ასე ექცევიან ქართველებს აზერბაიჯანში. საინგილოს ტრაგედია. - 24 მაისში 2012 - გარდაქმნა
მთავარი » 2012 » მაისი » 24 » ასე ექცევიან ქართველებს აზერბაიჯანში. საინგილოს ტრაგედია.
9:43 PM
ასე ექცევიან ქართველებს აზერბაიჯანში. საინგილოს ტრაგედია.

 ცალმხრივი ძმობა 

        საინგილო დღეისათვის აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და მოიცავს 3 - კახის, ბელაქანისა და ზაქათალას რაიონებს. (საიტის ქვემოთ № 11 რუკაზე ნაჩვენებია მწვანე ფერებით ის ტერიტორიები რაც კომუნისტებმა გადასცეს 1921 წელს აზერბაიჯანს. ჩრდილო ნაწილი სწორედ საინგილოა. სხვა ფოტოებზე ნაჩვენებია საინგილოს ხედები) მისი საერთო ფართობი 3985 (ან 3993)კვ.კმ-ია. "ინგილო" - "ახალმორჯულებულს" ნიშნავს. ასე ეძახდნენ ამ მხარეში გაბატონებული ლეკები ადგილობრივ ქართველებს, რომლებსაც ძალით ამუსლიმანებდნენ. საინგილო ამ მხარეს საბოლოოდ  მე-19 საუკუნეში დაერქვა.

          V-VI ს-ში ისტორიული სახელმწიფო ალბანეთის ადგილზე ჩამოყალიბდა ჰერეთის საერსითავო, რომელიც ქართლის საერისმთავროს შემადგენლობაში შედიოდა. VIII-X  ს - ში ჰერეთი ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის სარწმუნოება მონოფიზიტური ქრისტიანობა იყო. X  ს-ში ჰერეთი კახეთს შეუერთდა, რასაც ამოჰყვა ამ მხარეში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამკვიდრება და ამ მხარის საბოლოოდ გაქართველება. XII ს-ში კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს შეუერთდა და 7 საერისთავოდ დაიყო. აქედან ერთ-ერთი იყო მაჭის საერისთავო. XV ს-ში საქართველოს დაშლის შემდეგ კახეთ-ჰერეთი დამოუკიდებელი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ამიერიდან საერისთავოები სამოურავოებად დაიყო. მაჭის საერისთავოს ნაცვლად შეიქმნა 3 სამოურავო - წუქეთი(წახური), ჭაური და კაკ-ელისენი. 

         1562 წ. ირანის შაჰმა თამაზ I-მა კახეთს ჩამოაჭრა წახურის სამოურავო მდ. სამურის ზემო წელზე. 1604 წ. ირანის შაჰმა აბას I-მა კახეთს ჩამოართვა კაკ-ელისენი და მის ადგილზე ელისუს სასულთნო შექმნა, რომლის სულთნად მუსლიმი ქართველი თავადი ალიბეგ ვახვახიშვილი დანიშნა. ამ პერიოდიდან დაიწო ამ 2 ყოფილ სამოურავოში ლეკებისა და თურქ-აზერბაიჯანელთა ჩამოსახლება. შედეგად წახურის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქანის ლეკთა სამფლობელო, რომელიც სისხლს უშრობდა დანარჩენი კახეთის მოსახლეობას.

         1803 წ. ჭარ-ბელაქანი და ელისუ რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. 1830 წ. რუსეთმა ორივე მხარე შეიერთა, გააერთიანა და ჯერ ჭარ-ბელაქანის ოლქი, შემდეგ კი (1860 წ.) ზაქათალას ოლქი უწოდა და დაღესტანის ოლქს შეუერთა. 1918 წ. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ზაქათალას ოლქი ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1921 წ. კი ხელისუფლებაში მოსულმა კომუნისტებმა საქართველოს მიწების გაჩუქება დაიწყეს. 1921 წ. 15 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის კომუნისტურის მთავრობების შეთანხმებით ზაქათალას ოლქი ყარა-გარეჯის საძოვრებთან ერთად აზერბაიჯანს გადაეცა(ამის მიზეზად მოყვანილი იქნა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მუსლიმანური მოსახლეობა ცხოვრობდა). ამ მოღალატურ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რევკომის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ბუდუ მდივანმა მოაწერა. 1918 წლისთვის ზაქათალას ოლქის (საინგილოს) ტერიტორიაზე 68270 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 19430 ქართველი(აქედან 4600 ქრისტიანი), 575 სომეხი, 205 რუსი, 12245 აზერბაიჯანელი, 45000-მდე ლეკი(32335 ჭარელი და 12660 წახურელი).

          დღეისათვის საინგილოში ოფიციალური აზერბაიჯანული ინფორმაციით 15000 ქართველი ცხოვრობს, ხოლო რეალურად მათი რიცხვი 40000-ს აჭარბებს. ამ განსხვავების მიზეზი ისაა, რომ მუდმივი შევიწროვების გამო ქართველთა დიდ ნაწილს გვარები აზერბაიჯანულად აქვთ გადაკეთებული. თანაც მუსლიმან ინგილოებს აზერბაიჯანი ქართველებად არ თვლის. საინგილოში 7 ქართულენოვანი სკოლა, 5 ქართულ ენაზე სწავლების სექტორი და 7 ქართულენოვანი ბაღი ფუნქციონირებს.

           საინგილოში რამდენიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი ტაძარი მდებარეობს: კახინგილოს წმინდა გიორგი, ქურმუხის წმინდა გიორგი, ალიბეგლოს(ქათმისხევის) წმინდა ნინო, მეშაბაშის მთავარანგელოზი, ქოთოქლოს სამება, კახის ალავერდის წმინდა ნინო. აღნიშნულებიდან მუდმივმოქმედია მხოლოდ კახინგილოს წმინდა გიორგი. ქურმუხის ტაძარი წლების მანძილზე მოქმედებდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნით დაიხურა და მხოლოდ გიორგობის დღესასწაულებზე იხსნება მლოცველთათვის.

          კახინგილოს ტაძარმა 2 წლიანი შესვენების შემდეგ 2011 წლის ზაფხულში მოქმედება განააახლა. მამა დავით ისაკაძე: მღვდელთმსახურება აღდგა. იქ ყოველთვის იყო მღდელთმასახური, მხოლოდ წირვის ჩატარების უფლებას აძლევენ და აბა გაბედოს მრევლმა და დაესწროს წირვა-ლოცვას. რა მრევლი? რაზეა ლაპარაკი? იქაური უშიშროება დგას და აბა ვინმემ გაბედოს პირჯვრის გადაწერა. მოსაჩვენებლად შეიძლება რამდენიმე ადამიანი შეიყვანონ. საშინელი მდგომარეობაა საინგილოში ანალოგიური მდგომარეობაა ჯავახეთშიც. ავიღოთ ქვემო ქართლის რეგიონი. თითქმის ყველა დიდ აზრბაიჯანულ სოფელში აშენდა დიდი მეჩეთები. ბოლნისის სიონის გასწვრივაც უზარმაზარი მეჩეთია. ამ დროს შვეიცარიაში, სადაც 400000-მდე მუსლიმანი ცხოვრობს, მხოლოდ 4 მეჩეთია. კიდევ 2 მეჩეთის აგება უნდოდათ, მაგრამ ხალხი წინააღმდეგი წავიდა, რეფერენდუმი ჩატარდა და ვერ ააშენეს. ბერლინშიც უნდათ მეჩეთის აშენება და მთელი ბერლინია მოფენილი ფოტოთი, რომელზეც გადახაზული მეჩეთია გამოსახული. ხალხი სასტიკი წინააღმდეგია. მაგრამ ვერც შვეიცარიელს და ვერც გერმანელს ვერავინ გაუბედავს ამის გამო არადემოკრატიულობაში ბრალის დადებას... საკმარისი მეჩეთები აქვთ აქვთ აქ მცხოვრებ მუსლიმანებს, თუ თავიანთი რელიგიური მრწამსისთვის ეს მათ დასჭირდებათ. აღარაა საჭირო მეტის აშენება. 

   ინგილო ქართველებმა იციან აზერბაიჯანული ენა, თუმცა ეს მათ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის საკმარისი არ არის. ინტეგრაციის, საზოგადოების ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი და დონე არის ძალიან დაბალი. ქართველები არ ინიშნებიან თანამდებობებზე, თუ არ ჩავთვთლით ქართული სკოლის დირექტორებისა და რამდენიმე მთლიანად ქართული სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.

        XX ს-ის 20-იანი წლებიდან ქართველებს ხან თურქულ სკოლებს უხსნიდნენ, ხან აზერბაიჯანულს. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართული სკოლების მასობრივი გახსნა-დახურვა გასულ საუკუნეში 7-ჯერ მოხდა. ურჩ ქართველებს პერიოდულად ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ. ადგილობრივთა კულტურული გენოციდი დღემდე გრძელდება. 2009 წ. აზერბაიჯანელებმა დაწვეს კახში - სოფელ ალიაბადში მდებარე ერთადერთი ქართული კულტურის ცენტრი. კახელი ზურაბ პაპიაშვილი მოგვითხრობს: " კულტურის სფერო აქ სრულიად მიტოვებულია. არ იმართება ქართული მუსიკის, პოეზიის საღამოები, მხატვრების გამოფენები. ადრე ჩვენთან იყო იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებები. მაგრამ, რაც ქართული კულტურის ცენტრი დაიწვა, კულტურული ცხოვრება სრულიად ჩაკვდა. საქართველოში აზერბაიჯანული კულტურის ბევრი ცენტრი მოქმედებს. საქართველომ 2010 წ. გამოთქვა სურვილი, რომ თვითონ დააფინანსენბდა კახის კულტურის ცენტრის აღდგენას, მაგრამ საინგილოს აზერბაიჯანულმა მართველმა ადმინისტრაციამ უარყო ეს წინადადება და ვითომ თავის თავზე აიღო ეს ვალდებულება. სამწუხაროთ კულტურის შენობა დღეს ისევ დანგრეულია".

         კიდევ უფრო მძიმეა ის დისკრიმინაციული პრობლემები, რომლებზეც საჯაროდ საუბარს საინგილოელი ქართველები გაურბიან. ზაქათალას და ბელაქნის რაიონებში მცხოვრებ ქართველებს არ აქვთ უფლება ბავშვს ქართული სახელი დაარქვან. მშობელმა შვილის სახელი მხოლოდ ადგილობრივი აზერბაიჯანული ბიურიკრატიის მიერ შედგენილი სპეციალური სიიდან უნდა შეარჩიოს. აზერბაიჯანელთა მოთხოვნით საინგილოდან უკვე 5 ქართველი მღვდელი გამოაძევეს. ქართველობის გამო, დისკრიმინაციას განიცდიან არამარტო ქრისტიანი, არამედ მუსლიმი ქართველებიც. მათ არ აქვთ აღიდგინონ ისტორიული ქართული გვარი, არ აქვთ შანსი, თბილისში მიღებული განათლებით, აზერბაიჯანში სამსახური იშოვონ. ამის გამო იძულებულნი არიან შვილებს თავიდანვე, განათლება ქართულის ნაცვლად, აზერბაიჯანულ ენაზე მისცენ.

         25 წლის ინგილო რამინ ჯაბრაილოვი(ქართული გვარი ჯაფარიძე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი) მოგვითხრობს:" რაკი ქართველები ვართ, აზერბაიჯანელთა მხროდან არის არაპირდაპირი ზეწოლა. არ მოსწონთ, რომ განათლებას ვიღებთ იქაურ ქართულ სკოლაში ან აქ საქართველოს უნივერსიტეტში. აქ უნივერსიტეტში განათლებამიღებულს იქ თითქმის ვერ შოულობს სამსახურს და თუ მაინც იპოვა, თანამდებობას ვერ იღებს. ჩვენ ხალხს ყველანაირად, აქეთ მოგვიწევს გული. გული მწყდება იმაზე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თითქოს ასეთი ძმური ურთიერთობაა, და ამ დროს ჩვენ ხელშეწყობა საერთოდ არ გვაქვს, თუნდაც იმ დონეზე, როგორც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა. 

         საზოგადოებაში ინტეგრაციის სერიოზული პრობლემები საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც აქვთ, რისი უმთავრესი მიზეზი მათ მიერ ქართული ენისა და კულტურის შეგნებული არსწავლაა. ბევრ შემთხვევაში სრულიად სამართლიანია, მათი პრეტენზიებო მიწის და განათლების რეფორმებთან დაკავშირებით. თუმცა, ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებისა და აღმსარებლობის უფლებების პრობლემები აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ. აზერბაიჯანის სხვადასხვა ფონდები, მათ შორის ჰეიდარ ალიევის სახელმწიფო ფონდი სრულიად თავისუფლად აფინანსებს საქართველოში უამრავ ღონისძიებას, მათ შორის მეჩეთებისა და მედრესების მშენებლობას. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საინგილოში ქართული ლიტერატურის შეტანა, კულტურული ღონისძიებების გამართვა, ქართველი სასულიერო პირების, ენათმეცნიერების, არქეოლოგების შესვლა საშინელ წინააღმდეგობას აწყდება. 

             როგორც აღვნიშნე კახის ქართული კულტურის ცენტრი 2009 წ. 4 ოქტომბერს დილის 4 საათზე დაწვეს. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის აქმე აღიძრა, მაგრამ ვერაფერი გამოიძიეს. უკვე ორნახევარი წელია ინგილოები ცენტრის აღდგენას ითხოვენ, თუმცა კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. კახის ქართველებს(ინგილოებს) კლუბის შენობა შესთავაზეს, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია. იქ არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.

        აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო საკითხზე პასუხისმგებლობას კახის ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებს იბანს. ხოლო კახის ადმინისტრაციას ინგილოების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება ოფიციალურ თბილისში "არამეგობრულ ჟესტად" ფასდება. თუმცა ქართული მთავრობის რეაქცია, სამწუხაროდ ამაზე შორს არ მიდის.
   ამის საპირისპიროდ, საქართველოში ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრები, თეატრი, კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა. შ. ბოლო ათწლეულებში ქვემო ქართლში მეჩეთები და სხვა რელიგიური დაწესებულებები შენდება. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირე პრობლემა თბილისის და ბაქოს კონსტრუქციული განხილვის საგანი ხდება.
        ამ დროს კი აზერაბიჯანის ხელისუფლება მაჰმადიან ინგილოებს ქართველებად არც თვლის და მათი სრული ასიმილაციისაკენ ისწრაფვის. ამ ფონზე კახში ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
        2001 წლის მაისში კახის კულტურის ცენტრის გახსნისას საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ამ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ქართული ჰანგების ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ იმ დროიდან მოყოლებული აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის თანამშრომლების არცერთი საშტატო ერთეული არ დაამტკიცა. მათ ხელფასს არავინ უხდიდა. მუშაობა შიშველ ენთუზიაზმზე მიმდინარეობდა.
        კულტურის ცენტრის დირექტორი გივი ნადირაშვილი და თანამშრომელი მალხაზ ნუროშვილი ინგილო მოსწავლეებს ქართულ სიმღერებს ასწავლიდნენ. ცენტრში ქართული ცეკვის ფორმები და ჩოხებიც ჰქონდათ. თუმცა არანაირი დაფინანსება არ ჰქონია და მხოლოდ ეროვნული კულტურის სიყვარული ამოძრავებდათ.
        ცენტრის ხელმძღვანელობასა და კახის ხელისუფლებას შორის თავიდანვე არსებობდა დაპირისპირება ცენტრის შენობასთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ კახის ადმინისტრაციამ კულტურის ცენტრის 2 ოთახი კახინგილოს საკრებულოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
        ერთი გავრცელებული ვერსიით, ქართული კულტურის ცენტრის დაწვით კახის გამგეობა იყო დაინტერესებული. ცნობილი იყო, რომ მათ შენობის განადგურება, ხელში ჩაგდება და საცხოვრებელი სახლის აგება უნდოდათ. სხვათაშორის ხანძრის გაჩენიდან მოკლე ხანში, იქ ადგილზე კახის პოლიციის უფროსის მოადგილე მივიდა და ქართულენოვანი აბრის ჩამოხსნა მოინდომა, რომელზეც ეწერა, რომ იქ ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.
        როდესაც მას იქაურმა ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ის წავიდა და შემთხვევის ადგილზე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი მოიყვანა. მან უკვე მთლიანად ჩამოხსნა აბრა და წაიღო. როდესაც ინგილოებმა ჰკითხეს ყოფილიყო ადგილზე რას გიშლიდათო?  - უპასუხა: "ჩვენ არ გვინდა სხვებმა გაოგონ, რომ აქ ქართული კულტურის ცენტრი არსებობდა და დაიწვაო". რეალურად რაც უნდოდა აზერბაიჯანელებს დრომ გვაჩვენა. კახის ქართველები ცენტრის ჩამორთმევით უკიდურესად აღშფოთებულნი და შეურაცყოფილნი არიან. ისინი ამ საკითხში თბილისის დახმარებას ითხოვენ, თუმცა შედეგი არ ჩანს. 
         ყველასგან მიტოვებული ინგილოები თავისი სახსრებით ცდილობენ შვილებისთვის ქართველობის შენარჩუნებას და ამ მიზნით ქართულ სახელმძღვანელოებს თბილისიდან მალულად ეზიდებიან. თუმცა ხშირად ამაშიც არ უმართლებთ. 2011 წლის 26 სექტემბრის გამთენიისას, ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრზე, ზაქათალის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის, ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას (გვარი შეცვლილი აქვს) ქართული სახელმძღვანელოები (მე-2 კლასის ქართულისა და მათემატიკის, სულ 54 ცალი) აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩამოართვეს. ამის შემდეგ აზერბაიჯანის უშიშროების თანამშრომლებმა ზაქათალისა და კახის რაიონის ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარეს და 220-ზე მეტი სახელმძღვანელო ამოიღეს. აი რას გვიყვება ერთერთი ინგილო ბავშვის მშობელი : ეს პირველი შეთხვევა არ არის, რამდენიმე დღის წინაც იყვნენ სკოლაში დამაშინ ქართულის წიგნი წაართვეს ჩემს ბავშვს. ეს წიგნები ისედაც ძლივს გადმოგვაქვს საზღვარზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვიშლიან და თუ ნახეს, გვართმევენ. ამაზე საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ ინფორმაცია და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია.
      
         წერილის ბოლოს ბოდიში მინდა მოვუხადო აზერბაჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს, რადგან მათ ინგილოების სახელით მოვიხსენიებ. უბრალოდ ასე იმიტომ გავაკეთე, რომ მკითხველისათვის უფრო გასაგები ყოფილიყო. ხშირად პრესაში მათ ჰერებად მოიხსენიებენ, რაც არასწორია. ჰერები შუა საუკენეებში კახელებში გაითქვიფნენ და გაქრნენ. დღევანდელი საინგილო უკვე ისტორიული აღმოსავლეთ კახეთია და ინგილოებიც აღმოსავლეთ კახელები არიან.
ნანახია: 1848 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: