ასე "მიდიან" ქართველი გმირები - 17 ივლისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » ივლისი » 17 » ასე "მიდიან" ქართველი გმირები
8:40 AM
ასე "მიდიან" ქართველი გმირები
           ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლა პარტიული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მენშევიკებს ძველი ხელისუფლების რეანიმაცია სურდათ, ედპ-ს კი დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც მეფობას აღადგენდა. 
         1922 წლის მარტში საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად ჩამოყალიბდა "სამხედრო ცენტრი", გენერალ კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკები: გიგო ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვანი. ცენტრმა პარტიზანული რაზმების მეთაურობა დაავალა კახეთში პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ხოლო ქართლში - მიხეილ ლაშქარაშვილს. ამავე წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს "დამოუკიდებლობის კომიტეტი", რომლის შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე ხუთი პარტია შედიოდა. აჯანყების სულისჩამდგმელი წმინდა ილია მართლის დისწული კოტე აფხაზი გახლდათ. მამაც ქართველს სამშობლოდან წასვლა არც უფიქრია, უთქვამს: - ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ ბრძოლის და გაჭირვების ხანაში... მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის გათავისუფლებაშიო.
          ბოლშევიკურ მთავრობას ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის მისი უფროსი ძმა შაქრო და ბიძინა ჩოლოყაშვილი მიუგზავნია - შენი რაზმით საზღვარგარეთ წადი და ფულს, რამდენსაც მოითხოვ, მიიღებო. ქაქუცას ძმისთვის უსაყვედურია: ამისთანა საქმისთვის ჩემთან მეტად აღარ მოხვიდე,  ჩვენთვის საქართველოს თავისუფლება და მისი სიდიადე არის ძვირფასი და არა ფული. იმათნაირი ავანტიურისტები და სამშობლოს მოღალატენი არა ვართ, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ჭირითა და ვაგლახით მოპოვებული დამოუკიდებლობა და თუ კიდევ შერჩენიათ ერთი ბეწო რაიმე ქართული, როგორც შემოუძღვნენ რუსებს, ისევე მოახერხონ მათი თავიდან მოშორებაო.
          როსტომ მუსხელიშვილის თაოსნობით "სამხედრო ცენტრში" შემუშავდა აჯანყების გეგმა: თავდაპირველად დუშეთში ბრძოლას იწყებდა ქაქუცა და თბილისიდან გაგზავნილ რუსის ჯარს ხევებში მიამწყვდევდა. ზურგში ჩასაფრებული დამკვრელი რაზმი დაეცემოდა დაშლილ ბოლშევიკურ ნაწილებს და გაანადგურებდა. მერე ერთი სწრაფი დარტყმით აიღებდნენ დედაქალაქს. ძალზე მარტივი და სწორად მოფიქრებული იყო ეს გეგმა, მაგრამ ერთი საშიშროება იკვეთებოდა - დროზე ადრე არ დაწყებულიყო აჯანყება. "დამკომი" ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. არც ედპ იწონებდა დროზე ადრე აჯანყების დაწყებას, მაგრამ თუ მაინც დაიწყებოდა, მათი აზრით, სხვა გზა არ რჩებოდათ, გვერდით უნდა დასდგომოდნენ. ხალხი დრტვინავდა, ნამეტნავად მთიულნი - ქაქუცას ბრძოლის დაწყებას სთხოვდნენ. აჯანყებულებს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დანაბარებიც გადასცეს: "ყოვლადსამღვდელო გლოცავთ და გატყობინებთ: თელავიდან საგანგებო კაცის პირით შემომითვალეს, - ხალხი დღე-დღეზე აპირებს გამოსვლას. პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ხალხის ამ გამოსვლაში მონაწილეობა მიიღოს. აცნობეთ ბატონ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, თუ ეს შესაძლებელია, გამოსვლის დღე ალავერდობის დღეობას (27 სექტემბერს) შეუფარდოს. ამ დღეს კათალიკოსი იქნება ალავერდში და წმინდა ნინოს ჯვრით დალოცავს და აკურთხებს მებრძოლ ქართულ რაზმებს". 
      მაგრამ აჯანყება დროზე ადრე დაიწყო და პარტიული დაპირისპირების გამო სასტიკად დამარცხდა. დაიწყო ჩეკას ტერორი. ჩოლოყაშვილთან და აჯანყებასთან კავშირისთვის დახვრიტეს: სოლომონ ანდრონიკაშვილი, ალეკო სუმბათაშვილი (უიარაღონი საკანში შეებრძოლნენ მცველებს და მტერმა ისინი აკეპა), ძმები: დავით, არჩილ და შაქრო ვაჩნაძეები, ბორკილდადებულნი რომ გაიძახოდნენ, საქართველოს გაუმარჯოსო. მოკლეს სიღნაღელი ალექსანდრე გელაშვილი, მფრინავი სტროევი, კონსტანტინე ჩოლოყაშვილი, ლადო ლექვინაძე, გიორგი ფავლენიშვილი, იუნკერი ძამასპიშვილი, რომელსაც მოხუცი მამისთვის მიუწერია: "ინუგეშე თავი იმით, რომ შენი შვილი ღირსეულად ხვდება სამშობლოსთვის სიკვდილსო". უამრავი ხალხი დახოცეს ბოლ¬შევიკებმა ხევსურეთში, მთიულეთში. 
         1923-1924 წლებში ჩეკისტების ტყვიებით ან მოსყიდულ კაცთა ხელით დაუხოცავთ ფშავის ღირსეული შვილებიც, მათ შორის ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევანი. მაღაროსკარის კომისარს ალექსი მისრიაშვილს საკუთარი საფლავი გაათხრევინეს და დახვრიტეს... ვინც გადაურჩა 20-იან წლებს, 30-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.
         მოღალატე გამოჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რიგებშიც. სტუდენტთა კომისიის წევრის, კალისტრატე მისაბიშვილის დაბეზღებით დაიჭირეს კოტე აფხაზი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისია დაუყოვნებლივ შესდგომია მზადებას დატუსაღებულთა გადასარჩენად. მაგრამ მოღალატე კანდელაკს შეუტყობინებია ყველაფერი ჩეკასთვის და კოტე აფხაზის გადარჩენის გეგმა განუხორციელებელი დარჩა. დაუპატიმრებიათ ვიქტორ ყარანგოზიშვილი, რომელიც კოტე აფხაზის და სხვა ტუსაღთა გათავისუფლებას ედგა სათავეში. ის სოლოვეცის კუნძულზე გადაასახლეს, სადაც პოლიტიკური მოთხოვნით შიმშილობდა და აღესრულა. 
     სამი თვე მიმდინარეობდა კოტე აფხაზის და მის თანამებრძოლთა საშინელი ტანჯვა-წამება. თანამშრომლობაზე რომ ვერ დაი¬თანხმეს, ბოლშევიკებმა თხუთმეტი ქართველი პატრიოტი გაიყვანეს ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე და დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს. სამშობლოს შეეწირნენ: გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი; პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: სიმონ მუხრან-ბატონი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლეიტენანტი ლევან კლიმიაშვილი; სამხედრო მოხელეები: მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე. 
           "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს", - ასეთი იყო უკანასკნელი სიტყვები კონსტანტინე აფხაზისა. ვაჟკაცური ღიმილით შეხვდა სიკვდილს გენერალი ვარდენ წულუკიძე, მან ჯალათებს მიმართა: "სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს გათავისუფლების თავმდებია. იგი გაასალკდევებს ერის სიმტკიცეს, ერთიათასად განამრავლებს მებრძოლთ". მთელ რუსეთში ცნობილი ჯალათი პანკრატოვიც კი შეძრა მისმა სიმშვიდემ სიკვდილის წინ და მიმართა: "თქვენ მართლაც გმირულად კვდებით, გინდათ რაიმე გადავცე თქვენიანებს?" წულუკიძეს უთქვამს: "გადაეცით, რომ ჩვენ დავიხოცეთ, ვით ქართველ მამულიშვილებს შეჰფერით". მშვიდმა და ყოველთვის აუღელვებელმა გენერალმა ანდრონიკაშვილმა უთხრა ჯალათებს - პანკრატოვს, პეტროსიანს, აშუკინს: "სახეზე გეტყობათ, რომ გაოცებთ ჩვენი სულის სიმტკიცე - ქართველი ყველა ამისთანა (მიუთითა ჯალათ კვანტალიანზე) გეგონათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესი ზრდის გულში თქვენდამი სიძულვილს". 
             "გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ", - ყვიროდა სიმონ მუხრან-ბატონი. მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით "დიდება" (ეროვნული ჰიმნი), რომელსაც აჰყვნენ სხვებიც, - ჰყვება ამის მოწმე, ცოცხლად დარჩენილი. დასახვრეტად გაყვანილმა მიტო ჩრდილელმა ჯალათებს მიმართა: "რუსეთში დაივიწყეს იდეისთვის თავგანწირულად სიკვდილი, წადით და უთხარით მათ, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსთვის". ტყვია ესროლეს და ჯერ კიდევ ცოცხალს მიაყარეს მიწა.
        ყველა სიკვდილმისჯილი ნაწამები იყო. ერთმა მათგანმა, ივანე ქუთათელაძემ, ვერ გაუძლო და შეიშალა, ჩეკისტებს ის მაინც დაუხვრეტიათ. მძიმე ავადმყოფი ზანდუკელი საკაცით წაუყვანიათ დასახვრეტად.
            რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ქართველ გმირებს პანაშვიდს უხდიდნენ, ლევან კლიმიაშვილის დედამ, სოფიო ზაალიშვილმა, მიმართა ჭირისუფლებს: - ნუ ტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მოვა დრო და ჯალათები თავისას მიიღებენ... ღმერთი არ მიატოვებს საქართველოს, ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლიო... 
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1210 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: