მთავარი » 2012 » ივნისი » 6 » ასე იწყებოდა საქართველოს დაქცევა. ვინ არის გოგა ხაინდრავა?
0:50 AM
ასე იწყებოდა საქართველოს დაქცევა. ვინ არის გოგა ხაინდრავა?

27 დეკემბერი 1991 წელი გოგა ხაინდრავა ზეიმობს ზ. გამსახურდიას დამხობას გადამწვარი მთავრობის სახლის წინ

     ერთ ბედნიერ დღეს, „კავკასიის"  მეპატრონე აქუბარდიასთან ერთად,  მისთვის უჩვეულო პოზასა და ჩაცმულობაში მოგვევლინა ქართული პოლიტიკის „ვარსკვლავი", ფრანგული ორდენის – „რაინდული ღირსების ორდენი"-ს კავალერი გოგა ხაინდრავა.
      პიჯაკზე ორდენ მიმაგრებულ ხაინდრავას სიფათიც მორგებული და მიმაგრებული ჰქონდა. კმაყოფილი და ბედნიერია ხაინდრავა, რამეთუ მისი შრომა და ამაგი საერთაშორისო სარბიელზე დაფასდა! აქუბარდიასთან მასლაათი ერთ საათზედ მეტი გაგრძელდა. საგაზეთო პუბლიკაციაში შეუძლებელია მთელი რეპორტაჟის გადმოტანა.

       გადაცემიდან შევიტყვეთ, რომ ეს ორდენი საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლს დაუარსებია და საფრანგეთის პრეზიდენტი გადასცემს ამ ჯილდოზედ წარდგენილ ნომინანტებს მას  ამა თუ იმ სფეროში გაწეული ღვაწლის შესახებო.
წამყვანი და მოპასუხე გაუთავებლად საუბრობდა კეთილშობილურ თვისებებზე, რაინდობაზე, ღირსებაზე, სიმართლისთვის და სამრთლიანობისთვის ბრძოლაზე და ასე შემდეგ.

          ჩვენი წერილის მიზანია,  გავარკვიოთ, თუ რა „ღვაწლი და ამაგი მიუძღვის" ამ „პოლიტიკოსს" ჩვენი გავერანებული სამშობლოს წინაშე.

სიტყვაკაზმულად საუბრობდა გადაცემის სტუმარი, სიტყვაკაზმულად გვაყრიდა თვალში ნაცარს, თავს სიმართლისათვის, თავისუფლებისათვის მუხლჩაუხრელ მებრძოლად გვისაღებდა. გადაცემის მსვლელობისას შიგა და შიგ მაყურებლის ზარები გაისმოდა, რომლებიც ხოტბა- დიდებას ასხამდნენ და სიყვარულს ეფიცებოდნენ ორდენოსან რაინდს და ისიც „სტოიკურად" იღებდა მილოცვებს, ჩვენ, რა თქმა უნდა შორსა ვართ იმ აზრისაგან, ვინმეს სხვისი სიყვარული და პატივისცემა დავუშალოთ. არა, ყველა მატარებელს თავისი მგზავრი ჰყავს დანიშნულების ადგილამდის მისაყვანი…

გ. ხაინდრავას „საქმენი საგმირონი"

საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალია ხალხი, ვისაც ახსოვს გ. ხაინდრავას „საქმენი საგმირონი".

მოვიყვანთ იმ „მარგალიტებს", რომლითაც საფრანგეთის ორდენის კავალერს ამკობდნენ ყოფილი თუ ახლანდელი თანამებრძოლები. „მარგალიტები" შეუკრიბავს გაზეთ „დრონ" –ს, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.

მაშ ასე, ხაინდრავას ამ ორდენის მინიჭებით თავი მართლაც რაინდად წარმოუდგენია და კუდი ყავარზე გააქვს. ვნახოთ რას წერენ ხაინდარავას შესახებ მისი ყოფილი და ახლანდელი თანამებრძოლები, თუ მოწინაააღმდეგეები.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და საბაბი კონფლიქტების დარეგულირება და მათი მშვიდობიანი გადაჭრა ყოფილა.

პაატა ზაქარეიშვილი: თუ გ. ხაინდრავა თავისი დაჯგუფებით აფხაზეთში იბრძოდა, აფხაზების წინააღმდეგ, ვერ გავიგე, ამ კაცს რა უნდა კონფლიქტების მინისტრად, რა კონფლიქტი უნდა მოაგვაროს, როცა აფხაზები ცალსახად აფიქსირებენ, „ვინც იარაღით გვებრძოდა, იმ ხალხს სახალხო დიპლომატიის დონეზეც კი არ დაველაპარაკებით, არა თუ სახელმწიფო დონეზეო".

იხ. ეს კადრი ვიდეოდან: http://bpg.sytes.net/simartle/default.asp?bpgpid=180&pg=1

ზვიად ძიძიგური: „არ მომწონს გ. ხაინდრავას დანიშვნა კონფლიქტების მინისტრად, როცა ეგ აფხაზეთში იყო სახელმწიფო მინისტრი, მის სახელს უკავშირდება ბევრი სიბინძურე, მათ შორის აფხაზებთან და რუსებთან ერთად კონტრაბანდული ბიზნესი, და რა დაუშლის იგივე აკეთოს ოსებთან და კოკოითთან ერთად?"

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავა ოსურ ლუდსა და ხაბიზგინებზე ქეიფობს ცხინვალში, საეჭვო ხალხთან. ის ნამდვილად ვიცი,  ამ ხალხს საქართველოს სიკეთე ნამდვილად არ უნდა და ბევრი მათგანი 90-იან წლებში იარაღით იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ".

ხაინდრავასთვისაც ხომ ის ხალხია მისაღები და სამეგობრო, ვინც 90 –იან წლებში ლახვარი ჩასცა საქართველოს!

გუბაზ სანიკიძე: „გოგა ხაინდრავამ, ჯერ იმ დიდ კითხვის ნიშნებს გასცეს პასუხი, როცა აფხაზეთში სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა. დღეს ყველა ამბობს, რომ გაგრა გაიყიდა, გაგრა ჩაბარდაო. თუ თანამონაწილე არ არის ხაინდრავა ამ ისტორიული ღალატისა, გამოვიდეს და თქვას, ვინ ჩააბარა გაგრა. ის ცალკე იყოს, როცა იარაღით ხელში დარბოდა ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ამაზე ისტორია გასცემს პასუხს და აქ თუ არა, იქ, ღვთიურ სამსჯავროზე მოეკითხება".

მიხეილ ქარელი: „გოგა ხაინდრავამ, ბორის ჩოჩიევის გარემოცვასთან ერთად, ააორთქლა ეუთოს საკმაოდ სოლიდური გრანტი, რომელიც ქართული და ოსური სოფლების ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარებოდა.  ფული შეჭმულია, თითი არავის დაუკარებია, სამუშაოები არავის შეუსრულებია და ქაღალდზე თანხა ათვისებულია. იმ სოფლებში მგონი, არც შესულან საერთოდ. კარგი იქნება, თუ ეუთო და ქართველი სამართალდამცველები ერთად დაიწყებენ ამ თანხის ასავალ-დასავალის მოკვლევას".

ამ ვაჟბატონს კი ერთი სურვილი ამოძრავებს, გამოიკვლიოს დღეს მის გარეშე გაიმასქნებული კოლოსალური თანხები, აბა, გაბედეთ და რომელიმემ მოკითხეთ მას ეუთოს გრანტი, მტრისას, ისეთი დღე დაგადგებათ!…

ახლა სხვა მხარესაც მოვუსმინოთ:

მამუკა კაციტაძე: „მე მაქვს ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცხინვალის რეგიონში ოქრუაშვილი და ხაინდრავა ვერ იყოფენ კონტრაბანდისტულ ტვირთს და ამის გამო ერთმანეთს ებრძვიან".

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის გამოთქვეს ზემოხსენებული მოსაზრებები ქართველმა პოლიტიკის ვარსკვლავებმა (გაზეთ ”დრონში" მითითებული არ არის), დღეს კი ისინი ერთიან ოპოზიციურ არმადას წარმოადგენენ.

ჩვენ ყველას ისიც კარგად გვახსოვს, როდესაც გოგა ხაინდრავამ და მისმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი ტორეზ კულუმბეგოვი პოლიტპატიმრად გააასაღა და დედამიწა შეაზანზარა – არიქა, გამსახურდია ოს ხალხს სდევნისო. მაინც რა რიგად შესტკივა გული ამ ჩვენს საფრანგეთის „ღირსეულ" რაინდს „დევნილ და ტანჯულ" ოსებზე, დღესაც ცხარე ცრემლებს აღვარღვარებს: ამ ხალხს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს წინაშეო. უწიგნურსა და უვიცს დღევანდელ კასტას უწოდებს და თვითონ თუ წაუკითხავს საქართველოს ისტორია, თუ წაუკითხავს ფარნავაზიდან მოყოლებული რა ხეირს აყრიდნენ საქართველოს მისი ქებული ძმები, ხაინდრავა, ვახტანგ გორგასალსაც ჯვარს აცვამდა, უთუოდ, ოსი ხალხის უფლებების შელახვის გამო.

თავი გავანებოთ ადრეულ საუკუნეებს, სულ ახლახანს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დღემოკლე არსებობის ჟამს, თუ როგორი თანადგომა და ერთგულება გაუწიეს ოსებმა საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფოს, წაიკითხოს ქართველი მეცნიერების ნაშრომები და არა მარტო ქართველების, არამედ არაქართველი მეცნიერების ისტორიული ნარკვევებიც, სადაც პირუთვნელად და სამართლიანად არის აღწერილი ფრანგული რაინდული ღირსების ორდენოსანი ქველი რაინდის ხაინდრავას ძმების „გმირობა".

მაგრამ ხაინდრავას ფეხზე ჰკიდია ქართველი ხალხი და მისი უფლებები მის მშობელ მიწაზე!

მოვუსმინოთ რას ამბობს საფრანგეთის ახლად გამომცხვარი რაინდის შესახებ იმდროინდელი ამბების მომსწრე;

ლევან ხაჭაპურიძე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს მისი წარმომადგენელი დიდი ლიახვის ხეობაში: „რატომ არ გამიხმა ის ხელი, რომლითაც ხაინდრავას ავაცილე. ხაინდრავა კაცი კი არა – არა კაცია! რამდენიმე დღე მატყუა, ცოცხლები არიან ბიჭებიო, მერე ოთხ ოჯახს და ამხელა სანათესაო-ჭირისუფალს ერთიანად ატყუებდა.

რამდენიმე კარგად მოხვდა მინისტრ ხაინდრავას ყბაში ჩემგანაც და სხვა ბიჭებისგანაც, კურდღელივით გაიქცა (ფრანგული რაინდული ღირსების ორდენის კავალერი, რომელიც სიმხდალესა და კურდღლობაში სხვას დასცინის – ა.ს.). ეგ ხეობაში ვეღარ შემოადგამს ფეხს, მე იქით ვიყო, ხალხია ძალიან აჯაგრული – ხაინდრავა აქ ამოსული რომ ვნახოთ, ცოცხალს არ გავუშვებთო.

ამ ხალხმა 15 წელი გაიტანა ერთმანეთი, ალყაში არიან, ტყვიების წვიმაში არიან, მაგრამ მშობლიური მიწა არ მიუტოვებიათ. ერთგულებისა და სიტყვის ფასი იციან და ვერ იტანენ გაიძვერა და სიტყვის გამტეხ ხალხს – ხაინდრავასნაირებს.

ქართველი ხალხის სამართლიანი უფლებების დამცველს, მის ჭირისუფალსა და სარანგს, დედ-მამითა და სისხლ-ხორცით, სულითა და გულით ქართველ ზვიად გამსახურდიას, რა განაჩენიც გამოუტანეს დასავლეთელმა დემონთკრატიის მამებმა, ამის მომსწრე და მნახველია ჩვენი თაობა. მათი ვერდიქტით, საქართველოს მიწაზე, ათასი ჯურის ავაზაკისა და გადამთიელის უფლებებს უნდა ენაცვალოს ამ მიწის ღვიძლი შვილების სასიცოცხლო ინტერესები და ვინც ამას ცხოვრებაში გაატარებს, მის მკერდს არ მოაკლდება ეშმაკის მოციქულთა ჩინ-მედლები და ორდენები, ხოლო ქართველთა ქომაგსა და მეოხეს _ ეკლესიის ქონგურებიდან დაშენილი ჭურვები.

ბოლო დროს, გოგა ხაინდრავას მიმართ, ხშირად გაისმის ბრალდება 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ. საფრანგეთის რაინდული ღირსების რაინდი შეძლებისდაგვარად ცდილობს დაფაროს წარსული საქმენი საგმირონი და აცხადებს: იარაღი მქონდა, მაგრამ ქართველისათვის არ მისვრიაო.

აგერ უკვე სამი წელიწადია, გოგა ხაინდრავა აღშფოთებული და შეძრწუნებულია, 7 ნოემბერს რეზინის ტყვიები დაგვიშინა მიშას ხელისუფლებამო, ამ ავაზაკს ის კი ავიწყდება, როგორ ტყვიებს უშენდა თვით საქართველოს მტრებისა და მოღალატეების მიერ მოწყობილი ამბოხის შედეგად ქვეყნიდან განდევნილ მის პირველ და ჯერჯერობით უკანასკნელ კანონიერ პრეზიდენტს.

ამ და სხვა ავაზაკთა მამხილებელი სანდო და წყალგაუვალი საბუთები დაგვიტოვა მათმა სულიერმა წინამძღოლმა და უსტაბაშმა ჯაბამ.

ავაზაკთა უსტაბაშმა ჯაბამ, მიაბარა რა ეშმას სული, შთამომავლობას მართლაც რომ ჩინებული მამხილებელი საბუთები დაუტოვა, რომელიც არანაირ რევიზიასა და გადახედვას არ ექვემდებარება!

მოვუსმინოთ ჯაბას: ჯაბა ისოსელიანი: „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 6 იანვარს გამთენიისას ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ" და გია სვანიძის ბიჭებმა გაუხსნენ ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. პირველმა, ვინც ისროლა – ხაინდრავას ხალხმა თუ ჩვენებმა – „მხედრიონელებმა", ვერ გეტყვით. ეს იყო შეცდომა, რადგან, როცა კაცს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევ და კაცურად ჰპირდები უსაფრთხოდ დასტოვებ ქვეყანასო, უნდა შეასრულო. მერე გოგაც და გიაც მიმტკიცებდნენ, ბატონო ჯაბა, ჯერ იმათ გვესროლეს ავტობუსებიდანო, მაგრამ ამხელა კაცი მაგას ვჭამ? რა ესროლეს? ერთი სული ჰქონდათ, ბუნკერიდან თავდაღწეულებს, საქართველო მშვიდობიანად დაეტოვებინათ. არა, მაგარი მიქარვა მოუვიდათ, თან იმ ავტობუსში ქალები და ბავშვები ისხდნენ, პრეზიდენტს რომ თავი დავანებოთ!

რაღა უნდა მექნა? დავტუქსე ორივე, ბოდიში, აღარ ვიზამთო და ეგ იყო. ცხონებული გია მართლა შეწუხებული იყო, კიდევ კარგი არ მოვკალით ვინმეო. მეორედ აღარ ვიზამთო, ეგ იყო მაგარი – მგონი შევარდნაძის ჩამოგდებასაც აპირებდნენ, ეგრე გამოუვიდათ, რა”.

ხედავთ, გია სვანიძე შეწუხებულა ძლიერ, ეს ავაზაკი კი დღესაც გაიძახის, არ ვნანობ ზვიად გამსახურდიას, რომ დავუპირისპირდიო და ასეთ კაცს ასხამს მისებრ ავაზაკი გმირისა და რაინდის შარავანდედს.

არსებობს მრავალი საბუთი და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იმ ავადმოსაგონარ, საქართველოს დამაქცევარ დღეს, ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან, გოგა ხაინდრავამ და მისმა ყაჩაღების „დევიატკამ" გაისროლა პირველი ტყვია: გურამ პეტრიაშვილი, ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრი (შენიშვნა: დედანში სწორედ ასე სწერია, ჩვენ კი ერთს შევახსენებდით გაზეთ „დრონის" პატივცემულ რედაქციას, რომ ის უზენაესი საბჭო ზვიად გამსახურდიასი კი არა საქართველოს უზენაესი საბჭო იყო, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და თავკაცობა ზვიად გამსახურდიას მიანდო. ასეთი შეიძლება ვთქვათ შევარდნაძის სახელმწიფო საბჭოდ წოდებულ „გკჩპ"-ზე, შევარდნაძის იმედისა და მილიონი სამუშაო ადგილის პარლამენტებზე, რომლებიც, მართლაც რომ არ აურჩევია საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, _ ან კიდევ, მიშას სალაყბოებზე): სწორედ გოგა ხაინდრავამ ისროლა პირველი ტყვია ქაშუეთის ეზოდან, ამ უწმინდურმა ისროლა პირველად მთავრობის სახლის მიმართულებით.  პირველი მსხვერპლი იყო გია ბახია, გოჩა ბახიას ძმა.  მერე, როცა სიგუა-კიტოვანმა და იოსელიანმა მოგვცეს ხელშეუხებლობის გარანტია, 1992 წლის 6 იანვარს, გამთენიისას, ბარათაშვილის ხიდთან, სწორედ ხაინდრავამ და მისმა „დევიატკამ" გაგვიხსნა ცეცხლი. იქ იმყოფებოდნენ ზვიადიც, მისი ოჯახიც, მცირეწლოვანი ბავშვები".

საინტერესოა, საფრანგეთის პრეზიდენტს ყველაფერი ეს რომ წაეკითხა, მოაწერდა კი იმ გუჯარს ხელს, რომლითაც ეს ორდენი ჩამოკიდა გ. ხაინდრავას? რ მოაწერდა!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხომ ამ ორდენით ლანა ღოღობერიძე, დიდი ქართველი ბოლშევიკის  ლევან ღოღობერიძის ასული დააჯილდოვა, ლანა ხომ მისი მამის საქმეების ღირსეული გამგრძელებელია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, აჯილდოებდა რა, პუტჩისტ ხელოვანს,  უთუოდ იცოდა მისი მამის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „Вы знаете, товарищи, что в Грузии дворянство составляет 6 процентов населения. Это необыкновенный процент, которого нет ни в одной другой стране. Даже в Польше, стране панов, число дворян достигает 4 процентов. Мы должны сократить в Грузии процент дворянства” – Леван Гогоберидзе.

ამ ორდენით დაჯილდოებულია მეორე არანაკლებ პუჩისტი ხელოვანი ოთარ იოსელიანი (როგორც ამბობენ, დედით ოსი) რომლის ფილმებს გულმოდგინედ ეწაფება დასავლეთის დემონთკრატიული ელიტა, მის კადრებზე აღბეჭდილია „საბრალო ოსების" ხვედრი ზვიად გამსახურდიასეულ საქართველოში.

არაკაცობისა და არაკაცური იდეოლოგიის შექმნასა და მის პროპაგანდაში სამარცხვინო წვლილი მიუძღვის კრიმინალურ ინტელიგენციას – აქ მოტანილია მაგალითები იმისა, თუ როგორ იქმნებოდა და ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში ბოროტი, არაკაცური სიცრუე – ადამიანის უფლებების ვითომ დიდი ქომაგის, აღიარებული რეჟისორის, მაგრამ არაკაცის ოთარ იოსელიანის ფილმის „Seule, Georgie – ული საქართველოს (1994)" მაგალითზე.

მოღალატე, კრიმინალური ინტელიგენციის შეთითხნილი სიცრუე, შემდეგ მასობრივი ტირაჟებით ვრცელდებოდა მთელს მსოფლიოში და ფართოდ გამოიყენებოდა ქართველი ერის წინააღმდეგ. კერძოდ „Seule, Georgie – მხოლოდ საქართველო" (განსხვავებით დოკუმენტური ფილმისაგან „შევარდნაძის მხილება" – რომელიც მასზე ბევრად ადრე, 1992 წელს გამოვიდა და მხოლოდ ერთხელ იყო ნაჩვენები ამერიკაში და არც ერთხელ არ ყოფილა ნაჩვენები ევროპასა ან რუსეთში) მრავალგზის იყო ნაჩვენები ევროპაში, ამერიკაში და განსაკუთრებით რუსეთში!

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითქმის საათნახევრიან, ფარისევლურ – ვითომ ობიექტურ და ვითომ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც მთლიანად საქართველოს 1998-1994 წლების მოვლენებს მიეძღვნა – გაკვრითაც  არ არის ნახსენები საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ფართოდ დოკუმენტირებული ის მხეცობები და ადამიანის უფლებების საშინელი დარღვევები, რომლებიც არაკაცთა ხუნტამ  ჩაიდინა – მთელი ფილმი კანონიერი ხელისუფლების ნომენკლატურული კრიმინალიტეტის მიერ დამხობის გამართლებას ემსახურება.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითქმის საათნახევრიან ფილმში, რომელშიც მოიძებნა ადგილი ყველა , ასე თუ ისე გამოჩენილი პუტჩისტის ყბედობისათვის – და რომელშიც ყბადაღებულად ქადაგებენ, რომ გამსახურდიას რეჟიმი, თითქოს მოწინააღმდეგეთა სიტყვასა და აზრს ახშობდა – არ და ვერ მოიძებნა ადგილი კანონიერი ხელისუფლების, თუნდაც ერთი წარმომადგენლის, ან მომხრის აზრის გამოხატვისათვის – „პლურალიზმის" თვალნათელი დადასტურება…

http://mamuli.net/Simartle/default.asp?bpgpid=111&pg=1

ხედავთ ქართველებო, ის ჩვენი დასავლეთელი მეგობრები, ვის და რის გამოც აჯილდოებენ? 
ასე, რომ ეს ორდენი ვერაფერი სამაყო და საბაქიბუქოა!

შორს არ არის ის დღე, როდესაც ქართველი ხალხი ამ მოღალატე მანქურთებს საკადრის ორდენებს მიუძღვნის!
გოგა ხაინდრავა ახსენებს ნაპოლეონის მიერ დაარსებულ საპატიო ლეგიონის ორდენს, რომელიც თვით ნაპოლეონმა გადასცა კაცობრიობის ყველა დროის უდიდეს მოაზროვნესა და შემოქმედს გერმანელ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს. გოეთემ კი მისი ქვეყნის დამპყრობელს დითირამბები მიუძღვნა და გენიოსი უწოდა, ის დიდი სიამაყით ატარებდა ნაპოლეონის მიერ ბოძებულ რკინის ჯვარს. მაშინდელი გადმოცემებიდან ცნობილია ისიც, რომ გოეთე დიდად არ თანაუგრძნობდა გერმანელი ხალხის განმათავისუფლებელ მოძრაობას, პირიქით…

ისევ საფრანგეთის ორდენების შესახებ, საფრანგეთის მთავრობები ორდენებს წითელი ჯვრისა და წყალწაღებულთა მაშველთა კორპუსის სამკერდე ნიშნებივით ურიგებდნენ ყოველი ჯურის ავაზაკსა და გარეწარს, მათ შორის ბორის ელცინსა და ვლადიმერ პუტინს.

საფრანგეთის საპატიო ორდენი აქვს, აგრეთვე მიღებული რუმინეთის ყოფილ დიქტატორს ნიკოლაი ჩაუშესკუს, მას დასავლეთის დემკრატიის მებაირახტრე ქვეყნების მთავრობებიდანაც აქვს მიღებული ორდენები. აი, ისინიც: ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის", დანიის სპილოს ორდენი, დიდი ბრიტანეთის ბანის საპატიო ორდენი, წმინდა ოლაფის ნორვეგიის სამეფო ორდენი.

ბრიტანელების ორდენებზე უამრავ ნომინანტს განუცხადებია უარი, მათ შორის კანადის პრემიერ მინისტრ ალექსანდერ მაკნეზის, რომელმაც შეუთავსებლად ჩათვალა ჯილდოს მიღება შოტლანდიაში მომხდარი მოვლენების გამო. აი, ეს არის ჭეშმარიტი ღირსება, რომელსაც ამ გადაცემაში წამდაუწუმ ახსენებდა გოგა ხაინდრავა. საერთოდ ღირსებაზე, პატიოსნებაზე და ამგვარ კეთილშობილურ თვისებებზე გაუთავებლად გაჰკივის ის, ვისაც ამ თვისებების ნატამალი არ გააჩნია, თორემ ღირსებიანი და პატიოსანი კაცი  უსიტყვოდ აშუქებს გარშემო მყოფთ და აკეთილშობილებს მათ.

გერმანიის კანცლერმა ქალბატონმა ანგელა მერკელმა კარლოს დიდის საერთაშორისო პრემია გადასცა პოლონეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკის ევროპის გაერთიანების საქმეში გაწეული წვლილის გამო. დონალდ ტუსკი კი წარმომავლობით განეკუთვნება კაშუბელ ეთნიკურ უმცირესობას, ზოგიერთი წყაროს ცნობით კატინ 2 ტრაგედია (2010 წლის 10 აპრილი) პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სახელმწიფო ელიტის წარმომადგენლობის განადგურებით (ავია კატასტროფა), რუსეთის პრემიერ მინისტრ პუტინთან მისი საიდუმლო გარიგებით განხორციელდაო. აი, ამგვარად უთხრიან ძირს არააბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენლები ამა თუ იმ ქვეყნების სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის მსგავის მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოს ისტორიაშიც.

საფრანგეთის მთავრობა, დემოკრატიის განვითარებისათვის, ადამიანის და ეროვნული უმცირესობების უფლებების „განუხრელი დაცვისათვის" აჯილდოებს საქართველოში „ჩაგრულ ოსთა" ინტერესების თავდადებულ დამცველს ვინმე გოგა ხაინდრავას, ეს იმ დროს, როდესაც დემოკრატიის აკვანში – საფრანგეთში ხელისუფლება „დემოკრატიული მეთოდებით" ახშობს თავისუფლებისათვის მებრძოლ ბრეტონელების, კორსიკელების, კომორის კუნძულების მოსახლეობის ნებას. ჩვენთან კი, შეიარაღებული ექსტრემისტებისა და მკვლელების უფლებების დამცველს, ორდენით აჯილდოებს. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოს მიმართებაშია დასაშვები, ის ხომ „მცირე იმპერიაა"!

კიდევ ერთი კურიოზის შესახებ; დანიის უმაღლესი სპილოს ორდენით დაუჯილდოებიათ ბენიტო მუსოლინიც (!). ხოლო საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისათვის, ადამიანის ჭეშმარიტი უფლებებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ზვიად გამსახურდია, იგივე დასავლურმა სამყარომ ანათემას გადასცა და შეაჩვენა.  მიზეზი?
– ზვიად გამსახურდია თავისი ქრისტიანული მრწამსითა და მეობით წინ აღუდგა გადაგვარებულ და ეშმას გზაზე მიმავალ ამა ქვეყნის ძლიერთ, ამხილა ისინი სიცრუესა და ბოროტებაში, ფარისევლობასა და ფსევდო დემოკრატიაში!

ახლა კი გოგა ხაინდრავას პორტრეტის შტრიხებისათვის:
რაც შეეხება გოგა ხაინდრავას და მისი მოღვაწეობის ერთ სფეროს, რომელიც რატომღაც ფართო საზოგადოებისათვის ფარდა წაფარებულია. ეს „მოღვაწეობა" მჭიდრო კავშირშია მის მრავალჯერად მინისტრობასთან.

გ.ხაინდრავა მინისტრობასთან შეთავსებით ეწეოდა ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების საქმიანობასაც მოყოლებული აფხაზეთის ომიდან დამთავრებული ცხინვალის ომით.

2005 წლის აპრილში გოგა ხაინდრავა იმყოფებოდა ცხინვალში, ვინმე ბორის ვალიევთან სტუმრობის შემდეგ ხაინდრავას მოუნახულებია ბორის ჩოჩიევი. ვალიევის ოჯახში შეშხაპუნების შემდეგ ჩოჩიევის კაბინეტში ნარკოტიკის „პერედოზიროვკის" შედეგად გოგა ხაინდრავას კინაღამ წაუღია წერილი. გამოძახებულ ექიმს სათანადო მედიკამენტის ორმაგი დოზის შეშხაპუნებით გამოუბრუნებია ხაინდრავა ჯოჯოხეთის ბილიკებიდან.
ეს ყველაფერი კი ბორის ჩოჩიევს ვიდეოფირებზეც გადაუღია. (ჟურნალი პრაიმ ტაიმი, პაატა გაგნიძე)
ამ ფაქტამდის კი უფრო საჩოთირო ამბავიც დამართნია მინისტრ გოგას. ოსებთან „მოსალაპარაკებლად" ჩასული ხაინდრავა თბილისისაკენ ბრუნდებოდა, რუსულ საგუშაგოზე გაუსკვანჩავთ და 700 აბი სუბოტექსიც უპოვნიათ მისთვის, რომელიც ტყვია გაუმტარი ჟილეტივით შემოუხვევია ტანზე. გასკვანჩულ ხაინდრავას მოუხერხებია იმჟამად უცხოეთში მყოფ ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირება, ჟვანიას პრეზიდენტისთვის გადმოურეკავს და საერთაშორისო სკანდალის თავიდან ასაცილებლად ოპერატიულად უმოქმედნიათ. თბილისში დაბრუნებული გოგა ხელისუფლების თავკაცებს უმტკიცებდა, რომ ის 700 აბი ჩემთვის მინდოდაო (?!). (გაზეთი „დრონი", ლევან ჯავახიშვილი).
…………………………….

რაც შეეხება გოგა ხაინდარავას მიერ მიშას და  ვანოს მისამართით მრავალგზის განმეორებულ მუქარას,  6 მაისს გამოგიყვანთ წირვასო, 6 მაისიც ვიხილეთ, მაგრამ… მიშა და მისი ვანო უვნებელი და მრთელია, ხოლო ამ ავაზაკების მიერ მრავალგზის გაცუცურაკებული ხალხი კი ისევ ცხვირ-პირ შეღებილი დარჩა.

გოგა ხაინდრავა გულზე მჯიღს იბრახუნებდა, მთელს ქალაქს გამოვიყვანო, მიშას და ვანოს წესს ავუგებო, მაგრამ სააკაძის მოედანზე შეკრებილი მისი ამფსონების რაოდენობა მხოლოდ რამოდენიმე ასეულს თუ აღწევდა.  გაბრაზებულმა ხაინდრავამ ჩვეული ქუჩური მარგალიტებით შეამკო თბილისი და თბილისელები. „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების".

აქ ერთ რამესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, პუტჩისტების ხროვა, დღევანდელ დღეს ორივე ბანაკში თავშეფარებული ავაზაკები, ზვიად გამსახურდიას ბრალს სდებდნენ და სდებენ – ყველას ლანძღავდაო. მხილებას ლანძღვად ასაღებენ.

არა, ბატონ ზვიადს, ოდსმე ვინმეს პიროვნების ღირსების შეურაცხმყოფელი სიტყვა  უკადრებია? ესენი კი ერთმანეთს რას არ აკადრებენ,  დედის გინებასაც კი! ზვიადი ჭეშმარიტ ქართულ ოჯახში იზრდებოდა, ჭეშმარიტი ქართველი დედა ზრდიდა, ხოლო ამათი გამზრდელ-აღმზრდელები ვინ არიან ღმერთმა უწყის…

საინტერესოა, კიდევ გამოანათებს გ. ხაინდრავა თავისი პიჯაკითა და საფრანგეთის ორდენით „კავკასიის" ფერადი ეკრანიდან?

ჭეშმარიტ ღირსებას არავითარი რკინის თუ ოქროს ორდენი არ სჭირდება დასტურად, ჭეშმარიტად ღირსეული კაცი, თვით არის ჩვენი საზოგადოების ორდენიცა და ჯილდოც! ეს რკინის ხარახურები სწორედ, რომ უღირსებოთათვისაა შექმნილი მათი უღირსობის დასამალად და მისაფუჩეჩებლად!

ნანახია: 21381 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: