მთავარი » 2012 » მაისი » 13 » ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიოგრაფია.
4:09 PM
ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიოგრაფია.
           ევროპის უკანასკნელი დიქატატორი მეტსახელად ბაცკა

მას დასავლეთი ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებს, ხოლო მხარდამჭერები ბაცკას ანუ მამას ეძახიან, თავის თავს კი ბელორუსი ხალხის "ნათლიმამას" უწოდებს და თავს სტალინსა და ჰიტლერს ადარებს. იგი უკვე 18 წელიწადია ქვეყნის სათავეშია და ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება.

                                                                                                            თავი პირველი. კარიერა.

          ალექსანდრ ლუკაშენკო 1954 წ. ვიტებსკის ოლქის უღატაკეს სოფელ კოპისში დაიბადა. იგი დედამ, ეკატერინა ლუკაშენკომ სოფელში მარტომ გაზარდა. ამის გამო სულ დასცინოდნენ. ადგილობრივი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1975 წ. წარმატებით დაამთავრა მოგილიოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის ფაკულტეტი; 1985 წ. დაამთავრა ბელორუსის სოფლის მეურნების აკადემია. 1975-1977 და 1980-1982 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში და მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1978-1980 და 1980-1990 წლებში შკლოვის რაიონის მუშაობდა კოლმეურნეობებსა და საწარმოებში, იყო ისტორიის მასწავლებელიც. 1979-1992 წლებში იყო კომპარტიის წევრი.
          1990 წ. ლუკაშენკო აირჩიეს ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. იგი სათავეში ჩაუდგა დროებით კომისიას, რომელიც სწავლობდა კომერციული სტრუქტურების საქმიანობას. ლუკაშენკომ სახელი გაითქვა თავისი კრიტიკული გამოსვლებით უმაღლესი საბჭოს მეთაურ სტანისლავ შუშკევიჩის (ბელარუსის სახელმწიფო მეთაური 1991-1994 წლ) მისამართით. 1991 წ. 25 მაისს "ახალ გაზეთში" გამოაქვეყნა დიდი სტატია სათაურით "დიქტატურა: ბელორუსული ვარიანტი?". 1991 ზაფხულში ბელორუსიის უმაღლესმა საბჭომ ბელორუსის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მალევე უმაღლეს საბჭოში ჩამოყალიბდა ფრაქცია"კომუნისტები დემოკრატიისათვის", რომელიც ოქტომბერში გადაკეთდა "ხალხის თანხმობის პარტიად". ამ პარტიის მეთაური იყო ლუკაშენკო 2007 წლამდე, ვიდრე მას არ ეწოდა პარტია "თეთრი რუსეთი". ხალხის თანხმობის პარტიის პოლიტიკურ საბჭოში შედიოდნენ ლიკაშენკოს თაობის ენერგიული პოლიტიკოსები: ლ.სონიცინი, დ.ბულახოვი, ვ.გონჩარი, ვ.ცელპაკო, ა.ფედუტა, მ.საზონოვი, ვ.ტერეშენკო, ა. ლებედენკო, ვ.შეიმანი და სხვები. როდესაც ლუკაშენკო რუსეთთან კავშირისა და დიქატორად ქცევის გზას დაადგა, თანამებრძოლები თანდათან ჩამოშორდნენ. უკანასკნელმა წ. შეიმანმა 2008 წ. დატოვა მისი გარემოცვა.
         ბელორუსიის პარლამენტში ბელოვეჟის ხელშეკრულების(ამ ხელშეკრულებით დაიშალა ოფიციალურად სსრკ) რატიფიკაციის დროს ლუკაშენკო იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა. მან სიტყვის გამოსვლისას სსრკ-ს დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა.
         1994 წ. 15 მარტის კონსტიტუციით ბელორუსში შემოვიდა პრეზიდენტის თანამდებობა და ლუკაშენკო საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაება. მან გამოუცხადა ბრძოლა ქვეყანაში გამეფებულ უმუშევრობას, სიღარიბეს, კორუფციას, მაფიას და ა. შ.  16 ივნისს საარჩევნო კამპანიის დროს ლუკაშენკოს მერსედესი დაცხრილეს, თუმცა ყველა უვნებლად გადარჩა. შემდეგ პარლამენტში მისული დაცვამ არ უშვებდა და როცა მაინც შევიდა, იქ მილიციამ სცემა. პარლამენტის სხდომებზე მას ოპონენტები დასცინოდნენ, რუსეთის ჟირინოვსკის ეძახდნენ და მიკროფონთან არ უშვებდნენ, მოსახლეობას კი მოუწოდებდნენ ხმა მისთვის არ მიეცათ, თორემ ის ბელორუსს დაღუპავდა. ამის მიუხედავად პირველ ტურში მან  44, 82% მიიღო; მეორე ტურში კი 80,1 % და პრეზიდენტი გახდა.
      1995 წ. ლუკაშენკომ ჩაატარა რეფერენდუმი, რომლითაც ბელორუსიაში რუსულმა ენამ მიიღო სახელმწიფო სტატუსი, გაიზარდა პრეზიდენტის უფლებები, მცირე შესწორებით აღადგინა კომუნისტური ბელორუსის დროშა და გერბი, დამოუკიდებლობის დღედ კი დაადგინა 1944 წ. 3 ივნისი, როდესაც ნაცისტური გერმანიის არმიამ დატოვა მინსკი, დაიწყო რუსეთთან პოლიტ-ეკონომიკური ინტეგრაცია. 1996 წ . კი შეიქმნა რუსეთ-ბელორუსიის თანამეგობრობა. 1996 წ. 26 ნოემბრის რეფერენდუმით კონსტიტუციაში შეიტანა შესწორება ძალაუფლების გაზრდისა და პრეზიდენტის 5 წლიანი ვადის თავიდან ათვლის(ანუ 2 წელი მიიმატა) შესახებ. დასავლეთმა არ სცნო ამ რეფერენდუმის შედეგები და ლუკაშენკო დიქტატურის დამყარებაში დაადანაშაულა. 
         1999 წ. ლუკაშენკომ ოპოზიციის წმენდა მოაწყო. პირველად დააპატიმრეს პარლამენტის ვიცე სპიკერი და 2001 წლის არჩევნებისთვის ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი გენადი კარპენკო (ბრალდება არასანქცირებული საპროტესტო მსვლელობის ორგანიზება). იგი მილიციაში ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ცოტა ხანში "გაქრა"  შსს მინისტრი იური ზახარენკო, რომელმაც უარი თქვა პრეზიდენტი უკანონო ბრძანებების შესრულებაზე და სახალხოდ დაადანაშაულა ხალხის დახვრეტის ბრზანების მიცემაში. მალე დააპატიმრეს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ გონჩარი, რომელიც ლუკაშენკოს იმპიჩმენტის(გადაყენების) თაობაზე მასალებს აგროვებდა.(სხვათაშორის ის იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 1996 წლის რეფერენდუმის დროს და აცხადებდა რომ არ მისცემდა ლუკაშენკოს რეფერენდუმის შედეგების გაყალბების უფლებას, თუმცა რეფერენდუმის პერიოდში იგი 1 კვირით გაიტაცეს და... ოპოზიციის სხვა ლიდერებმა სხვადასხვა ვადით მოიხადეს პატიმრობა გამოგონილი ბრალდებებით.
    2001 წ. ლუკაშენკომ 75%-ით მოიგო არჩევნები, რომელიც დასავლეთმა ისევ არ აღიარა. ამის მიუხედავად მან 2004 წ. რეფერენდუმით პრეზიდენტის 2 ვადა გააუქმა და 2006 და 2010 წლის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და ფაქტობრივად კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. ევროკავშირმა და აშშ-მ იგი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადეს და აუკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე გადაადგილება, თუმცა ამით მისი დაშინება ვერ მოახერხეს.
     ევროპასთან დაპირისპირებამ და რუსეთთან მეგობრობამ ბელარუსს სიკეთე არ მოუტანა. პირიქით მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მასზე ძლიერად იმოქმედა. ამავე დროს კი რუსეთმა მას გაზის გადასახადი გაუძვირა და ზოგიერთი ბელარუსული პროდუქტის ქვეყანაში შეტანა შეზღუდა. ამ ყველაფერმა ლუკაშენკო მწყობრიდან გამოიყვანა და იგი რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა. 2008 წ. ლუკაშენკომ ერთის მხრივ დაიწყო დიდი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც 2016-2018 წლებში უნდა დასრულდეს და საშუალება მისცეს ბელარუსს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს, მეორეს მხრივ კი ევროპასთან(რომელსაც 15 წლის მანძილზე ლაძღავდა) დაახლოების მცდელობებს შეუდგა და 3 წლით მათ ქვეყნებში გადაადგილების უფლებაც დაიბრუნა. ლუკაშენკომ უარი თქვა ს.ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე და მის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში ჩასვლა აუკრძალა. 2009 წლიდან ჩაერთო ევროკავშირის პარტნიორობის პროგრამაში და სააკაშვილის ახლო მეგობარიც გახდა. 2011 წლის იანვარში მორიგი უკანონო არჩევნების შედეგად იგი მეოთხედაც ჩაჯდა პრეზიდენტის სავარძელში და ევროპასთან პარტნიორობაც კვლავ შეწყდა. 31 იანვრიდან აშშ-სა და ევროპაში შესვლა კვლავ აეკრძალა.

                                                                     თავი მეორე. ლუკაშუნკოს პიროვნება და პირადი ცხოვრება.

          ლუკაშენკო ქვეყანას ისე მართავს როგორც ერთ დროს კოლმეურნეობას მართავდა. არ ერიდება მკვახე და უცენზურო გამონათქვამებს, მინისტრებს უყვირის და რაც თავში მოუვა ყველაფერს აკეთებს. არც მალავს იმას, რომ ძველი დროის ნოსტალგია აქვს, მთავარ მოედანს ლენინის სახელი დაუბრუნა და ცნობილ კომუნისტს ფელიქს ძერჟინსკის ეთაყვანება. მას სასტიკი ბუნება აქვს. ვერ იტანს არათუ კრიტიკასა და ოპოზიციას, არამედ შელაპარაკებასაც კი. თავის თავზე უზარმაზარი წარმოდგენა აქვს და ამბობს, რომ მის გარეშე ბელორუსი დაიღუპება. ერთხელ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა - " სად წახვალთ, ვის სჭირდებით... როცა მე ვლაპარაკობ, მომისმინეთ და ნუ ხმაურობთ... თუ არ მომისმენთ, ჩავჯდები მანქანაში და წავალ ჩემს გზაზე".
        მაღალი სპორტული აღნაგობის ლუკაშენკოს უცნაური ქცევითა და სკანდალებით დსთ-ს სივრცეში ყველა რეკორდი აქვს მოხსნილი. მაგ. კრემლში ოფიციალური მიღების დროს სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ჭიქა პარკეტს დაანაცხა. ერთხელ გავლენიან რუს პოლიტიკოსს ვ. ჩერნომირდინს სთხოვეს მასზე აზრი გამოეთქვა. უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ბავშვობის შემდეგ ვიტია ჩემთვის არავის დაუძახებიაო. ერთ-ერთ მიღებაზე კი ლუკაშენკომ ელცინს იმდენჯერ აკოცა, რომ გარშემომყოფებს სიცილი აუტყდათ.
            უცნაურობის მიუხედავად, ბევრი აღიარებს, რომ ლუკაშენკო ძლიერი პიროვნებაა, გულღიაა, უბრალო და პირდაპირი. არასოდეს ისვენებს, თავდაუზოგავად შრომობს, სამსახურში ყოფნა უყვარს და პრეზიდენტობის განმავლობაში შვებულება არასდროს აუღია. ცოლი, გალინა როდიონოვნა, ამბობს, რომ ალექსანდრი ყოველთვის მოუსვენარი იყო. ერთ ადგილზე 2 წელიწადზე მეტ ხანს ვერ ჩერდებოდა. ამიტომ ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტობაც მალე მოსწყინდებოდა, თუმცა 18 წელი გავიდა და ისევ რკინის ხელით მართავს ბელორუსს. ლუკაშენკო უარყოფს, რომ დიქტატორია, თუმცა ადასტურებს, რომ ქვეყანას ავტორიტარულად მართავს. ის ლანძღავს ჰიტლერს, მაგრამ აქებს მისი მართვის სტილს და ამბობს რომ მან ქვეყანა და ერი ააშენა და ბელორუსს სწორედ ასეთი რკინის ხელი სჭირდება.
        ლუკაშენკო სპორტის დიდი გულშემატკივარია. იგი ბელორუსის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელია და როცა პრეზიდენტის რანგში ევროპაში არ უშვებდნენ, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში მაინც ჩადიოდა და ავსტრიის ზამთრის კურორტებზე სრიალებდა. ლუკაშენკო აქტიურად თამაშობს ჩოგბურთს ფეხბურთსა და ჰოკეის. ერთხელ მინსკში ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის ხელმძღავნელი იყო ჩამოსული, მაგრამ ლუკაშენკო მას არ შეხვდა, რადგან ფეხბურთის მატჩში მონაწილეობა უნდა მიეღო. " მე 50000 გულშემატკივარი მელოდა და მათ ვერ გავაწბილებდი"- აღნიშნა ლუკაშენკომ. ჰოკეის კი მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ხსნის ბელორუსში ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას და თვითონაც ხშირად თამაშობს. 2001-2010 წლებში 28 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 24 შაიბა შეაგდო და 51 საგოლე გადაცემა გააკეთა.
      ლუკაშენკოს მეუღლე გალინა ჟოლნეროვიჩი განათლებით ისტორიკოსია. პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შედეგ, სოფელ რიშკოვიჩიში გაიცნო მომავალი მეუღლე. ალექსანდრს მისი დედა ასწავლიდა. იგი ქალს ხშირად უძღვნიდა ყვავილებს და საკუთარ ლექსებსაც უკითხავდა. ცოლად გაყოლა კი მდინარე დნესტრის სანაპიროსთან გასეირნებისას შესთავაზა და 1975 წ. დაქორწინდნენ. როცა 1994 წ. ლუკაშენკო პრეზიდენტი გახდა გალინამ უარი თქვა მინსკში საცხოვრებლად გადასვლაზე და სამუდამოდ სოფელში დარჩა. ამ პერიოდიდან წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს, თუმცა გაშორებული არ არის. გალინა ქმრისგან არაფერს მოითხოვს, მეურნეობას უვლის, საქონელს წველის და თივას უმზადებს. ერთადერთი რაც მასთან ქმრის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა, მათ სახლს ტყვიაგაუმტარი მინები დაუყენეს. ალექსანდრი პერიოდულად მას ურეკავს და ყვავილებს უგზავნის. წყვილს 2 ვაჟი შეეძინათ ვიქტორი და დმიტრი. ფაქტობრივი დაცილების შემდეგ, ვაჟები მამასთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობენ. ვიქტორი უშიშროების საბჭოში მუშაობს, დმიტრი კი "პრეზიდენტის სპორტული კლუბის" თავმჯდომარე და ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის წევრია.
          2003 წ. ლუკაშენკოს თავისი პირადი ექიმი ირინა აბელსკაია შეუყვარდა, რომელიც პრეზიდენტის მთავარი კლინიკის დირექტორად დანიშნა, მისი დედა კი ჯანდაცვის მინისტრად. მათ ვაჟი ნიკოლაი შეეძინათ. მოგვიანებით ალექსანდრს სიყვარული გაუნელდა და ნიკოლაის დედა და ბებია თანამდებობებს დაემშვიდობნენ. ნიკოლაი კი საპრეზიდენტო რეზიდენციაში დარჩა და ლუკაშენკო ყოველ საზეიმო მსველობებზე მასთან ერთად მონაწილეობს. მისი თქმით მომავალი პრეზიდენტი ნიკოლაი უნდა გახდეს, რომელიც ჯერ სულ 8 წლისაა.
         ალექსანდრე ლუკაშენკო ყველაზე ღარიბი პრეზიდენტია. მინსკში არც ბინა აქვს და არც მიწის ნაკვეთი. მეუღლესთან ერთად თავის სოფელში კარაქის ქარხნის აქციების 56%-ის მფლობელია. პრეზიდენტი ამას ძალიან განიცდის და ამბობს, რომ ერთ დღეს, როდესაც პრეზიდენტობის ვადა დამიმთავრდება, სად უნდა წავიყვანო ჩემი ვაჟებიო. ერთხელ ჰოკეის მატჩისას ვაჟმა მკითხა, მამა, სად ვიცხოვროთ მას შემდეგ, შენ რომ პრეზიდენტი აღარ იქნებიო. ამის გაგონებაზე დავდუმდი და სიმწრის ოფლმა დამასხა. მართალია თვეში მხოლოდ 1000 დოლარი მაქვს და ამით არ შემიძლია შვილები ბინით ვუზრუნველყვო, მაგრამ სამაგიეროდ ხელები და ფეხები მაქვს, შრომისუნარიანობა და ენერგია არ მაკლია და მათთვის სახლების აშენებას მაინც შევძლებ -ამბობს ლუკაშენკო.
         დიდი ძალაუფლების მიუხედავად, ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. ერთხელ სატელევიზიო გამოსვლისას გულახდილად ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალზედ მძიმე ხვედრი არგულა ცხოვრებამ და რაც დრო გადის იგი უფრო და უფრო მძიმე ხდება. ამას კიდევ ავიტანდი რომ არა მარტოობა, რომლის შეგრძნება წლებთან ერთად სულ უფრო მიძლიერდება - განაცხადა ლუკაშენკომ. მას მეგობრები არ ჰყავს და შურს იმ პოლიტიკოსების, ვისაც მეგობრები თავს ახვევია. "ჩემს კოლეგა პუტინს მეგობრები მრავლად ჰყავს, ჩემდა სავალალოდ , ამით ვერ დავიკვეხნი"- ჩივის დიქტატორი.
ნანახია: 1879 | დაამატა: Ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: