მთავარი » 2012 » მაისი » 19 » ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტი ასლან მასხადოვი.
3:26 PM
ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტი ასლან მასხადოვი.
         ჩეჩენი ლომი (ასე ითარგმნება მისი სახელი) იყო პრეზიდენტი ტუჩზე ნაიარევით. ნერვული და შეფიქრიანებული, მცველებით გარშემორტყმული მოკლე ინტერვიუებს მხოლოდ ტყეში იძლეოდა, ეროვნული კრაველის ფაფახით კი საზეიმო შეხვედრებზე სიტყვით გამოდიოდა. ჩეჩნეთის თავისუფლებისათვის იბრძოდა, მასთან უტოპიური მოლაპარაკების გამართვაც კი შეიძლებოდა.
        მისი მომხრენი ჩეჩენ მგელს ეძახდნენ. კრემლი მთავარ დამნაშავედ მიიჩნევდა იმაში, რომ რუსეთის ძლევამოსილმა არმიამ ჩეჩნებთან პირველი ომი (1994-1996) წააგო. სწორედ მან გააერთიანა ჩეჩნეთის დაქსაქსული ძალები და მძიმე შეიარაღების გრეშე სასტიკად დაამარცხა რუსები.
         ასლან ალის ძე მასხადოვი 1951 წ. ყაზახეთის სოფელ შოკაიში(ყარაგანდას რაიონი) დაიბადა, სადაც მისი ოჯახი  დეპორტირებული იყო 1944 წლიდან. 1957 წ. ჩეჩნებისა და ინგუშების რეაბილიტაციის შემდეგ მახადოვების ოჯახი ჩეჩნეთში დაბრუნდა და სოფელ ზებირ-იურტში დასახლდა. 1966 წ. შევიდა კომპარტიის ახალგაზდულ ორგანიზაციაში. 1968 წ. კი სოფელ ნადტერეჩნოეს სკოლის 10 კლასი დაამთავრა.
      1969-1972 წლებში სწავლობდა თბილისის არტილერისტულ სასწავლებელში. 1972-1978 წლებში მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგში. 1978 წ. ჩააბარა ლენინგრადის სამხედრო-არტილერისტულ აკადემიაში, რომელიც 1981 წელს ბრწყინვალედ დაამთავრა. 1981-1986 წლებში მსახურობდა უნგრეთში მდგარ საბჭოთა არმიაში. ამ დროს მან არტილერისტული პოლკის მეთაურობამდე მიაღწია.
         1986 წ. მასხადოვის საარტილერიო პოლკი ვილნიუსში გადაიყვანეს. ლიტვაში მალე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო. მე-7 პოლკი, რომელსაც მასხადოვი მეთაურობდა, არ მონაწილეობდა იმ სისხლისღვრაში, რომელიც ვილნიუსის ტელეცენტრთან მოხდა(1991 წ. 13 იანვარი). იგი ამ მოვლენებამდე 2 დღით ადრე გაგზავნეს ვილნიუსიდან სხვა დავალებაზე.  გასაოცარი ის არის, რომ მას, საბჭოთა არმიის წარმომადგენელს, ლიტვის ეროვნულ ძალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მისი პოლკი საბრძოლო მომზადებით საუკეთესო იყო. 2 ორდენით დააჯილდოვეს, რაც სსრკ-ის გმირობის ტოლფასი იყო.
       1992 წ. დეკემბერში ასლანი პოლკოვნიკი გახდა, არმია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. რუსული წყაროებით მისი წასვლის მიზეზი პირადი კონფლიქტი იყო ერთ-ერთ მაღალჩინოსან ახალ ადგილზე გადასვლის თაობაზე. რეალურად კი ამის მიზეზი ჩეჩნეთსა და ინგუშეთში შექმნილი დაძაბული ვითარება იყო, რაც დაკავშირებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევის(1991-1996) მიერ ჩეჩნეთის რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან, რასაც რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებები მოჰყვა.
        40 წლის სიტყვაძუნწი და მუდამ მშვიდი გენერალი აბობოქრებულ ჩეჩნეთში დაბრუნდა. დუდაევმა იგი ჯერ ჩეჩნეთის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელად დანიშნა, შემდეგ კი მთელი ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელად. მასხადოვს ერთი გეგმა ჰქონდა: ძლიერი არმიის შექმნა, რომელიც რუსულ არმიას დარტყმებს მიაყენებდა და მოსკოვს მოლაპარაკებებზე წასვლას აიძულებდა. ჩეჩნებს საბჭოთა არმიისგან ბევრი იარაღი დარჩათ(ისინი დუდაევის დანაყოფებმა 1991-1992 წლებში თითქმის წინააღმდეგობის გარეშე წაართვეს ჩეჩნეთში მდგარ რუსულ ჯარებს, რის შემდეგაც ქვეყნიდან გაყარეს)- ტანკები, ჰაუბიცები, თვითმფრინავები. 
         1993-1994 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ დუდაევის ოპოზიციასა და რუსული აგენტურაზე დაყრდონით სცადა დუდაევის დამხობა და ჩეჩნეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ისინი რუსულ არმიასთან ერთად 2-ჯერ შეიჭრნენ გროზნოში და პრეზიდენტის რეზიდენციასაც კი დაესხნენ თავს, მაგრამ მასხადოვისა და შამილ ბასაევის თავგანწირული ბრძოლის შემდეგ დუდაევმა ხელისუფლება შეინარჩუნა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ელცინი  პირდაპირ დაპირისპირებაზე წავიდა, რასაც რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის (1994-1996)დაწყება მოჰყვა.
        მომქანცველი ომი 2 წელიწადს გაგრძელდა. ჩეჩენთა შესაჩერებლად 1996 წ. 21 აპრილს მოკლეს დუდაევი, თუმცა ამან რუსეთს ვერ უშველა. რუსებს მიაჩნდათ, რომ ჩეჩნებს მხოლოდ ერთი მფრინავი ჰყავთ - დუდაევი და ერთი არტილერისტი - მასხადოვი. სწორედ ამიტომ ტრაბახობდა გენერალი პაველ გრაჩოვი, გროზნოს მალე ავიღებთო. მართალია რუსებმა გროზნო უდიდესი მსხვერპლის ფასად 1995 წ. აიღეს, ქალაქი დიდ სასაფლაოდ აქციეს და იქ პრორუსული მთავრობაც შექმნეს, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო. 1996 წლის ზაფხულში მასხადოვმა შეიმუშავა საბრძოლო გეგმა "ჯიჰადი", რომლის მიხედვითაც ჩეჩნებს გროზნო და სხავ ჩეჩნური ქალაქები ერთი იერიშით უნდა აეღოთ. "ჯიჰადი" 6 აგვისტოს დაიწყო. მასხადოვმა მოულოდნელი თავდასხმით დაბნეული რუსები აიძულა, მეტად არამომგებიან გარემოში, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ებრძოლათ. იქ რეგულარული არმიის უპირატესობის გამოყენება თითქმის შეუძლებელი იყო. მასხადოვის გენიალური გეგმის წყალობით ჩეჩნებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ჩეჩნეთის დედაქალაქი - გროზნო რუსი ჯარისკაცების ცხედრებით გაივსო. მალე ჩეჩნებმა უბრძოლველად აიღეს გუდერმესი და არღუნი.
           31 დეკემბერს დაღესტანის ქალაქ ხასავიურტში რუსეთის უშიშროების შეფმა ა. ლებედმა და ა. მასხადოვმა ხელი მოაწერეს რუსეთ-ჩეჩნეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჩეჩნეთის სტატუსის განსაზღვრის მოლაპარაკება 2001 წლისათვის გადაიდო.
          27 ნოემბერს დროებითმა პრეზიდენტმა ზ. იანდარბიევმა მასხადოვი ერთდროულად დანიშნა ჩეჩნეთის პრემიერ და თავდაცვის მინისტრებად.
          1997 წ . 27 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მასხადოვმა 59,3 %-ით გაიმარჯვა(შ.ბასაევმა მიიღო 23,5 %, იანდარბიევმა 10,1 %) და ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდა. 
           1997 წ. 12 მაისს მოსკოვში მასხადოვმა და ელცინმა, როგორც თანასწორმა პრეზიდენტებმა, ხელი მოაწერეს "შეთანხმებას მშვიდობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობის თაობაზე რუსეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკა "იჩქერიას" შორის.
           მასხადოვი უფრო კარგი მეომარი აღმოჩნდა, ვიდრე პოლიტიკოსი. მას მშვიდობამ უფრო მეტი პრობლემები მოუტანა, ვიდრე ომმა. მასხადოვმა ვერ შეძლო რადიკალურად გამწყობილი საველე მეთაურების გაკონტროლება. მართალია, შამილ ბასაევი პრემიერ მინისტრად დანიშნა,(1997 წ. ზაფხული) მაგრამ რესპუბლიკაში ქაოსი დაიწყო. ჩეჩნეთი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილად იქცა. შეცდომად უთვლიან იმას, რომ კომპრომისზე წავიდა საველე მეთაურებთან და მათ "ჯიჰადის"(წმინდა ომი) გამოცხადების საშუალება მისცა, თუმცა თვითონ ზომიერი რელიგიური შეხედულების იყო. ქვეყანაში ძალადობამ დაისადგურა, ჩეჩნეთმა სახელი გაითქვა იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდით, მძევლების აყვანითა და ადამიანის ვაჭრობით.
         1998 წლისთვის ჩეჩნეთში 300-მდე სამხედრო დაჯგუფება იყო, რომლებიც არ შედიოდნენ ჩეჩნეთის არმიის შემადგენლობაში. მათგან სიდიდით გამოირჩეოდნენ - სალმან რადუევის, შამილ ბასაევისა და იორდანიელი არაბის ხატაბის საბრძოლო დანაყოფები. სექტემბერში გათამამებულმა რადუევმა და ბასაევმა მასხადოვი მოსკოვთან კავშირში დაადანაშაულეს და გადადგომა მოსთხოვეს. მაშინ მასხადოვმა ბასაევი გადააყენა პრემიერის თანამდებობიდან. შედეგად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ძალაუფლება მხოლოდ გროზნოს ოლქზე შეინარჩუნა, დანარჩენი კი მეამბოხე საველე მეთაურების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც ქვეყანაში რადიკალ-მუსლიმანურ-ტერორისტული დაჯგუფებების საწვრთნელ ბანაკებად აქციეს. მთელს ქვეყანაში აწყობნენ ისლამურ სასამართლოებს და აბსოლიტურ ქაოსს ქმნიდნენ. ისინი რუსეთთან ომს დამთავრებულად არ თვლიდნენ; მთელი ჩრდილო კავკასიის განთავისუფლებას და ისლამური ემირატის შექმქნას გეგმავდნენ. მასხადოვი აპატიმრებდა ადამიანის გამტაცებლებს და ნარკოტრაფიკით დაკავებულ ბანდფორმირებებს, რომელთა უკანაც საველე მეთაურები იდგნენ, მაგრამ ამით საქმე წინ ვერ მიდიოდა.
         ბოლოს კუთხეში მიმწყდეულმა მასხადოვმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და 1999 წ. იანვარში გამოაცხადა ჩეჩნეთში ისლამური სახელმწიფოს მშენებლობა. თებერვალში კი ოფიციალურად შემოიღო შარიათის კანონები. შემდეგ საველე მეთაურებს შეურიგდა და მათაც იგი თავის მეთაურად გამოაცხადეს. მასხადოვს თალიბებთან ურთიერთობა ჰქონდა, ამ დროს კი ერაყში ამერიკის ინტერვენციას მხარს უჭერდა, რადგან იგი დიქტატორ სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ იყო მიმართული. ბასაევს კიცხავდა და ამ დროს მასთან ხელგადახვეული სურათებს იღებდა. კამიკაძეებს გმობდა და ამდროს ჯიჰადისკენ მოუწოდებდა. მართალია მას პრეზიდენტად აღიარებდნენ, მაგრამ საველე მეთაურები მაინც საკუთარი გეგმებით მოქმედებდნენ.
          1999 წ. აგვისტოში ბასაევი და ხატაბი დაღესტანში შეიჭრნენ. მალე პუტინის ბრძანებით მოსკოვში ტერაქტის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელიც ჩეჩნებს დაბრალდა. ამით ისარგებლა პუტინმა, ასლან მასხადოვი ტერორისტად გამოაცხადა და რუსეთის არმია ჩეჩნეთში შეიყვანა. ასე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი(1999-2009). 2000 წ. გაზაფხულზე რუსებმა გროზნო აიღეს და ჩეჩნეთის პრეზიდენტად ჩეჩნეთის სულიერი ლიდერი აჰმად კადიროვი(რამზან კადიროვის მამა; იგი ჩეჩენმა ტერორისტებმა 2004 წ. 9 მაისს მოკლეს სტადიონზე) დანიშნეს. მასხადოვი და ბასაევი მთებში გაიხიზნენ და პარტიზანულ ომზე გადავიდნენ.
        მასხადოვი ჩეჩენთა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა ზოგიერთის თვალში ბასაევმა დაჩრდილა, რომელიც მასშტაბურ ტერაქტებს აწყობდა. მასხადოვი ტერაქტებს გმობდა. განაცხადა კიდევაც, რომ თუ კვლავ პრეზიდენტი გახდებოდა, ბესლანის სკოლაზე თავდასხმისათვის(2004 წ. 1 სექტემბერი) ბასაევს გაასამართლებდა. იგი ბოლომდე საკუთარ თავს პრეზიდენტს ეძახდა, მიუხედავად იმისა რომ მისი უფლებამსილების ვადა გასული იყო. 2005 წლის იანვარში მან თავის დაქვემდებარებულ ძალებს უბრძანა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები, რუსეთთან მოლაპარაკებების აღსადგენად. მისი დავალებით იგივე გააკეთა ბასაევმაც. 1 მარტს მასხადოვმა კრემლს ოფიციალურად შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, პუტინს ნახევარსაათიანი შეხვედრა სთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. რუსეთმა მასზე ინფორმაციისათვის ჯილდოდ 10 მლნ დოლარი დააწესა.
     2005 წ. 8 მარტს რუსულმა სპეცრაზმმა გროზნოსთან ახლოს სოფელ ტოლსტოი-იურტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ასლან მასხადოვი მოკლეს.
          თანამებრძოლებისგან განსხვავებით, მასხადოვი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. 1972 წ მან შეირთო კუსამა იაზედოვნა, რომელთანაც 2 შვილი ანზორი (1979 წ.) და ფატიმა (1981 წ.) შეეძინა. ოჯახი ჯერ ინგუშეთსა და მალაიზიაში ცხოვრობდა. ახლა კი ფინეთში ცხოვრობს.
         "მე თუნდაც მომკლან, ჩეჩნეთის თავისუფლების წყურვილს მაინც ვერ ჩაახშობენ" - ხშირად იმეორებდა ასლან მასხადოვი.
          რუსეთთან 2 ომში ნახევარი მილიონი ჩეჩენი დაიღუპა, რაც ჩეჩნეთის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. ჩეჩენი მეთაურებიდან კი ცოცხალი მხოლოდ რადუევი დარჩა, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდის მოსკოვის ციხეში. ჩვენ გვაქვს 2 ცოცხალი მაგალითი: 1. იმისა თუ როგორ დახუჭა თვალი მსოფლიომ პატარა ერისადმი მიმართულ სასტიკ გენოციდზე და 2. თუ როგორ იბრძვის პატარა ერი უზარმაზარი იმპერიის წინაშე ღირსებისა და თავისუფლებისათვის. 
         ბოლოს მინდა გთხოვოთ იხილოთ ვიდეო ასლან მასხადოვის ბოლო ინტერვიუდან ფეისბუქის ჩემს გვერდზე.
ნანახია: 2239 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ნიკა  
0
საველე მეთაური სალმან რადუევი ცოცხალი არ დარჩენილა, იგი სოლიკამსკის ციხეში 2002 წელს გარდაიცვალა.

სახელი *:
Email *:
კოდი *: