად განისაჯე,
ღირსო უკვდავთა დიადემისა.

ალბათ გამოცდა ენება უფალს,
რომ გომზადებდა ხვედრს არ საცდენს,
რადგან განგებას რომელიც უყვარს,
იმას მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.

რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და რომ აგივსეს ძმარით ფიალა
არ აიცდინე სასმელი ესე.

რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ ბრზანებლობს,
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,
რომ წაუხდება მცდელობა უმალ,
გატიალდება როგორც სამყარო,
რომ აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს
ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,
რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს
ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,
შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ
ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,
ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,
ვინც ვერ დაიცხრო რელვა გულისა,
ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა
საგალობელი სინანულისა.

12 აგვისტო. 1978 წელი.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1127 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: